დანართი N1
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის
წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი განკუთვნილია ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი
პირისათვის/დაწესებულებისათვის (შემდგომში - დაწესებულება)
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, გარდა სასწრაფო სამედიცინო
დახმარებისა და პირველადი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე მეწარმე ფიზიკური პირისა
(სოფლის ექიმი).
ამ წესის მიზნებისათვის პასპორტიზაციის პროცესი გულისხმობს
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მიერ დაწესებულების შესახებ
მონაცემების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებას ელექტრონული
ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე, სპეციალური ფორმისა (დანართი 1.1.) და ამ
წესის შესაბამისად.
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფორმა განეკუთვნება სამედიცინო
დოკუმენტაციის (სააღრიცხვო-საანგარიშგებო) ფორმას.
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი პასპორტიზაციის პროცესის
დასაწყებად რეგისტრაციისთვის, განცხადებით მიმართავს სამინისტროს საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტს.
რეგისტრაციის შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს ენიჭება
ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც მომხმარებელს
ეცნობება წერილობით.
ელექტრონულ პორტალზე ჩანაწერები სრულდება სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ
და გასაგებად.
ფორმა არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა
მოვალეობები
დაწესებულების პასპორტიზაციის მონაცემების სისწორეზე
პასუხისმგებელია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი
დაწესებულება.
ფორმის შევსება წარმოებს ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო
პორტალზე. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, ელექტრონული ჯანდაცვის
საინფორმაციო პორტალზე შესაბამისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის
მეშვეობით ახორციელებს ამ დაწესებულების საპასპორტო მონაცემების მართვას
ელექტრონულად.
მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ფაქტობრივი მდგომარეობის რაიმე
სახის ცვლილება ასახოს შესაბამის ელექტრონულ პორტალზე შევსებულ საკუთარი
პასპორტიზაციის მონაცემებში და მონაცემები განაახლოს ყოველი თვის პირველი
რიცხვისთვის, ამასთან:
ა) საწოლთა ფონდთან დაკავშირებული მონაცემები, კერძოდ: რეანიმაციული
(მ.შ პედიატრიული), ქირურგიული (მ.შ პედიატრიული), ინფექციური (მ.შ
პედიატრიული), სამეანო, ნეონატალური, უნდა განახლდეს ყოველი სამუშაო დღის
დასაწყისში. ცალკე მიეთითება თავისუფალ საწოლთა რაოდენობა.
ბ) თავისუფალი რეანიმაციული (მ.შ ბავშვთა) და ინფექციური (მ.შ ბავშვთა)
საწოლების, თავისუფალი ხელოვნური სუნთქვის აპარატებისა და თავისუფალი
კიუვეზების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ხარისხობრივი და რაოდენობრივი
ცვლილება უნდა აისახოს მაქსიმუმ 1(ერთი) საათის განმავლობაში.
გ) სისხლისა და სისხლის კომპონენტების მარაგების ცვლილების შესახებ
ინფორმაცია უნდა აისახოს ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში.
მუხლი 3. ფორმის შევსების ინსტრუქცია
ფორმის შევსებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი ზოგადი წესები:
სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ შევსებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის
ბლოკები და გრაფები, რომელიც სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას იძლევა
დაწესებულების საქმიანობის თაობაზე. თუ გრაფაში წარმოსადგენი ინფორმაცია
დიდი მოცულობისაა ან საჭიროებს ნუმერაციას (მაგალითად: სერტიფიცირებული
ექიმების ჩამონათვალი ერთი სპეციალობის ფარგლებში), მონაცემები
ერთმანეთისაგან უნდა გამოიყოს შესაბამისი გამყოფი ნიშნის წერტილ-მძიმე „;“
მეშვეობით.
„დაწესებულების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია“ უნდა
მიეთითოს დაწესებულების მონაცემების სვეტში, კერძოდ: დაწესებულების
საიდენტიფიკაციო კოდი, დაწესებულების დასახელება, დაწესებულების სტატუსი
(ფუნქციონირებს თუ არა), საქმიანობის შეჩერების/შეწყვეტის თარიღი,
საქმიანობის განახლების თარიღი, საქმიანობის შეჩერების/შეწყვეტის მიზეზი,
სალიცენზიო მოწმობის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სანებართვო
მოწმობის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შეტყობინება (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), დაწესებულების ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის
პირადი ნომერი. ფაქტობრივი მისამართის გრაფაში მიეთითება სამინისტროს მიერ
განსაზღვრული კოდი.
,,დაწესებულების ტიპის“ ბლოკში უნდა იქნეს
ამორჩეული დაწესებულების ის ტიპი, რომელსაც მიეკუთვნება დაწესებულება.
პასუხის შესაძლო ვარიანტებია: ამბულატორია=01; საოჯახო მედიცინის
ცენტრი=02; სპეციალიზებული ამბულატორიული დაწესებულება=03; სპეციალიზებული
კაბინეტი=04; მრავალპროფილური სტაციონარული დაწესებულება=05; მონოპროფილური
სტაციონარული დაწესებულება=06. მიეთითება მხოლოდ კოდი. ტიპიდან გამომდინარე
დაწესებულების მონაცემების სვეტში ივსება მხოლოდ ის გრაფები, რომელსაც
აკმაყოფილებს დაწესებულება.
,,ინფრასტრუქტურის მდგომარეობა“ ბლოკში, უნდა
იქნეს შეფასებული შენობის ფაქტობრივი მდგომარეობა;
ა) ,,ელექტრომომარაგების“ ბლოკში მიეთითება
ცენტრალიზებული, მუდმივი ან/და ალტერნატიული დენის წყაროს
საშუალებები, რომელსაც იყენებს დაწესებულება;
ბ) ,,წყალმომარაგების“ ბლოკში მიეთითება
ცენტრალიზებული, მუდმივი ან/და ალტერნატიული წყალმომარაგების საშუალებები,
რომელსაც იყენებს დაწესებულება;
გ) ,,ინფორმაცია შიდა ინფრასტრუქტურის შესახებ“
ბლოკში მიეთითება ექიმის (სპეციალისტების) ოთახების
რაოდენობა, მათ შორის საორდინატოროების. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში
არის საპროცედურო, დღის პალატა და საოპერაციო, მიეთითება მათი
რაოდენობა;
დ) ბლოკი ,,საწოლფონდი“ განკუთვნილია მხოლოდ
სტაციონარული დაწესებულებებისათვის. გრაფაში ,,საწოლების ჯამური რაოდენობა”
უნდა მიეთითოს სტაციონარის საწოლთა საერთო რაოდენობა, დანარჩენ გრაფებში კი
ჩამონათვალის შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
,,ინფორმაცია კადრებისა და შიდა ინფრასტრუქტურის შესახებ“
ბლოკში, მიეთითება ინფორმაცია დაწესებულების ადამიანური
რესურსების შესახებ, შესაბამის გრაფებში დაფიქსირებული
თანმიმდევრობით;
ა) ბლოკში ,,სასტერილიზაციო“, უნდა მიეთითოს
სტერილიზაციის ის სახეობები, რომელიც გამოიყენება საქმიანობის
პროცესში;
ბ) ბლოკში „აღჭურვილობა“, მიეთითება ინფორმაცია
დაწესებულებაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ გრაფების
შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). რენტგენოგრაფის შემთხვევაში
მიეთითება ის ანალოგიურია, პორტატული თუ დიგიტალური (ციფრული). ენდოსკოპის
შემთხვევაში მიეთითება ენდოსკოპ(ებ)ის სახეობა (ბრონქოსკოპი, კოლონოსკოპი,
გასტროფიბროსკოპი და სხვა). მართვითი სუნთქვის აპარატის, კომპიუტერული
ტომოგრაფისა და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის შემთხვევაში მიეთითება
მოდელი;
გ) ბლოკში „აღჭურვილობა ცივი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად“
უნდა შეივსოს მხოლოდ შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში;
ბლოკში „ლაბორატორია“ ინფორმაცია იმ სერვისების
შესახებ, რომელიც ხორციელდება ადგილზე ან ხელშეკრულებით, მიეთითება
შესაბამის სვეტში. იმ შემთხვევაში, თუ წარმოებული ლაბორატორიული სერვისების
რაოდენობა აღემატება ამ ბლოკში მითითებულს, ინფორმაცია სერვისების შესახებ
მიეთითება გრაფაში „სხვა“;
ბლოკი „ექსპერტიზა“ ივსება იმ შემთხვევაში, თუ
დაწესებულება ახორციელებს გრაფებში ჩამოთვლილ რომელიმე
სერვის(ებ)ს;
ბლოკი „აფთიაქი“ ივსება იმ შემთხვევაში, თუ
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას აქვს აფთიაქი და
მიეთითება შესაბამისი ტიპი კანონმდებლობის მიხედვით (ავტორიზებული აფთიაქი,
სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი, საცალო რეალიზაციის სავაჭრო
ობიექტი);
ბლოკი „სისხლის ბანკი“ ივსება, თუ დაწესებულება
სერვისს ახორციელებს ადგილზე ან ხელშეკრულებით. ინფორმაცია მიეთითება
შესაბამის სვეტში.
ბლოკში „სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტი“ უნდა
მიეთითოს სერვისი ხორციელდება ადგილზე, თუ ხელშეკრულებით (შესაბამის
გრაფაში). სერვისის ადგილზე წარმოების შემთხვევაში უნდა შეივსოს ინფორმაცია
ნარჩენების უტილიზაციის მეთოდისა და დანადგარის თაობაზე;
ბლოკში „სერვისების ჩამონათვალი“ სერვისის
შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: სერვისის განმახორციელებელი
აწარმოებს თუ არა კონკრეტულ სერვისს, ექიმ -სპეციალისტის სახელმწიფო
სერტიფიკატში მითითებული სპეციალობა (მაგ: გასტროენტეროლოგია - სახელმწიფო
სერტიფიკატი სპეციალობაში „გასტროენტეროლოგია“). აქვე გათვალისწინებული
უნდა იქნეს, როგორც მოზრდილთა, ისე პედიატრიული სერვისები, მათი
განხორციელების ადგილი (ადგილზე თუ ხელშეკრულებით), სპეციალისტების
რაოდენობა პირადი ნომრების მითითებით.