ა) „გადაზიდვის პირდაპირი მარშრუტი“ – ტვირთის გადაზიდვა, რომელიც სრულდება ერთი დანიშნულების (ტვირთგადაცლის) სადგურამდე, ერთი ან რამდენიმე ტვირთმიმღების მისამართით. აღნიშნული გადაზიდვისას სატვირთო ვაგონები თითოეული მიმღების მისამართით უნდა იმყოფებოდნენ ცალკე ჯგუფის შემადგენლობაში;
ბ) „გადაზიდვის სანაწევრებელი მარშრუტი“ – ტვირთის გადაიზიდვა, რომელიც სრულდება სატვირთო მატარებლების შედგენის გეგმით განსაზღვრულ დანაწევრების სადგურამდე ან რკინიგზის მიერ დადგენილ დანაწევრების პუნქტამდე, სადაც ხდება ტვირთის მისამართის დაზუსტება (დამისამართება) კონკრეტული ტვირთმიმღების მისამართით, ან იმ შემავალ და დანაწევრების სადგურებამდე დანიშვნით, რომლებიც იღებენ სათბობის ტვირთს გადმოტვირთვის სადგურში ვაგონების შემდგომი დამისამართებით;
გ) „დიდტონაჟიანი კონტეინერი“ – 10 და მეტი ტონა ბრუტო მასის მქონე უნივერსალური კონტეინერი;
დ) „ნაკრები სავაგონო გზავნილი“ – გადასაზიდად ერთი ზედნადებით წარდგენილი სხვადასხვა დასახელების ტვირთი, რომელიც განკუთვნილია ერთი ტვირთმიმღებისათვის. თუ ზედნადებში ვერ დაეტია ტვირთის დასახელების ჩამონათვალი, ტვირთგამგზავნი ადგენს ტვირთის ნუსხას და გრაფაში „ტვირთის დასახელება” მიუთითებს „ნაკრები სავაგონო გზავნილი, ტვირთის ნუსხა თან ერთვის”;
ე) „საბაჟო ფირფიტა“ – განსაზღვრული ზომისა და გადაზიდვასთან დაკავშირებული მონაცემების შემცველი სწორკუთხა ლითონის ნაჭერი, რომელიც მაგრდება კონტეინერზე და ადასტურებს მის ვარგისობას საბაჟო კონტროლით ტვირთის გადასაზიდად;
ვ) „სავაგონო გზავნილი“ – გადასაზიდად ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთი, რომლისთვისაც აუცილებელია ცალკე ვაგონის გამოყოფა;
ზ) „სამარშრუტო გზავნილი“ – გადასაზიდად ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთი, რომლისთვისაც აუცილებელია იმ რაოდენობის ვაგონების გამოყოფა, რაც შეესაბამება მარშრუტებისათვის წონისა და ზომის მიხედვით დადგენილ ნორმებს;
თ) „საკონტეინერო გზავნილი“ – გადასაზიდად ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთი, რომლისთვისაც საჭიროა ერთი კონტეინერის გამოყოფა;
ი) „სატარიფო კილომეტრი“ – ტვირთის გადაზიდვის უმოკლესი მანძილი, რომლის საფუძველზედაც, „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად, განისაზღვრება ტვირთის გადაზიდვის საფასურის ოდენობა;
კ) „საშუალოტონაჟიანი კონტეინერი“ – არანაკლებ 2,5 ტონა და არა უმეტეს 10 ტონა ბრუტო მასის მქონე უნივერსალური კონტეინერი;
ლ) „სპეციალიზებული კონტეინერი“ – გარკვეული ნომენკლატურის თხევადი, ნაყარი, საფრთხეშემცველი, მალფუჭებადი და სხვა ტვირთის მრავალგზის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო მოწყობილობის უნიფიცირებული ერთეული, რომელიც წარმოადგენს სტანდარტული ზომისა და მაქსიმალური ბრუტო წონის სტანდარტულ კონსტრუქციას და აქვს დადგენილი სახის აღნიშვნები და წარწერები;
მ) „უნივერსალური კონტეინერი“ – უნიფიცირებული სატვირთო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ტარაში მოთავსებული და ცალკეული ტვირთის გადასაზიდად და წარმოადგენს ბრუტო წონის, გაბარიტული ზომების, შემცველობის, განლაგების ადგილის, წარწერებისა და ფირფიტების მიხედვით სტანდარტიზებულ კონსტრუციას, მასზე განლაგებულ სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებზე დამაგრებისა და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების მექანიზაციის სამარჯვებითურთ;
ნ) „უსაფრთხო კონტეინერების საერთაშორისო კონვენციის ფირფიტა“ – უსაფრთხო კონტეინერების საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული ფირფიტა (შემდგომ – ფირფიტა), რომელიც სავალდებულოდ მაგრდება კონტეინერის კარზე კონტეინერის დამზადების ან კაპიტალური რემონტის დროს და ადასტურებს მის უსაფრთხოებას ექსპლუატაციისათვის;
ო) „წვრილმანი გზავნილი“ – გადასაზიდად ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთი, რომლისთვისაც არ არის საჭირო ცალკე ვაგონის ან კონტეინერის გამოყოფა;
რ) „ჯგუფური გზავნილი“ – გადასაზიდად ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთი, რომლისთვისაც საჭიროა ერთზე მეტი, მაგრამ სამარშრუტო გაგზავნილზე ნაკლები ვაგონების გამოყოფა