სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.01.2020 ბოლო ცვლილება 18.02.2020
ნომერი
№01-15/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016720
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-15/ნ

2020 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესი“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
📎 დანართები (1)
danarti 1 cv-it.doc

სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის“ (შემდგომში – წესი) მიზანია, განსაზღვროს სამუშაო სივრცეში პროფესიული რისკის შეფასების მინიმალური მოთხოვნები, პროცედურები და დაეხმაროს დამსაქმებლებს დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ღონისძიებების გატარებაში.

მუხლი 2. რეგულირების სფერო

ეს წესი ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებზე.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ ბრძანების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამსაქმებელი − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება;

ბ) დასაქმებული − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე;

გ) სხვა პირი − პირი, რომელიც დამსაქმებლის ნებართვით ან სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს სამუშაოს ან/და ახორციელებს საქმიანობას, აგრეთვე მიმწოდებელი, ვიზიტორი, საწარმოო/სამუშაო პრაქტიკის განმახორციელებელი პირი და სხვა;

დ) სამუშაო სივრცე − ყველა სამუშაო ადგილის ან/და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებული და სხვა პირი იმყოფებიან/გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დამსაქმებელი აკონტროლებს;

ე) სამუშაო ადგილი − კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებული და სხვა პირი უშუალოდ ახორციელებენ შრომით საქმიანობას;

ვ) საფრთხე − საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის (მანქანა-დანადგარების, მასალების, ნივთიერებების, სამუშაო მეთოდების, გარემო პირობების ან შრომის ორგანიზების) თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობას, გამოიწვიოს მისი დაავადება ან მის ჯანმრთელობას სხვა პრობლემები შეუქმნას;

ზ) რისკი − საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორების გავლენით დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ან მისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების ალბათობის ხარისხი, შესაბამისი შედეგის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით;

თ) შრომის უსაფრთხოება − დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციური შესაძლებლობების სამუშაოს უარყოფითი ასპექტებისაგან დაცვის სისტემა, რომელიც ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობის პირობებს ქმნის და მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს;

ი) რისკის შეფასება – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ მეთოდოლოგიას და მოიცავს სამუშაო სივრცეში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზს, შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას;

კ) ნარჩენი რისკი – საწყისი რისკის დონის შეფასება-განსაზღვრის შემდგომ საკონტროლო ღონისძებების გატარების შემდეგ დარჩენილი რისკი;

ლ) კონტროლის იერარქია – დაღმავალი მიმართულებით უპირატესი საკონტროლო ღონისძიებიდან გარდაუვალ საკონტროლო ღონისძიებაზე გადანაცვლება;

მ) საფრთხის აღმოფხვრა – რისკის პირველადი წყაროს წარმომქნელი საფრთხის აღმოფხვრა. შესაძლებელია განხორციელდეს რისკის შემცველი სამუშაო აქტივობის სრულად გამორიცხვით , შრომითი პროცესის ცვლილებით და ა.შ;

ნ) საფრთხის შემცირება – საფრხის მთლიანად აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, არსებული საფრთხის შემცირება მის წარმომქნელ პირველად წყაროში. შესაძლებელია განხორციელდეს არსებული საფრთხის მოდიფიცირებით, შრომითი პროცესის ცვლილებით, დამატებითი საინჟინრო-ტექნოლოგიური ღონისძიებების გატარებით, რომელიც ორიენტირებული იქნება საფრთხის შემცირებისკენ;

ო) საფრთხესთან ადამიანების კონტაქტის პრევენცია – საფრთხის აღმოფხვრის ან ჩანაცვლების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადამიანების საფრთხის წყაროსთან კონტაქტის პრევენცია შესაძლებელია მიღწეულ იქნას შრომითი პროცესის ცვლილებით, დამატებითი საინჟინრო-ტექნოლოგიური ღონისძიებების გატარებით, საფრთხის მიუწვდომელ ადგილზე განთავსებით;

პ) შრომის უსაფრთხო სისტემის დანერგვა – წესებისა და პროცედურების კრებული, რომელიც არეგულირებს კონკრეტულ შრომით აქტივობას. ეს შეიძლება მოიცავდეს სამუშაო ნებართვის სისტემას შრომითი საქმიანობის განხორციელებისათვის. ზოგ შემთხვევაში აღნიშნული არის სხვადასხვა მოწყობილობების ოპერირების მარტივი ინსტრუქციების კომპლექტი. სხვა შემთხვევაში იგი არის კომპლექსური წესები და პროცედურები, რომლებითაც დასაქმებული ხელმძღვანელობს სამუშაოს უსაფრთხოდ შესასრულებლად;

ჟ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები − სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოყენებული ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თავსაბურავები, ტექნიკური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალურად, დასაქმებულზე საფრთხის შემცველი ფაქტორების გავლენის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 4. რისკის შეფასება

1. რისკების შეფასება წარმოადგენს საფრთხეების იდენტიფიცირების, დასაქმებულებისა და სხვა პირების ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების, რისკების დონის შეფასების და საკონტროლო ზომების განსაზღვრის და განხორციელების პროცესს, რომლებიც ამ რისკების თავიდან აცილებაზე ან მინიმუმადე დაყვანაზეა ორიენტირებული.

2. დამსაქმებელი ვალდებულია საწარმოო გარემოს და სამუშაო პროცესის გათვალისწინებით მოახდინოს ყველა არსებული საფრთხის იდენტიფიცირება, მათგან მომდინარე რისკების შეფასება და შესაბამისი საკონტროლო ღონისძიებების დანერგვა – განხორციელება.

3. რისკის შეფასება შედგება ხუთი საფეხურისაგან:

ა) საფრთხეების იდენტიფიცირება;

ბ) პირთა წრის განსაზღვრა;

გ) რისკის შეფასება – საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა და დანერგვა;

დ) საკონტროლო ღონისძიებების გატარებაზე პასუხისმგებელი პირის და პრევენციული აქტივობების ვადების განსაზღვრა;

ე) შედეგებისა დოკუმენტირება და მონიტორინგი.

4. საფრთხის იდენტიფიცირება და რისკის შეფასება ხორციელდება არა შერჩევის პრინციპით, არამედ მთელი დაწესებულების მასშტაბით, მის ყველა სტრუქტურულ, თუ ორგანიზაციულ დონეზე. პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, რისკების შეფასება სავალდებულოა განხორციელდეს საქმიანობის ან/და დასახული ამოცანის შესრულების დაწყებამდე.

მუხლი 5. საფრთხეების იდენტიფიცირება

1. საფრთხეების იდენტიფიცირება არის მუდმივად განახლებადი პროცესი, რა დროსაც ხდება სამუშაო სივრცის და სამუშაო პროცესის სრული შესწავლა, ყველა არსებული საფრთხის გამოვლენა და აღწერა. საფრთხეების იდენტიფიცირებისას დამსაქმებელი აღწერს თუ რა ტიპის საფრთხე ემუქრება ან შესაძლოა დაემუქროს კონკრეტული სამუშაოს განმახორციელებელ დასაქმებულს ან/და მესამე პირ(ებ)ს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის, ამ სამუშაოს შესრულებისას არსებული საწარმოო გარემოს და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საფრთხე არის ზიანის მიყენების პოტენციალის მქონე ნებისმიერი ფაქტორი.

2. სამუშაო სივრცის დათვალიერებისას დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს არსებული ყველა რეგულარული და არარეგულარული სამუშაო აქტივობის შეფასება, სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენა, აღწერა,შესაძლო უბედური შემთხვევებისა და ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან აცილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ინფორმაციის მოპოვება უნდა განხორციელდეს დასაქმებულებთან, დასაქმებულთა წარმომადგენელთან შრომის უსაფრთხოების საკითხებში გასაუბრებითა და ჩართულობით . ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის, დამსაქმებელმა საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიწვიოს შესაბამისი დარგისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი.

3. საფრთხეების იდენტიფიცირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, ლოკალურ დონეზე არსებული საფრთხეები, საწარმოში წარსულში მომხდარი უბედური შემთხვევების მიზეზები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ტექნიკური აღჭურვილობიდან, გამოყენებული ან/და წარმოებული მასალებიდან/ნივთიერებებიდან მომავალი საფრთხეები.

4. მატერიალური სახის მქონე იდენტიფიცირებული საფრთხეები აღბეჭდილ უნდა იქნეს ფოტოზე/ვიდეოზე და დართულ უნდა იქნეს რისკის შეფასების დოკუმენტს.

მუხლი 6. პირთა წრის განსაზღვრა

1. დამსაქმებელმა ყოველ იდენტიფიცირებულ საფრთხესთან მიმართებით რისკის შეფასების დოკუმენტის მომზადებისას უნდა გაითვალისწინოს ყველა ის პირი, რომლებთაც შესაძლოა მიადგეს ზიანი იდენტიფიცირებული საფრთხის შედეგად. ამასთან, იდენტიფიცირებულ უნდა იქნეს ამ პირთა პოზიციები, მათი სამუშაო ადგილი.

2. პირთა წრის განსაზღვრისას დამსაქმებელმა უნდა მიუთითოს ყოველი იდენტიფიცირებული საფრთხის არსებობამ რა გავლენა შესაძლოა მოახდინოს შესაბამის ადრესატი პირის მიმართ და რა სახის ჯანმრთელობის ზიანის დადგომა არის შესაძლებელი.

3. პირთა წრის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დასაქმებულთა ყველა კონკრეტული საჭიროება (განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის, ორსული და მეძუძური ქალებისა და არასრულწლოვნებისათვის არსებული საჭიროებები).

მუხლი 7. რისკის შეფასება – საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა და დანერგვა

1. დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს სამუშაო სივრცეში/ადგილ(ებ)ზე იდენტიფიცირებული საფრთხეებიდან მომდინარე რისკის საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა და დანერგვა.

2. საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრისას დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს კონტროლის იერარქიით:

ა) საფრთხის აღმოფხვრა;

ბ) საფრთხის შემცირება;

გ) საფრთხესთან ადამიანების კონტაქტის პრევენცია (საფრთხის იზოლირება);

დ) უსაფრთხოდ მუშაობის პროცედურები;

ე) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

3. რისკის კონტროლის შესაბამისი იერარქიის არჩევისას, არსებული სამუშაო გარემოს სპეციფიკისა და თავისებურებებიდან გამომდინარე დამსაქმებელმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭორს კონტროლის იერარქიის პირველ საფეხურს (საფრთხის აღმოფხვრა), ხოლო დასაბუთებული ტექნოლოგიური მიზეზების გამო, თუ ვერ ხერხდება კონტროლის იერარქიის სრული დაცვა, იხელმძღვანელოს დაღმავალი მიმართულებით უპირატესი საკონტროლო ღონისძიებიდან ბოლო საფეხურამდე.

4. დამსაქმებელი საწყისი რისკის დონის შეფასების შემდგომ გატარებული ღონისძიებების შემდეგ აფასებს ნარჩენ რისკს და განსაზღვრავს შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ნარჩენი რისკის მართვის მიზნით.

5. იმ შემთხვევაში, როცა დასაბუთებული ტექნოლოგიური მიზეზების გამო, დამსაქმებელი ვერ ახერხებს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას სრული მოცულობით კონტროლის იერარქიის გათვალისწინებით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და სხვა აუცილებელი დოკუმენტების განხილვის შემდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ამასთანავე, შესაძლებლობის გათვალისწინებით უნდა შეიზღუდოს დასაქმებულებზე მავნე საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების დრო (დროით დაცვა). ამასთან, ყოველმა დასაქმებულმა უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია შრომის პირობების, მათი მავნეობის ხარისხის, ჯანმრთელობისათვის შესაძლო მავნე, არახელსაყრელი შედეგების, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, შრომისა და დასვენების რეჟიმის, სამედიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიებების, მავნე ფაქტორთან კონტაქტის დროის შემცირების ზომების შესახებ.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას რეკომენდირებულია დამსაქმებელმა იხელმძღვანელოს ამ წესით გათვალისწინებული რისკის დონის მართვის მეთოდოლოგიით (დანართი №1).

მუხლი 8. შედეგებისა და მონაცემების დოკუმენტირება

1. სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს რისკის შეფასების წერილობითი/ელექტრონული სახის მქონე დოკუმენტის მომზადება.

2. დამსაქმებელი უფლებამოსილია რისკის შეფასების დოკუმენტის მომზადებისას მოახდინოს ცვლილება მხოლოდ დამატების სახით ამ წესით გათვალისწინებული რისკის შეფასების დოკუმენტში იმ პირობით, რომ იგი აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მინიმალურ პირობებს. რისკის შეფასების სარეკომენდაციო ნიმუში განსაზღვრულია ამ წესის №1 დანართით.

3. დამსაქმებელი ვალდებულია რისკების შეფასების დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახადოს დასაქმებულებისათვის და ზედამხედველი ორგანოსათვის.

4. დამსაქმებლის მიერ ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრის შემდგომ, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს პრევენციული ღონისძიებებზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა.

5. დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს კონტროლი რისკების შეფასების დოკუმენტით განსაზღვრულ პრევენციული ღონისძიებების შესრულებასა და ვადებზე.

6. დამსაქმებელი ვალდებულია, ზედამხედველი ორგანოს მიერ განხორციელებული ინსპექტირებისას იდენტიფიცირებული საფრთხეებზე რეაგირება მოახდინოს ზედამხედველი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადაში.

მუხლი 9. მონიტორინგი

1. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს რისკის შეფასების შედეგების და მონიტორინგის შედეგების საჯაროობა დასაქმებულთათვის/სხვა პირთათვის და ზედამხედველი ორგანოსათვის.

2. რისკის შეფასების დოკუმენტის მონაცემების და შედეგების გადახედვა/განახლება უნდა განხორციელდეს პერიოდულად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის, იდენტიფიცირებული ახალი საფრთხის, განხორციელებული ტექნიკური ცლილების, დასაქმებულის მიერ სამუშაო ადგილის/სივრცის, საწარმოო პროცესის ცვლილების, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის, სამუშაო გარემო პირობების ცვლილების ან სხვა გარემოების არსებობის შემთხვევაში, რამაც შეიძლება წარმოშვას ახალი საფრთხე, მაგრამ არაუმეტეს შემდეგი პერიოდულობით:

ა) განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორები – 10 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) ძალიან მაღალი რისკის სექტორები – 15 კალენდარული დღის ვადაში;

გ) მაღალი რისკის სექტორები – 30 კალენდარული დღის ვადაში;

დ) საშუალო რისკის სექტორები – 4 თვის ვადაში;

ე) დაბალი რისკის სექტორები – 6 თვის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განასაზღვრული სექტორების განსაზღვრა ხორციელდება „ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდებისა და რისკის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველო მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

დანართი №1

რისკის დონის მართვის მეთოდოლოგია

მუხლი 1.

ყოველი იდენტიფიცირებული საფრთხის შემდგომ რისკის შეფასების – საკონტროლო ღონისძიებების სწორად განსაზღვრისა და დანერგვის მიზნით, რეკომენდირებულია დამსაქმებელმა განახორციელოს სავარაუდო რისკის დონის შეფასება წარმოდგენილი რისკის დონის მართვის მეთოდოლოგიით.

მუხლი 2.

1. რისკის დონის შეფასების ერთ-ერთი მეთოდია თითოეული კომპონენტის რიცხობრივი ასიგნაციის მოხდენა და მათი ნამრავლის რისკის დონედ აღქმა. რისკი დონე განისაზღვრება ზიანის მიყენების ალბათობისა და შედეგის სიმძიმის კომბინაციით. რისკის დონის განსაზღვრა ხდება არა მარტო რისკის მოხდენის ალბათობისა და შედეგის შესწავლით, არამედ ასევე ხდება რისკების ურთიერთდამოკიდებულებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. ამისათვის გამოიყენება ამ დანართით გათვალისწინებული მატრიცები.

2. ალბათობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა კონტროლის ზომები, საფრთხის ზემოქმედების სიხშირე და საფრთხესთან დაკავშირებული პირის კატეგორია. შედეგის სიმძიმე დამოკიდებულია საფრთხის სიდიდეზე ან სერიოზულობაზე (მაგალითად, ძაბვა, ტოქსიკურობა და ა.შ.).

მუხლი 3.

სავარაუდო რისკის დონის შეფასებისას/გადამოწმებისას დამსაქმებლის მიერ შეფასებულ უნდა იქნეს საწყისი(არსებული)/ნარჩენი რისკი არსებული პრევენციული მექანიზმების გათვალისწინებით, რაც მოიცავს ალბათობის, შედეგისა და რეიტინგის განსაზღვრას.

მუხლი 4.

წარმოდგენილი რისკის მატრიცის შესაბამისად, საწყისი(არსებული)/ნარჩენი რისკის დონის ალბათობისა და შედეგის დადგენის საფუძველზე განისაზღვრება საწყისი(არსებული) /ნარჩენი რისკის რეიტინგი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იდენტიფიცირებული საფრთხის შედეგად მოსალოდნელი დაზიანების შესაძლებლობის ხარისხზე. აღნიშნული კი დამსაქმებელს ეხმარება განსაზღვროს გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესაბამისი სახეები და მათი განხორციელების შესაბამისი ვადები.

რისკის შეფასების ფორმა №1

შემფასებლის სახელი და გვარი: თარიღი:
სამუშაო ობიექტის დასახელება: დრო:
სამუშაოს მოკლე აღწერა:
საფრთხეთა იდენტიფიცირება ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა პირთა წრე დაშავების / დაზიანების ტიპი არსებული კონტროლის ზომები საწყისი რისკი დამატებითი კონტროლის ზომები დარჩენილი რისკი გასატარებელი ზომები / რეაგირება შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი / ვადა გადახედვის სავარაუდო თარიღი
* * * * * *

„ა“ – ალბათობა „შ“ – შედეგი (სიმძიმე) „რ“ – რეიტინგი

რისკის შეფასების მატრიცა №1

შედეგი

5 10 15 20 25
4 8 12 16 20
3 6 9 12 15
2 4 6 8 10
1 2 3 4 5

ა ლ ბ ა თ ო ბ ა

რისკი = ალბათობა x შედეგი

ალბათობა

1= ძალიან საეჭვოა;

2 = საეჭვოა;

3 = შესაძლებელია;

4 = სავარაუდოა;

5 = განსაზღვრული/კონკრეტული შრომისუუნარობა;

შედეგი

1= უმნიშვნელო – დაზიანების გარეშე;

2= მცირე – დაზიანება საჭიროებს პირველად სამედიცინო დახმარებას;

3 = ზომიერი – დროებითი შრომისუუნარობა;

4= სერიოზული – სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა;

5= კატასტროფული – სიკვდილი ან მუდმივი შრომისუუნარობა;

შედეგი 20-25 5- 15 1-4
კრიტიკული არსებითი არაარსებითი
საჭირო ღონისძიებები სამუშაო უნდა შეჩერდეს. დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული ზომები რისკის შესამცირებლად. საოპერაციო პროცედურები და სამუშაოს შესრულების მონიტორინგი. შემუშავდეს რისკის შემცირების პროცედურები/ დაიგეგმოს რისკის შემცირების საკონტროლო ღონისძიებები. შეფასდეს პრიორიტეტები.

სამუშაოს შესრულების მონიტორინგი. პროცედურები არ არის მისაღები / საოპერაციო პროცედურები და სამუშაოს შესრულების მონიტორინგი.

შემუშავდეს რისკის შემცირების პროცედურები.

რისკის შეფასების ფორმა №2

აქტივობა, თემა საფრთხე პოტენციური ზიანი ვინ იმყოფება რისკის ქვეშ არსებული კონტროლის ზომები

ალბ.

L

შედ. სერ.

S

რისკის დონე

(L X S)

კონტროლის დამატებითი ზომები

ალბ.

L

შედ. სერ.

S

რისკის დონე

(L X S)

პასუხისმგებელი პირი შესრ. ვადა

რისკის შეფასების ფორმა №3

მომზადებულია:   ხელმოწერა რისკის დონე ობიექტი   სტატუსი  
თარიღი:   L დაბალი   ღია d/Mn
ინფ. დონე:     M საშუალო d/Mn
ხელმოწერის თარიღი:   H მაღალი შესრულდა d/Mn
  E კრიტიკული  
 
საფრთხის სურათი საფრთხის აღწერილობა საფრთხის შედეგი რისკის ქვეშ არსებული პირი RISK L X S = H,M,L,E ადგილმდებარეობა გასატარებელი ღონისძიება პასუხისმგებელი პირი დაფიქსირების თარიღი შესრულების დონე
მუშაკი კონტრაქტორი ვიზიტორი სხვა
                           
                           

რისკის შეფასების მატრიცა №2

პოტენციური შედეგის სერიოზულობა
უმნიშვნელო დაზიანებები ან დისკომფორტი. არასამედიცინო ჩვენებები დაზიანება, რომელიც საჭიროებს მკურნალობას დაზიანება, რომელიც საჭიროებს ჰოსპტალიზაციას დაზიანება/ტრამვა, რომელიც პერმანენტულად უარესდება ფატალური შემთხვევა
უმნიშვნელო – 1 ნაკლებად მნიშვნელოვანი – 2 ზომიერი – 3 მძიმე – 4 ფატალური – 5
ალბათობა მოსალოდნელია, რომ ნორმალურ სიტუაციაში რეგულარულად მოხდეს დიდი ალბათობა – 5 საშუალო 5-8 მაღალი 9-12

კრიტიკული

15-25

კრიტიკული

15-25

კრიტიკული

15-25

მოსალოდნელია, რომ ზოგჯერ მოხდეს სავარაუდო – 4 საშუალო 5-8 მაღალი 9-12 მაღალი 9-12

კრიტიკული

15-25

კრიტიკული

15-25

შეიძლება მოხდეს იშვიათად შესაძლებელი – 3 დაბალი 1-4 საშუალო 5-8 მაღალი 9-12 მაღალი 9-12

კრიტიკული

15-25

სავარაუდოდ არ მოხდება გარკვეულიდროის მანძილზე ნაკლებად სავარაუდო – 2 დაბალი 1-4 დაბალი 1-4 საშუალო 5-8 საშუალო 5-8 მაღალი 9-12
შესაძლოა ოდესმე მოხდეს, მაგრამ დიდი ალბათობით არასდროს მოხდება იშვიათი – 1 დაბალი 1-4 დაბალი 1-4 დაბალი 1-4 დაბალი 1-4 საშუალო 5-8
ალბათობა / Likelihood (L) ალბათობის ქულა პოტენციური შედეგის სერიოზულობა (S) პოტენციური შედეგის ქულა რისკის დონე L x S
დიდი ალბათობა 5 ფატალური 5 კრიტიკული E 15 – 25
სავარაუდო 4 მძიმე 4 მაღალი H 9 – 12
შესაძლებელი 3 საშუალოსიმძიმე 3 საშუალო M 5 – 8
ნაკლებად სავარაუდო 2 ნაკლებადმნიშვნელოვანი 2 დაბალიL 1 – 4
იშვიათი 1 უმნიშვნელო 1

რისკების კატეგორიები სიმძიმის მიხედვით

კრიტიკული (E) კრიტიკული შეუსაბამობა – მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და
ჯანმრთელობას და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა.
სამუშაოები უნდა შეჩერდეს დაუყოვნებლივ.
მაღალი (H) არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია, და რომელიც მოცემულ მომენტში საშიშროებას არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, თუმცა მისი გამოუსწორებლობა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხესშე უქმნის; ღონისძიებების გატარება სავალდებულოა დაუყოვნებლივ, სამუშაოების შეჩერების გარეშე.
საშუალო (M) არა არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შეჩერების გარეშე და რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის. ღონისძიებების გატარება სავალდებულოა, მაგრამ არა დაუყოვნებლივ.
დაბალი (L) მისაღები რისკი