გარემოსდაცვითი რისკების შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-791
სარეგისტრაციო კოდი
360000000.22.023.016973
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-791

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

გარემოსდაცვითი რისკების შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული „გარემოსდაცვითი რისკების შეფასების მეთოდოლოგია“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
📎 დანართები (1)
N2 791 danarti metodologia.docx

გარემოსდაცვითი რისკების შეფასების მეთოდოლოგია

მუხლი 1. მიზანი

გარემოსდაცვითი რისკების შეფასების მეთოდოლოგიის (შემდგომ-მეთოდოლოგია) მიზანია:

ა)საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) საქმიანობაში ინტეგრირებული გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული რეგულირების ობიექტის გარემოსდაცვით შემოწმებათა დაგეგმვისადმი სისტემური, რისკზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა, დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობის პოტენციური და ფაქტობრივი ზემოქმედების რისკებისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულებასთან დაკავშირებული რისკების ანალიზის საფუძველზე;

ბ) ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული რეგულირების ობიექტის გარემოსდაცვით შემოწმებათა პრიორიტეტების დადგენა, პრიორიტეტების დადგენის ორგანიზაციული ასპექტების, კრიტერიუმებისა და ალგორითმების გამოყენებით, რაც შესაძლებლობას მისცემს დეპარტამენტს გამოავლინოს და რეაგირება მოახდინოს რეგულირების ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვით რისკებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რისკი – შემოწმებათა დაგეგმვისას (სამრეწველო) საქმიანობის რისკი – საქმიანობის (პოტენციური) ზემოქმედება გარემოზე ან ადამიანთა ჯანმრთელობაზე, თუ რეგულირების ობიექტი არ იცავს გარემოსდაცვით კანონმდებლობას ან ნებართვის პირობებს;

ბ) რისკის შეფასება – პოტენციური საფრთხეებისა და ობიექტის საქმიანობის გარემოზე ფაქტობრივი ზემოქმედების გამოვლენის პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა ფაქტორს, რომელიც გათვალისწინებულია გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრისას და ფასდება პირობითი ქულებით. გარემოზე ზემოქმედებისა და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისობის კრიტერიუმების ერთობილობით გამოიხატება შესამოწმებელი ობიექტის რისკი გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე;

გ) საქმიანობის განმახორციელებელი პირი (შემდგომ – რეგულირების ობიექტი) – ობიექტი, რომელიც ახორციელებს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას;

დ) ზემოქმედების რისკი – რისკის შეფასება ეყრდნობა დაშვებას, რომ ზოგიერთ საქმიანობას, ტექნოლოგიურ პროცესს/წარმოებას, სხვა საქმიანობასთან შედარებით გააჩნია პოტენციურად უფრო ძლიერი მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, ემისიის დონისა და სახეობის, ადგილობრივი გარემოს თავისებურებისა და ავარიის რისკის გათვალისწინებით და საჭიროებს შედარებით ინტენსიურ კონტროლს;

ე) ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკი – რისკის შეფასება, რომელიც დაკავშირებულია რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხარისხთან და გამოიყენება ზემოქმედების დადგომის ალბათობის დონის განსაზღვრისათვის;

ვ) ზემოქმედების კრიტერიუმი (Impact Criteria – IC) – კრიტერიუმი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გარემოზე ფაქტობრივი ზემოქმედების შეფასებისთვის რისკის შეფასების პროცედურების გამოყენებით;

ზ) ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული კრიტერიუმი (Operator Performance Criteria – OPC) – კრიტერიუმი, რომლებიც ასახავენ ოპერატორების მიერ საქმიანობის განხორციელებისას შესაბამისი ნორმატიული აქტების დაცვის ხარისხს.

მუხლი 3. გეგმური შემოწმების სახეები და სიხშირე

1. რეგულირების ობიექტის საქმიანობის რისკიდან და შემოწმების მიზნიდან გამომდინარე, შემოწმება შეიძლება იყოს კომპლექსური (ინტეგრირებული) და მიზნობრივი.

2. კომპლექსური (ინტეგრირებული) შემოწმება მოიცავს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებით დადგენილ სანებართვო პირობების სრულ შემოწმებას.

3. მიზნობრივი ინსპექტირება ხორციელდება კონკრეტული მოთხოვნების/ვალდებულებების შესრულების ან/და გარემოს ცალკეული კომპონენტების მდგომარეობის შესასწავლად ან მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე. მიზნობრივი ინსპექტირება ასევე შესაძლებელია დაიგეგმოს ამ ბრძანების დანართი №3-ის – „ზემოქმედების კრიტერიუმები და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული კრიტერიუმები ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მფლობელებისთვის“ ზემოქმედების კრიტერიუმების მაჩვენებლების მიხედვით.

