1. დაწესებულებაში ბრალდებულის მიღება ხდება დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად. ბრალდებულის მიღებას ახორციელებს ოპერატიული მორიგე, აგრეთვე, სპეციალური აღრიცხვის, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეები ერთობლივად.

2. დაწესებულებაში ბრალდებულის მოსათავსებლად აუცილებელია:

ა) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;

გ) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.

3. ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, აგრეთვე ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის დაქტილოსკოპირება ხორციელდება ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით.

4. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს დაწესებულება უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას, დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.

5. ბრალდებულის დაწესებულებაში განთავსება ხდება დაწესებულების დირექტორის მიერ.

6. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე ათავსებენ. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ცალ-ცალკე საკნებში მყოფ ბრალდებულებს შორის არ იყოს ურთიერთობა.

7. ბრალდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს (მისი არყოფნის შემთხვევაში - დირექტორის მოადგილეს), დაწესებულების მთავარ ექიმს (მისი არყოფნის შემთხვევაში - მორიგე ექიმს), სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში - ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს) და უსაფრთხოების განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში - ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს) და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში - მორიგე მოსამსახურეს).

8. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ერთად, ახდენს ბრალდებულის იდენტიფიცირებას.

9. დაწესებულებაში ისეთი ბრალდებულის მიღების შემთხვევაში, რომელიც პირველად ხვდება პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის“ საფუძველზე დანიშნულ ადგილობრივ კოორდინატორს.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ადგილობრივი კოორდინატორი ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის შეხვედრა ბრალდებულთან სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასების მიზნით.

11. დაწესებულებაში მოთავსებული ყველა ბრალდებულის სახელი და გვარი ოპერატიულ მორიგეს შეაქვს სადღეღამისო უწყისში, რომელიც ბარდება სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას.

12. იდენტიფიცირების შემდეგ, ბრალდებულები განთავსდებიან მოსაცდელ საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მათი სათითაოდ გამოყვანა სპეციალურ საკანში სრული შემოწმება/დათვალიერებისა და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით. ოპერატიული მორიგე ბრალდებულის შიდა კლასიფიკაციის საკანში შეყვანამდე აგრეთვე, გამოყვანის შემდეგ უზრუნველყოფს შიდა კლასიფიკაციის საკნის შემოწმება/დათვალიერებას.

13. ბრალდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო შემოწმებას ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.

14. ბრალდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

15. შემოწმება/დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ოპერატიული მორიგე ან/და მისი დავალებით სამორიგეო ცვლის შესაბამისი მოსამსახურეები განათავსებენ ბრალდებულს შიდა კლასიფიკაციის საკანში. აღნიშნული მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას და ბრალდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლას. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებამდე ბრალდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპით.

16. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე (შემთხვევის ადმინისტრატორი) ბრალდებულს წერილობით გააცნობს პატიმრობის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე ბრალდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც ბრალდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე (შემთხვევის ადმინისტრატორი), ხოლო სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის (შემთხვევის ადმინისტრატორის) არყოფნის შემთხვევაში, დაწესებულების სხვა უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციას.

17. წერა-კითხვის უცოდინარ ბრალდებულს ამ მუხლის მე-16 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების პირებს – საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ბრალდებული. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

18. ის კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა/მოხმარება ეკრძალებათ ბრალდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (დებულების დანართი №1), ბრალდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით, დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო ის ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების თუ სხვა ნივთებისა და საგნების იმ ჩამონათვალში, რომელთა ამანათის სახით მიღების (მათ შორის, ფოსტით), დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენის, შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლება აქვს ბრალდებულს (დებულების დანართი №2, №3, №4) და არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ბრალდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან ბრალდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა ბრალდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.

19. ბრალდებულის და მისი ნივთების შემოწმების შემდგომ, ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების ექიმი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. აღნიშნული ცნობის ასლი ჩაიდება პირად საქმეში. ბრალდებულის სხეულზე დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მისი სრულყოფილი აღწერა, რისთვისაც პასუხისმგებელია დაწესებულების შესაბამისი ექიმი. დაწესებულების ექიმი ვალდებულია ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირება დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით, რის თაობაზეც ასევე ეცნობება ბრალდებულს. ინფორმირების მიზნით, ექიმი სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ აცნობებს, აგრეთვე, დაწესებულების დირექტორს.

20. თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი ბრალდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს ბრალდებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სექსუალური ძალადობის ჩათვლით, იგი ადგენს შესაბამის ოქმს და ვალდებულია, იხელმძღვანელოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესით“.

21. თუ დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული, სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული ბრალდებული დაწესებულებიდან გადაყვანამდე თავსდება განცალკევებით, რის თაობაზეც სამედიცინო პერსონალის მიმართვის საფუძველზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.

22. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

23. თუ სამედიცინო შემოწმების შედეგად სახეზე არ არის ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდებული, მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით გონივრული ვადით განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც ხდება მასზე დაკვირვება შესაბამის საკანში განაწილების მიზნით.

24. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოსა და ბრალდებულის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და ბრალდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრებისა და ტელეფონით საუბრის წესის თაობაზე.

25. დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ინფორმაცია ბრალდებულის შესახებ იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბიუროში.

26. უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში. თუ ბრალდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო არ აქვს, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში, რომელსაც მინდობილი აქვს ბრალდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფუნქცია

27. დაწესებულებაში მიღებული ბრალდებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მიერ აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში.

28. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ გადაწყვეტილებას ბრალდებულის საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ბრალდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზ