1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა დაიცვას საზოგადოება აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ისეთი ვიდეორგოლის, პროგრამის ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებისგან:

ა) რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას;

ბ) რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ვიდეორგოლის, პროგრამის ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. ვიდეორგოლი, პროგრამა ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო;

გ) რომლის გავრცელება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის − ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდების, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების, რასობრივი დისკრიმინაციის ან ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის − ნიშნებს.

2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა განახორციელოს და შეიმუშაოს შემდეგი ღონისძიებები და მექანიზმები:

ა) მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების, პროგრამებისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების ასახვა მომსახურების მიწოდების პირობებსა და წესებში;

ბ) ისეთი ფუნქციის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეორგოლების ამტვირთავი მომხმარებლები შეძლებენ იმის დეკლარირებას, რომ ვიდეორგოლები შეიცავს აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას, რამდენადაც მათ იციან ან უნდა იცოდნენ ამის შესახებ;

გ) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლისთვის გამჭვირვალე და მოსახერხებელი მექანიზმების შექმნა და ფუნქციონირება, რათა მომხმარებელმა შეატყობინოს ან მიანიშნოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს მასალის ამ კოდექსით დარღვევით განთავსების შესახებ, აგრეთვე აღნიშნულ პლატფორმაზე არსებული რეიტინგის მეშვეობით შეაფასოს ეს მასალა;

დ) ისეთი ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი აუხსნის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და მინიშნების შედეგებს;

ე) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებისთვის ასაკის გადამოწმებისა და მშობლის კონტროლის სისტემების შექმნა ისეთ მასალასთან მიმართებით, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას;

ვ) მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალე, ადვილად გამოსაყენებელი და ეფექტიანი პროცედურების შემუშავება და ფუნქციონირება;

ზ) მედიაწიგნიერების მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების უზრუნველყოფა და ამ ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება.

3. მასალა, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას, მათ შორის (და არა მხოლოდ)  სასტიკი და უკიდურესი ძალადობის დემონსტრირება, პორნოგრაფიული მასალა, ძალადობის ელემენტებით, ან უკიდურესი სექსუალური ფეტიშები და მსგავსი მასალა, ექვემდებარება წვდომაზე კონტროლის უმკაცრეს ზომებს.

4. აკრძალულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ შეგროვებული ან მათ მიერ სხვაგვარად გენერირებული არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავება კომერციული მიზნით, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვანის პროფილის შექმნით, ქცევისკენ მიმართული სარეკლამო შეთავაზების მიზნი