4. მიზნობრივი განმეორებითი ინსპექტირება, ასევე ხორციელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების შემოწმებისას აღნიშნული ნებართვის პირობებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ამ შემოწმებიდან 6 თვის ვადაში.

5. შემოწმებათა განხორციელების სიხშირის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საქმიანობის პოტენციური რისკის დონე გარემოსათვის (ზემოქმედების რისკი) და კონკრეტული რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესაბამისობა გარემოსდაცვით რეგულაციებთან (ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკი).

6. შემოწმების სიხშირეზე შესაძლოა გავლენა იქონიონ ისეთმა ფაქტორებმაც, როგორიცაა: სამინისტროს და დეპარტამენტის პრიორიტეტები, გარემოსდაცვითი შემოწმების ეროვნული სტრატეგია, ნორმატიული აქტები, დეპარტამენტში არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსები.

7. რისკების შეფასების შედეგების მიხედვით რეგულირების ობიექტი იყოფა რისკის ორ კატეგორიად: მაღალი და დაბალი რისკის მქონე ობიექტებად და განისაზღვრება მეთოდოლოგიის დანართი №1 -ის „შესამოწმებელი დაბალი რიკის ობიექტების მინიმალური რაოდენობა“ შესაბამისად.

8. რეგულირების ობიექტის შემოწმებათა პერიოდულობა (სიხშირე) ეფუძნება გარემოსდაცვითი რისკების შეფასების შედეგებს:

ა) მაღალი რისკის მქონე საქმიანობისთვის – არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს;

ბ) დაბალი რისკის მქონე საქმიანობისთვის −არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.

მუხლი 4. რეგულირების ობიექტის გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვის ზოგადი სისტემა

1. რეგულირების ობიექტის ყოველწლიური შემოწმებების დაგეგმვის პროცესი ითვალისწინებს ყოველწლიური გარემოსდაცვითი შემოწმების პროგრამის (შემდგომ – შემოწმების პროგრამა) მომზადებას, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგენით.

2. შემოწმების პროგრამის პროექტის შედგენისას რეგულირების ობიექტის შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ანგარიშის მომზადებას, შემოწმების პროგრამის პროექტის შემუშავებას და დამტკიცებული პროგრამის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგს ახორციელებს დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახური, ხოლო წლიური გარემოსდაცვითი შემოწმებათა პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინაციას და ზედამხედველობას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.

3. წლიური შემოწმების პროგრამის პროექტი წარედგინება დეპარტამენტის უფროსს არაუგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა.

4. გარემოსდაცვითი შემოწმების პროგრამის შესრულების საბოლოო ანგარიში წარედგინება დეპარტამენტის უფროსს მომდევნო წლის პირველ კვარტალში.

მუხლი 5. შემოწმების პროგრამის შინაარსი

შემოწმების პროგრამაში აისახება: ობიექტის დასახელება, ობიექტის საქმიანობის სახე, ადგილმდებარეობა, შემოწმების მიზანი, ნებართვის ნომერი, შემოწმების განხორციელების პერიოდი (კვარტალი), შემოწმებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, შემოწმებაში მონაწილე სხვა სამსახურები/სტრუქტურული ერთეულები (მათი არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 6. შემოწმების დაგეგმვის ეტაპები

1. შემოწმების დაგეგმვა ხორციელდება შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

ა) რეგულირების ობიექტის სტრუქტურის ანალიზი:

ა.ა) რეგულირების ობიექტის იდენტიფიცირება;

ა.ბ) რეგულირების ობიექტის შესახებ მონაცემების (მათ შორის, ინფორმაცია გაცემული ნებართვის შესახებ, განხორციელებული ინსპექტირებისა და გატარებული რეაგირების შესახებ, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სხვა უწყებებიდან, რეგულირების ობიექტიდან მიღებული ინფორმაცია და სხვა) უწყვეტი შეგროვება და განახლება.

ბ) პრიორიტეტების მიმოხილვა:

ბ.ა) დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული შესამოწმებელ საქმიანობათა პრიორიტეტული მიმართულებები და რისკ-ფაქტორები, როგორც მაღალი, ისე დაბალი რისკის ობიექტებისათვის;

ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, სექტორული, რეგიონული და ადგილობრივი პრიორიტეტები;

გ) შემოწმებას დაქვემდებარებული ობიექტების განსაზღვრა:

გ.ა) რეგულირების ობიექტის შესახებ დეპარტამენტში არსებული მონაცემების საფუძველზე და რეგულირების ობიექტის რაოდენობიდან გამომდინარე;

გ.ბ)დეპარტამენტში არსებული ადამიანური და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური რაოდენობა დაბალი რისკის ობიექტებისათვის ერთ სამოქმედო ტერიტორიაზე განისაზღვრება დანართი № 2-ის – „ობიექტის შემოწმების სიხშირე პირობითი ქულებით რისკების შეფასების შესაბამისად“ და/ან დამატებითი კრიტერიუმების საფუძველზე.

