სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №277 |
|
2024 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი |
|
1. სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ შორის, არასეზონურ პერიოდში.
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პოტენციური ბენეფიციარი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, გაფორმდეს დაფინანსების შეთანხმება;
ბ) პროგრამის ბენეფიციარი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი არ ფლობს წილს/პაის/აქციას და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია დაფინანსების შეთანხმება;
გ) კომერციული ბანკი – პროექტში მონაწილე საქართველოში რეგისტრირებული ლიცენზირებული კომერციული ბანკი, რომელიც ჩაერთვება პროგრამის განხორციელებაში;
დ) ხელშეკრულება – სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
ე) დაფინანსების შეთანხმება – სააგენტოს, კომერციულ ბანკსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
ვ) პროექტი – პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი პოტენციური ბენეფიციარის სესხის დამტკიცების განაცხადით გათვალისწინებული ბიზნესსაქმიანობა, რომლის დაფინანსებისთვისაც გაიცემა ფულადი სახსრები პროგრამის პირობების შესაბამისად;
ზ) სასათბურე მეურნეობა – კონსტრუქციული ნაგებობა, გარდა ხის კონსტრუქციით მოწყობილი ნაგებობისა, რომელიც გადახურულია გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე მასალით და განკუთვნილია ბოსტნეული კულტურების საწარმოებლად წელიწადის სხვადასხვა პერიოდში, ასევე მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა;
თ) დაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროექტის ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები;
ი) საქონელი – ახალი სასათბურე მეურნეობების მოწყობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებები;
კ) მომსახურება – ახალი სასათბურე მეურნეობების მოწყობისთვის გასაწევი მომსახურება;
ლ) საბრუნავი საშუალება – სასათბურე მეურნეობისთვის სარგავი/სათესლე მასალა და მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდები, აგროქიმიკატები და სხვა დამხმარე საშუალებები.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
1. პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას დაფინანსების სახით, ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად (მათ შორის, საბრუნავი საშუალებებისთვის).
2. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება სატრანსპორტო საშუალებების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და მისაბმელის შეძენა.
3. პოტენციური ბენეფიციარის მიერ მისაღები სესხების ჯამური თანხის არანაკლებ 80% უნდა მოიცავდეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნას/შესყიდვას, ამასთანავე, სესხის თანხით განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით.
4. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხ(ებ)ის ჯამური თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს და არაუმეტეს 1 000 000 ლარისა.
5. სააგენტოს დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება წარდგენილი პროექტის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის ჯამური თანხის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა, ამასთანავე, სააგენტოს დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში.
6. სააგენტო ბენეფიციარის სესხის პროცენტის დაფინანსების თანხას განათავსებს სესხის გამცემ კომერციულ ბანკებში ამ მიზნისთვის გახსნილ სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდება სესხის პროცენტის დაფინანსება დადგენილი გადახდის გრაფიკისა და პროგრამის პირობების შესაბამისად. ასევე, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი პროგრამის პირობების შესაბამისად სესხის თანხის მიზნობრივად ხარჯვასა და მასთან გაფორმებული დაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულებას დაადასტურებს, იგი დამატებით მიიღებს პროცენტის დაფინანსების შემდგომ დარჩენილ სააგენტოს დაფინანსების თანხას, სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობის არაუმეტეს 30%-ისა, რომლის განკარგვაც ბენეფიციარს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ.
7. დაუშვებელია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი მოხმარდეს ბენეფიციარის სხვა სესხების რეფინანსირებას/რესტრუქტურიზაციას.
8. დაუშვებელია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხებზე გავრცელდეს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ პირობები; „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პირობები ან/და „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით გათვალისწინებული „სახელმწიფო პროგრამა − საკრედიტო საგარანტიო სქემით გათვალისწინებული პირობები“.
9. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
1. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული უძრავი ქონება ან/და სახელმწიფოსგან/ მუნიციპალიტეტისგან იჯარით მიღებული უძრავი ქონება (იჯარის დარჩენილი პერიოდი პროგრამაში განაცხადის წარდგენისას უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში), რომელზეც განხორციელდება სესხის თანხის ინვესტირება.
2. კომერციული ბანკის მიერ სესხის გაცემა დასაშვებია როგორც ფიქსირებულ, ასევე ცვლად (მცურავ) საპროცენტო განაკვეთში, რომლის ოდენობა უნდა შეადგენდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული არაუმეტეს 5% სესხის დამტკიცების თარიღში.
3. ბენეფიციარისთვის განკუთვნილი მთლიანი დაფინანსების თანხიდან სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში განხორციელდება პროექტის ფარგლებში აღებული სესხის არაუმეტეს პირველი 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსება.
1. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარების სასესხო განაცხადების მიღება განხორციელდება სააგენტოს პარტნიორ კომერციულ ბანკებში.
2. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების მიღების, დაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.
1. ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების, სესხის თანხით შექმნილი აქტივების საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობისა და მასთან გაფორმებული დაფინანსების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად უნდა წარადგინოს სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირების მომზადებული დასკვნა.
2. კომერციულმა ბანკმა დაფინანსების თანხის მიზნობრივად და პროგრამის პირობების შესაბამისად გამოყენების დასადასტურებლად სააგენტოს უნდა წარუდგინოს სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირების მომზადებული დასკვნა.
3. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს ბენეფიციარების საველე ან/და დოკუმენტური მონიტორინგი.