1. ვალდებულების შესრულების ან/და ნაწილობრივ შესრულების მიღება/დადასტურება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

2. ამ წესის მიზნებისთვის ფინანსური ვალდებულება (თანხის სრული/საბოლოო ოდენობის ან/და სხვა თანხების გადახდა) შესრულებულად ითვლება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადასარიცხად საგადახდო დავალების შედგენის ან/და სხვა სათანადო დოკუმენტურად დადასტურებული ქმედების განხორციელების დღიდან.

3. აუქციონში გამარჯვებულის მიერ თანხის გადახდა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საფუძველზე, აუქციონატორი ადასტურებს ვალდებულების შესრულებას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემით.

5. საინვესტიციო ვალდებულებათა შესრულების შესახებ ქონების შემძენი ინფორმაციას როგორც წესი, ადასტურებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით ან აუდიტორული დასკვნით ან/და სხვა სათანადო დოკუმენტით.

6. ისეთი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გულისხმობს შენობა-ნაგებობების მშენებლობას, ქონების შემძენი ადასტურებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების თაობაზე ადმინისტრაციული აქტით ან/და შენობა-ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ამონაწერით.

7. მესამე პირის ან/და მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ ნაკისრი ისეთი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გულისხმობს მესამე პირისათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას, ქონების შემძენი ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტით ან/და საჯარო რეესტრის ამონაწერით.

8. სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული ფართის გასხვისებისას, ამ ფართის თვითნებურად დამკავებელ პირზე/პირებზე ქონების შემძენის მიერ სანაცვლო საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულება ქონების შემძენის მიერ აუქციონატორის მიმართ შესრულებულად ითვლება, ქონების შემძენსა და ფართის თვითნებურად დამკავებელ პირს/პირებს შორის გარიგების დადებით, რომელიც ითვალისწინებს სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, ფართის თვითნებურად დამკავებელ პირზე/პირებზე ქონების შემძენის მიერ სანაცვლო საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულებას.

9. მესამე პირის სასარგებლოდ ნაკისრი ისეთი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გულისხმობს მესამე პირისათვის ფინანსური ვალდებულების შესრულებას, ქონების შემძენი ადასტურებს საგადახდო დავალებით ან/და მესამე პირსა და ქონების შემძენს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით.

10. ყველა სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ქონების შემძენი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების თაობაზე აცნობებს აუქციონატორს, რომელიც სწავლობს ქონების შემძენის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

11. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აუქციონატორის მიერ მათი დადასტურების მომენტიდა