1. პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში ნასყიდობის ფასის გადახდასთან ერთად აუქციონის პირობაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს:

ა) ლოტის ფაქტობრივი მდგომარეობა;

ბ) გარკვეულ კლასს (სახეობას) მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება (მაგ., თანამედროვე ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობა, სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა და სხვა);

გ) უძრავი ქონების შემთხვევაში ლოტზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე ინვესტიციის განხორციელება;

დ) მესამე პირის მიმართ გარკვეული ვალდებულების შესრულება;

ე) მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გარკვეული ვალდებულების შესრულება;

ვ) ობიექტის მშენებლობისას ან/და მისი ფუნქციონირებისას მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ვალდებულება;

ზ) ქალაქგეგმარებითი და ქალაქთმშენებლობითი შეზღუდვები ან/და ვალდებულებები (მათ შორის, მშენებლობის უფლების შეზღუდვა);

თ) სტიქიური მოვლენების ან სხვა უბედურების შედეგად (ნგრევა, აფეთქება და ა.შ.) დაზარალებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების (ოჯახების) საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება;

ი) სხვა პირობები, რაც მიზანშეწონილია სააუქციონო ლოტის საპრივატიზაციოდ.

2. ერთ ლოტზე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რამდენიმე პირობა.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მესამე პირის მიმართ გარკვეული ვალდებულების შესრულება სააუქციონო პირობად შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპრივატიზებო ქონების უფლებრივი ან/და ნივთობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე სხვა კანონისმიერი ან სახელშეკრულებო საფუძვლით ამ პირის მიმართ გარკვეული ვალდებულება შესასრულებელი აქვს მუნიციპალიტეტს, რომლის შესრულებაც უნდა მოხდეს ამ ვალდებულების სააუქციონო პირობად დაწესებით და ქონების შემძენის მიერ მისი შესრულების გზით.

4. ქონების შემძენის მიერ სააუქციონო პირობების შესაბამისად მესამე პირის მიმართ გარკვეული ვალდებულების შესრულების შემდეგ მუნიციპალიტეტს მესამე პირის მიმართ არსებული ვალდებულებები ეთვლება სრულად და ჯეროვნად შესრულებულად.

5. თუ ქონების შემძენის მიერ სააუქციონო პირობების შესაბამისად მესამე პირის მიმართ გარკვეული ვალდებულების შესრულება საჭიროებს მესამე პირის თანხმობას, რომელიც უარს აცხადებს ასეთი ვალდებულების ქონების შემძენის მიერ შესრულებაზე, ქონების შემძენი არ თავისუფლდება აღნიშნულის თაობაზე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან და მის შესრულებას ახდენს აუქციონატორის მიმართ.

6. სახელმწიფოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და სხვა თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ გარკვეული ვალდებულების შესრულება სააუქციონო პირობად შეიძლება დაწესდეს იმ შემთხვევაშიც, როცა მუნიციპალიტეტს მათ მიმართ არ აკისრია ამ ვალდებულების შესრულება. მუნიციპალიტეტის, სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და სხვა თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ გარკვეული ვალდებულების შესრულება სააუქციონო პირობად შეიძლება დაწესდეს იმ შემთხვევაშიც, როცა სააუქციონო პირობად დაწესებული ვალდებულება არ გამომდინარეობს საპრივატიზებო ქონების უფლებრივი ან/და ნივთობრივი მდგომარეობიდან.

7. სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული ფართის გასხვისებისას, სააუქციონო პირობად შეიძლება დაწედეს ამ ფართის თვითნებურად დამკავებელ პირზე/პირებზე ქონების შემძენის მიერ სანაცვლო საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულება.

8. სააუქციონო პირობა საინვესტიციო ვალდებულებად ითვლება, თუ სააუქციონო პირობა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში პირდაპირ ადგენს თანხას, რომელიც დახარჯული უნდა იქნეს ქონების შემძენის მიერ საპრივატიზებო ქონების მიმართ ან მისგან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში სააუქციონო პირობა არ განიხილება საინვესტიციო ვალდებულებად.

9. პირობებიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტი ან/და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი/ხელშეკრულება სავალდებულოა ითვალისწინებდეს ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა სხვა სააუქციონო პირობების (ვალდებულებების) შესრულების დაწყების ან/და დამთავრების ვადებს.

10. თუ პირობებით გამოცხადებულ აუქციონზე გატანილი ქონებისათვის სააუქციონო პირობებად დაწესებულია შეზღუდვები ან/და ვალდებულებები, ისინი ქონების შემძენის მიერ ექვემდებარება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში სავალდებულო რეგისტრაცია