1. თუ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის წინამდებარე წესის შესაბამისად დაწესებულია მოთხოვნები, პარკირების ამ ადგილებზე პარკირების უფლება აქვს მხოლოდ იმ ავტომანქანას, რომლიც აკმაყოფილებს პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებს.
2. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ტვირთის გადაზიდვასთან ერთად ტვირთის მფლობელის ან სხვა პირის გადაყვანა არ ცვლის ავტომანქანის მომსახურების სფეროს.
3. აკრძალულია ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირება იმ ადგილებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის აღნიშნული ავტომანქანების პარკირებისათვის.
4. აკრძალულია ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ტაქსების პარკირება.
5. ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, იმ დროით დგომა, რომელიც განკუთვნილია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
6. ავტომანქანის სვლაგეზის მიმართულებით მოძრაობის დროს დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, დასაშვებია პირადი ან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არაუმეტეს 15 წუთისა, რაც არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
7. ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებლად გადაადგილებას, მისი შეკეთებისათვის საჭირო დროით ავტომანქანის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. თუ ავტომანქანის შეკეთება მძღოლის მიერ დამოუკიდებლად შეუძლებელია და საამისოდ საჭიროა მესამე პირთა მიერ მომსახურების (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) გაწევა, ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაიყვანოს ავტომანქანა ამ ავტომანქანების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ან სხვა ადგილზე, სადაც ავტომანქანის პარკირება არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას ან/და ავტომანქანის პარკირება განახორციელოს იმდაგვარად, რაც არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას.
8. ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებზე