„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
300300000.16.009.016555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/08/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №38

2022 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.ზ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1):

ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ვადების გამოთვლა

ამ წესებით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უქმე დღეები და შაბათ-კვირა არ ჩაითვლება, თუ ამ წესების კონკრეტულ მუხლში სხვაგვარად არ არის მითითებული.“.

ბ) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო დამატებითი პორტფელის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

გ) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ მონაწილე გეგმავს, გააუქმოს დაბალანსების იმ ჯგუფის წევრობა, რომელიც დაკავშირებულია ბირჟაზე მის პორტფელთან, მან უნდა მოითხოვოს პორტფელთან დაკავშირებული დაბალანსების ჯგუფის ცვლილება. მონაწილის მიერ მოთხოვნილი  ცვლილება ძალაში შევა და შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე მომდევნო კალენდარული თვიდან, თუ ცვლილება მოთხოვნილია თვის დასრულებამდე, სულ მცირე, 5 სამუშაო დღით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილება მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე აისახება მიმართვის მომდევნო კალენდარული თვის დასრულების შემდეგ. ამ პერიოდამდე ტრანზაქციები აისახება იმ დაბალანსების ჯგუფის ნომინაციაში, რომელიც მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე ცვლილებამდე იყო მითითებული.“;

დ) მე-14 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მონაწილის პორტფელის დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი (მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში ასეთი პირის მითითების შემთხვევაში)  აუქციონის სისტემაში შეძლებს შესაბამის პორტფელთან/პორტფელებთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გაცნობას.“;

ე) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. პორტფელი

1. ბირჟის შესაბამის სეგმენტზე ვაჭრობისთვის საჭიროა, სულ მცირე, ერთი პორტფელი. დასაშვებია  ერთდროულად რამდენიმე პორტფელის მეშვეობით ვაჭრობა.

2. პორტფელის რეგისტრაციას ან/და ცვლილებას ახდენს ბირჟის ოპერატორი, კანდიდატის/მონაწილის მიერ მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ან მასში ცვლილების შეტანის მოთხოვნის საფუძველზე.

3. ერთი პორტფელის მეშვეობით შესაძლებელია განაცხადის განთავსება  ბირჟის მხოლოდ ერთ სეგმენტზე.

4. რამდენიმე პორტფელის ტრანზაქციები შეიძლება მიეკუთვნებოდეს ერთ დაბალანსების ჯგუფს, თუმცა ერთი პორტფელის ტრანზაქციები სრულად მიეკუთვნება ერთ დაბალანსების ჯგუფს.

5. მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ ის ყოველთვის გაწევრიანებული იყოს მის პორტფელთან დაკავშირებულ მოქმედ/აქტიურ დაბალანსების ჯგუფში. თუ მონაწილეს გაუუქმდება მის პორტფელთან დაკავშირებული დაბალანსების ჯგუფის წევრობა, მას არ მიეცემა ასეთი პორტფელით ვაჭრობის შესაძლებლობა. მონაწილე ვალდებულია,  დაბალანსების ჯგუფის წევრობის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბირჟის ოპერატორს და არ ივაჭროს (არ განათავსოს განაცხადი/გააუქმოს უკვე განთავსებული განაცხადები) იმ პორტფელით, რომელიც დაკავშირებულია ასეთ დაბალანსების ჯგუფთან.

6. აუქციონის სისტემაში მონაწილის ვაჭრობის შედეგები აისახება მისი პორტფელების მიხედვით.

7. ერთ პორტფელთან შეიძლება დაკავშირებული იყოს ერთზე მეტი სავაჭრო წარმომადგენელი ან/და დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი. ამასთან, ერთი სავაჭრო წარმომადგენელი ან/და დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი, შეიძლება, დაკავშირებული იყოს რამდენიმე პორტფელთან.“;

ვ) 24-ე მუხლის:

.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უგზავნის ინვოისს საანგარიშო თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო მონაწილე ვალდებულია, გადაიხადოს ინვოისში მითითებული თანხა მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურების გადახდა ხდება ყოველწლიურად, არაუგვიანეს კალენდარული წლის დაწყებიდან 10 დღისა, ბირჟის ოპერატორის მიერ გაგზავნილი ინვოისის შესაბამისად. რეგისტრაციისას/პორტფელის დამატებისას მონაწილე გადაიხდის წლიურ საფასურს კალენდარული წლის ბოლომდე დარჩენილი თვეების პროპორციულად (რეგისტრაციის/პორტფელის დამატების თვის ჩათვლით), ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საბანკო ანგარიშზე. თუ მონაწილეს გაუუქმდება ბირჟაზე რეგისტრაცია ან პორტფელი, მიუხედავად გაუქმების მიზეზისა, ამ პუნქტით განსაზღვრული უკვე გადახდილი საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას.“;

ვ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ხარვეზის აღმოფხვრისთვის ამ წესების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, განმცხადებელს გადახდილი საფასური უნდა დაუბრუნდეს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, აღნიშნული ვადის გასვლიდან ორი დღის ვადაში, თუ სხვა რამ არ არის კანდიდატის მიერ მოთხოვნილი.“;

ზ) 28-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ტექნიკური ხარვეზის გამო ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული ვადის დაცვა შეუძლებელია, ბაზრის წონასწორობის წერტილის დასადგენად ბირჟის ოპერატორს ეძლევა დამატებითი დრო, იმავე დღის 18:00 საათამდე. ამ ვადაში ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია განაცხადები მიიღოს ელექტრონული ფოსტით და დაადგინოს ბაზრის წონასწორობის წერტილი ევროპული ბაზრების ინტეგრირების ალგორითმის (EUPHEMIA) ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებით, კომისიასთან შეთანხმებული წესის შესაბამისად. წესი, სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად, შესაძლოა, განსაზღვრავდეს დღით ადრე ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენის, შესაბამისი შედეგების მონაწილეთათვის ინფორმირებისა და კლირინგის ამ წესებით განსაზღვრულისგან განსხვავებულ პირობებს. თუ ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენა ამ ვადაშიც ვერ ხერხდება, ვაჭრობის შედეგები იქნება იგივე, რაც:

ა) წინა სამუშაო დღეს –  თუ მომდევნო დღეც სამუშაო დღეა;

ბ) წინა არასამუშაო დღეს –  თუ მომდევნო დღე არასამუშაო დღეა.“;

თ) 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 46. თანხის გადარიცხვა

1. მონაწილემ ინვოისის გამოწერის მომდევნო დღის 13:00 საათამდე უნდა უზრუნველყოს ბირჟის ოპერატორის წინაშე წარმოშობილი ვალდებულების შესაბამისი თანხის გადარიცხვა ბირჟის ოპერატორის ანგარიშზე.

2. ბირჟის ოპერატორმა ინვოისის გამოწერიდან ორი დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს მონაწილის წინაშე წარმოშობილი ვალდებულების შესაბამისი თანხის გადარიცხვა მონაწილეებისათვის.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის დარღვევისთვის მონაწილეს ეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმით.“;

ი) 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 49. საბაზისო გარანტია

1. მონაწილეს გარანტიის წარდგენის დრო აქვს 9:00 საათამდე.

2. ბირჟის ოპერატორი 10:00 საათამდე ადასტურებს წარმოდგენილ გარანტიას და შესაბამის ცვლილებას ასახავს კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში, მონაწილის ანგარიშზე.

3. გამონაკლის შემთხვევაში, როცა გარანტია ვერ დასტურდება ბირჟის ოპერატორისგან დამოუკიდებელი მიზეზით, გარანტია დადასტურდება და აისახება კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში მიზეზის აღმოფხვრისთანავე.“;

კ) 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 50. სავაჭრო ლიმიტი

1. სავაჭრო ლიმიტი წარმოადგენს მონაწილის გარანტიის მიმდინარე ოდენობას, რომლის ფარგლებშიც ნებადართულია ვაჭრობა ბირჟაზე. შესაბამისად:

ა) მონაწილე არ არის უფლებამოსილი აუქციონის სისტემაში განათავსოს განაცხადი, რომლისგან მოსალოდნელი მაქსიმალური ვალდებულება ბირჟის ოპერატორის წინაშე აღემატება მის სავაჭრო ლიმიტს;

ბ) ბირჟის ოპერატორი აუქციონის სისტემიდან წაშლის განაცხადს და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინებს მონაწილეს, თუ განთავსებული განაცხადი აღარ შეესაბამება მის მიმდინარე სავაჭრო ლიმიტს.

2. სავაჭრო ლიმიტი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RemLim = InLim +TrdPos – OpOrd – PndTrd-UnpInv - G,

სადაც:

RemLim – სავაჭრო ლიმიტი (ლარი);

InLim – მონაწილისათვის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადასტურებილი გარანტიის ოდენობა (ლარი);

TrdPos – დაკმაყოფილებული განაცხადების შედეგად ამ მონაწილის წინაშე წარმოშობილი ბირჟის ოპერატორის ვალდებულება, რომელიც ჯერ არ შესრულებულა (ლარი);

OpOrd – აუქციონის სისტემაში განთავსებული განაცხადების (რომლითაც მონაწილეს წარმოექმნება ვალდებულება ბირჟის ოპერატორის წინაშე) შესაბამისად მოსალოდნელი მაქსიმალური ვალდებულება ბირჟის ოპერატორის მიმართ (ლარი);

PndTrd – დაკმაყოფილებული განაცხადების შედეგად ბირჟის ოპერატორის წინაშე წარმოშობილი ვალდებულება, რომელზეც ინვოისი ჯერ არ არის გამოწერილი (ლარი);

UnpInv – გადაუხდელი ინვოისების ჯამური ღირებულება (ლარი);

G – მონაწილის მიერ, ბირჟაზე სხვა მონაწილის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული კრედიტორული მოთხოვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. სავაჭრო ლიმიტის დადგენა ხდება მონაწილისათვის, რაც გულისხმობს, რომ მხედველობაში მიიღება მონაწილის ყველა პორტფელით ვაჭრობის ჯამური შედეგი.“.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ (დანართი №2):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ნომინაციის გარე შესაბამისობა – ტრანსსასაზღვრო ნომინაციის დროს ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლობა (შესაბამისობა) მეზობელი ქვეყნის შესაბამისი სუბიექტის მიერ იმავე ტრანზაქციის თაობაზე წარდგენილი ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობასთან;“;

ა.ბ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) რანჟირების სია – სატენდერო განაცხადების სია, რომელიც ყალიბდება თითოეულ ბლოკზე და ასახავს ბლოკში შემავალი უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხი პერიოდისათვის გასააქტიურებელი საბალანსო ელექტროენერგიის თანმიმდევრობას სატენდერო განაცხადებში მითითებული ელექტროენერგიის ფასის (ლარი/მეგავატ-საათი) მიხედვით, მომატებადი საბალანსო პროდუქტის შემთხვევაში – მინიმალურიდან მაქსიმალურამდე, ხოლო შემცირებადი საბალანსო პროდუქტის შემთხვევაში – მაქსიმალურიდან მინიმალურამდე;“;

ა.გ) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) ზღვრული ფასი – რანჟირების სიის მიხედვით ბოლოს გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასი;“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ამ მუხლით დადგენილ  მომსახურების საფასურს იხდის საანგარიშო პერიოდში ერთხელ, ბაზრის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ბაზრის ოპერატორის მიერ გამოწერილი ინვოისის ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში არ გაითვალისწინება ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განთავსებული ნომინაციები.“;

გ) მე-6 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ქვეშ, შესაძლებელია, შეიქმნას ერთი ან მეტი დაბალანსების ჯგუფი.“;

გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადამცემი სისტემის ოპერატორი, კანონის შესაბამისად ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის უფლების განსახორციელებლად, ითვლება დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად.“;

გ.გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ წესების მე-18 მუხლის შესაბამისად, დაბალანსებაზე პასუხისმგებლობას იღებს იმ ობიექტზე/ობიექტებზე, რომლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შეუჩერდა ან შეუწყდა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი.“;

დ) მე-8 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებას გადამცემი სისტემის ოპერატორი განიხილავს 8 სამუშაო დღის ვადაში.“;

დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმცხადებელი ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის  მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან.“;

ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:

ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ობიექტის აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემები (გარდა ტრეიდერისა და იმ მიმწოდებლისა, რომლის არც ერთ მომხმარებელსაც არ გააჩნია აღრიცხვის კვანძი გადამცემ ქსელზე);“;

ე.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) დაბალანსების ჯგუფში გაერთიანებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის (ელექტროენერგიის მწარმოებელი/გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი/მიმწოდებელი/ტრეიდერი/მსხვილი მომხმარებელი) თანხმობა;“;

ე.გ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის Em კომპონენტით განსაზღვრული საპროგნოზო მონაცემი (გარდა ტრეიდერისა);“;

ვ) მე-13 მუხლის:

ვ.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებას გადამცემი სისტემის ოპერატორი განიხილავს 7 სამუშაო დღის ვადაში.“;

ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით მოთხოვნილი დაბალანსების ჯგუფის ცვლილება ამოქმედდება განცხადების გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენის  მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან.“;

ვ.გ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფორმის/ფორმების გათვალისწინებით, განმცხადებელი ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების მე-9 მუხლის „ბ“, „ბ1“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი/მონაცემები.“;

ზ) მე-16 მუხლის:

ზ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საანგარიშო პერიოდში გამოწვეული დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულების ამ წესების 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ამ წესების 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამოყენებული ფინანსური გარანტია საკმარისი არ აღმოჩნდა საანგარიშო პერიოდში გამოწვეული დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების სრულად ასანაზღაურებლად;“;

ზ.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს სტატუსი უჩერდება განუსაზღვრელი ვადით. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის წერილი/წერილები.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ პირს აღუდგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს, სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მიმართვიდან და იმავე პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის წერილის/წერილების წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, კომისიას, გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს და ბირჟის ოპერატორს.“;

თ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი შეჩერებული აქვს 6-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი შეჩერებულია ამ წესების მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით);“;

ი) მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის სტატუსის ამ წესების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა1“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, ასევე ამ წესების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, თუკი სტატუსის შეჩერება განპირობებულია ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობით. ასეთ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტისთანავე ახდენს ობიექტის ქსელიდან გათიშვას, რის შესახებაც, იმავე დღეს აცნობებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.“;

კ) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტრანსსასაზღვრო ნომინაციის დროს ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობა უნდა იყოს მეზობელი ქვეყნის შესაბამისი სუბიექტის მიერ იმავე ტრანზაქციის თაობაზე წარდგენილი ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლი (გარე შესაბამისობა).“;

ლ) 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბალანსო სიმძლავრის განმეორებით ტენდერზე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო განაცხადში მიუთითოს არაუმეტეს ამ წესების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის შეტყობინებით განსაზღვრული ფასი.“;

მ) 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბალანსო სიმძლავრის შესყიდვა ხდება გაცხადებული ფასით. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისათვის გადასახდელი საბალანსო სიმძლავრის ღირებულების დაანგარიშება ხდება თითოეული ბლოკის მიხედვით, შემდეგი კომპონენტების ნამრავლით: სატენდერო განაცხადით გათვალისწინებული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა (მეგავატი), უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდების რაოდენობა და საბალანსო სიმძლავრის ფასი.“;

ნ) 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ყალიბდება უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის. სატენდერო განაცხადის შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმია უმცირესი ფასი.“;

ო) 47-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განმცხადებლის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების დღიდან პირველი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ, მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, არაუგვიანეს თითოეული საანგარიშო პერიოდის წინა თვის მე-7 კალენდარული დღისა, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს, ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, წარუდგინოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ფორმულის Em კომპონენტის განმარტებით განსაზღვრული საპროგნოზო მონაცემი.“;

პ) 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების ამ წესების 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში გამოწვეული დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების ასანაზღაურებლად გადამცემი სისტემის ოპერატორი იყენებს ფინანსურ გარანტიას, დამამძიმებელი უბალანსობის გადახდის ვალდებულების შესასრულებლად დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის/გაფრთხილების გარეშე.“;

ჟ) 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 56. უბალანსობის ფასი გარდამავალ პერიოდში

ამ წესების 46-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრის მიზნისათვის,  ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილი თარიღიდან პირველი ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უბალანსობის ფასს წარმოადგენს ფინანსური გარანტიის დაანგარიშების დროისათვის სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განსაზღვრული ბოლო ხელმისაწვდომი საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, ხოლო  ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილი თარიღიდან ორი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ, უბალანსობის ფასი განისაზღვრება ამ წესების შესაბამისად.“.

3. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესების“ (დანართი №3):

ა) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) გამოაქვეყნოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის ჯამური შედეგები საკუთარ ვებგვერდზე;“;

ბ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ორმხრივი ხელშეკრულების მხარეების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირები ორმხრივი ხელშეკრულებების შესაბამის ნომინაციებს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს წარუდგენენ „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად.“.

4. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს დადგენილება, გარდა პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ 33-ე–42-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2023 წლის 31 მარტიდან.“.

5. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ 33-ე-42-ე მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 30 ივნისიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე