ფინანსური ანგარიშის ფორმებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ამორტიზებული ძირითადი აქტივები
სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) ძირითადი აქტივები მათ ჩამოწერამდე. მათი აღრიცხვა უნდა მოხდეს პირვანდელი, ანუ ისტორიული ღირებულებით.
ანგარიშვალდებული პირების მიმართ სხვა მოთხოვნები (1423)
ანგარიშვალდებული პირების მიმართ ყველა სხვა მოთხოვნა, რომელიც არ აისახება ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნების სხვა ანგარიშებზე.
არაფინანსური აქტივების ზრდა
ძირითადი აქტივების, არაწარმოებული აქტივების, ფასეულობებისა და მატერიალური მარაგების შესაძენად განხორციელებული გადახდები.
არაწარმოებული აქტივები
მიწა და სხვა არაწარმოებული აქტივები.
გადასახდელი პროცენტები (3243)
მიღებულ სესხებზე დარიცხული გადასახდელი პროცენტები.
გადასახდელი საწევროები და ერთჯერადი შენატანები (3245)
ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად გადასახდელი საწევროები და გაწევრიანებისთვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები.
გადასახდელი შრომის ანაზღაურება
(3231)
დამქირავებლის მიერ მომუშავეებისათვის შრომის ასანაზღაურებელი კომპენსაცია (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია და სხვ.)
გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება
გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანებები, მათი ჩამოწერის მომენტიდან 5 წლის განმავლობაში, მათზე მეთვალყურეობისა და მოვალეთა ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, დავალიანებათა შესაძლო ამოღების მიზნით. ამ დავალიანებების დასაფარად მიღებული თანხები ჩამოიწერება მოცემული მუხლიდან და ექვემდებარება შესაბამის ანგარიშებზე აღრიცხვას.
გადახდილი დღგ (1431)
საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა.
დამქირავებლის მიერ ფულადი და სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარების ვალდებულებები (3236)
მომუშავეებისათვის სოციალური დახმარებების გადახდაზე წარმოქმნილი ვალდებულებები.
დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობისათვის გაწეული ხარჯები
ყველა სახის ხარჯი, რომელიც გაწეულია სამეწარმეო საქმიანობისთვის.
დაუფარავი დეფიციტი (5230)
გასული წლებისა და საანგარიშო პერიოდის ზარალის თანხები.
ვალდებულებები მივლინებით (3234)
მივლინებებთან დაკავშირებით ორგანიზაციის დავალიანებები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მივლინებული პირების წინაშე.
ვადაგადაცილებული დავალიანებები
საანგარიშო წლის წინა პერიოდებში წარმოქმნილი და დაუფარავი ყველა სახის კრედიტორული დავალიანება.
ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან (3210)
საქონლის, მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების და სხვა აქტივების, ასევე სამუშაოებისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებები.
ვალდებულებები წინასწარ მიღებული სხვა შემოსავლებით (3242)
ქირის გარდა, ყველა სხვა ავანსად მიღებული თანხა, რომელიც მიეკუთვნება მომავალ პერიოდს.
ვალდებულებების კლება
საბანკო სესხების, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისგან აღებული ფინანსური ვალდებულებების დასაფარად მიმართული სახსრები.
კვების ხარჯები
დაქირავებულთა კვებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, გარდა წარმომადგენლობითი ღონისძიებების დროს გაწეული ხარჯებისა.
მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (2120)
სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (საერთო და სპეციალური მოხმარების მანქანები; საოფისე, საბუღალტრო და კომპიუტერული მოწყობილობები; ელექტრომოწყობილობები; რადიო, სატელევიზიო და საკომუნიკაციო აპარატურა; სამედიცინო ხელსაწყოები; ოპტიკური ხელსაწყოები; ავეჯი; მაჯის და სხვა ტიპის საათები; მუსიკალური ინსტრუმენტები; სპორტული საქონელი და სხვ.).
მატერიალური მარაგები
ნედლეული, მასალები, მზა პროდუქცია და სხვა მარაგის სახით არსებული საქონელი.
მივლინება
ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინების დროს მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის, დღიური ნორმისა და მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები; მივლინების დროს წარმომადგენლობითი ხარჯები; ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის მივლინებული მუშაკის სავალდებულო დაზღვევის ხარჯები, პასპორტის ღირებულებისა და სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ვიზის) გაფორმებასთან, აგრეთვე მივლინებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.
მისაღები დივიდენდები (1444)
საწარმოების საწესდებო კაპიტალში მონაწილეობიდან მიღებული ყველა სახის შემოსავალი, მათ შორის, საწარმოთა ფასიანი ქაღალდებიდან – თამასუქებიდან, ობლიგაციებიდან და არაუზრუნველყოფილი სავალო ვალდებულებებიდან, ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციებიდან და ა.შ. მისაღები დივიდენდები.
მისაღები პროცენტები (1443)
დეპოზიტებიდან, აქციების გარდა სხვა ფასიანი ქაღალდებიდან, პროცენტიანი ობლიგაციებიდან, სესხებიდან და დებიტორული დავალიანებებიდან მისაღები პროცენტები.
მისაღები საწევროები და ერთჯერადი შენატანები (1445)
ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად მისაღები საწევროები და გაწევრიანებისთვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები.
მოთხოვნები დანაკლისებით (1422)
მოთხოვნები ორგანიზაციის მომუშავეთა ბრალეულობით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული მატერიალური ფასეულობისა და ფულადი სახსრების დანაკლისის თანხებზე.
მოთხოვნები მივლინებით (1421)
მომუშავეთა მივლინებებთან დაკავშირებული მოთხოვნები.
მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან (1410)
საქონლის, მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების და სხვა აქტივების, ასევე სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდების შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნები.
მოთხოვნები სხვა წინასწარი გადახდებით (1442)
მოთხოვნები, რომლებიც წარმოიქმნება სხვა წინასწარი გადახდების შედეგად.
ოფისის ხარჯები
საკანცელარიო საქონლის შეძენა; მცირეფასიანი და ხშირ შემთხვევაში, ერთწლიანი გამოყენების კომპიუტერული პროგრამების შეძენისა და განახლების ხარჯი; ჟურნალ-გაზეთებისა და სპეციალური ლიტერატურის შეძენის, საოფისე მოხმარებისთვის გამიზნული საგამომცემლო-სასტამბო ხარჯი; მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის (500 ლარამდე ღირებულების) შეძენისა და დამონტაჟების/დემონტაჟის ხარჯი; საოფისე ინვენტარის შეძენისა და და მონტაჟის ხარჯები; ოფისისთვის საჭირო სამეურნეო დანიშნულების საგნებისა და მასალების შეძენის ხარჯი; რეცხვის, ქიმწმენდისა და სანიტარიული საგნების ხარჯები; შენობა-ნაგებობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების მიმდინარე რემონტის ხარჯები; საოფისე ტექნიკის, ინვენტარის, მანქანა-დანადგარების მოვლა-შენახვისა და მიმდინარე რემონტის ხარჯები; კავშირგაბმულობის ხარჯები, როგორიცაა, სატელეფონო მომსახურების, მობილური ტელეფონის, სატელევიზიო არხებით სარგებლობის, ინტერნეტით სარგებლობის, სპეციალური კავშირისა და კავშირგაბმულობასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯები; კომუნალური ხარჯები; ოფისის ხარჯები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა დანარჩენ კატეგორიებში.
პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები
ორგანიზაციის მიერ დროებით, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები.
პირებისათვის ფულადი სახსრების, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გადაცემა
პირებზე გადასაცემად განკუთვნილი ფასეულობების შეძენისა და დამზადების ხარჯები; იურიდიულ და სხვა ფიზიკურ პირებზე (არადაქირავებულებზე) დახმარების ან ჩუქების სახით გადაცემული ფულადი სახსრები.
პირობითი ვალდებულებები
ვალდებულებები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას; მოვალეობების დადგენით, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, მესამე მხარისათვის გადახდის გარანტია-აკრედიტივების, საკრედიტო ხაზების, გაუთვალისწინებელ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის გარანტიების სახით და სხვა ვალდებულებები.
პირობითი მოთხოვნები
ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას, უფლებების დადგენით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე. მათ შორის, მოთხოვნები მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და სხვა მოთხოვნები განხილვის სტადიაში მყოფ სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით და სხვ.
საგადასახადო და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალებულებები (3221-3224)
გადასახდელი მოგების გადასახადი, გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, გადასახდელი დღგ-ის და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალდებულებები.
საკასო შემოსავალი
რეალურად მიღებული ფული.
საკასო ხარჯი
რეალურად გადახდილი ფული.
სამედიცინო ხარჯები
მედიკამენტების და სხვა სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ინსტრუმენტების შეძენის და სხვა სახის სამედიცინო ხარჯები.
სასამართლოს ან/და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად დაკავებული თანხები ან სხვა დაკავებული თანხები (3237)
სასამართლო ან/და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად სააღსრულებლო ფურცლის ან სხვა დოკუმენტების საფუძველზე ხელფასიდან დაკავებული თანხები ან სხვა დაკავებული თანხები.
საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა (არაფინანსური აქტივების წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის)
დანახარჯები, რომლებიც გაიწევა კაპიტალის საკუთარი სახსრებით შექმნასთან დაკავშირებით, მათ შორის, მომუშავეთა ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და ა. შ.
საოპერაციო იჯარით აღებული აქტივები და მათთან დაკავშირებული დანახარჯები
ის აქტივები, რომლებიც მიღებულია იჯარით სხვა ორგანიზაციებიდან, იჯარის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ღირებულებით.
სატრანსპორტო საშუალებები
ყველა სახის ტრანსპორტი (როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილები, სამგზავრო ავტობუსები და ა.შ.).
საცნობარო მუხლები
გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის უზრუნველსაყოფად იმ მუხლების შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება ბალანსს, მაგრამ არ აღირიცხება როგორც საბალანსო მუხლები.
სოციალური უზრუნველყოფა
დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება: სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაცია, ანაზღაურება მოსამსახურის ავადმყოფობის გამო სამსახურში არყოფნის დროს და დაქირავებულზე სხვა ნებისმიერი სახით გაცემული დახმარება.
სასარგებლო მომსახურების ვადა
სასარგებლო მომსახურების ვადა განისაზღვრება პერიოდით, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია ორგანიზაციის მიერ აქტივის გამოყენება.
სხვა დანარჩენი დებიტორული დავალიანებები (1446)
სხვადასხვა სახის დებიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა კონკრეტულ ანგარიშებზე, ასევე ადრე განხორციელებულ ოპერაციებში შეტანილი ცვლილებებით წარმოქმნილი მოთხოვნები.
სხვა დანარჩენი კრედიტორული დავალიანებები (3246)
ისეთი კრედიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა კონკრეტულ ანგარიშებზე.
სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი
ყველა სახის მანქანა-დანადგარები და ინვენტარი, გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა. ასევე საერთო და სპეციალური მოხმარების მანქანები, საოფისე, საბუღალტრო და კომპიუტერული მოწყობილობები და სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი.
სხვა საგადასახადო აქტივი (1433)
ბიუჯეტის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნები ზედმეტად და შეცდომით გადახდილ გადასახადებზე, ასევე სხვა წინასწარ გადახდილ გადასახადებზე (დამატებული ღირებულების გადასახადისა და მოგების გადასახადის გარდა).
ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები
საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯები, ტრანსპორტის მიმდინარე რემონტის ხარჯები და ტრანსპორტის დაქირავების (გადაზიდვა-გადაყვანის) ხარჯები.
ფასეულობები
წარმოებული საქონელი, რომელსაც გააჩნია მნიშნველოვანი ღირებულება, შეძენილია და ინახება როგორც დაგროვების საშუალება და არ გამოიყენება წარმოების ან მოხმარების მიზნით (ძვირფასი ქვები და ლითონები, მათგან დამზადებული მაღალი ღირებულების საიუველირო ნაწარმი, კოლექციები და სხვა ფასეულობები, ნახატები, ქანდაკებები და სხვ., რაც ხელოვნების ნიმუშად ან ანტიკვარადაა აღიარებული).
