1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური და არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება) ტარდება შემოწმების ჩატარების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში, რაც დგინდება შესამოწმებელი საკითხის სირთულის, მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.
2. მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური შემოწმების (ინსპექტირება) ფარგლების დადგენის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია გამართოს შეხვედრა მონაცემთა იმ დამმუშავებელთან ან/და უფლებამოსილ პირთან, რომლის შემოწმებაც (ინსპექტირება) იგეგმება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფარგლები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის გზით.
4. თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) პროცესში გამოიკვეთა ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რომელიც სცილდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებს ან/და სამართალდარღვევის ჩადენა იმ მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ, რომლის მიმართაც არ მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე.
5. მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე დაწყებული მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლები განისაზღვრება განცხადებაში მითითებული გარემოებებისა და განმცხადებლის მოთხოვნის მხედველობაში მიღებით.
სამსახურის თანამშრომლის, მხარის, დაინტერესებული პირისა და მესამე პირის უფლება-მოვალეობე