ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 95%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/402 |
|
2024 წლის 11 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 132-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების წესები“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
📎 დანართები (5)
danarti.doc ⬇
ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების წესები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების წესები (შემდგომში – წესი) არეგულირებს ენერგეტიკული საწარმოების, ბაზრის მონაწილეების, სისტემით მოსარგებლეებისა და მომხმარებლების ფუნქციებსა და ვალდებულებებს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების მინიმალური დონისა და სტანდარტის მიღწევის პროცესში.
გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, აღნიშნული წესი განსაზღვრავს საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სათანადო პროცედურებს ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის თავიდან აცილებას, შერბილებასა და მართვას, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებსა და ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით კონკურენტული ერთიანი ბუნებრივი გაზის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ამ წესით გათვალისწინებული ნორმები უმეტესად ეფუძნება საბაზრო მექანიზმებს და ითვალისწინებს აღნიშნული მექანიზმების ეკონომიკურ გავლენას, ეფექტიანობას და ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე, გარემოსა და მომხმარებელზე ზემოქმედებას.
ამ წესის შესაბამისად განსახორციელებელი ღონისძიებები არ უნდა აკისრებდეს ენერგეტიკულ საწარმოებს გაუმართლებელ ტვირთს და აღნიშნულმა ღონისძიებებმა არ უნდა იქონიოს უარყოფითი გავლენა ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე.
დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 133-ე მუხლით გათვალისწინებული რეგიონალური სოლიდარობის პრინციპი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სხვა სახელმწიფო ორგანოები და ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობენ გაზის მიწოდების უსაფრთხოებას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის მართვის საბჭო (შემდგომში – „კრიზისის საბჭო“) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სათათბირო უფლებით შექმნილი საბჭო, რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამართლებრივი აქტით;
ბ) „მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფი“ – ჯგუფი, რომელიც შექმნილია 2008 წლის 11 დეკემბრის საპროცესო აქტით 2008/02/MC-EnC, რომელშიც შესწორება შევიდა 2021/03/MC-EnC საპროცესო აქტით.
გ) ენერგეტიკული უსაფრთხოების უწყებათაშორისი ჯგუფი (შემდგომში – ეუუჯ) – „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №1-1/520 ბრძანებით განსაზღვრული სუბიექტი;
დ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭო – „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სათათბირო ორგანო;
ე) კანონი – „ენერგეტიკისა და წყალმომარეგების შესახებ“ საქართველოს კანონი.
ვ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
ზ) მინისტრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
თ) საგანგებო მდგომარეობა ბუნებრივი გაზის სექტორში – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 141-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა;
ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
კ) საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი – „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ორგანო;
ლ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მ) ძირითადი სოციალური დანიშნულების დაწესებულება – ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯანმთლების დაცვასთან, ძირითად სოციალურ დახმარებასთან, გადაუდებელ დახმარებასთან, უსაფრთხოებასთან, განათლებასა თუ საჯარო მმართველობასთან დაკავშირებული დაწესებულებები.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი) განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 3. დაცული მომხმარებლები
ამ წესის მიზნებისთვის დაცული მომხმარებელია:
ა) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლები;
ბ) ცენტრალური გათბობის დანადგარი, რომელიც არის ამ პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლების გათბობის წყარო და მიერთებულია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან ან ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან, რომლის სხვა სახის საწვავზე გადართვა შეუძლებელია;
გ) ძირითადი სოციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც მიერთებულია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან ან ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან და არის ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო დაწესებულება;
დ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მცირე საწარმო.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო დაწესებულებია:
ა) სამედიცინო დანიშნულების დაწესებულებები;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები, ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სპეციალიზებული (დღის ცენტრი) და სარეაბილიტაციო დაწესებულებები;
გ) პურის ქარხნები;
დ)ზოოპარკი;
ე) რკინიგზა;
ვ) აეროპორტები და ნავიგაცია;
ზ) საზღვაო პორტები (ნავსადგურები);
თ) წყლის მიწოდებისა და წყალარინების მომსახურების გამწევი სამსახურები;
ი) ელექტრონული სატელეკომუნიკაციო ქსელები.
საგანგებო სიტუაციებში ელექტროენერგიის ან გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნით, სამინისტრო, როგორც კომპეტენტური ორგანო, უფლებამოსილია კანონის 132-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უპირატესობა მიანიჭოს გაზზე მომუშავე გარკვეულ თბოელექტროსადგურებს დაცულ მომხმარებელთა გარკვეულ კატეგორიასთან შედარებით.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება სამინისტრომ შესაძლებელია განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო სიტუაციის დროს კონკრეტული თბოელექტროსადგურების გათიშვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ელექტროსისტემის ფუნქციონირებას ან/და მათი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაზის წარმოებისა და ტრანსპორტირებისთვის.
ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გაზზე მომუშავე ელექტროსადგურები და მათ მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაძლო მოცულობები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და გათვალისწინებული უნდა იყოს პრევენციულ სამოქმედო გეგმებსა და საგანგებო სიტუაციების გეგმებში. ამგვარი სადგურების იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს საქართველოს ელექტროენერგიის და გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაცული მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში ბუნებრივი გაზის მთლიანი მოხმარების 20%-ს.
მუხლი 4. კომპეტენტური ორგანოები
საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია სამინისტრო კანონისა და ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
სამინისტრო აცხადებს კრიზისული მდგომარეობის დონეებს „ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 202... წლის ... N... დადგენილების შესაბამისად.
3. სამინისტრო, კომისიასთან და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, კანონის 143-ე მუხლის შესაბამისად, ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობას.
4. სამინისტრო ამ წესების განხორციელებისას თანამშრომლობს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების კომპეტენტურ ორგანოებთან.
მუხლი 5. კრიზისის საბჭო
სამინისტრო, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით ქმნის კრიზისის საბჭოს, რომელიც განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
კრიზის საბჭო შედგება მუდმივი და დროებითი წევრებისგან. კრიზისის საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესითა და სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
კრიზის საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს მინისტრი.
კრიზისის საბჭო თანამშრომლობს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან, ეეუჯ-სა და ენერგეტიკული გაერთიანების მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფთან.
მუხლი 6. ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის მიმართ დადგენილი მოთხოვნები
ბუნებრივი გაზის ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურის (ყველაზე დიდი ტექნიკური სიმძლავრის მქონე გადამცემი გაზსადენი) მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, დარჩენილი ბუნებრივი გაზის მიწოდების ინფრასტრუქტურის სიმძლავრემ უნდა დააკმაყოფილოს საანგარიშო არეალის ბუნებრივ გაზზე არსებული მოთხოვნა. ამ შემთხვევაში, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა განისაზღვრება იმ დღის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელ დღესაც, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბუნებრივ გაზზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა გამოვლინდა.
დარჩენილი ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ინფრასტრუქტურის სიმძლავრე იანგარიშება ამ წესის დანართი IV-ით განსაზღვრული (N-1) ფორმულის შესაბამისად.
ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელებს, ურთიერთდამაკავშირებლებს, წარმოების ობიექტებს და დაკავშირებულ ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობებს საანგარიშო ტერიტორიის ფარგლებში.
გარდა ამ მუხლი პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ინფრასტრუქტურის მიმართ მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს მიერ ამ წესის დანართ II-ის შესაბამისად, დამტკიცებული პრევენციული სამოქმედო გეგმის მიხედვით, გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების სათანადო და დროული კომპენსირება, მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი საბაზრო ღონისძიებების განხორციელების გზით.
ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის სიმძლავრე გამოიანგარიშება ამ წესის დანართი IV-ით განსაზღვრული (N-1) ფორმულის შესაბამისად.
ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო პრევენციულ სამოქმედო გეგმაში ასახავს ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ინფრასტრუქტურის დარჩენილი სიმძლავრის „N-1“ კრიტერიუმთან შესაბამისობის შედეგს.
ამ მუხლით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ინფრასტუქტურის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს გააჩნია მინიმუმ ერთი ბუნებრივი გაზის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარეებთან და ქვეყნის ტერიტორიაზე საკმარისი სიმძლავრის ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობა ან შესაბამისი ფუნქციის მქონე გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობა.
მუხლი 7. ბუნებრივი გაზის მიწოდების სტანდარტი
ბუნებრივი გაზის ტრეიდერები/მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, განახორციელონ აუცილებელი ღონისძიებები დაცული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად შემდეგ შემთხვევებში:
ა) 7-დღიან პიკურ პერიოდში არსებული უკიდურესი ტემპერატურის შემთხვევაში, რომელიც, სტატისტიკური ალბათობის მიხედვით ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ვლინდება (შემდგომში – სტანდარტი 1);
ბ) არანაკლებ 30-დღიან პერიოდში ბუნებრივ გაზზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც, სტატისტიკური ალბათობის მიხედვით, ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ვლინდება (შემდგომში – სტანდარტი 2);
გ) ზამთრის ჩვეულებრივ პირობებში არანაკლებ 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში გაზის ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (შემდგომში – სტანდარტი 3).
კომპეტენტური ორგანო განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის საწარმოებს, რომლებიც ვალდებული არიან განახორციელონ აღნიშნული ღონისძიებები და მიუთითებს მათ პრევენციულ სამოქმედო გეგმაში.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობებისთვის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებას;
ბ) ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულებების გაფორმებას არადაცულ მომხმარებლებთან, რომლებიც ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირების ან შეწყვეტის ალბათობას დაცული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა აუცილებელ ღონისძიებებს, რომელიც თანხმდება სამინისტროსთან.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მიწოდების მოთხოვნების დაცვა შესაძლებელია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე შესაბამის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობით.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ბუნებრივი გაზის საწარმოები ყოველწლიურად წარადგენენ ანგარიშს ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილეებლი სისტემის ოპერატორები ადგენენ იმ დაცული მომხმარებლების ჩამონათვალს, რომელთა ბუნებრივი გაზის მოწყობილობები მიერთებულია მათ ქსელებთან. აღნიშნული ჩამონათვალი მოიცავს დაცული მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობების შესახებ ინფორმაციას.
ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცული მომხმარებელი ვალდებულია სისტემის ოპერატორებს მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია.
სისტემის ოპერატორი ვალდებულია 2 თვეში ერთხელ განაახლოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – წარუდგინოს სამინისტროს და კრიზისის საბჭოს.
სამინისტრო, კრიზისის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად განსაზღვრავს იმ ბუნებრივი გაზის ტრეიდერების/მიმწოდებლების სიას, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები და აქვეყნებს მის ვებგვერდზე.
ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ბუნებრივი გაზის საწარმოებს დაცული მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების ამ წესით დადგენილი ვალდებულების განხორციელება შეიძლება დაეკისროს 30 კალენდარული დღით. აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს რისკების შეფასების საფუძველზე და ამ წესის დანართი I-ის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ასეთი ვალდებულებები აისახება პრევენციულ სამოქმედო გეგმაში და დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:
ა) განსახორციელებელი ღონისძიებები იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, გამჭვირვალე, პროპორციული, არადისკრიმინაციული და შემოწმებადი;
ბ) დაკისრებული ვალდებულებები გაუმართლებლად არ შეზღუდავს კონკურენციას და ბუნებრივი გაზის ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას.
ნებისმიერი ახალი არასაბაზრო ღონისძიება, რომელიც გათვალისწინებულია გაზის მიწოდების სტანდარტის უზრუნველსაყოფად, მიუხედავად იმისა, არის ის პრევენციული სამოქმედო გეგმის ნაწილი თუ შემდგომ მიღებული, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-11 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს.
