1.ავტორიზებული პირი მიიჩნევა ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ის ერთპიროვნულად სარგებლობს დომინანტური მდგომარეობის შესატყვისი პოზიციით, ე. ი. მას გააჩნია საკმარისი ეკონომიკური ძალა, რომელიც აძლევს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას.
2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი (აუცილებელი) კრიტერიუმია ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილის რაოდენობრივი მაჩვენებელი – იგი განიხილება ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია ფარდობითი საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა. კომისიამ ასევე მხედველობაში უნდა მიიღოს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი სხვა ავტორიზებული პირების საბაზრო ხვედრითი წილების შესახებ მონაცემების დინამიკა. აღნიშნული გარემოება, სხვა რელევანტურ კრიტერიუმებთან ერთად, განსაზღვრავს, მიდრეკილია თუ არა ბაზრის შესაბამისი სეგმენტი ეფექტიანი კონკურენციისკენ.
3. ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების შეფასებისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ძირითად კრიტერიუმთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მეორეული კრიტერიუმები. შესაბამისად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის მეორეულ კრიტერიუმებად ბაზრის სტრუქტურიდან და კონკურენტული მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს:
ა) რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა - ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით ბაზარზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობა, შეზღუდულ სიხშირულ სპექტრზე ხელმისაწვდომობა, ან საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ქსელის ისეთი გეოგრაფიული მასშტაბებით გავრცელება, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მომსახურების მიღების საშუალებას იძლევა და კონკრეტულ ავტორიზებულ პირს სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს, ვინაიდან სხვა ალტერნატიული ავტორიზებული პირისათვის ამგვარი ინფრასტრუქტურის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, ან შეზღუდულ გეოგრაფიულ არეალში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბაზრის ანალიზისას კომისიამ უნდა მოახდინოს ასეთი ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება და უნდა შეაფასოს საბაზრო ძალაუფლებისთვის მისი არსებობის მნიშვნელობა;
ბ) ტექნოლოგიური უპირატესობები – ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობამ და ძვირადღირებული პატენტებისა და ლიცენზიების ფლობამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ავტორიზებული პირის მიერ ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოპოვებას ან კონსოლიდაციას. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს, ზემოაღნიშნული აქტივების ფლობა რამდენად აძლევს ავტორიზებულ პირს კონკურენტებისგან და მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას;
გ) მსყიდველობითი ძალაუფლების დაბალი დონე ან/და არარსებობა – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ისეთი მდგომარეობა, როდესაც არსებულ ან პოტენციურ მომხმარებლებს არ გააჩნიათ მომსახურების შეძენის ფასზე ან სხვა მომსახურების პირობებზე გავლენის მოხდენის საკმარისი შესაძლებლობა ან რეგულაციის არარსებობისას საბითუმო მომსახურების მომხმარებელ ავტორიზებულ პირებს არ გააჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ პოტენციურად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისგან მიიღონ მომსახურება კონკურენტული პირობებით. გარდა ამისა, მსყიდველობითი ძალაუფლების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომსახურების მიმწოდებლების რაოდენობა;
დ) კაპიტალთან და ფინანსურ რესურსებთან მარტივი ან პრივილეგირებული წვდომის შესაძლებლობა – ავტორიზებული პირის მდგომარეობა, რომელიც მისი მოცულობიდან, საკუთრების ტიპიდან, ან ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფთან ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე, შესაძლებელს ხდის ამ ავტორიზებული პირის სხვებთან შედარებით მარტივ დაშვებას, როგორც შიდა, ასევე გარე კაპიტალთან და ფინანსურ რესურსებთან, ინვესტიციების განხორციელების, ქსელის განახლების ან/და ქსელის გაფართოების საჭიროებიდან გამომდინარე;
ე) დივერსიფიცირებული მომსახურების სახეები (მომსახურების პაკეტები) – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დივერსიფიცირებული მომსახურების სახეების პორტფელის მქონე ავტორიზებულ პირს მომხმარებლებისთვის არჩევანის და მიმზიდველობის თვალსაზრისით, სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით, უკეთესი პოზიცია გააჩნია. ამ კუთხით მომსახურების დივერსიფიცირება ავტორიზებულ პირს აძლევს მომხმარებლების ბაზის მოპოვებისა და შენარჩუნების საშუალებას;
ვ) მასშტაბის ეკონომია – დიდი მოცულობით მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ მასშტაბის ეკონომიას, რაც განპირობებულია ავტორიზებული პირის მთლიანი დანახარჯების მიწოდებული მომსახურების ერთეულებს შორის გადანაწილებით;
ზ)მომსახურების სახეების მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომია (მრავალფეროვნების ეკონომია) – ამ კრიტერიუმს გააჩნია მასშტაბის ეკონომიის ანალოგიური ეფექტი, თუმცა ხარჯის შემცირება მიიღწევა ერთი და იმავე ინფრასტრუქტურის საშუალებით მიწოდებული სხვადასხვა ტიპის მომსახურებას შორის ფიქსირებული და ზედნადები დანახარჯების განაწილების შედეგად;
თ) ქსელის პირდაპირი და ირიბი ეფექტი:
თ.ა) ქსელის პირდაპირი ეფექტი ვლინდება მაშინ, როდესაც მომხმარებლისთვის მომსახურების ღირებულება გამომდინარეობს სხვა მომხმარებლების მხრიდან ასეთი მომსახურების გაზრდილი მოხმარებიდან;
თ.ბ) ქსელის ირიბი ეფექტი ვლინდება მაშინ, როდესაც მომსახურების ღირებულება იზრდება ამ მომსახურების შემავსებელი მომსახურებების მოხმარების ზრდით;
ი) ვერტიკალური ინტეგრაცია – ვერტიკალურად ინტეგრირებული ავტორიზებული პირები არიან ეკონომიკური აგენტები, რომლებიც საქმიანობენ მომსახურების მიწოდების ღირებულებათა ვერტიკალური ჯაჭვის როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე, რაც მათ ანიჭებს კონკურენტულ უპირატესობას სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით, რადგან მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდება, მომსახურების მიწოდების კონტროლი და ბაზრის პოტენციურ ცვლილებებზე მყისიერი რეაგირება;
კ) სადისტრიბუციო და გაყიდვების მაღალგანვითარებული ქსელი – სადისტრიბუციო და გაყიდვების მაღალგანვითარებული ქსელის მქონე ავტორიზებული პირები სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან, რადგან აღნიშნული ფაქტორი ზრდის მომსახურების შეძენის ხელმისაწვდომობას არსებული და პოტენციური აბონენტებისთვის. ხსენებული კრიტერიუმის გამოყენება მნიშვნელოვანია საცალო ბაზრის სეგმენტის ანალიზის პროცესში;
ლ) პოტენციური კონკურენტების არარსებობა – მიწოდების მხარის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით პოტენციურ კონკურენტებად განიხილებიან ის ეკონომიკური აგენტები, რომლებიც ბაზრის ანალიზის პერიოდისთვის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ არიან წარმოდგენილნი, თუმცა ბაზრის ამ სეგმენტზე ფასების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ზრდის შემთხვევაში აქვთ შესაძლებლობა, გააფართოონ მათი მომსახურების პორტფელი ან/და საქმიანობის გეოგრაფიული არეალი და დაიწყონ აღნიშნული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა;
მ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის გაფართოებასთან დაკავშირებით არსებული ბარიერები – ეს ბარიერები დამახასიათებელია გაჯერებული ბაზრის შესაბამისი სეგმენტისთვის, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ავტორიზებული პირისთვის ბაზრის სეგმენტზე ზრდის/გაფართოების საჭირო შესაძლებლობებს, იწვევს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული კონკურენტული გარემოს (კონკურენტების არსებული რაოდენობის) კონსერვაციას, რამაც, შესაძლოა, გააუარესოს ბაზარზე არსებული კონკურენტული მდგომარეობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე კრიტერიუმი, შესაძლოა, განცალკევებულად არ იყოს საკმარისი ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრისთვის. კომისიამ საკითხი უნდა გადაწყვიტოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტორებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირველადი კრიტერიუმის კომბინირებულად შეფასების გზით.
5. ავტორიზებული პირების საბაზრო ძალაუფლების შეფასებისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების პარალელურად ან მათი ალტერნატივის სახით, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულის ეკვივალენტური კრიტერიუმებ