ფაქტობრივი შემოსავალი
ბუღალტრულად აღიარებული, ანუ დარიცხული შემოსავალი, მიუხედავად იმისა, ფული რეალურად არის მიღებული თუ არა.
ფაქტობრივი ხარჯი
ბუღალტრულად აღიარებული, ანუ დარიცხული ხარჯი, მიუხედავად იმისა, ფული გადახდილია თუ არა.
ფინანსური აქტივები (1110-1300)
ნაღდი ფული სალაროში, ბანკებში გახსნილ საანგარიშსწორებო, სადეპოზიტო და სხვა სახის ანგარიშებზე რიცხული თანხები, ასევე სხვა ფინანსური აქტივები (გაცემული სესხები, შეძენილი ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები).
ფინანსური აქტივების ზრდა
ბანკებში ვადიან დეპოზიტებზე განსათავსებლად, იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე სესხების გასაცემად, ფასიანი ქაღალდების შესაძენად მიმართული ფულადი სახსრები.
ფონდები (5220)
გასული წლების ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების წმინდა შედეგი, აგრეთვე საანგარიშო პერიოდის წმინდა შედეგის თანხა, რომელიც დარჩა გაუნაწილებელი.
შენობა-ნაგებობები
როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები, ისე სხვა ნაგებობები და დაუმთავრებელი მშენებლობა.
შრომის ანაზღაურება
დამქირავებლის მიერ დაქირავებულთათვის საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოს (საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნასთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოს გამოკლებით) ღირებულების ასანაზღაურებლად ფულადი ან სასაქონლო ფორმით გაცემული კომპენსაციები. შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასებს, როგორც ფულადი, ისე სასაქონლო ფორმით და პრემიას.
საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა (არაფინანსური აქტივების წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის) არაფინანსური აქტივების შეძენად განიხილება და ამ მიზნით წარმოებაში დასაქმებულ მომუშავეთა ანაზღაურება, ასევე შეძენილი საქონელი და მომსახურება აღრიცხვაში აისახება როგორც არაფინანსური აქტივების ზრდა.
ძირითადი აქტივები
500 ლარზე მეტი ღირებულების და ერთ წელზე მეტი სასარგებლო მომსახურების ვადის მქონე წარმოებული აქტივები: შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მანქანა-დანადგარები და სხვა ძირითადი აქტივები.
ძირითადი კაპიტალის მოხმარება
წარმოადგენს ოპერაციას, რომელიც ასახავს ძირითადი აქტივებისა და სხვა განსაზღვრული არაფინანსური აქტივების ღირებულების კლებას, რადგან ეს აქტივები უწყვეტად ან მრავალჯერადად იქნა გამოყენებული. ძირითადი კაპიტალის მოხმარება მოიცავს სუბიექტის მფლობელობაში არსებული და მის მიერ გამოყენებული ძირითადი აქტივების ღირებულების შემცირებას ფიზიკური ცვეთის, მორალური ცვეთის და შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დანაკარგების სახით.
წარმომადგენლობითი ხარჯები
სტუმრების მიღებისა და ოფიციალური სადილის, აეროპორტში დახვედრისა და გაცილების, სატრანსპორტო მომსახურების, მგზავრობის, სასტუმროს მომსახურების, საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება), წვეულებისა და სხვა ღონისძიებების, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენის/დამზადების ხარჯები.
წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადი (1432)
მოგების გადასახადის მიმდინარე გადახდები, რომლებიც გაიანგარიშება გასული წლის მონაცემების საფუძველზე და გადაიხდება საანგარიშგებო წლის განმავლობაში.
წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა (1441)
წინასწარ გადახდილი ქირა არაფინანსური აქტივებით სარგებლობისათვის.
წინასწარ მიღებული საიჯარო ქირა (3241)
ავანსად მიღებული საიჯარო ქირა, რომელიც წარმოადგენს მომავალი პერიოდის შემოსავალს.
ხარჯებში ჩამოწერილი მარაგები ექსპლუატაციაში
მარაგები, რომელთა ასახვა ხარჯებში განხორციელდა მათი ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტშ