1. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვიანი ოჯახი, რომლის კრიზისული მდგომარეობის იდენტიფიცირებაც მოხდა სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე, ხოლო დახმარების მიღების საჭიროება ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ დადასტურებულია წერილობითი თანხმობით და სოციალური მუშაკის დასკვნით, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) მწვავე კრიზისის მდგომარეობით შეფასებული, მათ შორის, გასული წლების მოსარგებლე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განმეორებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს;
ბ) სადაც დაგეგმილია რეინტეგრაციის განხორციელება;
გ) რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში;
დ) რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;
ე) რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;
ვ) სადაც ცხოვრობს ბენეფიციარი და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომლებმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვეს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი და დაწესებულების დატოვებიდან არ არის გასული 60 დღე.
2. ამ პუნქტში ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთისა და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ყოველი მომდევნო ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფს.
3. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით წარმოადგენს ბავშვთა ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვი ერთი წლის ასაკის ჩათვლით:
ა) რომელსაც აქვს წონის დეფიციტი, არასაკმარისი კვების გამო;
ბ) რომლის ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია;
გ) რომელიც განთავსებულია ნათესაურ მინდობით აღზრდაში;
დ) რომლის მშობელი/მშობლები არიან შშმ სტატუსის მქონე პირები;
ე) რომლის მშობელი არის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარი ან მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი ან მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ბენეფიციარი და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომელმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვა დაწესებულება და ქვეპროგრამაში ჩართვის განაცხადით მიმართა ზრუნვის სააგენტოს მომსახურების შეწყვეტიდან 60 დღის განმავლობაში;
ვ) რომელიც არის შშმ სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე და ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია ან ჩართულია მინდობითი აღზრდის (ნათესაური) ქვეპროგრამაში, კვების ვაუჩერი გაიცემა სამი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით;
ზ) რომლის ოჯახი განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.
4. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სპეციალური კვების საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვი (18 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით), რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) მითითებული აქვს ფენილკეტონურის/ცელიაკიის დიაგნოზი.
5. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისა და 18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურის და ცელიაკიის დიაგნოზის მქონე სამიზნე ჯგუფისთვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო ან ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი განმახორციელებელი ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის მიმართვის საფუძველზე. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს იმ ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიურ მეთვალყურეობას. ცნობაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ხელოვნური კვების/ფენილკეტონურისა და ცელიაკიის დიაგნოზისათვის საჭირო სპეციალური საკვების საჭიროება. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) მითითებული უნდა იყოს, რომ წონის დეფიციტი გამოწვეულია არასაკმარისი კვების გამო.
6. სოციალური მუშაკის მიერ იდენტიფიცირებული ბავშვიანი ოჯახების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ან ქვეპროგრამის სხვა განმახორციელებელი ორგანო, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის წერილობით თანხმობისა და სოციალური მუშაკის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რიგითობის დაცვი