1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აუქციონი (პირობებიანი ან პირობების გარეშე ელექტრონული აუქციონი, პირობებიანი ან პირობების გარეშე საჯარო აუქციონი, ვადაგაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი) – აუქციონზე გატანილი ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი და სხვა) საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული მონაწილე;
ბ) აუქციონის გამოცხადება – წარმოადგენს აუქციონატორის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართულ მოწვევას ოფერტზე (აუქციონზე);
გ) ბიჯი – თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას;
დ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი – ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც დგება სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ და რომელშიც აისახება აუქციონის შედეგები, ლოტის განკარგვის ძირითადი პირობები, სრული საპრივატიზებო საფასურის/ქირის გადახდის ვადები და მხარეთა უფლება-მოვალეობები;
ე) ნასყიდობის ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და შეიცავს ლოტის პრივატიზაციის პირობებს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს და ქონების შეძენის სხვა პირობებს;
ვ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა – აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის საფუძველზე აუქციონატორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რაც ქონების შემძენისათვის პრივატიზებული ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესებით.
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების დამატებითი პირობები და წესე