ამ მუხლის პირველ ქვეპუნქტში გათვალისწინებული ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ენერგოეფექტურის ღონისძიებების განხორციელებით ან ბუნებრივი გაზის ჩანაცვლებით ენერგიის სხვა წყაროთი, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროებით, იმ პირობით, რომ მიღწეულ იქნეს დაცვის იგივე დონე.
მუხლი 8. რისკების შეფასება
სამინისტრო, კრიზისის საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი რისკის შეფასებას. დაუშვებელია რისკების შეფასების შედეგების გამჟღავნება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგისა.
რისკების შეფასება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) მიწოდების პირველი, მე-2 და მე-3 სტანდარტების მიხედვით დაცული მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების პროგნოზირებული მოცულობების განსაზღვრას;
ბ) „N-1“ ფორმულასთან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ინფრასტრუქტურის შესაბამისობის შეფასებას. „N–1“ ფორმულის გამოთვლას თან უნდა ახლდეს ქვეყნის ტერიტორიისთვის ჰიდრავლიკური მოდელირების გამოყენებით ერთი უმსხვილესი გაზის ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის/ოპერირების შეწყვეტის სიმულაციას;
გ) ბუნებრივ გაზზე განსაკუთრებულად მაღალ მოთხოვნასა და გაზის მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სცენარის ალბათობას სეზონის, სიხშირისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, აგრეთვე მათი ისეთი სავარაუდო შედეგების შეფასებას, როგორიცაა:
გ.ა) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, კერძოდ, გადამცემი ინფრასტრუქტურის, საცავებისა ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ შორის „N–1“ ფორმულის გამოსათვლელად იდენტიფიცირებული უმსხვილესი გაზის ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლას;
გ.ბ) მეზობელი და სხვა ქვეყნების მიმწოდებლების მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხებასა და სხვა არსებულ რისკებს;
დ) შერჩეული სცენარების ანალიზს შედეგების ალბათობისა და ზეგავლენის მიხედვით რაოდენობრივი მეთოდის ჩათვლით.
ე) რისკის იდენტიფიცირებისა და შეფასებისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე, როგორებიცაა: ბაზრის ზომა, ქსელის კონფიგურაცია, ფაქტობრივი ნაკადები, მათ შორის საქართველოდან გასული ნაკადი, ბუნებრივი გაზის ფიზიკური ნაკადების ორმხრივი მიმართულებით მოძრაობის შესაძლებლობა, გადამცემი სისტემის შემდგომი გაძლიერების პოტენციური საჭიროების ჩათვლით, წარმოებისა და შენახვის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის არსებობა და გაზის როლი ენერგეტიკულ ბალანსში, განსაკუთრებით ელექტროენერგიის წარმოებისა და მრეწველობის დარგების ფუნქციონირებისთვის, აგრეთვე უსაფრთხოებისა და გაზის ხარისხის ასპექტები;
ვ) საჭიროებისამებრ, მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებული რისკების (მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლებს, ტრანსსასაზღვრო მიწოდებას, საცავსა ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებს, ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე წვდომასა და ორმხრივი მიმართულებით მოძრავ ნაკადებთან დაკავშირებით) კორელაციასა და ურთიერთქმედების განსაზღვრას;
ზ) ბუნებრივი გაზის მიწოდების შესაბამის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ისეთი რისკები, რომელიც შესაძლოა სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდეს არასაკმარის ინვესტირებას, დივერსიფიკაციის ხელშეშლას, არსებული ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენებას და სხვა.
თ) საზღვართშორის მილსადენის ყოველი მიღებისა და მიწოდების პუნქტის მაქსიმალურ გამტარუნარიანობასა და ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შევსების სხვადასხვა დონეებს;
ი) ბუნებრივი გაზის ერთადერთი მიწოდების წყაროს ხანგრძლივი შეწყვეტის სცენარებს.
რისკების შეფასება ხორციელდება დანართ I-ის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია ასახოს დამატებითი ინფორმაცია.
4. ბუნებრივი გაზის საწარმოებმა, ბუნებრივი გაზის ინდუსტრიულმა მომხმარებლებმა, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიულ მომხმარებელთა ინტერესების წარმომადგენლობითმა ორგანიზაციებმა უნდა ითანამშრომლონ სამინისტროსთან და მოთხოვნისთანავე მიაწოდონ მას ყველა საჭირო ინფორმაცია ეროვნული რისკების შეფასებისთვის.
5. სამინისტრო ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ რისკების შეფასების დოკუმენტს აახლებს სულ მცირე 4 წელიწადში ერთხელ და წარუდგენს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს ამ წესის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ საგანგებო გეგმების სიმულაციის შედეგად მიღებულ მონაცემებს.
მუხლი 9. პრევენციული სამოქმედო გეგმა
სამინისტრო კრიზისის საბჭოსთან, კომისიასთან, ბუნებრივი გაზის/ელექტროენერგიის საწარმოებთან, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული მომხმარებლების ინტერესების წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ ამტკიცებს პრევენციულ სამოქმედო გეგმას.
პრევენციული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს გამოვლენილი რისკების თავიდან აცილებისა და/ან შერბილების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს და ადგენს ბუნებრივი გაზის საწარმოების ვალდებულებებსა და აქტივობების განხორციელების ვადებს.
გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პრევენციული სამოქმედო გეგმა მოიცავს:
ა) რისკების შეფასების შედეგებს და ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი სცენარების შეჯამებას;
ბ) დაცული მომხმარებლების იდენტიფიცირებას, მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის წლიურ მოცულობასა და პროცენტს ბუნებრივი გაზის მთლიან წლიურ საბოლოო მოხმარებაში, ასევე, თითოეული დაცული მომხმარებლის კატეგორიის ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობასა და პროცენტს მთლიანი წლიური გაზის საბოლოო მოხმარებაში;
გ) ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების მოთხოვნების უზრუნველყოფისთვის განსახორციელებელ საჭირო ღონისძიებებს, ბუნებრივი გაზის მოცულობებსა და სიმძლავრეებს, მათ შორის, სადაც შესაძლებელია:
გ.ა) იმ მასშტაბს, რომლის ეფექტიანი კომპენსირებაც შესაძლებელია ენერგიაზე მოთხოვნის მართვის ღონისძიებებით ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
გ.ბ) ბუნებრივი გაზის საჭირო მოცულობებს დაცული მომხმარებლების თითოეული კატეგორიისა და სცენარის მიხედვით ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში;
გ.გ) ბუნებრივი გაზის მიწოდების დასაბუთებას, რომელიც ასახავს მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობას;
დ) ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მიწოდებაზე ზეგავლების მქონე ბუნებრივი გაზის/ელექტროენერგიის საწარმოებსა და სხვა შესაბამის პირებზე დაკისრებულ ვალდებულებებს;
ე) რისკების შეფასებისას გამოვლენილი რისკების აღმოფხვრის მიზნით შემუშავებულ სხვა პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც ეხება მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირის გაძლიერების აუცილებლობას, ენერგოეფექტურობის შემდგომ გაუმჯობესებას, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის შემცირებას, მისი მარშრუტებისა და მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას, არსებული ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის რეგიონული მასშტაბით გამოყენებას, შესაბამის შემთხვევაში, ყველა მომხმარებლისთვის გაზის მიწოდების შეძლებისდაგვარად შენარჩუნების მიზნით;
ვ) ინფორმაციას გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ეკონომიკური ზემოქმედების, ეფექტურობისა და ეფექტიანობის შესახებ, მათ შორის, ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულებების შესახებ;
ზ) გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ზემოქმედების აღწერას ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის, ასევე, ეროვნული ბაზრის ფუნქციონირებაზე, ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ჩათვლით;
თ) ღონისძიებების გარემოსა და მომხმარებლებზე ზემოქმედების აღწერას;
ი) სხვა მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის მიზნით გამოსაყენებელი მექანიზმების, მათ შორის, პრევენციული სამოქმედო გეგმებისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმების (შემდგომში – საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა) მომზადებისა და განხორციელების მექანიზმებს;
კ) ინფორმაციას არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი ურთიერთდამაკავშირებლებისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ინფრასტრუქტურის შესახებ, იმ ურთიერთდამაკავშირებისა და ინფრასტრუქტურის ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს წვდომას ერთიან ბაზარზე, ტრანსსასაზღვრო ნაკადებზე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მდებარე საცავსა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე, აგრეთვე ორმხრივი მიმართულების სიმძლავრეზე, განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში;
ლ) ინფორმაციას გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საჯარო მომსამსახურების ყველა ვალდებულების შესახებ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ-დ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებით კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციისა, თუ საფრთხე ექმნება გაზის მიწოდების უსაფრთხოებას.
ამ მუხლით განსაზღვრული გეგმით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები უმეტესად უნდა ეფუძნებოდეს საბაზრო მექანიზმებს და ითვალისწინებდეს აღნიშნული მექანიზმების ეკონომიკურ გავლენას, ეფექტიანობას და ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე, გარემოსა და მომხმარებელზე ზემოქმედებას. ნორმებმა არ უნდა დააკისროს ენერგეტიკულ საწარმოებს გაუმართლებელი ტვირთი და არ უნდა იქონიოს უარყოფითი გავლენა ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე. აგრეთვე არ უნდა შეუქმნას საფრთხე სხვა ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებას.
პრევენციული სამოქმედო გეგმა მტკიცდება ამ წესის დანართი II-ის შესაბამისად.
სამინისტრო:
ა) ენერგეტიკული გაერთიანების მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფს რეგულარულად აწვდის პრევენციულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციას;
ბ) უზრუნველყოფს პრევენციული სამოქმედო გეგმის შესრულების რეგულარულ ზედამხედველობას;
გ) აქვეყნებს პრევენციულ სამოქმედო გეგმას საკუთარ ვებგვერდზე და წარუდგენს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს;
დ) ითვალისწინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს რეკომენდაციებს ან წარუდგენს დასაბუთებულ უარს.
პრევენციული სამოქმედო გეგმის განახლება ხორციელდება სულ მცირე 4 წელიწადში ერთხელ, ან უფრო ხშირად, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ან ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნოს მოთხოვნით. განახლებულ გეგმაში უნდა აისახოს განახლებული რისკის შეფასება და სიმულაციის შედეგები მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 10. საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა
სამინისტრო კრიზისის საბჭოსთან, კომისიასთან, ბუნებრივი გაზის/ელექტროენერგიის საწარმოებთან, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული მომხმარებლების ინტერესების წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან და ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ ამტკიცებს საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრის ან შერბილების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, გამჭვირვალე, პროპორციული, არადისკრიმინაციული და გადამოწმებადი, გაუმართლებლად არ უნდა შეზღუდოს კონკურენცია ან გაზის ერთიანი ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება, არ უნდა შეუქმნას საფრთხე სხვა ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს გაზის მიწოდების უსაფრთხოებას.
საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად:
ა) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის დონეებს;
ბ) განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და ბუნებრივი გაზის ინდუსტრიული მომხმარებლების, მათ შორის, შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლების ფუნქციებსა და ვალდებულებებს, ბუნებრივი გაზის შეწყვეტის შედეგად მათზე განხორციელებული ზემოქმედების სხვადასხვა ხარისხის გათვალისწინებით, აგრეთვე კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონეზე ზემოაღნიშნული პირების სამინისტროსთან ურთიერთობის ფორმებს;
გ) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის თითოეული დონისთვის სამინისტროს და იმ სუბიექტების ფუნქციებსა და ვალდებულებებს, რომლებზედაც განხორციელდა უფლებამოსილების დელეგირება;
დ) უზრუნველყოფს, რომ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და ინდუსტრიულ მომხმარებლებს (აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებლებს) კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონესთან მიმართებით რეაგირების მოხდენის ჯეროვანი შესაძლებლობა ჰქონდეთ;
ე) საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრავს იმ ღონისძიებებსა და მოქმედებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების შესაძლო გავლენის შერბილების მიზნით, ბუნებრივი გაზის მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოებაზე;
ვ) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონეზე განსახორციელებელ დეტალურ პროცედურასა და ღონისძიებებს, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლის შესაბამის სქემებს;
ზ) განსაზღვრავს კრიზისული მდგომარეობის მმართველ პირს ან პირთა ჯგუფს და მათ როლს კრიზისის მართვის პროცესში;
თ) განსაზღვრავს საბაზრო მექანიზმების მნიშვნელობას განგაშის დონესთან გამკლავებასა და საგანგებო მდგომარეობის დონეზე სიტუაციის შემსუბუქების თვალსაზრისით;
ი) განსაზღვრავს საგანგებო მდგომარეობის დონისთვის დაგეგმილი ან განსახორციელებელი არასაბაზრო მექანიზმების როლს, აგრეთვე აფასებს კრიზისის დასაძლევად მათი გამოყენების აუცილებელ მასშტაბებსა და შესაბამის ზეგავლენას. არასაბაზრო მექანიზმების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის სამართავად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო მექანიზმების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის, მათ შორის, დაცული მომხმარებლებისთვის, მიწოდებას;
კ) განსაზღვრავს სხვა ხელშემკვრელ მხარეებთან/მეზობელ ქვეყნებთან კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონესთან დაკავშირებით თანამშრომლობის მექანიზმებს;
ლ) განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის საწარმოების ანგარიშგების ვალდებულებას განგაშისა და საგანგებო მდგომარეობის დონეებზე;
მ) აღწერს ტექნიკურ ან სამართლებრივ ღონისძიებებს არადაცული მომხმარებლების მიერ გაზის არასათანადო მოხმარების პრევენციის მიზნით;
ნ) განსაზღვრავს საგანგებო მდგომარეობის დროს ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს ამ ღონისძიებების მონაწილე მხარეთა შორის კომერციული ხელშეკრულებების დადებას და საქართველოს გაზის ბაზარზე მოქმედი ბუნებრივი გაზის საწარმოებისათვის კომპენსაციის გადახდას, კომერციული საიდუმლოების შემცველი მონაცემების კონფიდენციალობის დაცვით. აღნიშნულმა მოქმედებებმა შესაძლოა, ასევე, მოიცვას ტრანსსასაზღვრო შეთანხმებები მეზობელ ქვეყნებთან და/ან ბუნებრივი გაზის საწარმოებთან.
საგანგებო მდგომარეობის არსებობის დროს გაზის არასათანადო მოხმარების პრევენციის მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია აცნობოს არადაცულ მომხმარებლებს გაზის მოხმარების შემცირების ან შეწყვეტის შესახებ.
საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა მტკიცდება ამ წესის დანართი III-ის შესაბამისად.
სამინისტრო:
ა) რეგულარულად აწვდის ენერგეტიკული გაერთიანების მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფს საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციას;
ბ) უზრუნველყოფს საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმის შესრულების რეგულარულ ზედამხედველობას;
გ) აქვეყნებს საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმას საკუთარ ვებგვერდზე და წარუდგენს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს;
დ) ითვალისწინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს რეკომენდაციებს ან წარუდგენს დასაბუთებულ უარს შემდეგი ერთ-ერთი გარემოების არსებობის შემთხვევაში:
დ.ა) საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმა არ არის ეფექტიანი რისკების შეფასებისას გამოვლენილი რისკების შესარბილებლად;
დ.ბ) საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმა არ შეესაბამება შეფასებული რისკების სცენარებს;
დ.გ) საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმა გაუმართლებლად ზღუდავს კონკურენციას ან ერთიანი ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას;
დ.დ) საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმა არ შეესაბამება ამ წესებით გათვალისწინებულ დებულებებს ან სხვა დებულებებს საქართველოსთვის განსაზღვრული შესაბამისი გამონაკლისების გათვალისწინებით.
7. საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმის განახლება ხორციელდება, სულ მცირე, 4 წელიწადში ერთხელ ან უფრო ხშირად, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე. ან საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმა სამინისტრომ უნდა შეამოწმოს განახლების ოთხწლიან პერიოდებს შორის ერთხელ მაინც მაღალი და საშუალო ზემოქმედების სცენარებისა და რეალურ დროში რეაგირების სიმულაციით და შედეგები წარუდგინოს ენერგეტიკული გაერთიანების მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფს.
მუხლი 11. საბაზრო და არასაბაზრო მექანიზმების გამოყენება
სამინისტრო საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმის შემუშავებისას ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საბაზრო მექანიზმებს.
საბაზრო მექანიზმები შესაძლებელია დაჯგუფდეს შემდეგნაირად:
ა) მიწოდების მართვის ღონისძიებები:
ა.ა) წარმოების გაზრდის შესაძლებლობა;
ა.ბ) იმპორტის გაზრდის შესაძლებლობა;
ა.გ) ქსელის გაზის მაქსიმალური გამოყენება;
ა.დ) ბუნებრივი გაზის ქსელში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული გაზის ინტეგრირების ხელშეწყობა;
ა.ე) ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და გაზსადენების მარშრუტების დივერსიფიკაცია;
ა.ვ) ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ გრძელვადიანი და მოკლევადიანი ხელშეკრულებებით სარგებლობა;
ა.ზ) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ სახელშეკრულებო დებულებები;
ა.თ) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელების დისპეტჩერიზაცია და საქართველოს გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის თანამშრომლობა მეზობელი ქვეყნების გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებთან გაზის მიწოდების კოორდინირების მიზნით;
ა.ი) ინვესტიციების განხორციელება გაზის ქსელის ინფრასტრუქტურაში, ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის განვითარებისათვის კომერციული ხელშეკრულებების ჩათვლით;
ბ) მოთხოვნის მართვის ღონისძიებები:
ბ.ა) მომხმარებელთა შეზღუდვა წყვეტადი ხელშეკრულებებით;
ბ.ბ) სამრეწველო და ელექტროენერგიის მწარმოებელ ობიექტებში სხვა საწვავზე გადართვის შესაძლებლობები, ალტერნატიული სარეზერვო საწვავის გამოყენების ჩათვლით;
ბ.გ) ბუნებრივი გაზის მოხმარების ნებაყოფლობით შემცირება;
ბ.დ) ენერგოეფექტურობის გაზრდა;
ბ.ე) განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ზრდა.
საგანგებო მდგომარეობის დროს, სამინისტრო საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმის შემუშავებისას ითვალისწინებს ამ წესით განსაზღვრულ არასაბაზრო მექანიზმებს.
არასაბაზრო მექანიზმები შესაძლებელია დაჯგუფდეს შემდეგნაირად:
ა) ბუნებრივი გაზის მიწოდების მართვის ღონისძიებები:
ა.ა) ბუნებრივი გაზის გარდა სხვა წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის იძულებითი გამოყენება;
ა.ბ) გაზის წარმოების იძულებით გაზრდა;
ა.გ) ელექტროენერგიის იძულებითი იმპორტი;
ა.დ) ალტერნატიული საწვავის მარაგების გამოყენება;
ბ) მოთხოვნის მართვის ღონისძიებები:
ბ.ა) საწვავზე იძულებითი გადართვა, შესაძლებლობის შემთხვევაში;
ბ.ბ) წყვეტადი ხელშეკრულებების იძულებითი გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სრულად არ არის გამოყენებული საბაზრო მექანიზმების ნაწილის სახით;
ბ.გ) ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა, როგორც ერთადერთი ალტერნატივა წყვეტადი ხელშეკრულებების მქონე მომხმარებლებისთვის, სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული და სამინისტროს მიერ დამტკიცებული რიგითობის მიხედვით;
ბ.დ) არსებული სიმძლავრისა და ბუნებრივი გაზის გადანაწილება პრიორიტეტულობის შესაბამისად.
სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ყველა პრევენციული არასაბაზრო ღონისძიება, მიუხედავად იმისა, წარმოადგენენ თუ არა ისინი პრევენციული სამოქმედო გეგმის ნაწილს ან მიიღება შემდგომში, იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, გამჭვირვალე, პროპორციული, არადისკრიმინაციული და გადამოწმებადი, გაუმართლებლად არ შეზღუდოს კონკურენცია ან ბუნებრივი გაზის ერთიანი ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება, ასევე, არ შეუქმნას საფრთხე სხვა ხელშემკვრელი მხარეების გაზის მიწოდების უსაფრთხოებას, არ იმოქმედოს უარყოფითად ნებისმიერი სხვა ხელშემკვრელი მხარის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება დაცული მომხმარებლებისთვის რისკების შეფასების საფუძველზე.
სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების შესახებ, თუ ეს ღონისძიებები არ იყო გათვალისწინებული პრევენციულ სამოქმედო გეგმაში. ასევე, აწვდის ინფორმაციას ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამგვარი ღონისძიებების,ადგილობრივ და სხვა ენერგეტიკული გაერთიანების მხარის ბუნებრივი გაზის ბაზარზე მათი შესაძლო გავლენის შესახებ.
ზეგავლენის შეფასება ითვალისწინებს მინიმუმ შემდეგ საკითხებს:
ა) პოტენციური ზეგავლენა ბუნებრივი გაზის შიგა ბაზრის განვითარებასა და კონკურენციაზე;
ბ) პოტენციური ზეგავლენა გაზის ერთიან ბაზარზე;
გ) პოტენციური ზეგავლენა მეზობელი ხელშემკვრელი მხარეების ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით იმ ღონისძიებების შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება შეამციროს ლიკვიდურობა რეგიონულ ბაზრებზე ან შეზღუდოს ბუნებრივი გაზის ნაკადები მეზობელ ხელშემკვრელ მხარეებთან;
დ) ალტერნატიულ საბაზრო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯი და სარგებელი;
ე) შესაძლო საბაზრო ღონისძიებებთან დაკავშირებული აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება;
ვ) ღონისძიების შეფასება ბაზრის ყველა მონაწილისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით;
ზ) გათვალისწინებული ღონისძიების ეტაპობრივი შეზღუდვის სტრატეგია, ღონისძიების მოსალოდნელი ხანგრძლივობა და შესაბამისი გადასინჯვის განრიგი.
იმ შემთხვევაში, თუ ზეგავლენის შეფასების საფუძველზე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მიიჩნევს, რომ ღონისძიებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა ხელშემკვრელი მხარეების გაზის მიწოდების უსაფრთხოებას, იგი გასცემს დასკვნას ღონისძიების ცვლილებისა ან/და გაუქმების თაობაზე, რომელსაც შესაბამის დოკუმენტში ასახავს სამინისტრო.
მუხლი 12. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, გაზის ბაზრის მონაწილეებისა და კრიზისული მდგომარეობის მართვასთან დაკავშირებული სხვა სუბიექტების ფუნქცია და ვალდებულება
სამინისტრო ვალდებულია:
ა) იმოქმედოს გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკითხებში კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილებით;
ბ) გამოაცხადოს კრიზისული მდგომარეობის დონეები;
გ) შექმნას, უხელმძღვანელოს და მოიწვიოს კრიზისის საბჭო;
დ) გამოაცხადოს კრიზისული მდგომარეობის დონეები და დააკისროს ბაზრის მონაწილეებს, საჭიროების შემთხვევაში, არასაბაზრო ღონისძიებების განხორციელება;
ე) გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კოორდინაცია გაუწიოს საჯარო და კერძო სუბიექტების ქმედებებს;
ვ) შეიმუშავოს საკონტაქტო სიები და დოკუმენტების შაბლონები, აგრეთვე, უზრუნველყოს სხვა საჯარო დაწესებულებებსა და გაზის ბაზრის მონაწილეებთან თანამშრომლობისა და კოორდინირების მექანიზმის ტესტირება და მომზადების მიზნით ვარჯიშის ორგანიზება;
ზ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებზე საჯარო მომსახურების ვალდებულების, მათ შორის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ვალდებულებების დაკისრებასა და აღსრულებაზე.
თ) უზრუნველყოს კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორის ოპერატიულ ცენტრსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შორის.
კომისია:
ა) მოქმედებს კრიზისის საბჭოს წევრის უფლებამოსილებით;
ბ) თანამშრომლობს სამინისტროსთან კრიზისული მდგომარეობის დონეების გამოცხადების შემდეგ ბაზრის მონაწილეების მიერ შესრულებული ღონისძიებების მონიტორინგის საკითხებში;
გ) პასუხისმგებელია მიწოდება-მოთხოვნის ბალანსსა და ბაზრის ფუნქციონირებაზე განგაშისა და საგანგებო მდგომარეობის დონეებთან დაკავშირებით საბაზრო და არასაბაზრო მექანიზმების გავლენის შეფასებაზე;
დ) გასცემს რეკომენდაციებს კრიზისის საბჭოს ღონისძიებების კორექტირების, საგანგებო მდგომარეობის დროს ტრანსპორტირებული და მიწოდებული გაზის განფასების თაობაზე;
ე) შეისწავლის საბაზრო მექანიზმების ხელმისაწვდომობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური:
ა) მოქმედებს კრიზისის საბჭოს წევრის უფლებამოსილებით;
ბ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში, მონაწილეობს სამოქალაქო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ოპერაციებში.
ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი:
ა) მოქმედებს კრიზისის საბჭოს წევრის უფლებამოსილებით;
ბ) წარმოადგენს ინფორმაციას ბუნებრივი გაზის მიწოდებასა და მოთხოვნასთან დაკავშირებული პროგნოზებისა და გადამცემი სისტემის მდგომარეობის, მათ შორის, მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ;
გ) პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ფიზიკურ დაბალანსებასთან დაკავშირებულ ქმედებებზე;
დ) წარმოადგენს წინადადებებს საგანგებო მდგომარეობის დროს ბუნებრივი გაზის მოთხოვნის შეზღუდვის ოდენობისა და მდებარეობის შესახებ და გაზის გადამცემი სისტემიდან მომხმარებლების გათიშვის თანმიმდევრობის შესრულების თაობაზე;
ე) თანამშრომლობს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებით ბუნებრივი გაზის მოთხოვნის შეზღუდვის გეგმების შემუშავების, შემოწმებისა და განახლების (ბუნებრივი გაზის გათიშვის თანმიმდევრობას ათანხმებს სამინისტროსთან), ასევე, ბუნებრივი გაზის ქსელით მოსარგებლეებსა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის მიმართულებით;
ვ) პასუხისმგებელია სისტემით მოსარგებლეებთან კომუნიკაციაზე, რომლის მიზანია ბუნებრივი გაზის მიწოდების აუცილებელი მინიმალური რაოდენობისა და შეწყვეტამდე შეტყობინების მინიმალური დროის განსაზღვრა, რაც აუცილებელია მოწყობილობის, სისტემების დაზიანების ან სხვა ზიანის პრევენციისთვის;
ზ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პრევენციული და საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებს;
თ) თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებსა და მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან;
ი) ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის უსაფრთხო მუშაობის რეჟიმს და უზრუნველყოფს სისტემის გათიშვის შემთხვევაში მის აღდგენას.
ბუნებრივი გაზის ტრეიდერები/საბითუმო მიმწოდებლები:
ა) მოქმედებენ კრიზისის საბჭოს წევრების უფლებამოსილებით;
ბ) უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას ბუნებრივი გაზის მიწოდების ნებისმიერი პოტენციური შეწყვეტის ან/და დამატებითი მოცულობის მიწოდების შესაძლებლობისა და წყვეტადი მოთხოვნის ოდენობის შესახებ ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებებში;
გ) ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, სხვა ბუნებრივი გაზის მომწოდებლებთან ბუნებრივი გაზის ოდენობების გაცვლასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ პრევენციული და საგანგებო მართვის ეროვნული გეგმით დადგენილ ღონისძიებებს;
ე) თანამშრომლობენ პარტნიორ მიმწოდებლებთან.
გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები/საცალო მიმწოდებლები:
ა) მოქმედებენ კრიზისის საბჭოს წევრების უფლებამოსილებით;
ბ) თანამშრომლობენ გადამცემი სისტემის ოპერატორებთან, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებით, ბუნებრივი გაზის მოთხოვნის შეზღუდვის გეგმების შემუშავების, შემოწმებისა და განახლების, ასევე, ქსელით მოსარგებლეებსა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის მიმართულებით. ბუნებრივი გაზის გათიშვის თანმიმდევრობას ათანხმებს სამინისტროსთან;
გ) პასუხისმგებელნი არიან ბუნებრივი გაზის შემსყიდველებთან (აბონენტებთან) კომუნიკაციაზე, რომლის მიზანია ბუნებრივი გაზის მიწოდების აუცილებელი მინიმალური რაოდენობისა და ბუნებრივი გაზის შეწყვეტამდე შეტყობინების მინიმალური დროის განსაზღვრა, რაც აუცილებელია მოწყობილობის, სისტემების დაზიანების ან სხვა ზიანის პრევენციისთვის;
დ) პასუხისმგებელნი არიან საგანგებო მდგომარეობის დროს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მართვის/შეზღუდვის განხორციელებაზე და განაწილების სისტემიდან გაზის უკანონო მითვისების კონტროლზე;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს პრევენციული და საგანგებო მართვის ეროვნული გეგმების შესაბამისად;
ვ) უზრუნველყოფენ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის უსაფრთხოებასა და მთლიანობას;
ზ) აზიარებენ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის სრული შეწყვეტის შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის შესახებ;
ბუნებრივი გაზის მსხვილი მომხმარებლები:
ა) მოქმედებენ კრიზისის საბჭოს წევრების უფლებამოსილებით;
ბ) პასუხისმგებელნი არიან ბუნებრივი გაზის მოთხოვნის მართვაზე;
გ) აწვდიან ინფორმაციას გადამცემი სისტემის ოპერატორს/განაწილების სისტემის ოპერატორს მათი ბუნებრივი გაზის მოხმარების პროგნოზებისა და ბუნებრივი გაზის მოთხოვნის შემცირების შესაძლებლობასა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საწვავზე გადართვის ღონისძიებების გააქტიურების ან ოპერირების შეწყვეტის შესახებ;
დ) პასუხისმგებელნი არიან ბუნებრივი გაზის მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მითითებების შესრულებაზე.
ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეები, კერძოდ, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორები, ელექტროენერგიის ტრეიდერები და ელექტროსადგურების ოპერატორები, მათ შორის, კრიზისის საბჭოს სპეციალური წევრები, თანამშრომლობენ და ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას ელექტროენერგიის სისტემაში ბალანსის შენარჩუნების მიზანშეწონილობის შესახებ ელექტროენერგიის წარმოებაზე თბოელექტროსადგურებისთვის შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე.
მუხლი 13. ინფორმაციის გაცვლა
1. ბუნებრივი გაზის საწარმოები ანგარიშვალდებულნი არიან კრიზისული მდგომარეობის ნებისმიერ დონეზე ყოველდღიურად მიაწოდონ სამინისტროს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ბაზრის შესაბამისი მონაწილის მიერ შესრულებული ღონისძიებებისა და მათი მოსალოდნელი ზეგავლენის შესახებ;
ბ) კრიზისულ მდგომარეობამდე შესრულებული ღონისძიებების ზეგავლენის თაობაზე;
გ) ბუნებრივი გაზის ყოველდღიური მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია და ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მომდევნო სამი დღის პროგნოზი, გამოსახული „მილიონი კუბური მეტრი დღეში“ (მლნ მ3/დღე) ერთეულში, აგრეთვე, უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ბუნებრივი გაზის დეფიციტური ოდენობა, რომელიც უნდა დაიფაროს დამატებითი ღონისძიებების განხორციელებით;
დ) ბუნებრივი გაზის ყოველდღიური ნაკადი ყველა ტრანსსასაზღვრო მიღებისა და მიწოდების პუნქტში, ასევე, ყველა იმ პუნქტში, რომელიც აკავშირებს საწარმოო ობიექტს, საცავს ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალს ქსელთან, გამოსახული „მილიონი კუბური მეტრი დღეში“ (მლნ მ3/დღე) ერთეულში;
ე) დღეებში გამოსახული ის პერიოდი, როდესაც მოსალოდნელია დაცული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველყოფა;
ვ) ბუნებრივი გაზის და ელექტოენერგიის სექტორში ზეგავლენის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი მდგომარეობის შეფასება და აუცილებელი პოტენციური ღონისძიებები;
ზ) არსებული მდგომარეობის განვითარების ხედვა (გაუმჯობესება ან გაუარესება) და დამატებითი ღონისძიებების საჭიროება ან ცვლილება კონკრეტული კრიზისული დონეების მიხედვით.
სამინისტრო უფლებამოსილია შექმნას და ექსპლუატაციაში გაუშვას ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემა, რომლის დანიშნულებაა ბუნებრივი გაზის საწარმოებისგან ინფორმაციისა და მონაცემების რეგულარულად და კონკრეტული მიზნებისთვის შეგროვება კრიზისული მდგომარეობის ნებისმიერ დონეზე.
საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ სამინისტრო შეძლებისდაგვარად სწრაფად და მისი დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი კვირისა წარუდგენს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს საგანგებო მდგომარეობის და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის დეტალურ შეფასებას, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის ეკონომიკური ზემოქმედების, ელექტროენერგეტიკის სექტორზე ზემოქმედებისა და ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარისთვის/მეზობელი ქვეყნისთვის გაწეული ან მათგან მიღებული დახმარების შეფასებას. აღნიშნული შეფასება ხელმისაწვდომი უნდა იყოს მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფისთვის და უნდა აისახოს განახლებულ პრევენციულ სამოქმედო გეგმასა და საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნულ გეგმაში.
სამინისტროსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ ეროვნულ დონეზე ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასების მიზნით, ბუნებრივი გაზის თითოეულმა საწარმომ სამინისტროს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულებების შესახებ, რომელიც მან გააფორმა ბუნებრივი გაზის შესყიდვის მიზნით ერთ წელზე მეტი მოქმედების ვადით და მოიცავს ტრანსსასაზღვრო მიმართულებას:
ა.ა) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ა.ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური მოცულობები;
ა.გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური დღიური მოცულობები განგაშის ან საგანგებო მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში;
ა.დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მიწოდების პუნქტები;
ა.ე) ბუნებრივი გაზის მინიმალური დღიური და თვიური მოცულობა;
ა.ვ) ბუნებრივი გაზის მიწოდების შეჩერების პირობები;
ა.ზ) მითითება იმის თაობაზე, არის თუ არა ხელშეკრულება ცალკე ან იმავე მიმწოდებელთან ან მის შვილობილ კომპანიებთან მის მიერ გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად 28% ზღვრის ტოლი ან მეტი;
ბ) ბუნებრივი გაზის მიწოდების იმ ხელშეკრულებების გაფორმებისთანავე ან მასში ცვლილებების შეტანისთანავე, რომელთაც გააჩნია ერთ წელზე მეტი მოქმედების ვადა, ან ისეთ ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა ან შეიცვლა წესების ძალაში შესვლის შემდგომ და ცალკე ან იმავე მიმწოდებელთან ან მის შვილობილ კომპანიებთან მის მიერ გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად უზრუნველყოფს საქართველოში გაზის წლიური მოხმარების 28%-ის ეკვივალენტური ან მეტი გაზის მიწოდებას. აღნიშნული გამოითვლება უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე. გარდა ამისა, 2025 წლის 1 იანვრამდე ბუნებრივი გაზის მწარმოებლებმა უნდა შეატყობინონ სამინისტროს ყველა მიმდინარე ხელშეკრულების შესახებ, რომელიც აკმაყოფილებს იმავე პირობებს. შეტყობინების ვალდებულება არ გულისხმობს ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და არ ვრცელდება მხოლოდ გაზის ფასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე. შეტყობინების ვალდებულება ასევე ვრცელდება ყველა კომერციულ შეთანხმებაზე, რომელიც ეხება გაზის მიწოდების ხელშეკრულების გაფორმებას, ფასის შესახებ ინფორმაციის გარეშე.
სამინისტრო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მონაცემებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიაწვდის პირის იდენტიფიცირების გარეშე. ხელშეკრულებების გაფორმების ან მიმდინარე ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში სრული მონაცემები წარდგენილი იქნება შესაბამისი წლის სექტემბრის თვის ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს გაუჩნდება ეჭვი, რომ ამ მუხლის მე-4 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის მიხედვით მიღებული ხელშეკრულება საქართველოს გაზის მიწოდების უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს, მან ხელშეკრულების შესახებ უნდა აცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.
გაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძირითადი გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებების გამჭვირვალობის გარანტიის აუცილებლობით გამართლებულ გარემოებებში, თუ სამინისტრო ან ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ჩათვლის, რომ გაზის მიწოდების ხელშეკრულებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს გაზის მიწოდების უსაფრთხოებას, სამინისტროს ან ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შეუძლია, გაზის მიწოდების უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შეფასების მიზნით, მოსთხოვოს ბუნებრივი გაზის საწარმოს ხელშეკრულების მიწოდება ფასის შესახებ ინფორმაციის გარეშე. აღნიშნული მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება შეეხებოდეს აგრეთვე ნებისმიერი სხვა კომერციული ხელშეკრულების შესახებ მონაცემებს, რომელიც იქნება მიზანშეწონილი გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად ფასის შესახებ ინფორმაციის გარეშე. აღნიშნული დასაბუთება უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ტვირთის პროპორციულობას.
სამინისტრო, წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის ან მე-6 პუნქტის საფუძველზე ინფორმაციის მიღების შემდეგ, სამი თვის ვადაში შეაფასებს მიღებულ ინფორმაციას გაზის მიწოდების უსაფრთხოების მიზნებთან დაკავშირებით და მათი შეფასების შედეგებს წარუდგენს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.
რისკების შეფასების, პრევენციული სამოქმედო გეგმისა და საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმის ან მათი განახლებული ვერსიების მომზადებისას სამინისტრო მხედველობაში იღებს წინამდებარე მუხლის თანახმად მიღებულ ინფორმაციას. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შეუძლია წარმოადგინოს მოსაზრება, რომლითაც შესთავაზებს სამინისტროს ცვლილებების განხორციელებას რისკების შეფასების დოკუმეტში ან გეგმებში ამ მუხლის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. სამინისტრო განიხილავს მოთხოვნით გათვალისწინებული რისკების შეფასების დოკუმენტს და იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.
ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე მიღებული ყველა ხელშეკრულების ან სახელშეკრულებო ინფორმაციის, აგრეთვე, სამინისტროს ან ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი შეფასებების კონფიდენციალობა უნდა იქნეს დაცული. სამინისტრო და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უზრუნველყოფენ სრული კონფიდენციალობის დაცვას.
მუხლი 14. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა
კანონის 143-ე მუხლის შესაბამისად სამინისტრო უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობას კომისიასთან, ბუნებრივი გაზის გადამცემ ოპერატორებთან და სხვა ეროვნულ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით.
ბუნებრივი გაზის საწარმოები ვალდებული არიან, სამინისტროს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ანალიზის მიზნით მიაწოდონ ყოველგვარი ინფორმაცია, რაც აუცილებელი იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგის ფუნქციის შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად
მუხლი 15. კონფიდენციალურობის დაცვა
1. ამ წესის მე-13 მუხლის პირველი, მე-2, მე-5-მე-7 პუნქტების შესაბამისად მიღებულ, გაზიარებულ ან გადაცემულ ნებისმიერ პროფესიული საიდუმლოებაზე, გარდა მე-17 მუხლში ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული შეფასების შედეგებისა, ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის პირობები.
2. კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება ეკისრება ნებისმიერ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ წესებით გათვალისწინებული დებულებები.
3. ამ წესით გათვალისწინებულ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 16. რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობა
რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტრო და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორები ხელს უწყობენ ამ წესის მიზნების მიღწევას, შიდასახელმწიფოებრივი ღონისძიებების მხარდაჭერით. საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებას;
ბ) ინფორმაციის, გამოცდილების, სასწავლო პროგრამებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას და გაზიარებას;
გ) კვლევის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობასა და სამეცნიერო-ტექნიკურ ცოდნაზე წვდომის უზრუნველყოფას.
მუხლი 17. ინფორმაციის მიწოდების წესი
რისკების შეფასება, პრევენციული სამოქმედო გეგმა, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა და ყველა სხვა დოკუმენტი უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ელექტრონული ფორმით. შეტყობინებასთან დაკავშირებული ყველა კორესპონდენცია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა გადაეცეს ელექტრონულად.
danarti 1.doc ⬇
დანართი I
ეროვნული რისკების შეფასების ნიმუში
ზოგადი დებულებები
წინამდებარე რისკების შეფასების მომზადებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოს დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფუნქცია დელეგირებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, მიეთითება პასუხისმგებელი ორგანო(ები)ს დასახელება.
სისტემის აღწერილობა
საქართველოს ბუნებრივი გაზის სისტემის ზოგადი აღწერილობა, რომელიც ითვალისწინებს:
ა) ბუნებრივი გაზის მოხმარების ამსახველ ძირითად მონაცემებს: გაზის ყოველწლიური საბოლოო მოხმარება (მილიარდი კუბური მეტრი - მლრდ.მ3) და კატეგორიებად დაყოფა მომხმარებლების ტიპისა და პიკური მოთხოვნის მიხედვით (მლნ.მ3/დღ.);
ბ) ბუნებრივი გაზის სისტემის ფუნქციონირების აღწერილობას, ინფრასტრუქტურის ჩათვლით (იმ მოცულობით, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით), არსებული გარემოებიდან გამომდინარე, გათხევადებული გაზის სისტემის გათვალისწინებით;
გ) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებისთვის მიზანშეწონილი ძირითადი ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებას;
დ) ბუნებრივი გაზის იმპორტის წყაროების კატეგორიებად დაყოფას შეძლებისდაგვარად, იმპორტიორი ქვეყნის მიხედვით;
ე) ბუნებრივი გაზის საცავის აღწერილობას, რაც, არსებული გარემოებიდან გამომდინარე, მოიცავს:
ე.ა) ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობას (ჯამური და სამუშაო) გათბობის სეზონზე არსებულ მოთხოვნასთან შედარებით;
ე.ბ) საცავიდან ბუნებრივი გაზის ამოღების მაქსიმალურ დღიურ მოცულობას სხვადასხვა შევსების დონეზე (საუკეთესო შემთხვევაში, სრული მოცულობის და სეზონის დასასრულს არსებულ დონეებზე);
ვ) შიგა წარმოების აღწერილობას, რომელიც ითვალისწინებს:
ვ.ა) ბუნებრივი გაზის წარმოების მოცულობას გაზის წლიურ საბოლოო მოხმარებასთან მიმართებით;
ვ.ბ) ბუნებრივი გაზის წარმოების მაქსიმალურ დღიურ მოცულობას;
ზ) ბუნებრივი გაზის აღწერილობას ელექტროენერგიის წარმოებაში (მათ შორის, მისი მნიშვნელობა, როგორც განახლებადი ენერგიის წყაროების სარეზერვო საშუალება), მათ შორის, ბუნებრივ გაზზე მომუშავე წარმოების საშუალებების სიმძლავრე (ჯამური (ელექტრომეგავატი (MWe)) და მთლიანი წარმოების სიმძლავრის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით) და კოგენერაცია (ჯამური ელექტრომეგვატი (MWe)) და მთლიანი წარმოების სიმძლავრის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით).
ინფრასტრუქტურის სტანდარტი
ინფრასტრუქტურის სტანდარტთან შესაბამისობის აღწერა, (N-1) ფორმულისთვის გამოყენებული ძირითადი მნიშვნელობების (პირდაპირ დაკავშირებული ხელშემკვრელი მხარეების/მეზობელი ქვეყნების, მოთხოვნის მართვის ღონისძიებებთან), მისი შესაბამისობის ალტერნატიული ვარიანტების და არსებული ორმხრივი მიმართულების სიმძლავრეების ჩათვლით, შემდეგნაირად:
ა) (N-1) ფორმულა:
ა.ა) ბუნებრივი გაზის ერთი ყველაზე მაღალი სიმძლავრის (უმსხვილესი) ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება;
ა.ბ) (N-1) ფორმულის გაანგარიშება;
ა.გ) (N-1) ფორმულაში გამოყენებული ყველა ელემენტისთვის მნიშვნელობების, მათ შორის იმ შუალედური მნიშვნელობების აღწერილობა, რომლებიც გამოიყენება მათი გაანგარიშებისთვის (მაგალითად, EPm-ის შემთხვევაში, მიეთითება ამ პარამეტრით გათვალისწინებული ყველა მიღების პუნქტის სიმძლავრე);
ა.დ) (N-1) ფორმულაში (მაგალითად, Dmax) პარამეტრების გაანგარიშებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგიების მითითება, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დამატებითი ახსნა-განმარტებისთვის გამოიყენება დანართები);
ა.ე) (N-1) ფორმულის გაანგარიშების შედეგების ახსნა-განმარტება ბუნებრივი გზის საცავის დონის გათვალისწინებით მაქსიმალური სამუშაო მოცულობის 30%-სა და 100%-ზე;
ა.ვ) (N-1) ფორმულის სიმულაციის ძირითადი შედეგების განმარტება ჰიდრავლიკური მოდელის შეძლებისდაგვარად გამოყენებით;
ა.ზ) არსებობის შემთხვევაში, (N-1) ფორმულის გაანგარიშება მოთხოვნის მართვის ღონისძიებების გამოყენებით:
(N-1) ფორმულის გაანგარიშება ამ მუხლის შესაბამისად;
(N-1) ფორმულაში ყველა ელემენტისთვის გამოყენებული მნიშვნელობების, მათ შორის, შუალედური მონაცემების აღწერილობა, რომლებიც გამოიყენება გაანგარიშებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ განსხვავდება ამ მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტში აღწერილი მონაცებისგან;
(N-1) ფორმულაში პარამეტრების გაანგარიშებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგიების მითითება, ასეთის არსებობის შემთხვევაში (მაგალითად, Dmax) (დეტალური ახსნა-განმარტებისთვის გამოიყენება დანართები);
საბაზრო მოთხოვნის მართვის შესრულებული/შესასრულებელი ღონისძიებების ახსნა-განმარტება, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტისა და მისი მოსალოდნელი ზემოქმედების კომპენსაციისთვის (Deff).
ბ) ორმხრივი მიმართულების სიმძლავრე:
ბ.ა) მიეთითება ურთიერთდაკავშირების პუნქტები, რომლებიც აღჭურვილია ორმხრივი მიმართულების სიმძლავრითა და ორმხრივი მიმართულების ნაკადების მაქსიმალური სიმძლავრით;
ბ.ბ) მიეთითება ის შეთანხმებები, რომლებიც არეგულირებს რევერსიული ნაკადის სიმძლავრის გამოყენებას (მაგალითად, წყვეტადი სიმძლავრე);
ბ.გ) მიეთითება ურთიერთდაკავშირების პუნქტები, რომლებიც გათავისუფლებულია ვალდებულებებისგან, ამგვარი გათავისუფლების ხანგრძლივობა და საფუძვლები.
რისკების იდენტიფიცირება
აღიწერება ის რისკფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებაზე, აგრეთვე ამგვარი ფაქტორების დადგომის ალბათობა და შედეგები.
იმ რისკ-ფაქტორების ტიპების არასრული ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს შეფასებაში შესაბამის შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანო საჭიროდ ჩათვლის:
ა) პოლიტიკური რისკფაქტორები:
ა.ა) მესამე ქვეყნებიდან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა;
ა.ბ) პოლიტიკური არეულობა (მწარმოებელ ან სატრანზიტო ქვეყანაში);
ა.გ) ომი/სამოქალაქო არეულობა (მწარმოებელ ან სატრანზიტო ქვეყანაში);
ა.დ) ტერორიზმი;
ბ)ტექნოლოგიური რისკფაქტორები:
ბ.ა) აფეთქება/ხანძარი;
ბ.ბ) ხანძარი (მითითებული ობიექტის ფარგლებში);
ბ.გ) ბუნებრივი გაზის გაჟონვა;
ბ.დ) ინფრასტრუქტურის არასათანადო მოვლა-პატრონობა;
ბ.ე) აღჭურვილობის გაუმართაობა;
ბ.ვ) ელექტროენერგიის (ან ენერგიის სხვა წყაროს) არასაკმარისი ოდენობა;
ბ.ზ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) დეფიციტი (ტექნიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობა, ინტერნეტი, SCADA პრობლემები და ა.შ.);
ბ.თ) კიბერშეტევა;
ბ.ი) მიწის სამუშაოებით (თხრა, ამოვსება, სხვა მიწის სამუშაოები) გამოწვეული ზემოქმედება;
გ)კომერციული / საბაზრო / ფინანსური რისკფაქტორები:
გ.ა) შეთანხმებები მესამე ქვეყნის მომწოდებლებთან;
გ.ბ) კომერციული დავა;
გ.დ) მესამე ქვეყნის საწარმოების მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის კონტროლი, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება მოიცავდეს არასაკმარისი ინვესტირების რისკებს, ზიანს აყენებდეს დივერსიფიკაციას ან იწვევდეს კანონმდებლობის შეუსრულებლობას;
გ.ე) ფასების ცვალებადობა;
გ.ვ) არასაკმარისი ინვესტიცია;
გ.ზ) უეცარი, მოულოდნელი პიკური მოთხოვნა;
გ.თ) სხვა რისკები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სტრუქტურული არაეფექტიანობა;
დ) სოციალური რისკფაქტორები:
დ.ა) გაფიცვები (მათ შორის, სხვადასხვა დაკავშირებულ სექტორში, როგორიცაა ელექტროენერგეტიკის სექტორი, ნავსადგურები, სატრანსპორტო სექტორი და ა.შ.);
დ.ბ) საბოტაჟი;
დ.გ) ქურდობა;
ე) ბუნებრივი რისკფაქტორები:
ე.ა) მიწისძვრა;
ე.ბ)მეწყერი;
ე.გ) წყალდიდობა (წყალმოვარდნა და ა. შ.);
ე.დ) ქარიშხალი;
ე.ე) ზვავი;
ე,ვ) არახელსაყრელი კლიმატური პირობები;
ე.ზ) ხანძარი (ობიექტის ფარგლებს გარეთ, ახლომდებარე ტყეები, მდელოები და ა.შ.).
ანალიზი
ა) განისაზღვრება საქართველოსთვის დამახასიათებელი რისკფაქტორები, მათ შორის მათი დადგომის ალბათობა და ზემოქმედება;
ბ) აღიწერება ის კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რამდენად დგას სისტემა მაღალი/მიუღებელი რისკების წინაშე;
გ) დგება შესაბამისი რისკის სცენარების ჩამონათვალი რისკ-ფაქტორებისა და მათი დადგომის ალბათობის მიხედვით და მათი შერჩევის პრინციპები.
შენიშვნა: ამგვარი შეფასებისთვის მიზანშეწონილია ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილების გამოყენება. ცხრილი-2 ითვალისწინებს ზემოქმედებისა და ალბათობის რაოდენობრივი განსაზღვრის შესაძლებლობას.
| ეფექტები | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| უმნიშვნელო | მცირე | მნიშვნელოვანი | სერიოზული | კრიტიკული | ||
|
ძალიან მაღალი | საშუალო | მაღალი | მაღალი | მაღალი | მაღალი |
| მაღალი | საშუალო | საშუალო | მაღალი | მაღალი | მაღალი | |
| საშუალო | დაბალი | საშუალო | საშუალო | მაღალი | მაღალი | |
| დაბალი | დაბალი | დაბალი | საშუალო | საშუალო | მაღალი | |
| ძალიან დაბალი | დაბალი | დაბალი | დაბალი | საშუალო | საშუალო | |
ცხრილი 1

ცხრილი 2
რისკების ანალიზი და შეფასება
უნდა მოხდეს მე-3 მუხლში წარმოდგენილი შესაბამისი რისკების სცენარების გაანალიზება. რისკების სცენარების სიმულაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების არსებული ზომები, როგორიცაა ამ წესების მე-2 მუხლში წარმოდგენილი (N-1) ფორმულის გამოყენებით გაანგარიშებული ინფრასტრუქტურის სტანდარტი, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების სტანდარტი რისკის ყოველი სცენარის მიხედვით:
ა) დეტალურად აღიწერება რისკის სცენარი, ყველა ვარაუდისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გაანგარიშების ძირითადი მეთოდოლოგიების ჩათვლით;
ბ) დეტალურად აღიწერება განხორციელებული სიმულაციის შედეგები, ზემოქმედების ხარისხის განსაზღვრის ჩათვლით (მაგალითად, მიუწოდებელი გაზის მოცულობა, სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედება, ზემოქმედება ცენტრალურ გათბობაზე, ზემოქმედება ელექტროენერგიის გამომუშავებაზე).
danarti 2.doc ⬇
დანართი II
პრევენციული სამოქმედო გეგმის ნიმუში
ზოგადი ინფორმაცია:
გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოს დასახელება.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფუნქცია დელეგირებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, მიეთითება პასუხისმგებელი ორგანო(ები)ს დასახელება.
სისტემის აღწერილობა
ბუნებრივი გაზის სისტემის ზოგადი აღწერილობა, რომელიც ითვალისწინებს:
ა) ბუნებრივი გაზის მოხმარების ამსახველ ძირითად მონაცემებს: გაზის ყოველწლიური საბოლოო მოხმარება (მილიარდი კუბური მეტრი - მლრდ.მ3) დ კატეგორიებად დაყოფა მომხმარებლების, პიკური მოთხოვნის მიხედვით (მილიონი კუბური მეტრი/დღეში - მლნ მ3/დღ);
ბ) ბუნებრივი გაზის სისტემის ფუნქციონირების აღწერილობა, ინფრასტრუქტურის ჩათვლით;
გ) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებისთვის ძირითადი ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება;
დ) ბუნებრივი გაზის იმპორტის წყაროების კატეგორიებად დაყოფა იმპორტიორი ქვეყნის მიხედვით;
ე) გაზსაცავის აღწერილობა შესაბამის შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს:
ე.ა) ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობას (ჯამური და სამუშაო) გათბობის სეზონზე არსებულ მოთხოვნასთან შედარებით;
ე.ბ) საცავიდან გაზის ამოღების მაქსიმალურ დღიურ მოცულობას სხვადასხვა შევსების დონეზე (საუკეთესო შემთხვევაში, სრული მოცულობის და სეზონის დასასრულს არსებულ დონეებზე);
ვ) შიგა წარმოების აღწერილობა, რომელიც ითვალისწინებს:
ვ.ა) ბუნებრივი გაზის წლიური წარმოების მოცულობას საბოლოო მოხმარებასთან მიმართებით;
ვ.ბ) ბუნებრივი გაზის წარმოების მაქსიმალურ დღიურ მოცულობას.
ზ) ბუნებრივი გაზის მნიშვნელობის აღწერილობა ელექტროენერგიის წარმოებაში (მაგალითად, მნიშვნელობა, მისი როლი, როგორც განახლებადი ენერგიის წყაროების სარეზერვო საშუალება), მათ შორის, ბუნებრივ გაზზე მომუშავე წარმოების საშუალებების სიმძლავრე (ჯამური (ელექტრომეგავატი (MWe)) და მთლიანი წარმოების სიმძლავრის პროცენტული მაჩვენებლის სახით) და კოგენერაცია (ჯამური ელექტრომეგვატი (MWe)) და მთლიანი წარმოების სიმძლავრის პროცენტული მაჩვენებლის სახით);
თ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების აღწერა და მათი გავლენა ბუნებრივი გაზის წლიურ საბოლოო მოხმარებაზე.
3. რისკების შეფასების შეჯამება
ამ წესების მე-7 მუხლის შესაბამისად შესრულებული ეროვნული რისკების შეფასების შედეგების მოკლე აღწერა, მათ შორის:
ა) შეფასებული სცენარების ჩამონათვალი და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდების, ასევე გამოვლენილი რისკების/ნაკლოვანებების მოკლე აღწერილობა;
ბ) რისკების შეფასების შედეგად მიღებული ძირითადი დასკვნები.
4. ინფრასტრუქტურის სტანდარტი
აღწერა, ინფრასტრუქტურის სტანდარტთან შესაბამისობაზე, (N-1) ფორმულისთვის გამოყენებული ძირითადი მნიშვნელობების (მეზობელი ქვეყნების, მოთხოვნის მართვის ღონისძიებებთან) მისი შესაბამისობის ალტერნატიული ვარიანტების და არსებული ორმხრივი სიმძლავრეების ჩათვლით, შემდეგნაირად:
ა) (N–1) ფორმულა:
ა.ა) ბუნებრივი გაზის ერთი ყველაზე მაღალი სიმძლავრის (უმსხვილესი) ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება;
ა.ბ) (N–1) ფორმულის გაანგარიშება;
ა.გ) (N–1) ფორმულაში ყველა ელემენტისთვის გამოყენებული მნიშვნელობების, მათ შორის იმ შუალედური მნიშვნელობების აღწერილობა, რომლებიც გამოიყენება მათი გაანგარიშებისთვის (EPm-ის შემთხვევაში მიეთითება ამ პარამეტრით გათვალისწინებული ყველა მიღების პუნქტის სიმძლავრე);
ა.დ) (N–1) ფორმულაში (მაგალითად, Dmax) პარამეტრების გაანგარიშებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგიების მითითება, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დამატებითი განმარტებისთვის გამოიყენება დანართები);
ა.ე) არსებობის შემთხვევაში, (N–1) ფორმულის გაანგარიშება ბუნებრივი გაზის მოთხოვნის მართვის ღონისძიებების გამოყენებით:
(N–1) ფორმულის გაანგარიშება ბუნებრივი გაზის უსაფრთხოების წესების (შემდგომში - წესები) IV დანართის შესაბამისად;
(N–1) ფორმულაში ყველა ელემენტისთვის გამოყენებული მნიშვნელობების, მათ შორის შუალედური მონაცემების აღწერილობა, რომლებიც გამოიყენება გაანგარიშებისთვის (იმ შემთხვევაში, თუ განსხვავდება წესების მე-3 მუხლის (ა) პუნქტის (iii) ქვეპუნქტში აღწერილი მონაცემებისგან),
N-1 ფორმულაში პარამეტრების გაანგარიშებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგიების მითითება, ასეთის არსებობის შემთხვევაში (მაგალითად, Dmax) (დეტალური ახსნა-განმარტებისთვის გამოიყენება დანართები),
საბაზრო მოთხოვნის მართვის შესრულებული/ შესასრულებელი ღონისძიებების ახსნა-განმარტება, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის და მისი მოსალოდნელი ზემოქმედების კომპენსაციისთვის (Deff).
ბ) ორმხრივი მიმართულების სიმძლავრე:
ბ.ა) მიეთითება ურთიერთდაკავშირების პუნქტები, რომლებიც აღჭურვილია ორმხრივი მიმართულების სიმძლავრით და ორმხრივი მიმართულების ნაკადების მაქსიმალური სიმძლავრით;
ბ.ბ) მიეთითება ის შეთანხმებები, რომლებიც არეგულირებს რევერსიული ნაკადის სიმძლავრის გამოყენებას (მაგალითად, წყვეტადი სიმძლავრე);
ბ.გ) მიეთითება ურთიერთდაკავშირების პუნქტები, რომლებიც გათავისუფლებულია ვალდებულებებისგან, ამგვარი გათავისუფლების ხანგრძლივობა და საფუძვლები.
5. ბუნებრივი გაზის მიწოდების სტანდარტთან შესაბამისობა
ბუნებრივი გაზის მიწოდების სტანდარტის აღწერა, აგრეთვე ნებისმიერი გაზრდილი ბუნებრივი გაზის მიწოდების სტანდარტის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების მიზნით დაკისრებული დამატებითი ვალდებულების შესასრულებლად განსახორციელებელი ღონისძიებები:
ა) დაცული მომხმარებლების მითითება კატეგორიებისა და მათ მიერ ბუნებრივი გაზის წლიური მოხმარების ჩათვლით (კატეგორიის, წმინდა ღირებულებისა და გაზის ეროვნული წლიური საბოლოო მოხმარების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით);
ბ) ბუნებრივი გაზის მოცულობები, რომლებიც საჭიროა ბუნებრივი გაზის მიწოდების სტანდარტის შესასრულებლად;
გ) წესებში აღწერილი სცენარების შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის სტანდარტის შესასრულებლად საჭირო სიმძლავრე;
დ) ბუნებრივი გაზის მიწოდების სტანდარტების სისრულეში მოსაყვანად განხორციელებული ღონისძიება (ღონისძიებები):
დ.ა) ღონისძიებ(ებ)ის აღწერილობა;
დ.ბ) ღონისძიებების ადრესატები;
დ.გ) ნებისმიერი ex ante მონიტორინგის სისტემის აღწერა, ბუნებრივი გაზის მიწოდების სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
სანქციების რეჟიმი, არსებული გარემოებიდან გამომდინარე;
ეკონომიკური გავლენის აღწერა, ეფექტურობა, ეფექტიანობა, ღონისძიების ზემოქმედება გარემოზე და მისი გავლენა მომხმარებელზე;
არასაბაზრო ღონისძიებების შესრულების შემთხვევაში ღონისძიების აუცილებლობისა და პროპორციულობის დასაბუთება თითოეული ღონისძიების მიხედვით;
ასეთი ღონისძიების ზემოქმედების ანალიზი:
სხვა ხელშემკვრელი მხარეების მიწოდების უსაფრთხოებაზე;
ეროვნულ ბაზარზე;
ენერგეტიკული გაერთიანების ერთიან ბაზარზე;
ზემოქმედების შეფასების მოკლე შეჯამება;
ე) შესაძლებლობის შემთხვევაში, აღიწერება ბუნებრივი გაზის მიწოდების გაზრდილი სტანდარტი ან ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების მიზნით დაკისრებული დამატებითი ვალდებულება:
ე.ა) ღონისძიებ(ებ)ის აღწერილობა;
ე.ბ) სოლიდარობის სულისკვეთებით მისი ჩვეულ სიდიდემდე შემცირების მექანიზმი;
ვ) არსებული გარემოებებიდან გამომდინარე
ვ.ა) მიწოდების ნებისმიერი ახალი გაზრდილი სტანდარტის ან გაზის მიწოდების მიზნებისთვის ნაკისრი დამატებითი ვალდებულების აღწერა;
ვ.ბ) ადრესატები;
ვ.გ) ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბუნებრივი გაზის მოცულობა და სიმძლავრეები.
6. პრევენციული ღონისძიებები
არსებული ან განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების აღწერა:
ა) რისკების შეფასების დოკუმენტში ყოველი იდენტიფიცირებული რისკის შესაბამისად, მიღებული პრევენციული ღონისძიება, მათ შორის:
ა.ა) მათი ეროვნული ან რეგიონალური მასშტაბი;
ა.ბ) მათი ეკონომიკური ზემოქმედება, ეფექტურობა და ეფექტიანობა;
ა.გ) მათი გავლენა მომხმარებლებზე. საჭიროების შემთხვევაში მიეთითება:
ღონისძიებები მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთდამაკავშირებლების გასაძლიერებლად;
ღონისძიებები გაზსადენის მარშრუტებისა და მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციისთვის;
მესამე ქვეყნის საწარმოების კონტროლთან მიმართებაში მიწოდების უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ძირითადი ინფრასტრუქტურის დაცვის ღონისძიებები (მათ შორის, შესაბამისობის შემთხევაში, ზოგადი ან სექტორისთვის დამახასიათებელი ინვესტიციების შემოწმების კანონმდებლობა, სპეციალური უფლებები გარკვეული აქციონერებისთვის და ა.შ.);
ბ) არასაბაზრო ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში (თითოეული ღონისძიების მიხედვით) ღონისძიების აუცილებლობისა და პროპორციულობის დასაბუთება; ანალიზი, თუ რა ზემოქმედებას ახდენს ასეთი ღონისძიება:
ბ.ა) სხვა ხელშემკვრელი მხარეების მიწოდების უსაფრთხოებაზე;
ბ.ბ) ეროვნულ ბაზარზე;
ბ.გ) ენერგეტიკული გაერთიანების ერთიან ბაზარზე;
ბ.დ) რამდენად იქნა გათვალისწინებული ეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, მათ შორის, მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებით, მიწოდების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით;
ბ.ე) რამდენად იქნა გათვალისწინებული განახლებადი ენერგიის წყაროები მიწოდების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით.
7. სხვა ღონისძიებები და ვალდებულებები
იმ სხვა ღონისძიებებისა და ვალდებულებების აღწერა, რომლებიც დაეკისრა ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და სხვა შესაბამის ორგანოებს, რომლებმაც შესაძლოა იქონიონ ზეგავლენა ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებაზე, როგორიცაა სისტემის უსაფრთხო ოპერირების ვალდებულებები, მათ შორის ის სუბიექტები, რომლებსაც დააზარალებს აღნიშნული ვალდებულება, აგრეთვე შესაბამისი გაზის მოცულობები. ზუსტად უნდა განიმარტოს, თუ როდის და როგორ გამოიყენება აღნიშნული ღონისძიებები.
8. ინფრასტრუქტურული პროექტები
აღიწეროს სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ენერგეტიკული გაერთიანების ინტერესების პროექტები, მათი განხორციელების ვადები, სიმძლავრე და მიწოდების უსაფრთხოებაზე სავარაუდო ზემოქმედება.
9. მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საჯარო მომსახურების ვალდებულებები
მიეთითოს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საჯარო მომსახურების არსებული ვალდებულებები. მოკლედ აღიწეროს ისინი (უფრო დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანართები). ნათლად უნდა იქნეს განმარტებული, ვინ და როგორ უნდა შეასრულოს ასეთი ვალდებულებები.
10. დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები
აღიწეროს გეგმის, აგრეთვე საგანგებო გეგმის შემუშავების მიზნით გამოყენებული მექანიზმი და განხორციელებული კონსულტაციების შედეგები შემდეგ მხარეებთან:
ა) ბუნებრივი გაზის საწარმოები;
ბ) შინამეურნეობების ინტერესების წარმდგენი შესაბამისი ორგანიზაციები;
გ) შესაბამისი ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ სამრეწველო გაზის მომხმარებელთა ინტერესებს, ელექტროენერგიის მწარმოებლების ჩათვლით;
დ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანო.
11. სხვა საკითხები
ა) მიეთითება ნებისმიერი ეროვნული გარემოება და ღონისძიება, რომელიც შეესაბამება მიწოდების უსაფრთხოებას და არ არის გათვალისწინებული გეგმის წინა ნაწილებში;
ბ) მიეთითება, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული კონსულტაციის შემდეგ მიღებული შენიშვნები.
12. თანამშრომლობის მიზნით შემუშავებული მექანიზმები
აღიწეროს ის მექანიზმები, რომლებიც გამოყენებულ იქნა საქართველოსა და ხელშემკვრელ მხარეებს/მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიზნებისთვის, მათ შორის პრევენციულ სამოქმედო გეგმასა და საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნულ გეგმაში გათვალისწინებული ტრანსსასაზღვრო ღონისძიებების შემუშავებისთვის.
danarti 3.doc ⬇
დანართი III
საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმის ნიმუში
ზოგადი ინფორმაცია
წინამდებარე გეგმის მომზადებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოს დასახელება.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დავალება დელეგირებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, მიეთითოს პასუხისმგებელი ორგანო(ები).
კრიზისული მდგომარეობის დონეების განსაზღვრა
მიეთითოს ორგანო, რომელიც პასუხს აგებს თითოეული კრიზისული დონის გამოცხადებასა და ამგვარი გამოცხადების თითოეულ შემთხვევაში შესასრულებელ პროცედურებზე.
მიეთითოს ის ინდიკატორები ან პარამეტრები, მათი არსებობის შემთხვევაში, რომლითაც დგინდება, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ მოვლენამ გამოიწვიოს ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესის მნიშვნელოვანი გაუარესება და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული კრიზისული დონის გამოცხადებისას.
3. კრიზისული მდგომარეობის თითოეულ დონეზე შესასრულებელი ღონისძიებები
1. აღიწეროს ადრეული გაფრთხილების დონეზე შესასრულებელი ღონისძიებები, ყოველ ღონისძიებასთან დაკავშირებით მიეთითოს:
ა) ღონისძიების მოკლე აღწერა და მის შესრულებაში ჩართული ძირითადი სუბიექტები;
ბ) შესასრულებელი პროცედურის აღწერა არსებული გარემოებიდან გამომდინარე;
გ) ღონისძიების მოსალოდნელი ეფექტი რომელიმე კრიზისული მოვლენის ზემოქმედებასთან გამკლავებაში ან მის გამოვლენამდე მომზადებისთვის;
დ) ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის აღწერა.
2. განხორციელდეს განგაშის დონის ეტაპზე შესასრულებელი ღონისძიებების აღწერა, თითოეულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაციის მითითებით:
ა) ღონისძიების მოკლე აღწერა და მის შესრულებაში ჩართული ძირითადი სუბიექტები;
ბ) არსებული გარემოებიდან გამომდინარე, შესასრულებელი პროცედურის აღწერა;
გ) ღონისძიების მოსალოდნელი ეფექტი განგაშის დონის შემთხვევაში არსებულ სიტუაციასთან გამკლავებაზე;
დ) ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესი;
ე) იმ ანგარიშგების ვალდებულებების აღწერა, რომლებიც ეკისრება ბუნებრივი გაზის საწარმოებს განგაშის დონეზე.
3. შედგეს წინასწარგანსაზღვრული მოქმედებების ჩამონათვალი ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოთხოვნის მხარესთან დაკავშირებით, ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, მათ შორის განისაზღვროს კომერციული შეთანხმებები აღნიშნულ ქმედებებში ჩართულ მხარეებს შორის და კომპენსაციის მექანიზმები ბუნებრივი გაზის საწარმოებისთვის, საჭიროების შემთხვევაში;
4. აღიწეროს საგანგებო მდგომარეობის დონის ეტაპზე შესასრულებელი საბაზრო ღონისძიებები, თოთოეულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაციის მითითებით:
ა) ღონისძიების მოკლე აღწერა და მის შესრულებაში ჩართული ძირითადი სუბიექტები;
ბ) ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესი;
გ) არასაბაზრო ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია ან უნდა განხორციელდეს საგანგებო მდგომარეობის დონეზე, თითოეულ ღონისძიებასთან დაკავშირებით უნდა მიეთითოს:
გ.ა) ღონისძიების მოკლე აღწერა და მის შესრულებაში ჩართული ძირითადი სუბიექტები;
გ.ბ) აღნიშნული ღონისძიების აუცილებლობის შეფასება კრიზისულ მდგომარეობასთან გამკლავების მიზნით, მისი გამოყენების ხარისხის ჩათვლით;
გ.დ) ღონისძიების განხორციელების პროცედურის დეტალური აღწერა (მაგალითად, რა შეუწყობს ხელს ამ ღონისძიების შესრულებას, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას);
გ.ე) ღონისძიების მოსალოდნელი წვლილი საგანგებო მდგომარეობის სიტუაციის შერბილებაში, როგორც საბაზრო ღონისძიებებზე დამატებითი ღონისძიება;
გ.ვ) ღონისძიების სხვა ეფექტების შეფასება;
გ.ზ) ჩართულ სუბიექტებს შრის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესი;
დ) ბუნებრივი გაზის საწარმოებზე დაკისრებული ანგარიშგების ვალდებულებები.
4. ელექტროენერგიასთან დაკავშირებული სპეციალური ღონისძიებები
1. ბუნებრივი გაზის გამოყენებით გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდება:
ა) ელექტროენერგიის სექტორში ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის სავარაუდო ზემოქმედების მოკლე აღწერა;
ბ) იმ ღონისძიებებისა და მოქმედებების აღწერა, რომლებიც უნდა შესრულდეს ელექტროენერგიის სექტორზე ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის პოტენციური ზემოქმედების შესამცირებლად. ალტერნატიულად, იმის მითითებით, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი კონკრეტული ზომების მიღება;
გ) სათანადო კოორდინაციის უზრუნველსაყოფად საჭირო მექანიზმების/არსებული დებულებების აღწერა, ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის სექტორების მთავარ სუბიექტებს, კერძოდ, გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის ინფორმაციის გაცვლის ჩათვლით სხვადასხვა კრიზისული მდგომარეობის დონეზე.
5. კრიზისული მდგომარეობის მართვის საბჭო
მიეთითოს კრიზისული მდგომარეობის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტი.
6. სხვადასხვა სუბიექტის ფუნქციები და პასუხისმგებლობა
თითოეული კრიზისული მდგომარეობის დონის მიხედვით განისაზღვროს სუბიექტების ფუნქციები და პასუხისმგებლობა, მათ შორის ურთიერთქმედება კომპეტენტურ ორგანოებთან და, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან:
ა) ბუნებრივი გაზის საწარმოები;
ბ) სამრეწველო სექტორის მომხმარებლები;
გ) შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლები;
ყოველი კრიზისული მდგომარეობის დონის მიხედვით განისაზღვროს იმ კომპეტენტური ორგანოებისა და უწყებების როლები და პასუხისმგებლობა, რომლებზეც განხორციელდა ფუნქციების დელეგირება ფუნქციები.
7. იმ მომხმარებლების მხრიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ დაცულ მომხმარებლებს, ბუნებრივი გაზის არასათანადო მოხმარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
აღწეროს არსებული ღონისძიებები იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ დაცულ მომხმარებლებს, რათა შეძლებისდაგვარად და ბუნებრივი გაზის სისტემის უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციისთვის საფრთხის გარეშე ან სახიფათო სიტუაციების შექმნის გარეშე, თავიდან აიცილოთ დაცული მომხმარებლებისთვის განკუთვნილი გაზის მიწოდება. მიეთითოს ღონისძიების ხასიათი (ტექნიკური და ა.შ.), ძირითადი სუბიექტები და შესასრულებელი პროცედურები.
8. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ტესტები
მიეთითოს საგანგებო მდგომარეობაზე რეალურ დროში რეაგირების სიმულაციების კალენდარი.
მიეთითოს ჩართული სუბიექტები, პროცედურები და კონკრეტული მაღალი და საშუალო ზემოქმედების სცენარები.
საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმის განახლების მიზნით მოკლედ აღიწეროს ბოლო საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმის წარდგენის შემდეგ განხორციელებული ტესტები და ძირითადი შედეგები. მიუთითეთ, თუ რა ზომები იქნა მიღებული აღნიშნული ტესტების შედეგად.
9. რეგიონალური მასშტაბები და თანამშრომლობის მექანიზმები
აღიწეროს არსებული მექანიზმები თითოეული შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის/მეზობელი ქვეყნის ფარგლებში თანამშრომლობისთვის და თითოეული კრიზისული მდგომარეობის დონის შემთხვევაში სათანადო კოორდინირების უზრუნველსაყოფად. აღიწეროს პროცედურები თითოეული კრიზისული მდგომარეობის დონეზე სათანადო რეაგირებისთვის.
dnarti 4.doc ⬇
დანართი IV
N-1 ფორმულის გაანგარიშება
(N–1) ფორმულის განმარტება
(N-1) ფორმულა აღწერს გაზის ინფრასტრუქტურის ტექნიკური სიმძლავრის შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს გაზზე ჯამური მოთხოვნა საანგარიშო ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში, თუ გაზის ერთი ყველაზე მაღალი სიმძლავრის ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა გაზზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის დღის განმავლობაში, რაც სტატისტიკური ალბათობით ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ხდება.
გაზის ინფრასტრუქტურა უნდა მოიცავდეს გაზის გადამცემ ქსელს, ურთიერთდამაკავშირებლების ჩათვლით, აგრეთვე საანგარიშო ტერიტორიასთან დაკავშირებულ წარმოების, გათხევადებული ბუნებრივი გაზისა და საცავის მოწყობილობებს.
გაზის ერთი ყველაზე მაღალი სიმძლავრის ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ყველა დარჩენილი ხელმისაწვდომი გაზის ინფრასტრუქტურის ტექნიკური სიმძლავრე მინიმუმ უნდა უტოლდებოდეს საანგარიშო ტერიტორიაზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის დღის განმავლობაში გაზზე დღიური მოთხოვნის ჯამს, რაც სტატისტიკური ალბათობით ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ხდება.
ქვემოთ გაანგარიშებული N -1 ფორმულის შედეგები უნდა იყოს მინიმუმ 100%-ის ტოლი.
(N -1) ფორმულის გაანგარიშების მეთოდი
$$N - 1\ \lbrack\%\rbrack = \frac{EPm + Pm + Sm + LNGm - Im}{Dmax}\ X\ 100,\ \ N - 1\ \geq 100\%$$
გაანგარიშებისთვის გამოყენებული პარამეტრები მკაფიოდ უნდა იქნეს აღწერილი და დასაბუთებული.
EPm-ის გაანგარიშების მიზნით, უნდა იყოს წარმოდგენილი მიღების პუნქტების დეტალური ჩამონათვალი და მათი ინდივიდუალური სიმძლავრე.
(N -1) ფორმულის პარამეტრები
„საანგარიშო ტერიტორია“ ნიშნავს გეოგრაფიულ ტერიტორიას, რომლისთვისაც ხდება N-1 ფორმულის გაანგარიშება, კომპეტენტური ორგანოს განსაზღვრებისამებრ.
მოთხოვნის მართვის განმარტება
„Dmax“ ნიშნავს საანგარიშო ტერიტორიაზე გაზზე ჯამურ დღიურ მოთხოვნას (მლნ მ3/დღეში), გაზზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის დღის განმავლობაში, რაც სტატისტიკური ალბათობით ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება.
მიწოდების მართვის განმარტებები
„EPm“: მიღების პუნქტების ტექნიკური სიმძლავრე (მლნ მ3/დღეში), გარდა წარმოების, გათხევადებული ბუნებრივი გაზისა და საცავის მოწყობილობების სიმძლავრეებისა, რომლებიც იფარება Pm, LNGm და Sm-ით და რომელიც წარმოადგენს საანგარიშო ტერიტორიაზე გაზის მიწოდების უნარის მქონე საზღვართშორისი მიღების პუნქტების ტექნიკური სიმძლავრეების ჯამს.
„Pm“: წარმოების მაქსიმალური ტექნიკური სიმძლავრე (მლნ მ3/დღეში), რომელიც აღნიშნავს ყველა იმ გაზის საწარმოო (მომპოვებელი) ობიექტის მაქსიმალური ტექნიკური დღიური წარმოების სიმძლავრეების ჯამს, რაც შესაძლოა მიწოდებულ იქნეს საანგარიშო ტერიტორიის მიღების პუნქტებში.
„Sm“: გაზსაცავიდან გაზის მიღების მაქსიმალური ტექნიკური შესაძლებლობა (მლნ მ3/დღეში) აღნიშნავს ყველა გაზსაცავიდან გაზის მაქსიმალური ტექნიკური დღიური ამოღების მოცულობის ჯამს, რომლებიც შესაძლოა მიწოდებულ იქნეს საანგარიშო ტერიტორიის მიღების პუნქტებში, მათი შესაბამისი ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
„LNGm“: გათხევადებული ბუნებრივი გაზის საცავის ტექნიკური სიმძლავრე (მლნ მ3/დღეში) აღნიშნავს საანგარიშო ტერიტორიაზე გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებიდან მაქსიმალური ტექნიკური დღიური ამოღების (send-out) შესაძლებლობას, ისეთი კრიტიკული ელემენტების გათვალისწინებით, როგორიცაა გადმოტვირთვა, დამხმარე მომსახურებები, გათხევადებული ბუნებრივი გაზის დროებითი საცავი და ხელახალი გაზიფიცირება, აგრეთვე სისტემაში შესვლის (send-out) ტექნიკური სიმძლავრე.
„Im“ აღნიშნავს ერთი გაზის ყველაზე მაღალი სიმძლავრის ინფრასტრუქტურის ტექნიკურ სიმძლავრეს (მლნ მ3/დღეში), რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი გამტარუნარიანობა საანგარიშო ტერიტორიაზე მიწოდებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გაზის ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია საერთო მიწოდების ან ტრანსპორტირება-განაწილების ინფრასტრუქტურასთან და მათი ოპერირება ცალ-ცალკე შეუძლებელია, ისინი განხილული უნდა იქნეს, როგორც ერთიანი გაზის ინფრასტრუქტურა.
4. (N–1) ფორმულის გაანგარიშება მოთხოვნის მართვის ღონისძიებების გამოყენებით
$$N - 1\ \lbrack\%\rbrack = \frac{EPm + Pm + Sm + LNGm - Im}{Dmax - Deff}\ X\ 100,\ \ N - 1\ \geq 100\%$$
მოთხოვნის მართვის განმარტება
„Deff“ ნიშნავს Dmax-ის ნაწილს, რომელიც გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება სრულად და დროულად დაიფაროს მოთხოვნის მართვის საბაზრო ღონისძიებებით, წესების მე-9 მუხლის (1) პუნქტის (გ) ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის (2) პუნქტის შესაბამისად.