1. ქვეპროგრამის ძირითად ღონისძიებებში შედის:

ა) მაძიებლის შესახებ ბაზისური ინფორმაციის (სახელი, გვარი, მშობლების ვინაობა, საქმიანობა, საცხოვრებელი მისამართი, სოციალური სტატუსი, მომსახურებებში ჩართულობა და ა.შ.) მოპოვება, შეფასება და ამ მომსახურებით სარგებლობის საჭიროების განსაზღვრა;

ბ) ბავშვის კოგნიტური, მოტორული, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი, თვითმოვლისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის ბავშვსა და ოჯახზე მორგებული ინდივიდუალური გეგმის მომზადება, რომელის გადასინჯვა ხორციელდება 6 თვეში ერთხელ. გეგმა უნდა მოიცავდეს ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე მორგებულ გრძელვადიან და მოკლევადიან გაზომვად მოსალოდნელ შედეგებსა და მიზნებს;

გ) მულტიდისციპლინური გუნდის ერთი ან რამდენიმე პროფესიონალის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მომსახურების გაწევა, რომლის მიზანია ბავშვის განვითარების სფეროების (ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური, ემოციური კომუნიკაცია, ადაპტური ქცევა) სტიმულირება, მშობელთა ცნობიერებისა და ინფორმირებულობის გაზრდა, მხარდაჭერა, ბავშვის განვითარების პროცესში ჩართვა/განათლება. საჭირო პროფესიონალების ჩართულობა და ჯერადობა განისაზღვრება შეფასებიდან გამომდინარე და ასახულია ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალურ გეგმაში. მომსახურებაში ჩართული ყველა ბენეფიციარისთვის, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს 8-ს.   ამასთან, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, მათ შორის, წინა წლებში მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზეც.

2.  ქვეპროგრამის ფარგლებში გასაწევი მომსახურება გულისხმობს:

ა) 3 წლამდე ასაკის (3 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ბავშვების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან/ძირითად მზრუნველებთან/ მინდობით აღმზრდელთან მუშაობას ბუნებრივ (უპირატესად სახლი ან/და ბაგა-ბაღი) გარემოში ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას და ინდივიდუალური ვიზიტების ფარგლებში შემდეგ ღონისძიებებს:

ა.ა) ინდივიდუალურ მომსახურებას ბუნებრივ გარემოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს ბავშვებთან და მათ მშობლებთან ჯგუფური მუშაობა, არაუმეტეს 2 ჯგუფური მუშაობა თვეში;

ა.ბ) მშობლობის უნარ–ჩვევების განვითარებას შემდეგ საკითხებში: ბავშვის მოვლა, ჰიგიენა, კვება, ძილი, თამაში და სხვა რუტინულ აქტივობებში, პოზიტიური მშობლობა (ორმხრივი ინტერაქცია, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, მშობლის და ბავშვის ემოციური რეგულაცია), ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობას (განვითარების ყველა სფეროს თანაბარი და ფუქციური განვითარება), ოჯახის ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობას (ოჯახის წევრებს შორის პოზიტიური კომუნიკაცია, ერთმანეთის მხარდაჭერა);

ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის დამატებითი დიაგნოსტირების საჭიროებაზე მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების ინფორმირებას და გადამისამართებას;

ა.დ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ხელმისაწვდომ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობას (რეაბილიტაციის პროგრამა, აუტიზმის პროგრამა და ა. შ.);

ა.ე) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების ინფორმირებას ძალადობის ფორმებსა და ბავშვთა უფლებებზე, საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირების უზრუნველყოფას (მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების და სპეციალისტის მხრიდან);

ა.ვ) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების მხარდაჭერას  სტრესთან გამკლავებაში;

ა.ზ) მშობიარობის შემდგომი სტრესის აღმოჩენას, ბავშვის დიაგნოზთან შეგუების მიღებაში მხარდაჭერასა და საჭიროების შემთხვევაში რეფერირებას  შესაბამის სერვისებში (გადამისამართება ფსიქოთერაპევტთან ან სხვ.);

ა.თ) ბავშვის  ბაგა-ბაღში შეყვანამდე 6 თვით ადრე ტრანზიციის პროცესის დაწყებას;

ა.ი) ბავშვის ბაგა-ბაღში სრულფასოვანი  ჩართულობის და ინკლუზიის მხარდაჭერას სპეციალისტის ადგილზე ვიზიტების, ბავშვის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შესახებ აღმზრდელების ინფორმირებას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობასა და ბავშვის ჯგუფურ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობით, საჭიროების შემთხვევაში ბაღის პერსონალსა და მშობლებს/კანონიერი წარმომადგენლებს/ძირითადი მომვლელებს/მინდობით აღმზრდელებს შორის კომუნიკაციის ფასილიტაციას;

ა.კ) იმ შემთხვევაში თუ ბავშვი სხვადასხვა მომსახურებაშია ჩართული, სერვისებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფას;

ა.ლ) 3 წლამდე ასაკის (3 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ბავშვებთან ინდივიდუალური, ბუნებრივ გარემოში ვიზიტების გარდა, შესაძლებელია, საჭიროების გათვალისწინებით დაგეგმილი პერიოდულობით, განხორცილდეს მცირე ჯგუფებში მუშაობა, სადაც მშობლის მონაწილეობა სავალდებულოა (არაუმეტეს 2 ჯგუფური მუშაობისა თვეში);

ა.მ) ჯგუფში ბავშვებისა და  მშობლების წყვილთა  მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს ხუთს, რომლებთანაც მუშაობს, სულ ცოტა, 2 პროფესიონალი ან პროფესიონალი და პარაპროფესიონალი, ჯგუფური ვიზიტების დაგეგმვისა და განხორციელებისას  აუცილებელია ბავშვის განვითარების და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, თუმცა ჯგუფში ჩართული ბავშვების ასაკებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

ბ) 3 წლიდან 7 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვების შემთხვევაში, მუშაობას ბუნებრივ (უპირატესად სახლი ან/და ბაგა-ბაღი) გარემოში, ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას ან/და ბენეფიციარების ვიზიტებს ცენტრში (მომსახურების მომწოდებლის მიერ შესაძლებლო და ბენეფიციარის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის/ძირითადი მზრუნველის/მინდობით აღმზრდელის სურვილის გათვალისწინებით), ასევე, მომსახურების მომწოდებლის მიერ წერილობით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, დისტანციურ მომსახურებას (თვეში არაუმეტეს 2 ვიზიტისა) და ინდივიდუალური ვიზიტების ფარგლებში შემდეგ ღონისძიებებს:

ბ.ა) 3 წლიდან 7 წლის ჩათვლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას, ბავშვისა და ოჯახის  საჭიროებებიდან გამომდინარე. ინდივიდუალურ მომსახურებას, ბუნებრივ გარემოში ან ცენტრში, ასევე  ბავშვებთან ჯგუფურ მუშაობას, რომელიც შეადგენს თვეში არაუმეტეს 4 ვიზიტს;

ბ.ბ) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/ მინდობით აღმზრდელების მხარდაჭერას ბავშვის პოზიტიური ქცევის ფორმირებაში, მისი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას, ბავშვის წინასასკოლო და აკადემიური მზაობის, სოციალური და თვითორგანიზების უნარების განვითარების, სხვადასხვა წრეში ან სპორტულ აქტივობაში ჩართვის მიზნით;

ბ.გ) საჭიროებიდან გამომდინარე,  მცირე ჯგუფებში მუშაობას. ჯგუფური მუშაობის პროცესში მშობლის მონაწილეობა არ არის სავალდებულო, რათა მოხდეს ბავშვის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა (არაუმეტეს 4 ჯგუფური მუშაობისა თვეში). ჯგუფურ მუშაობაში მშობლების მონაწილეობის საჭიროების შემთხვევაში მშობელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს. ამასთან, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის/ძირითადი მზრუნველის/მინდობით აღმზრდელის მხარდაჭერისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სასურველია თვეში 1 ჯგუფური მუშაობა ჩატარდეს ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მშობლებისთვის/ კანონიერი წარმომადგენლისთვის/ძირითადი მზრუნველისთვის/მინდობით აღმზრდელებისთვის;

ბ.დ) ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს ხუთს, რომლებთანაც მუშაობს, სულ ცოტა, 2 პროფესიონალი/სპეციალისტი ან პროფესიონალი/სპეციალისტი და პარაპროფესიონალი. ჯგუფური ვიზიტების დაგეგმვისა და განხორციელებისას  აუცილებელია ბავშვის განვითარებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, თუმცა ჯგუფში ჩართული ბავშვების ასაკებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;

გ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განსახორციელებლად მშობლის/მინდობით აღმზრდელის მომზადებას (მათ შორის – შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება);

დ) მომსახურების გაგრძელების, შეწყვეტის ან ბავშვის სხვა მომსახურებაში გადამისამართების მიზნით ბავშვისა და მისი გარემოს ხელახალ შეფასებას ადრეული ინტერვენციის სტანდარტით განსაზღვრულ ვადებში. შეფასებიდან გამომდინარე დასკვნას ინახება ბენეფიციარის პირად საქმეში;

ე) ბავშვისა და ოჯახის  მხარდაჭერას, რათა მათ მარტივად დატოვონ ადრეული განვითარების პროგრამა და ჩაერთონ სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  ან სხვაალტერნატიულ სერვისში სტანდარტით განსაზღვრულ ვადაში. გადასვლის გეგმის შემუშავება უნდა განხორციელდეს ოჯახთან და ახალი მომსახურების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

3. მომსახურებაში პროფესიული ზედამხედველის არსებობის შემთხვევაში, პროფესიულ ზედამხედველობას და მხარდაჭერას, რომელსაც ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მიმწოდებელ ორგანიზაციაში დასაქმებული ან/და მიწვეული პროფესიული ზედამხედველისათვის საჭირო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი.

4. პროფესიული ზედამხედველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მაგისტრის ან ბაკალავრის ხარისხი ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებაში: ფსიქოლოგია, ბავშვის განვითარება, ოკუპაციური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, განათლების მეცნიერებები (პედაგოგი, სპეციალური მასწავლებელი), სოციალური მუშაობა, რეაბილიტაცია/ფიზიკური თერაპია, პედიატრია ან სამედიცინო ინსტიტუტის 5-წლიანი დიპლომი;

ბ) ბავშვებთან პროფესიული მუშაობის, სულ მცირე, 5-წლიანი გამოცდილება, აქედან უწყვეტად უკანასკნელი 2 წელი ადრეული ინტერვენციის პროგრამაში;

გ) ბავშვთა ადრეული ინტერვენციის/განვითარების ადგილობრივი ან საერთაშორისო კურსის დასრულების ადგილობრივი ან საერთაშორისო სერტიფიკატი/დიპლომი (ადგილობრივი სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის მიერ, რომელიც შეთანხმებულია სამინისტროსთან);

დ) ადგილობრივი ან საერთაშორისო სერტიფიკატი სუპერვიზიაში (ადგილობრივი სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სატრენინგო მოდული შეთანხმებული აქვს სამინისტროსთან);

5. პროფესიული ზედამხედველის სამუშაო მოიცავს:

ა) ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში ან/და ცენტრში მისი სუპერვიზიის ქვეშ მომუშავე სპეციალისტის მუშაობაზე დაკვირვებას, ჩანაწერის წარმოებასა და სპეციალისტისთვის უკუკავშირის მიცემას, ხოლო დისტანციურად ჩატარებული პროფესიული ზედამხედველობის შემთხვევაში − ვიდეოჩანაწერის განხილვას;

ბ) ბენეფიციარის ინდივიდუალური შემთხვევის, პირადი საქმისა და მასში შემავალი დოკუმენტაციის შემოწმებასა და სრულყოფილად წარმოების ხელშეწყობას;

გ) ბენეფიციარის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამიდან გასვლის/სხვა სამედიცინო, სოციალურ ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვის საჭიროების დროული იდენტიფიკაციის ხელშეწყობას;

დ) მისი სუპერვიზიის ქვეშ მომუშავე სპეციალისტებთან ჯგუფური შეხვედრების ორგანიზებას შემთხვევების განხილვის, უკუკავშირის, პროფესიული ზრდისა და სერვისში დატრენირების მიზნით, ასევე, სპეციალისტებთან სატელეფონო კონსულტაციას;

ე) ბენეფიციარის მშობლებთან შეხვედრების განხორციელების კონტროლს (ინდივიდუალური გეგმის შემუშავების/ცვლილების მიზნით, ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, პირადი ან/და სატელეფონო კონსულტაციის განხორციელებას).

6. დისტანციური ვიზიტების განხორციელება, დაფინანსება და ადმინისტრირება ხორციელდება „დღის ცენტრის მომსახურების, ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამებისა და კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის მოდიფიცირებული მომსახურებების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №01-184/ო ბრძანების, „შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან/და ასეთი რისკის მქონე 18 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური რეაბილიტაციის მომსახურებების დისტანციურად მიწოდება-მიღების კონცეპტუალური ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 ნოემბრის №01-536/ო ბრძანების ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისა