1. სამსახურის თანამშრომელი მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“, ამ წესითა და სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით, ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში, სამსახურის თანამშრომელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და უნდა დაიცვას ისინი.
2. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს:
ა) ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველი მასალა (სისხლის სამართლის საქმის მასალა), დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და საჭიროა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით;
ბ) საჭიროების შემთხვევაში შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტსა და ინფორმაციას, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველ მასალას, დოკუმენტაციას ან/და ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება, მიუხედავად მათი შინაარსისა და შენახვის ფორმისა, მის მიერ შერჩეული მეთოდის გამოყენებით ადგილზე შეაგროვოს მტკიცებულება;
გ) შევიდეს მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის ობიექტზე შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს მის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ან გამოიყენოს მტკიცებულების მოპოვების სხვა მეთოდი;
დ) გაეცნოს მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის საქმიანობის მარეგულირებელ (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ) სამართლებრივ დოკუმენტებს და ტექნიკურ ინსტრუქციებს;
ე) მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავებისათვის (მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის) გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ, შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა (მათ შორის – კომპიუტერული სისტემა) და განახორციელოს მისი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონთან შესაბამისობის ტექნიკური შესწავლა;
ვ) მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებების/ჩვენებების მიცემა ან გაესაუბროს მათ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ზ) მოიპოვოს სხვა მტკიცებულებები და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები;
თ) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში როგორც მტკიცებულებების მოპოვების, ასევე სხვა ნებისმიერი მიზნით, ყველა შესაბამის პირთან კომუნიკაცია განახორციელოს ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით;
ი) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მტკიცებულებების ფოტო ან ვიდეო-აუდიო ფიქსაცია;
კ) შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ლ) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
3. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია:
ა) განუხრელად დაიცვას „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები;
ბ) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა განახორციელოს ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევითა და კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით;
გ) დაიცვას პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული, საგადასახადო, საბანკო და სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება სამსახურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება;
დ) ამ ბრძანებით დადგენილი წესითა და ვადებში მოამზადოს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაცია, მათ შორის, ოქმი, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების პროექტი, სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტი და მისი სახელით გასაგზავნი კორესპონდენცია, მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათი.
4. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას ან დოკუმენტაციას შესაძლებელია გაეცნოს ან/და გამოითხოვოს მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებაზე შესაბამისი დაშვების მქონე სამსახურის თანამშრომელმა.
5. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულებამდე, სამსახურის თანამშრომელმა არ უნდა გაუწიოს კონსულტაცია მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს იმ საკითხებზე, რომლებზეც ტარდება მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა, თუ აღნიშნულის შესახებ ცნობილია სამსახურის თანამშრომლისთვი