ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა დადგენის და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების მიზნით, ძირითადი კრიტერიუმის გარდა გამოიყენება შეფასების შემდეგი ერთი ან რამდენიმე მეორეული კრიტერიუმები:

ა) ეკონომიკური აგენტის საბაზრო უპირატესობის შეფასების კრიტერიუმი. ეკონომიკური აგენტის საბაზრო უპირატესობების შეფასებისას უნდა გაანალიზდეს პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით მისი საქმიანობის სტრუქტურული დივერსიფიცირების ხარისხი, რომელიც განპირობებულია განხორციელებული საქმიანობის შედარებით მაღალი მოცულობით და მრავალფეროვნებით. ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შედარებით მაღალი მოცულობის შემთხვევაში, საბაზრო უპირატესობის მოპოვება შესაძლებელია მასშტაბით ან მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომიის ეფექტების გააქტიურებითა და სატარიფო ზეწოლის განხორციელებით, რაც ქმნის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის არაგარდამავალი ხასიათის რთულად დასაძლევი დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ამგვარი საბაზრო უპირატესობების მოპოვება აგრეთვე შეიძლება ვერტიკალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზრის სხვადასხვა, საბითუმო და საცალო მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე საქმიანობისას სატარიფო სუბსიდირების დაუშვებლად მაღალი განაკვეთის პირობებში. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ერთობლივად საბაზრო უპირატესობის მოპოვება შესაძლებელია ეკონომიკური აგენტების ჯგუფის მიერ იმ სახის ერთობლივი ქმედებების განხორციელებით, რომლებიც ზღუდავენ ბაზრის მოცემულ სეგმენტზე სხვა ეკონომიკური აგენტების მიერ საქმიანობის დაწყებას ან გაფართოებას;

ბ) ქსელებისა და საშუალებების (საქსელო ინფრასტრუქტურის) კონტროლის ხარისხის შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ქსელების ინფრასტრუქტურული ხასიათის საბაზრო უპირატესობის შეფასებისას გასათვალისწინებელია გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ ამ უპირატესობის მფლობელი ეკონომიკური აგენტის საქსელო ინფრასტრუქტურის და ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური ელემენტების, მათი რესურსების და სიმძლავრეების გონივრულ ვადაში დუბლირების სირთულეს, მათ შორის, სისტემური ხასიათის დაბრკოლებებს და მაღალ საინვესტიციო დანახარჯებს, რომელიც უნდა გასწიონ კონკურენტმა ეკონომიკურმა აგენტებმა. აგრეთვე, უნდა შეფასდეს ინფრასტრუქტურული უპირატესობის მფლობელი ეკონომიკური აგენტის მფლობელობაში არსებული ქსელის ელემენტების განცალკევებადი ფუნქციონალური რესურსებისა და თავისუფალი სიმძლავრეების სიჭარბე და ამ რესურსებისა და თავისუფალი სიმძლავრეების განცალკევებისა და მათი სარგებლობის შემზღუდავი გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას
;

გ) საქსელო ექსტერნალიების (გარეშე ეფექტების) გავლენის შეფასების კრიტერიუმი. საქსელო გარეშე ეფექტები (დადებითი ხასიათის ექსტერნალიები) წარმოიშობა მაშინ, როდესაც მსურველი პირის მიერ მომსახურების მიმწოდებელი კონკრეტული ეკონომიკური აგენტის არჩევისას უპირატესობა ენიჭება იმ ავტორიზებულ პირს, რომელსაც სხვა კონკურენტებთან შედარებით მეტი მომხმარებლებელი ჰყავს ანალოგიური მომსახურების სახეზე. საქსელო გარეშე ეფექტების გავლენის შესაფასებლად უნდა გაანალიზდეს საბაზრო უპირატესობის მფლობელი ეკონომიკური აგენტის სტრატეგია შეზღუდოს, დისკრიმინაციული ან არაგამჭვირვალე გახადოს სხვა მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და/ან ურთიერთჩართვა საკუთარი ქსელის ელემენტებთან, საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაადგინოს დანახარჯებზე არაორიენტირებული მაღალი ტარიფები ან სატარიფო სუბსიდირების მაღალი განაკვეთის პირობებში განახორციელოს სატარიფო ზეწოლა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და ამგვარი საბაზრო უპირატესობის მოპოვებით შექმნას შესვლის დაბრკოლებები დაშვებისა და/ან ურთიერთჩართვის საბითუმო ან მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის სეგმენტებზე
;

დ) ტექნოლოგიური უპირატესობის შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახის მისაწოდებლად ავტორიზებული პირის მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და საბაზრო უპირეტესობის მოპოვება უნდა შეფასდეს ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე გაწეული საშუალო დანახარჯების შედარებითი შეფასებით. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ეკონომიკური აგენტის მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მოითხოვს მისი მხრიდან კვლევასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი მოცულობით აუნაზღაურებადი საინვესტიციო დახარჯების გაწევას, რაც დროში ხანგრძლივი პროცესია. ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვით ეკონომიკური აგენტის მიერ მოპოვებული საბაზრო უპირატესობა შესაძლებელია მის მიერ გამოყენებულ იქნეს ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოსაყალიბებლად. ამგვარ შემთხვევებში, ავტორიზებული პირების მიერ საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების და თავისუფალი სიმძლავრეების განცალკევება და სხვა პირების შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით ამ რესურსებთან დაშვება არსებითი წინაპირობაა შესვლის დაბრკოლებების შესამცირებლად
;

ე) მომხმარებლის უპირატესი ძალაუფლების შეფასების კრიტერიუმი. მომხმარებლის უპირატესი ძალაუფლების ფაქტორი ზღუდავს მიმწოდებლის დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო უპირატესობის მოპოვებაზე ან მის უხეშად გამოყენებაზე. მომხმარებლის ამგვარი ძალაუფლების არსებობის შემთხვევაში უნდა გაანალიზდეს მოთხოვნილი და მიწოდებული მომსახურების მოცულობის სტრუქტურული წილი ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საერთო ტევადობაში. აგრეთვე, უნდა შეფასდეს მომხმარებლის ინფორმირებულობის დონე ქსელის შესაბამისი ელემენტების ალტერნატიული ფუნქციონალური რესურსებისა და სიმძლავრეების ან საკომუნიკაციო მომსახურების მოთხოვნილი სახეების მიმწოდებლების შესახებ და მისი შესაძლებლობა შედარებით მცირე ჩანაცვლების დანახარჯებით გადაერთოს სხვა მიმწოდებელზე, ასევე მისი შესაძლებლობა თვითონვე განახორციელოს მსგავსი საქმიანობა საბითუმო ბაზრის სეგმენტზე. ოლიგოფსონური ბაზრის სეგმენტზე უპირატესი მსყიდველობითი ძალაუფლების შეფასების შედეგები გავლენას ახდენს ბაზრის სეგმენტზე მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონედ ცნობის კრიტერიუმზე
;

ვ) მომსახურების დივერსიფიცირებული ნაკრები და მისი მახასიათებლების შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე (ძირითადად საცალო ბაზრის სეგმენტზე) ეკონომიკური აგენტის მიერ დივერსიფიცირებული ან ჰეტეროგენული მომსახურების ნაკრების მიწოდებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მასშტაბით ან მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომიის და ნაკრების სტრუქტურაში სატარიფო სუბსიდირების ფაქტორების, აგრეთვე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების ერთგვაროვან სახეებზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურის, მომხმარებლების ლოიალობის და მათი მხრიდან ნაკრების მიმართ მიმზიდველობის შეფასებას. კონკურენტი ეკონომიკური აგენტების მხრიდან მსგავსი ქმედების განხორციელების შეუძლებლობის პირობებში, ამგვარი საბაზრო უპირატესობის მოპოვებით შესაძლებელი ხდება ეკონომიკური აგენტის მხრიდან ბაზრის შესაბამისი ან მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ნაკრების მიწოდებით ექსკლუზიური უპირატესობის მოპოვება. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ამგვარი მომსახურების დივერსიფიცირებული ნაკრების მიწოდება (ან მისი მცირე დანახარჯებით შესაძლებლობა) ბაზრის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია. მომსახურების დივერსიფიცირებულ ნაკრებში შემავალი ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე დანახარჯების განცალკევებულად და გამჭვირვალედ განაწილება შესაძლებლობას იძლევა გამოვლინდეს სხვა მსურველი ეკონომიკური აგენტებისათვის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ხასიათი
;

ზ) მასშტაბით ან მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომიის ფაქტორის შეფასების კრიტერიუმი. მასშტაბით განპირობებული ეკონომიის ფაქტორის შეფასებისას უნდა გაანალიზდეს ავტორიზებული პირის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების სახეების (ან პროდუქტის) პირობით ერთეულზე გაწეული საშუალო დანახარჯების შემცირების ეფექტი, დანახარჯების გამჭვირვალედ აღრიცხვისა და განაწილების, აგრეთვე ტარიფების დანახარჯებზე ორიენტირებულობის პრინციპების გათვალისწინებით
;

თ) ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმი. ვერტიკალური ინტეგრირებული ავტორიზებული პირი ფლობს და აკონტროლებს ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებისა და სიმძლავრეების სრულ სპექტრს და მათი გამოყენებით საქმიანობს როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე. აღნიშნულ სეგმენტებს შორის მჭიდრო კავშირის შემთხვევაში (როგორც აღმავალი, ასევე დაღმავალი მიმართულებით) ეკონომიკური აგენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების არაგამჭვირვალობა მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების და ბაზრის საცალო და საბითუმო მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების შექმნის ხელშემწყობი წინაპირობაა
;

ი) ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის და ერთობლივი ქმედების განხორციელების შესაძლებლობების შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული ოპერატორების ვერტიკალურად ინტეგრირებულობის და ჰორიზონტალური კავშირების რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების, მათი ქსელების ინფრასტრუქტურული კავშირების, მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების, ურთიერთდამოკიდებულების ხასიათისა და კონტროლის განხორციელების შესაძლებლობების, ერთობლივი ქმედების განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგების გათვალისწინებით შეფასებულ უნდა იქნეს ვერტიკალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტის ან კოორდინირებულად მოქმედი აგენტების ჯგუფის (ოლიგოპოლიურ ბაზრის სეგმენტზე) მიერ ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობები
;

კ) დისტრიბუციის და გაყიდვების, საფასურის ინკასაციის ქსელის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმი. ეკონომიკური აგენტის მიერ საკმარისად ფართოდ განვითარებული დისტრიბუციის სისტემის შექმნა და მისი საოპერაციო მომსახურება დაკავშირებულია მაღალ დანახარჯებთან (არასაქსელო ხარჯების ჯგუფი). მისი დუბლირება ბაზრის სეგმენტზე შემომსვლელი ახალი ეკონომიკური აგენტებისათვის რთული და დროში ხარგრძლივი პროცესია. მაღალეფექტური დისტრიბუციის და გაყიდვების, საფასურის ინკასაციის ქსელის ფლობა, მისი გამოყენებით საქმიანობისას ექსკლუზიური შეთანხმებების ან ხელშეკრულებების გაფორმება ცალკეულ ავტორიზებულ პირებთან, ამ რესურსებთან სხვა მსურველი ავტორიზებული პირების არადისკრიმინაციული დაშვების შეზღუდვა ეკონომიკურ აგენტს საშუალებას აძლევს მოიპოვოს საბაზრო უპირატესობა და განაპირობოს ბაზარის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბება
;

ლ) სატარიფო დისკრიმინაციის შეფასების კრიტერიუმი. სატარიფო დისკრიმინაციის შეფასებისას უნდა გაანალიზდეს მისი ხასიათი და ეკონომიკური აგენტის მიერ დისკრიმინაციული ტარიფების დადგენით მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობები
;

მ) პოტენციური კონკურენტების არარსებობის შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე პოტენციური კონკურენტების არარსებობის შეფასებისას მნიშვნელოვანია ბაზრის ამ სეგმენტზე შესვლის დამაბრკოლებელი როგორც არასისტემური, ასევე სისტემური რისკ-ფაქტორების ანალიზის შედეგების გათვალისწინება. გონივრულ ვადაში ახალი კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ბაზარზე შემოსვლის პერსპექტივების გასაანალიზებლად უნდა შეფასდეს ბაზრის სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურა და პოტენციური კონკურენციის გაფართოების შესაძლებლობები და მისი დამაბრკოლებელი ფაქტორები, დაბალანსებული ტარიფების დონეების არსებობა და ბაზრის განხილული სეგმენტის ეკონომიკური მიმზიდველობა ახალი შემომსვლელებისათვის
;

ნ) საქმიანობის შემდგომი გაფართოების დაბრკოლებების შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენცია ეფქტიანია, როდესაც არ არსებობს ან მარტივად დაძლევადია როგორც ბაზრის სეგმენტზე შესვლის, ასევე ამ სეგმენტზე საქმიანობის შემდგომი ზრდისა და გაფართოების დაბრკოლებები. რაც უფრო მაღალია ბაზარზე შესვლის დაბრკოლებები, მით უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია გაფართოების დაბრკოლების არსებობის და მისი ხასიათის შეფასება, ვინაიდან ამგვარ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაიზარდოს ბაზრის სეგმენტზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის ხარისხი და ეკონომიკურად მიმზიდველი გახდეს საქმიანობის შემდგომი გაფართოება, აგრეთვე, ეფექტიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გაფართოების დაბრკოლებების არსებობისას საბაზრო უპირატესობის მფლობელ ეკონომიკურ აგენტს შესაძლებლობა ეძლევა გაზარდოს საერთო ტარიფების დონე ისე, რომ არ დაკარგოს ბაზრის სეგმენტზე მიღებული შემოსავლები და დაკავებული ფარდობითი წილი
;

ო) ბაზარზე შესვლის დაბრკოლებების შეფასების კრიტერიუმი. ბაზარის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ეკონომიკური აგენტის შესვლა და საქმიანობის დაწყება ითვლება საკმარისად ეფექტიანად, თუ იგი ხორციელდება ისეთი მასშტაბით, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირებს შორის კონკურენტული ურთიერთობების არა მხოლოდ შენარჩუნებას, არამედ განვითარებასაც. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ახალი ეკონომიკური აგენტისათვის შემოსვლის დასაბრკოლებლად მოქმედმა ეკონომიკურმა აგენტმა (ერთპიროვნულად) ან მოქმედი აგენტების ჯგუფმა ურთიერთშეთანხმებული ერთობლივი ქმედებით შეიძლება შექმნან სტრატეგიული და აბსოლუტური ხასიათის შესვლის დაბრკოლებები. შექმნილი დაბრკოლება აბსოლუტური ხასიათისაა, როდესაც ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები ფლობენ შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი მოცულობით გამოიყენონ ან გააკონტროლონ საკუთარი ქსელის ელემენტების ფუნქციონალური რესურსები და სიმძლავრეები, რისი საშუალებაც ახალ შემომსვლელ ეკონომიკურ აგენტებს არ გააჩნიათ. სტრატეგიული ხასიათის დაბრკოლებების შექმნა დაკავშირებულია მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მფლობელი ეკონომიკური აგენტის ან მათი ჯგუფის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან, შეზღუდონ სხვა მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება საკუთარი ქსელის ელემენტების თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, მომსახურების სხვადასხვა სახის ან მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის სატარიფო სუბსიდირებით, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებებით, სატარიფო ზეწოლით ან საბითუმო ბაზრის რესურსებზე არაკონკურენტულად მაღალი, ხარჯებზე არაორიენტირებული ტარიფების დაწესებით ახალი ეკონომიკური აგენტებისათვის შეზღუდონ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის დაწყება, საბითუმო მომსახურების მიღება და საცალო ბაზრის სეგმენტებზე ბოლო მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება. ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენისას საჭიროა ბაზარზე შესვლის დაბრკოლებების შექმნასთან დაკავშირებული ფაქტორების გრძელვადიან პერიოდზე ორიენტირებული ანალიზის ჩატარება და ამ დაბრკოლებების მარტივად დაძლევის უზრუნველსაყოფად სპეციფიკური ვალდებულებების ობიექტური პირობების დადგენა
;

პ) არაკონკურენტულად მაღალი ტარიფის დაწესების და არაგონივრული მოგების მიღების შესაძლებლობების შეფასების კრიტერიუმი. შეფასებისას გასაანალიზებელია ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო უპირატესობის მოპოვების ხელშემწყობი ფაქტორები და მისი შესაძლებლობა ურთიერთშენაცვლებად მომსახურების სახეებზე დააწესოს არაგონივრულად მაღალი ტარიფები გაწეულ დანახარჯებთან შედარებით, ისე რომ არ შემცირდეს მიღებული შემოსავლების საერთო მოცულობა (ჰიპოტეზური მონოპოლისტის ტესტის შესაბამისად). აღნიშნული შეფასების დასკვნები საკმარისი კრიტერიუმია ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენისათვის და სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულების დაკისრებისათვის
;

ჟ) კონკურენციის ფაქტორების (სატარიფო, ხარისხობრივი და სხვა) შეფასების კრიტერიუმი. სატარიფო კონკურენციის გარდა სხვა ფაქტორებზე დაფუძნებული კონკურენციის შესაძლებლობების გასაანალიზებლად გასათვალისწინებელია მომხმარებლების მიდრეკილებები მომსახურების სახეზე არჩევანის გაკეთებისას თუ რა უპირატესობას ანიჭებენ ამა თუ იმ ფაქტორს, როგორიცაა მომსახურების სახეებს შორის ხარისხობრივი განსხვავება (ხარისხობრივი დიფერენცირება ან მომსახურების სახეების ფუნქციონალურ მრავალფეროვნებებს შორის განსხვავება). დიფერენცირება შეიძლება იყოს როგორც ვერტიკალური (განსხვავება ხარისხში), ასევე ჰორიზონტალური (თვისობრივი). დიფერენცირების ფაქტორის გავლენა მით უფრო მეტია, რაც უფრო მეტად აღიქვამენ მომხმარებლები ამ განსხვავებებს
;

რ) ჭარბი რესურსებისა და სიმძლავრეების შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედმა ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი უკავია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ფლობს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ჭარბ ფუნქციონალურ რესურსებს და სიმძლავრეებს, ზღუდავს სხვა მსურველი პირების არადისკრიმინაციულ დაშვებას ამ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, შესაძლებელია უხეშად გამოიყენოს ამგვარი საბაზრო უპირატესობა ბაზრის განხილულ სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების შესაქმნელად. საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომხმარებლების მხრიდან პოტენციური მოთხოვნის გაზრდის პირობებში საბითუმო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე საბაზრო უპირატესობის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ სხვა მსურველი პირების საკუთარი ქსელის ელემენტებთან და მათ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან შეუზღუდავად, არადისკრიმინაციულად, გამჭვირვალედ და ხარჯებზე ორინეტირებული ტარიფებით დაშვება არსებითი წინაპირობაა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის უზრუნველსაყოფად
;

ს) მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასების კრიტერიუმი. მომხმარებლებისთვის მომსახურების ფასებთან და სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ამცირებს მათ მიერ სხვადასხვა ეკონომიკური აგენტების მხრიდან შემოთავაზებების შედარების და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობებს. ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ამცირებს ეკონომიკური აგენტის მიერ საბაზრო უპირატესობის უხეშად გამოყენების შესაძლებლობას და კონკურენციის შეზღუდვას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე
;

ტ) შეფასების სხვა კრიტერიუმები. დებულების ამ მუხლში განსაზღვრული ანალიზური ფაქტორებისა და კრიტერიუმების გარდა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა მეორეული კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტურად და გამჭვირვალედ განსაზღვრავენ ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მქონე პირის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მქონე პირების მიერ ბაზრის განხილულ სეგმენტებზე ამ საბაზრო უპირატესობის უხეშად გამოყენების შესაძლებლობების ხასიათს, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაკონკურენტული ქმედებების განხორციელების და შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობებს და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას ან დარღვევა