1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტი განისაზღვრება პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებად ბაზრის სეგმენტად შემდეგი სამი კრიტერიუმის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:

ა) სახეზეა ბაზარზე შესვლის მაღალი და არაგარდამავალი სტრუქტურული, სამართლებრივი ან მარეგულირებელი ბარიერები;

ბ) სახეზეა ბაზრის სტრუქტურა, რომელიც დროის შესაბამის ჰორიზონტში არ არის ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი, ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული და სხვა სახის კონკურენტული გარემოებების გათვალისწინებით;

გ) კონკურენციის სამართალი არ არის საკმარისი ბაზრის იდენტიფიცირებული ჩავარდნების აღმოსაფხვრელად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმის შეფასების სტანდარტები:

ა) პირველი კრიტერიუმი დაკავშირებულია ბაზარზე შესვლის მაღალი და არაგარდამავალი ბარიერების არსებობასთან, რომლის ფარგლებშიც უნდა შეფასდეს, რამდენად შესაძლებელია ბაზარზე შესვლა და დადგინდეს ავტორიზებული პირის ბაზარზე წარმატებულ შესვლასთან დაკავშირებული ფაქტორები. ავტორიზებული პირისათვის ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელი ბარიერი შეიძლება იყოს: სტრუქტურული, სამართლებრივი ან მარეგულირებელი:

ა.ა) სტრუქტურული ბარიერების არსებობა გამომდინარეობს დანახარჯების ან მოთხოვნის სტრუქტურიდან, რომელიც განსაზღვრავს ასიმეტრიულ პირობებს ბაზარზე მოქმედ და ახალ შემსვლელ ავტორიზებულ პირებს შორის, რაც აფერხებს ან გამორიცხავს ამ უკანასკნელთა ბაზარზე შესვლას. მაღალი სტრუქტურული ბარიერები ვლინდება იქ, სადაც, ბაზარი ხასიათდება უპირატესობებით აბსოლუტური ხარჯების, მასშტაბის ეკონომიისა და ქსელის ეფექტურობის თვალსაზრისით. ამასთან, შესაძლოა, ბაზარზე მოქმედებდეს სიმძლავრეების შეზღუდვები და ბაზარზე შესვლა დაკავშირებული იყოს მაღალი არადაბრუნებადი ხარჯების გაწევასთან. გარდა ამისა, ბაზარზე შესვლის მაღალი სტრუქტურული ბარიერების არსებობა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ბაზარზე არსებულ გარემოსთან, როდესაც მომსახურების მიწოდება მოითხოვს ქსელის კომპონენტს, რომლის დუბლირება ტექნიკურად შეუძლებელია ან არ არის ეკონომიკურად მიზანშეწონილი;

ა.ბ) სამართლებრივი ან მარეგულირებელი ბარიერები – ასეთი ტიპის ბარიერებს შესაძლებელია ჰქონდეს პირდაპირი ეფექტი ავტორიზებული პირების ბაზარზე შესვლის ან/და პოზიციონირების პირობებზე. რეგულირებულ სექტორში ავტორიზაციის პროცედურებს, ტერიტორიულ შეზღუდვებს, უსაფრთხოების სტანდარტებს და სხვა სამართლებრივ მოთხოვნებს, შესაძლოა, ჰქონდეთ ბაზარზე შესვლის შემაკავებელი ან შემაყოვნებელი ეფექტი. სამართლებრივი და მარეგულირებელი ბარიერი, რომელიც სავარაუდოა, რომ გაუქმდება 3 წლის ვადაში, როგორც წესი, არ იქნება განხილული ბაზარზე შესვლის ბარიერად პირველი კრიტერიუმის მიზნებისთვის;

ბ) მეორე კრიტერიუმი მოიცავს იმის განსაზღვრას, არის თუ არა დროის შესაბამის ჰორიზონტში ბაზრის სტრუქტურა ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული კონკურენციის მდგომარეობისა და პერსპექტივის, აგრეთვე ბაზარზე შესვლის ბარიერების მიღმა არსებული სხვა სახის კონკურენტული გარემოებების გათვალისწინებით. კონკურენციის დონის ეფექტიანობის შეფასებისას, კომისიამ უნდა აჩვენოს, რომ წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში ბაზარი არ გახდება ეფექტიანად კონკურენტუნარიანი შემდეგი კვლევის ჩატარებამდე პერიოდში და კვლევისას გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები არ მიუთითებს დადებით დინამიკაზე, რომლის მიხედვითაც, წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში ბაზარი შესაძლებელია გახდეს ეფექტიანად კონკურენტული მომავალ პერიოდ(ებ)ში;

გ) მესამე კრიტერიუმი მიზნად ისახავს ბაზარზე კონკურენციის შემაფერხებელი არაგარდამავალი ფაქტორების აღმოსაფხვრელად ზოგადი კონკურენციის სამართლის საკმარისობის შეფასებას, იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის წინასწარი რეგულირების ფარგლებში დადგენილმა სპეციფიკურმა ვალდებულებებმა შეიძლება ეფექტიანად აღკვეთოს კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებები. შესაძლოა, ზოგადი კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერვენციები არ იყოს საკმარისი, თუ ბაზარზე არსებული კონკურენციის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად ხშირი ან/და დროული ჩარევაა აუცილებელი. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში კონკურენციის წინასწარი რეგულირება უნდა იქნეს განხილული ზოგადი კონკურენციის კანონმდებლობის ქმედით შემავსებლად. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, რომელიც ხასიათდება ეფექტიანი და მდგრადი, ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული კონკურენციით, ზოგადი კონკურენციის სამართლით გათვალისწინებული მიდგომების გამოყენება საკმარისი იქნებ