1.უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულება უნდა შეფასდეს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) შესაბამისად.
2. ფინანსური ინსტრუმენტის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უძრავი ქონების შეფასება და გადაფასება უნდა განხორციელდეს „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 მაისის N84/04 ბრძანების შესაბამისად.
3. შეფასებული უზრუნველყოფის საშუალების რეალური ღირებულების, რეალიზაციის პერიოდისა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ დანახარჯების ანალიზში ასახული უნდა იყო ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა, წარსული გამოცდილება (სტატისტიკური მონაცემები) და საპროგნოზო მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.
4. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ უზრუნველყოფის საშუალების შეფასებაზე პასუხისმგებელ შემფასებლებს ჰქონდეთ საკმარისი ექსპერტული ცოდნა, რესურსი და დამოუკიდებლობა.
5. კომერციულმა ბანკმა უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების სარეალიზაციო ღირებულებასთან ერთად, რომელიც გამოყენებული იქნება ფინანსური ინსტრუმენტის დაავალიანების შესამცირებლად, ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას, შეფასებაში გამოყენებული დაშვებები და გამოთვლები;
ბ) გამოყენებული კორექტირებები;
გ) უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;
დ) უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების რეალიზაციისთვის საჭირო პერიოდი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ფინანასური ინსტრუმენტის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი ნაკადების შეფასებისას, კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
ა) ქონების რეალიზაციისათვის საჭირო დრო, ადგილობრივი კანონმდებლობისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით;
ბ) ქონების სარეალიზაციო ფასი არ უნდა შეიცავდეს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ოპტიმისტურ საპროგნოზო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გავლენას;
გ) არ უნდა იქნეს გამოყენებული ე.წ. „დალოდების” სტრატეგია, საბაზრო პირობების გაუმჯობესების მოლოდინის მიზნით.
7. კომერციულმა ბანკმა, მსესხებლის ქონების რეალიზაციიდან მისაღები ფულადი ნაკადების მიმდინარე ღირებულების გაანგარიშებაში უნდა გაითვალისწინოს ქონების რეალიზაციისთვის საჭირო პერიოდი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მსგავსი პრაქტიკის ისტორიულ მონაცემებს. გაანგარიშებაში, ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერი საოპერაციო ხარჯი და კაპიტალური დანახარჯები, რომლებიც წარმოიქმნა ქონების რეალიზაციის მომენტამდე.
8. კომერციულმა ბანკმა ფინანასური ინსტრუმენტის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების რეალური ღირებულების განსაზღვრისთვის უნდა გამოიყენოს საბაზრო ფასების ადეკვატური დისკონტირების განაკვეთები, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს ქონების ლიკვიდურობის დონიდან გამომდინარე.
9. კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს დაშვებები ქონების რეალიზაციის ხარჯებთან და საბაზრო ფასის დისკონტირების განაკვეთთან მიმართებით, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ისტორიულ მონაცემებს. თუ კომერციულ ბანკს არ აქვს აღნიშნული ისტორიული მონაცემები, მაშინ უნდა გამოიყენოს კონსერვატიული მიდგომები დაშვებების მიმართ.
10. მომავალი ფულადი ნაკადების მიმდინარე ღირებულების გაანგარიშებისთვის, უზრუნველყოფის ღირებულება გამოთვლილ უნდა იქნეს, როგორც მისი საბაზრო ღირებულებისა და მის რეალიზაციასთან დაკავშირებული დანახარჯების სხვაობის დღევანდელი ღირებულება, რომელიც დისკონტირებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთით, რათა მიღებულ იქნეს წმინდა ანაზღაურებადი ღირებულება.
11. უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციასთან დაკავშირებული დანახარჯები, მათ შორის მოიცავს: დღგ-ს, აუქციონის საფასურს, დასაკუთრების დანახარჯებს, რეალიზაციის დანახარჯებს, იურიდიულ დანახარჯებს და სხვ. ასეთი დანახარჯები სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული ფინანასური ინსტრუმენტის დეფოლტის შემთხვევაში ზარალის ოდენობის მიღებისა