1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური და არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება) ტარდება შემოწმების ჩატარების შესახებ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში, რაც დგინდება შესამოწმებელი საკითხის სირთულის, მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.
2. მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური შემოწმების (ინსპექტირება) ფარგლების დადგენის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია ან გამართოს შეხვედრა იმ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან, ასევე, სპეციალურ წარმომადგენელთან, რომლის შემოწმებაც (ინსპექტირება) იგეგმება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფარგლები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის გზით.
4. თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) პროცესში გამოიკვეთა ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რომელიც სცილდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებს ან/და სამართალდარღვევის ჩადენა იმ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ, რომლის მიმართაც არ მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე.
5. მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე დაწყებული მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლები განისაზღვრება განცხადებაში მითითებული გარემოებებისა და განმცხადებლის მოთხოვნის მხედველობაში მიღებით.