1. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის საბოლოო ანგარიშის ძირითადი მიზანია მოკვლევისას დადგენილი საავიაციო შემთხვევის გარემოებების, ფაქტების, მიზეზებისა და კომისიის მიერ შემუშავებული ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციების დასაბუთება.

2. ნებისმიერ საავიაციო შემთხვევაზე, მიუხედავად მის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობისა და/ან ფრენის უსაფრთხოებაზე მისი ზემოქმედებისა, დგება საბოლოო ანგარიში.

3. კომისიის, ქვეკომისიების და სამუშაო ჯგუფების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დგება ანგარიში.

4. კომისიის საბოლოო ანგარიშში სავალდებულოდ აისახება ქვეკომისიების და სამუშაო ჯგუფების ანგარიშ(ებ)ით გათვალისწინებული გარემოებები, ფაქტები და მიზეზები.

5. საბოლოო ანგარიშის ფორმა და შინაარსი უნდა იყოს ლოგიკურად სტრუქტურირებული და დაწერილი მარტივ და გასაგებ ენაზე. მასში აისახება საავიაციო შემთხვევის:

ა) ფაქტები;

ბ) პერიოდი;

გ) გარემოებები;

დ)  მიმოხილვა;

ე) მიზეზი;

ვ) პრევენციული ღონისძიებები.

6. საბოლოო ანგარიში შედგება ხუთი თავისგან:

ა) თავი I – ზოგადი ცნობები;

ბ) თავი II – ფაქტობრივი ინფორმაცია;

გ) თავი III – ანალიზი;

დ) თავი IV – დასკვნა;

ე) თავი V – რეკომენდაციები.

7. კომისიამ უნდა უზრუნველყოს ყველა სახის ჩანაწერისა და თვითმხილველთა განცხადებების დაცვა გავრცელებისგან, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა, ხოლო ჩანაწერების ის ნაწილი, რომლებიც არ არის დაკავშირებული საავიაციო შემთხვევის მოკვლევასთან, გავრცელებას საერთოდ არ ექვემდებარება.

8. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის შედეგებზე საბოლოო ანგარიშს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საბოლოო ანგარიშის რომელიმე საკითხის რედაქციაზე უთანხმოების წარმოქმნისას, ის იწერება თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული რედაქციით.

9. კომისიის წევრი, რომელიც საბოლოო ანგარიშის შინაარსს არ ეთანხმება, ვალდებულია, მას ხელი მოაწეროს და დაურთოს თავისი განსხვავებული აზრი წერილობით, უთანხმოების კონკრეტული მიზეზ(ებ)ის მითითებით და მისი დასაბუთებით, აგრეთვე უნდა შესთავაზოს ანგარიშის საკუთარი რედაქცია. განსხვავებული აზრი არის საბოლოო ანგარიშის განუყოფელი ნაწილი.

10. თუ საბოლოო ანგარიშს თან ერთვის განსხვავებული აზრი, კომისია განიხილავს მას სხდომაზე და ადგენს განსხვავებული აზრის განხილვის ოქმს.

11. კომისიის თავმჯდომარე საბოლოო ანგარიშს წარუდგენს მინისტრს ან მის მიერ განსაზღვრულ პირს.

12. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით ჩატარებული განხილვის შედეგების გათვალისწინებით, განსხვავებულ აზრზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მის მიერ განსაზღვრული პირი.

13. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის საბოლოო ანგარიში ეგზავნება:

ა) ექსპლუატანტს, რომლის დაქვემდებარებაშიც მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდი იმყოფებოდა;

ბ) დაინტერესებულ უწყებას ან ორგანოს (მათი მოთხოვნის შემთხვევაში);

გ) გამოძიების ჩამტარებელ საგამოძიებო ორგანოებს (მათი მოთხოვნით).

14. საბოლოო ანგარიშის მასალები ინახება უვადოდ, სამინისტროში.

თავი III

საავიაციო შემთხვევის კომისიის თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილე