1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა – სამსახურის მიერ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებით განხორციელებული მტკიცებულებების შეგროვებისა და შეფასების პროცესი;

ბ) მტკიცებულება – მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში ან/და შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; მონაცემთა სუბიექტის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, სპეციალური წარმომადგენლის და მოწმის ახსნა-განმარტებები; სამართალდამრღვევის აღიარება; ზეპირი სხდომის ოქმი (ჩანაწერი); ექსპერტის დასკვნა; ფაქტების კონსტატაციის მასალები; აუდიოჩანაწერი; ვიდეოჩანაწერი; ფოტო; საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული/გამოცემული/დამოწმებული დოკუმენტი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ოქმი; ნივთიერი მტკიცებულება; ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, დოკუმენტი ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გარემოებების დასადგენად.

გ) განცხადება – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მონაცემთა სუბიექტის მიერ სამსახურში წარმოდგენილი მომართვა;

დ) შეტყობინება – პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ სამსახურში წარმოდგენილი მომართვა, ასევე ანონიმური მომართვა;

ე) განმცხადებელი – მონაცემთა სუბიექტი, რომელიც განცხადებით ითხოვს თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების სამსახურის მიერ შესწავლას;

ვ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი საჯარო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირი, გარდა განმცხადებლისა, რომელიც ითხოვს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების სამსახურის მიერ შესწავლას;

ზ) მხარე – განმცხადებელი, დაინტერესებული პირი (თუ იგი მონაცემთა სუბიექტია), დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, თანადამმუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, სპეციალური წარმომადგენელი;

თ) მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მხარისა და სამსახურისა;

ი) მოწმე – ნებისმიერი პირი (გარდა მხარისა), რომელმაც შეიძლება იცოდეს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლებში დასადგენ გარემოებებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

კ) ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე პირი, რომელიც დახმარებას უწევს სამსახურს და მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში (მათ შორის, მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში) და ადგენს შესაბამის დასკვნას;

ლ) ოჯახის წევრი – მეუღლე, შვილი, გერი ან მინდობით აღსაზრდელი, მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა პირი;

მ) საპატიო მიზეზი – ობიექტური გარემოება (მხარის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა ან გარდაცვალება და სხვა განსაკუთრებული გარემოებები), რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ამ წესით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით. საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;

ნ) დავალება – სამსახურის მიერ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისთვის წერილობითი ფორმით მიცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ;

ო) რეკომენდაცია – სამსახურის მიერ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისთვის წერილობითი ფორმით მიცემული რჩევა მონაცემთა დამუშავების პროცესში დარღვევების რისკების შემცირების მიზნით;

პ) სამსახურის თანამშრომელი – სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის, გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას;

ჟ) ელექტრონული სისტემა – კანონით განსაზღვრული, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კონტროლის ელექტრონული სისტემა, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა;

რ) კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობ