1. საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მომხდარ საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების (მათ შორის,, სერიოზული ინციდენტის) მოკვლევასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. საავიაციო შემთხვევებსა და ინციდენტებს (მათ შორის,, სერიოზულ ინციდენტს) იკვლევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საავიაციო შემთხვევის და ინციდენტების მომკვლევი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია არის დამოუკიდებელი და  თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს კანონმდებლობით და ამ წესით.

3. ამ წესის შესაბამისად, ჩატარებული მოკვლევის მიზანია მომავალში საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის თავიდან აცილება. სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი არ არის საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომაში ვინმეს ბრალეულობის ან მისი დადგომისთვის ვინმეს პასუხისმგებლობის დადგენა.

4. წინამდებარე წესის მოთხოვნები ვრცელდება იმ საავიაციო შემთხვევაზე, რომელიც მოხდა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ:

ბ.ა) საავიაციო შემთხვევაში მონაწილე საჰაერო ხომალდი რეგისტრირებულია საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში;

ბ.ბ) საავიაციო შემთხვევაში მონაწილე საჰაერო ხომალდს, საავიაციო შემთხვევის მოხდენის მომენტში, ექსპლუატაციას უწევდა სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი უწყება (შემდგომში – ექსპლუატანტი);

ბ.გ) საავიაციო შემთხვევის დროს დაზარალდა ან/და დაიღუპა საქართველოს მოქალაქე(ები) და ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-13 დანართის მე-5 თავის 5.27 მუხლის შესაბამისად, საქართველო მიმართავს მომკვლევი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას მოკვლევაში მონაწილეობის თაობაზე.

5. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს საჰაერო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამოქალაქო ან/და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე მომხდარ საავიაციო შემთხვევებზე, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის