1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა – სამსახურის მიერ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებით განხორციელებული მტკიცებულებების შეგროვებისა და შეფასების პროცესი;
ბ) მტკიცებულება – ნებისმიერი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელთა საფუძველზეც სამსახური, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლებში, ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას ან/და ავლენს მონაცემთა დამუშავების პროცესის სხვა ნაკლოვანებას, პირის ბრალეულობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის;
გ) განცხადება – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მონაცემთა სუბიექტის მიერ სამსახურში წარმოდგენილი მომართვა;
დ) შეტყობინება – პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ სამსახურში წარმოდგენილი მომართვა;
ე) განმცხადებელი – მონაცემთა სუბიექტი, რომელიც განცხადებით ითხოვს თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების სამსახურის მიერ შესწავლას;
ვ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი საჯარო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირი, გარდა განმცხადებლისა, რომელიც ითხოვს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების სამსახურის მიერ შესწავლას;
ზ) მხარე – განმცხადებელი, დაინტერესებული პირი (თუ იგი მონაცემთა სუბიექტია), მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი;
თ) მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მხარისა და სამსახურისა;
ი) მოწმე - ნებისმიერი პირი (გარდა მხარისა), რომელმაც შეიძლება იცოდეს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლებში დასადგენ გარემოებებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
კ) ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე პირი, რომელიც დახმარებას უწევს სამსახურს და მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში (მათ შორის, მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში) და ადგენს შესაბამის დასკვნას;
ლ) ოჯახის წევრი – მეუღლე, შვილი, გერი ან მინდობით აღსაზრდელი, მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე და მუდმივად მცხოვრები სხვა პირი;
მ) საპატიო მიზეზი – ობიექტური გარემოება (მხარის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა ან გარდაცვალება და სხვა განსაკუთრებული გარემოებები), რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ამ წესით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით. საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
ნ) დავალება – სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მონაცემთა დამმუშავებლისთვის ან/და უფლებამოსილი პირისთვის წერილობითი ფორმით მიცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ;
ო) რეკომენდაცია – სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მონაცემთა დამმუშავებლისთვის ან/და უფლებამოსილი პირისთვის წერილობითი ფორმით მიცემული რჩევა მონაცემთა დამუშავების პროცესში დარღვევების რისკების შემცირების მიზნით;
პ) სამსახურის თანამშრომელი – სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას;
ჟ) ელექტრონული სისტემა – „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კონტროლის ელექტრონული სისტემა, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა;
რ) კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობ