1. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის სისტემური დაბრკოლებების შეფასებისას არსებითად გაანალიზებულ უნდა იქნეს ისეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ ბაზრის ამ სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მიერ საქმიანობის დაწყების, მისი განხორციელების ან მინიმალური ფინანსური დანაკარგებით (დანახარჯებით) შეწყვეტის საერთო ეკონომიკურ რისკ-ფაქტორებს, მათ შორის: საქმიანობის წამოწყებისას აუნაზღაურებადი კაპიტალური დანახარჯების მაღალი წილი, აქტივების დაბალი ლიკვიდურობა, საფონდო ბაზრის ინფრასტრუქტურის განუვითარებელობა, ეკონომიკური აგენტის დაბალი საფონდო კაპიტალიზაცია, ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის მაღალი ტრანზაქციული ხარჯები და სხვა. ბაზარზე შესვლის სისტემურ დაბრკოლებად განიხილება ავტორიზებული პირების საქმიანობასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული მარეგულირებელი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რისკ-ფაქტორებიც;

2. კომისიის მიერ ავტორიზებულ პირებს შორის დავების განხილვასთან, სიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის უფლების მოპოვებასთან, ან ავტორიზებული პირების მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული მარეგულირებელი გადაწყვეტილებების რისკ-ფაქტორების შეფასება ხორციელდება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესაძლო სისტემური დაბრკოლებების ჩამოყალიბებისა და მათი მარტივად დაძლევის შესაძლებლობების გაანალიზებით.

3. მარეგულირებელი ხასიათის ან დავების განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას კომისიის მიერ გახორცილებულ უნდა იქნეს იმ რისკ-ფაქტორების შეფასება, რომლებიც განაპირობებენ გონივრული ვადის პერიოდში ამ გადაწყვეტილებების შესაძლო გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განვითარებულ ტენდენციებზე და ბაზარის განხილულ სეგმენტზე შესვლის სისტემური დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და ეფექტიანი და გრძელვადიანი კონკურენციისა და მისი გაფართოების შეზღუდვას.

4. ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით სისტემური რისკ-ფაქტორების შეფასება განხორციელებულ უნდა იქნეს მსურველი პირების მხრიდან ამ რესურსებზე პოტენციური მოთხოვნის, ამოწურვადი რესურსების ხელმისაწვდომობის და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფის, ამ რესურსების გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეზე მომხმარებლების მხრიდან ჩამოყალიბებული მოთხოვნის ზრდის ფაქტორების გაანალიზებით.

5. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და/ან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით დავების განხილვისას კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დავის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვის ან საბაზრო უპირატესობის მოპოვებისა და მისი უხეშად გამოყენების დაუშვებლობა.

6. ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მხარეთა მხრიდან საქმის მორიგებით დამთავრების თაობაზე მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ ჩატარებულ უნდა იქნეს მორიგების პირობების შესაძლო გავლენის შეფასება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებულ კონკურენტულ მდგომარეობაზე, აგრეთვე, მხარეთა მიერ ერთობლივად ან დამოუკიდებლად კონკურენციის უხეშად დარღვევის შესაძლებლობის ანალიზი. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების უფლებამოსილების განხორციელების შესახებ.

7. ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიუწოდებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ერთი თვის ვადაში განიხილოს მსურველი ავტორიზებული პირის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავა. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიან კონკურენციას და მომხმარებლების უფლებების დაცვას.

თავი VI

ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის კრიტერიუმე