დ) შემოწმებათა ჩატარების სიხშირის განსაზღვრა:

დ.ა) მეთოდოლოგიის საფუძველზე შეფასდება ზემოქმედების რისკები და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები რეგულირების ობიექტის მიხედვით;

დ.ბ) განხორციელდება ობიექტების კატეგორიზაცია მაღალი და დაბალი რისკის ობიექტებად;

დ.გ) ამავე პროცესში განისაზღვრება გეგმური შემოწმების სახე (კომპლექსური/ინტეგრირებული, მიზნობრივი).

მუხლი 7. შემოწმებათა წლიური პროგრამის საჯაროობა

შემოწმებათა წლიური გეგმა საჯაროა და ექვემდებარება დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებას.

მუხლი 8. რისკების შეფასების სისტემა

1. რეგულირების ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის დასადგენად გამოიყენება პირობით ქულებზე დაფუძნებული რისკების შეფასების სისტემა.

2. რისკების შეფასების სისტემას საფუძვლად უდევს:

ა) ზემოქმედების კრიტერიუმი, რომელთა განსაზღვრა ხდება მარეგულირებელ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს კომპლექსურად, სხვადასხვა გამოკვლევებზე, შეფასებებზე, სხვა მარეგულირებელ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით; ასევე ობიექტის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესახებ ინფორმაციის, ინსპექტირების შედეგების, რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების, სამინისტროს ან სხვა უწყებების/ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და საჩივრების საფუძველზე;

ბ) ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული კრიტერიუმი, რომელთა განსაზღვრა ასევე ხორციელდება ინსპექტირების შედეგების, რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშებისა და ობიექტის მიერ შესაბამისი კანონების, წესებისა და დარგობრივი რეგლამენტების დაცვის ხარისხის შეფასების საფუძველზე.

3. კონკრეტული ობიექტისათვის რისკის დონე (მაღალი რისკის, დაბალი რისკის) და შემოწმების სიხშირე განისაზღვრება ზემოქმედების რისკისა და საქმიანობის რისკის კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული პირობითი ქულების დანართი №3-ის და დანართი №1-ის შესაბამისად.

4. რისკის მახასიათებელი პირობითი ქულების ჯამური მაჩვენებელი შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს რისკ-ფაქტორების, პრიორიტეტულობის ცვლილებისა და ინსპექტირების შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

5. საჭიროების შემთხვევაში, პირობითი ქულების ერთნაირი ჯამური მაჩვენებელის მქონე ობიექტებიდან შესამოწმებელი ობიექტის შესარჩევად შესაძლებელია დამატებითი კრიტერიუმების გამოყენება შესაბამისი დასაბუთებით, რომელიც თანხმდება დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მთავარ სახელმწიფო ინსპექტორთან.

მუხლი 9. შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის ეტაპები

1. შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრა ხორციელდება რამდენიმე ეტაპად:

ა) ეტაპი 1 – რეგულირების ობიექტის იდენტიფიცირება;

ბ) ეტაპი 2 – რეგულირების ობიექტის ზემოქმედების რისკებისა და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება კრიტერიუმებისთვის მინიჭებული პირობითი ქულებით ამ მეთოდოლოგიის დანართი №3-ის შესაბამისად, რომლის განახლება ხორციელდება 3 წელიწადში ერთხელ;

გ) ეტაპი 3 – პირობითი ქულების გაანგარიშება განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების ან/და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით;

დ) ეტაპი 4 – რეგულირების ობიექტის განაწილება რისკის კატეგორიების მიხედვით, დანართი №1-ის შესაბამისად.

2. მეთოდოლოგია და მასში ასახული კრიტერიუმები ექვემდებარება სრულყოფას და პერიოდულ გადახედვას მისი პრაქტიკაში გამოყენების და სხვა ობიექტური გარემოებების შესაბამისად.

დანართი №1. შესამოწმებელი დაბალი რიკის ობიექტების მინიმალური რაოდენობა

ობიექტების საერთო რაოდენობა ყოველწლიურად შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობა

2-5

2

6-10

3

11-20

4

21-40

5

41-70

6

71-110

7

111-150

8

151-200

10

201-300

12

300 და მეტი

5%

დანართი № 2. ობიექტის შემოწმების სიხშირე პირობითი ქულებით რისკების შეფასების შესაბამისად

პირობითი ქულების ჯამი რისკის კატეგორია შემოწმების სიხშირე
30 და მეტი მაღალი რისკის 1 წელიწადში ერთხელ
30-ზე ნაკლები დაბალი რისკის 3 წელიწადში ერთხელ

დანართი №3. ზემოქმედების კრიტერიუმები და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული კრიტერიუმები ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მფლობელებისთვის

ზემოქმედების კრიტერიუმები (IC)

IC1. ობიექტის ტიპი და სახეობა

საქმიანობების ნუსხა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის დანართი 1-ის მიხედვით:

საქმიანობების ნუსხა კატეგორიების მიხედვით:

  1. ენერგიის წარმოება

  2. ლითონების წარმოება და დამუშავება

  3. მინერალური ნედლეულის გადამუშავება

  4. ქიმიური მრეწველობა

  5. ნარჩენების მართვა

  6. საქმიანობის სხვა სახეები

თუ ობიექტი ეწევა ერთზე მეტ საქმიანობას, რომლებიც კლასიფიცირდება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართის სხვადასხვა კატეგორიებად, ზემოქმედების კრიტერიუმს მიენიჭება მათგან ყველაზე მაღალი ქულა.

1. ენერგიის წარმოება ქულა
  1.1. საწვავის წვა დანადგარებში („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში გამოყენებული დანადგარების გარდა), რომელთა ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 50 მეგავატი ან 50 მეგავატზე მეტია 4
  1.2. ნავთობისა და გაზის გადამუშავება 5
  1.3. კოქსის წარმოება 5
  1.4. გაზიფიკაცია ან გათხევადება: 5
  1.4.1. ქვანახშირის
  1.4.2. სხვა მყარი საწვავის ისეთ დანადგარში, რომლის ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატი ან 20 მეგავატზე მეტია
2. ლითონების წარმოება და დამუშავება ქულა
  2.1. ლითონური მადნის (სულფიდური მადნის ჩათვლით) გამოწვა ან აგლომერაცია 5
  2.2. თუჯის ან ფოლადის წარმოება (პირველადი ან მეორეული დნობა), უწყვეტი ჩამოსხმის ჩათვლით, რომლის წარმადობა საათში 2.5 ტონას აღემატება 4
  2.3. შავი ლითონების დამუშავება: 4
  2.3.1. ცხელი გლინვის დგანების ექსპლუატაცია, საათში 20 ტონაზე მეტი არარაფინირებული ფოლადის წარმადობით
  2.3.2. სამჭედლო უროების ექსპლუატაცია, რომელთა ენერგია თითოეული უროსთვის 50 კილოჯოულს, ხოლო მოხმარებული თბოუნარიანობა 20 მეგავატს აღემატება
  2.3.3. დამცავი გამდნარი ლითონური დანაფარის დატანა, სადაც არარაფინირებული ფოლადის მოხმარება საათში 2 ტონას აღემატება
  2.4. დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი საწარმოო სიმძლავრის შავი ლითონების სამსხმელო საამქროების ექსპლუატაცია 4
  2.5. ფერადი ლითონების დამუშავება: 4
  2.5.1. არარაფინირებული ფერადი ლითონების წარმოება მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროლიტური პროცესების საშუალებით
  2.5.2. ფერადი ლითონების (მათ შორის, აღდგენილი პროდუქტების) გამოდნობა (ლეგირების ჩათვლით) და ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროების ექსპლუატაცია, სადაც გამოდნობის სიმძლავრე ტყვიისა და კადმიუმისთვის დღე-ღამეში 4 ტონას ან ყველა სხვა ლითონისთვის დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება
  2.6. ლითონების ან პლასტიკური მასალების ზედაპირული დამუშავება ელექტროლიტური ან ქიმიური პროცესების საშუალებით, სადაც დასამუშავებლად გამოყენებული აბაზანის მოცულობა 30 მ​3-ზე მეტია 3
3. მინერალური ნედლეულის გადამუშავება ქულა
  3.1. ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოება: 4
  3.1.1. ცემენტის კლინკერის წარმოება მბრუნავ გამოწვის ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 500 ტონას, ან სხვა ღუმელში, რომლის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება
  3.1.2. კირის წარმოება დღე-ღამეში 50 ტონაზე მეტი საწარმოო სიმძლავრის ღუმელში
  3.1.3. მაგნიუმის ოქსიდის წარმოება ღუმელში, რომლის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება
  3.2. აზბესტის ან აზბესტშემცველი პროდუქციის წარმოება 5
  3.3. მინის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება, სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება 3
  3.4. მინერალური ნივთიერებების გამოდნობა (მათ შორის, მინერალური ბოჭკოს წარმოება), სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება 4
  3.5. კერამიკული პროდუქციის (კერძოდ, კრამიტის, აგურის, ცეცხლგამძლე აგურის, ფილის, კერამიკული ნაკეთობის ან ფაიფურის) წარმოება გამოწვით, სადაც საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 75 ტონას აღემატება ან/და ღუმელის ტევადობა 4მ​3-ზე მეტია და სადაც თითოეულ ღუმელში ჩანატვირთის სიმჭიდროვე 300 კგ/მ​3-ზე მეტია 4
4. ქიმიური მრეწველობა ქულა
  4.1. ორგანული ქიმიური ნივთიერებების წარმოება: 4
  4.1.1. მარტივი ნახშირწყალბადების (სწორხაზოვანი ან ციკლური, ნაჯერი ან უჯერი, ალიფატური ან არომატული რიგის) წარმოება
  4.1.2. ჟანგბადშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება, როგორებიცაა სპირტები, ალდეჰიდები, კეტონები, კარბონმჟავები, რთული ეთერები და მათი ნარევები, აცეტატები, მარტივი ეთერები, პეროქსიდები და ეპოქსიდური ფისები
  4.1.3. გოგირდშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება
  4.1.4. აზოტშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება, როგორებიცაა ამინები, ამიდები, აზოტნაერთები, ნიტრონაერთები ან ნიტრატნაერთები, ნიტრილები, ციანატები, იზოციანატები
  4.1.5. ფოსფორშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება
  4.1.6. ჰალოგენშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება
  4.1.7. მეტალორგანული ნაერთების წარმოება
  4.1.8. პლასტიკური მასალების (პოლიმერების, სინთეზური და ცელულოზის საფუძველზე მიღებული ბოჭკოს) წარმოება
  4.1.9. სინთეზური კაუჩუკის წარმოება
  4.1.10. საღებავებისა და პიგმენტების წარმოება
  4.1.11.ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებისა და სურფაქტანტების წარმოება
  4.2. არაორგანული ქიმიური ნივთიერებების წარმოება 4
  4.2.1. აირების (ამიაკის, ქლორის ან ქლორწყალბადის, ფტორის ან ფტორწყალბადის, ნახშირბადის ოქსიდების, გოგირდნაერთების, აზოტის ოქსიდების, წყალბადის, გოგირდის დიოქსიდის, კარბონილქლორიდის (ფოსგენის)) წარმოება
  4.2.2. მჟავების (ქრომის მჟავას, ფტორწყალბადმჟავას, ფოსფორმჟავას, აზოტმჟავას, მარილმჟავას, გოგირდმჟავას, ოლეუმის, გოგირდოვანი მჟავების) წარმოება
  4.2.3. ფუძეების (ამონიუმის ჰიდროქსიდის, კალიუმის ჰიდროქსიდის, ნატრიუმის ჰიდროქსიდის) წარმოება
  4.2.4. მარილების (ამონიუმის ქლორიდის, კალიუმის ქლორატის, კალიუმის კარბონატის, ნატრიუმის კარბონატის, პერბორატის, ვერცხლის ნიტრატის) წარმოება
  4.2.5. არალითონების, ლითონის ოქსიდების ან სხვა არაორგანული ნაერთების (როგორებიცაა კალციუმის კარბიდი, სილიციუმი, სილიციუმის კარბიდი) წარმოება
  4.3. ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან კალიუმოვანი სასუქების (მარტივი ან რთული სასუქების) წარმოება 4
  4.4. მცენარეთა დაცვის საშუალებების ან ბიოციდების წარმოება 4
  4.5. ფარმაცევტული პროდუქციის, მათ შორის, შუალედური პროდუქტების წარმოება 4
  4.6. ფეთქებადი ნივთიერებების წარმოება 4
5. ნარჩენების მართვა ქულა
  5.1. დღე-ღამეში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების განთავსება ან აღდგენა, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე შემდეგ ოპერაციას: 4
  5.1.1. ბიოლოგიური დამუშავება
  5.1.2. ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება
  5.1.3. შერევა, 5.1 და 5.2 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ოპერაციის განხორციელებამდე
  5.1.4. გადაფუთვა, 5.1 და 5.2 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ოპერაციის განხორციელებამდე
  5.1.5. გამხსნელების აღდგენა/რეგენერაცია
  5.1.6. არაორგანული მასალების (გარდა ლითონების ან ლითონის ნაერთებისა) რეციკლირება/აღდგენა
  5.1.7. მჟავების ან ფუძეების რეგენერაცია
  5.1.8. იმ კომპონენტების აღდგენა, რომლებიც დაბინძურების შესამცირებლად გამოიყენება
  5.1.9. კატალიზატორებიდან კომპონენტების აღდგენა;
  5.1.10. ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ნარჩენების ხელახალი გამოხდა ან სხვაგვარი ხელახალი გამოყენება
  5.1.11. ზედაპირული ჩაშვება
  5.2. ნარჩენების განთავსება ან აღდგენა ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოებში: 5
  5.2.1. არასახიფათო ნარჩენების შემთხვევაში − როდესაც წარმადობა საათში 3 ტონას აღემატება
  5.2.2. სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში − როდესაც წარმადობა დღე-ღამეში 10 ტონას აღემატება
  5.3. დღე-ღამეში 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის განთავსება, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ოპერაციას, ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდასთან დაკავშირებული საქმიანობების გარდა: 4
  5.3.1. ბიოლოგიური დამუშავება
  5.3.2. ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება
  5.3.3. ნარჩენების წინასწარი დამუშავება ინსინერაციის ან თანაინსინერაციის მიზნით
  5.3.4. წიდის და ნაცრის დამუშავება
  5.3.5. ლითონის ნარჩენების, მათ შორის, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების და ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი კომპონენტების დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში
  5.4. დღე-ღამეში 75 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/ აღდგენა და განთავსება, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ოპერაციას, ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდასთან დაკავშირებული საქმიანობების გარდა: 4
  5.4.1. ბიოლოგიური დამუშავება
  5.4.2. ნარჩენების წინასწარი დამუშავება ინსინერაციის ან თანაინსინერაციის მიზნით
  5.4.3. წიდის და ნაცრის დამუშავება
  5.4.4. ლითონის ნარჩენების, მათ შორის, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების და ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი კომპონენტების დამუშავება დამაქუცმაცებელ დანადგარში
  შენიშვნა: თუ ნარჩენების დამუშავებისთვის ხორციელდება მხოლოდ ანაერობული დაშლა, წარმადობა დღე-ღამეში 100 ტონას უნდა აღემატებოდეს
  5.5. ნაგავსაყრელები, სადაც დღე-ღამეში 10 ტონაზე მეტი ნარჩენის მიღება ხორციელდება, ასევე 25 000 ტონაზე მეტი მთლიანი მოცულობის ნაგავსაყრელები, გარდა ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელებისა 5
  5.6. 50 ტონაზე მეტი მთლიანი მოცულობის სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ დანართის 5.5 პუნქტით, ამავე დანართის 5.1, 5.2, 5.5 და 5.7 პუნქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებამდე (ეს არ მოიცავს სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე დროებით დასაწყობებას, შეგროვებისთვის მომზადებას) 4
  5.7. 50 ტონაზე მეტი მთლიანი მოცულობის სახიფათო ნარჩენების მიწისქვეშ დასაწყობება 5
6. საქმიანობის სხვა სახეები ქულა
  6.1. სამრეწველო დანადგარებზე შემდეგი პროდუქციის წარმოება: 4
  6.1.1. ცელულოზა (მიღებული მერქნიდან ან სხვა ბოჭკოვანი მასალებიდან)
  6.1.2. ქაღალდი ან მუყაო, დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი წარმადობით
  6.1.3. ხის პანელები (ორიენტირებულ-ბურბუშელოვანი, მერქან-ბურბუშელოვანი ან მერქან-ბოჭკოვანი ფილები), დღე-ღამეში 600 მ​3-ზე მეტი წარმადობით
  6.2. საფეიქრო ბოჭკოს ან ქსოვილების წინასწარი დამუშავება (გამოხარშვა, გამოთეთრება, მერსერიზაცია) ან ღებვა, დღე-ღამეში 10 ტონაზე მეტი დამუშავების სიმძლავრით 3
  6.3. ტყავის თრიმლვა, დღე-ღამეში 12 ტონაზე მეტი მზა პროდუქციის წარმადობით 3
  6.4. სასაკლაოების ექსპლუატაცია, სადაც ტანხორცის წარმოების მოცულობა დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება 4
  6.5. სურსათის ან ცხოველთა კომბინირებული საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი (წინასწარ დამუშავებული ან დაუმუშავებელი) ნედლეულის დამუშავება ან გადამუშავება (შეფუთვის გარდა): 3
  6.5.1. მხოლოდ ცხოველური წარმოშობის ნედლეული (გარდა რძისა), დღე-ღამეში 75 ტონაზე მეტი მზა პროდუქციის წარმადობით
  6.5.2. მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ნედლეული, დღე-ღამეში 300 ტონაზე მეტი მზა პროდუქციის წარმადობით, ან დღე-ღამეში 600 ტონაზე მეტი წარმადობით, თუ დანადგარი წელიწადში ზედიზედ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში მუშაობს;
  6.5.3. ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნედლეული, როგორც კომბინირებული, ისე ცალკეული პროდუქტის სახით, სადაც დღე-ღამეში მზა პროდუქციის წარმადობა აღემატება 75 ტონას, თუ A უდრის 10-ს ან 10-ზე მეტია ან [300- (22,5 x A)] ტონას ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, სადაც „A“ აღნიშნავს მზა პროდუქციის წარმადობაში ცხოველური წარმოშობის მასალის მასურ წილს (წონის პროცენტული მაჩვენებლის სახით). პროდუქტის საბოლოო წონაში შეფუთვა არ გაითვალისწინება. ეს პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ნედლეული მხოლოდ რძეა.
  6.6. მხოლოდ რძის დამუშავება და გადამუშავება, როდესაც დღე-ღამეში მიღებული რძის რაოდენობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 200 ტონას აღემატება 2
  6.7. ცხოველთა ტანხორცის ან ცხოველური ნარჩენების განთავსება ან რეციკლირება, როდესაც დამუშავების სიმძლავრე დღე-ღამეში 10 ტონას აღემატება 2
  6.8. ინტენსიური მეფრინველეობა ან მეღორეობა: 2
  6.8.1. 40 000-ზე მეტი ფრინველის სადგომით
  6.8.2. 2 000-ზე მეტი სახორცე ღორის (30 კგ-ზე მეტი) სადგომით
  6.8.3. 750-ზე მეტი დედა ღორის (ნეზვის) სადგომით
  6.9. ნივთიერებების, საგნების ან პროდუქტების ზედაპირული დამუშავება ორგანული გამხსნელებით, კერძოდ, მოპირკეთების, ბეჭდვის, დანაფარის დატანის, გაუცხიმოვნების, ჰიდროიზოლაციის, დაკალიბრების, შეღებვის, გასუფთავების ან გაჟღენთვის მიზნით, სადაც ორგანული გამხსნელების მოხმარების მოცულობა საათში 150 კილოგრამს ან წელიწადში 200 ტონას აღემატება 4
  6.10. ინსინერაციით (წვით) ან გრაფიტიზაციით ნახშირბადის ან ელექტროგრაფიტის წარმოება 3
  6.11. ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ნაკადების დაჭერა ამ კანონით გათვალისწინებული ობიექტებიდან, გეოლოგიური დასაწყობების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გარდა ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობისა, რომელიც შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება 4
  6.12. ქიმიკატების გამოყენებით მერქნისა და მერქნული პროდუქტის დაცვა, სადაც წარმადობა დღე-ღამეში 75 მ​3-ს აღემატება, გარდა მერქნის სილურჯისგან დაცვის მიზნით დამუშავებისა 3
  6.13. ამ დანართით განსაზღვრული საქმიანობების შედეგად ჩაშვებული ჩამდინარე წყლების გაწმენდა დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (გარდა ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებისა) საშუალებით 2

IC2. ემისიები ჰაერში

ქულების მინიჭება ჰაერში ემისიებისათვის ემყარება შემდეგ სამ კრიტერიუმს:

  1. ემისიის წყაროების რაოდენობა

  2. უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემები

  3. წვის დიდი დანადგარები

IC2.1. ემისიის წყაროები

ქულა ემისიის წყაროების რაოდენობა
0 ემისიის წყაროების არ არის
1 ემისიის წყაროების რაოდენობა: 1-3
2 ემისიის წყაროების რაოდენობა: 4-10
3 ემისიის წყაროების რაოდენობა: 11-20
4 ემისიის წყაროების რაოდენობა: 21-50
5 ემისიის წყაროების რაოდენობა: > 50

IC2.2. უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემები

ქულა უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის ვალდებულება
0 უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვა არ არის მოთხოვნილი ნებართვით
5 უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვა მოთხოვნილია ნებართვით

IC2.3. წვის დიდი დანადგარი

ქულა წვის დიდი დანადგარი
0 ობიექტზე არ ახდენს ზეგავლენას წვის დანადგარების შესახებ კანონმდებლობა
5 ობიექტზე ახდენს ზეგავლენას წვის დანადგარების შესახებ კანონმდებლობა

სამი კრიტერიუმისათვის მიღებული ქულები იკრიბება: IC2.1, IC2.2 და IC2.3, საბოლოო ქულები მიიღება შემდეგ ცხრილში:

IC 2. ემისიები ჰაერში
IC2 ქულა ქულების ჯამი: IC2.1 + IC2.2 + IC2.3
0 0
1 1-3
2 4-6
3 7-9
4 10-12
5 13-15

IC3. ემისიები წყალში

ქულების მინიჭება წყალში ემისიებისათვის ემყარება შემდეგ ოთხ კრიტერიუმს:

  1. ჩაშვებისა და გამწმენდი სისტემის ტიპი

  2. ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილების რაოდენობა

  3. ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილი

  4. წყალაღება

IC3.1. ჩაშვებისა და გამწმენდი სისტემის ტიპი

ქულა ჩაშვების და გამწმენდი სისტემის ტიპი
0 არ ხდება ჩამდინარე წყლის ჩაშვება
1 მხოლოდ სანიტარიული ჩამდინარე წყლები (კლასიფიცირებულია როგორც საყოფაცხოვრებო კანალიზაცია) და/ან ზედაპირული ჩამდინარე წყლები
3 საწარმოო ჩამდინარე წყლები ან სანიტარული ჩამდინარე წყლები (კლასიფიცირებულია როგორც საყოფაცხოვრებო კანალიზაცია) და/ან ზედაპირული ჩამდინარე წყლები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემით
5 საწარმოო ჩამდინარე წყლები ან სანიტარiული ჩამდინარე წყლები (კლასიფიცირებულია როგორც საყოფაცხოვრებო კანალიზაცია) და/ან ზედაპირული ჩამდინარე წყლები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემის გარეშე

IC3.2. ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილების რაოდენობა

ქულა ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილების რაოდენობა
0 ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილები არ არის
1 ჩამდინარე წყლების ჩაშვების 1 წერტილი
2 ჩამდინარე წყლების ჩაშვების 2 წერტილი
3 ჩამდინარე წყლების ჩაშვების 3 წერტილი
4 ჩამდინარე წყლების ჩაშვების > 3 წერტილი

IC3.3. ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილი

ქულა ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილი
0 ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილები არ არის
2 ჩაშვება ჩამდინარე წყლების გამწმენდ სისტემაში
3 ჩაშვება საზოგადოებრივ ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლებში და საზოგადოებრივ საზღვაო წყლებში
4 ჩაშვება ჩამდინარე წყლების გამწმენდ სისტემაში და საზოგადოებრივ ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლებში და საზოგადოებრივ საზღვაო წყლებში
5 ჩაშვება საზოგადოებრივ ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლებში და საზოგადოებრივ საზღვაო წყლებში, სადაც არსებობს საცურაო წყლები და მოლუსკების მოპოვების ზონები

IC3.4. წყალაღება

ქულა წყალაღება
1 < 3500 მ3/წელიწადში
2 3500 – 22000 მ3/წელიწადში
3 > 22000 მ3/წელიწადში

ოთხი კრიტერიუმისათვის მიღებული ქულები იკრიბება: IC3.1, IC3.2, IC3.3 და IC3.4 საბოლოო ქულები მიიღება შემდეგ ცხრილში:

IC3. ემისიები წყალში
IC3 ქულები ქულების ჯამი: IC3.1 + IC3.2 + IC3.3 + IC3.4
0 0
1 1-3
2 4-7
3 8-10
4 11-14
5 15 – 17

IC4. ნარჩენების წარმოქმნა

ქულების მინიჭება ნარჩენების წარმოქმნისათვის ემყარება შემდეგ ორ კრიტერიუმს:

  1. წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების რაოდენობა

  2. წარმოქმნილი არასახიფათო ნარჩენების რაოდენობა

IC4.1. წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების რაოდენობა

ქულა წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების რაოდენობა
0 არ ხორციელდება კონკრეტული საქმიანობა, რომელიც წარმოქმნის სახიფათო ნარჩენებს
1 სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა: < 2 ტ/წელიწადში
2 სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა: 2 – 10 ტ/წელიწადში
3 სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა: 10 – 20 ტ/წელიწადში
4 სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა: 20 – 100 ტ/წელიწადში
5 სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა: > 100 ტ/წელიწადში

IC4.2. წარმოქმნილი არასახიფათო ნარჩენების რაოდენობა

ქულა წარმოქმნილი არასახიფათო ნარჩენების რაოდენობა
0 არ ხორციელდება კონკრეტული საქმიანობა, რომელიც წარმოქმნის არასახიფათო ნარჩენებს
1 არასახიფათო ნარჩენების წარმოქმნა: < 200 ტ/წელიწადში
2 არასახიფათო ნარჩენების წარმოქმნა: 200 – 1000 ტ/წელიწადში
3 არასახიფათო ნარჩენების წარმოქმნა: 1000 – 2000 ტ/წელიწადში
4 არასახიფათო ნარჩენების წარმოქმნა: 2000 – 10000 ტ/წელიწადში
5 არასახიფათო ნარჩენების წარმოქმნა: > 10000 ტ/წელიწადში

ორი კრიტერიუმისათვის მიღებული ქულები იკრიბება: IC4.1 და IC4.2 საბოლოო ქულები მიიღება შემდეგ ცხრილში:

IC 4. ნარჩენების წარმოქნა

IC4 ქულა

ქულების ჯამი: IC4.1 + IC4.2

0

0

1

1-2

2

3-4

3

5-6

4

7-8

5

> 8

IC5. ნარჩენების მართვა

ნარჩენების მართვისათვის ქულების მინიჭება ემყარება ერთ კრიტერიუმს, რომელიც არის იმ არასახიფათო ან სახიფათო ნარჩენების რაოდენობა, რომელთა მართვაც ხორციელდება
IC5. სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების რაოდენობა, რომელთა მართვაც ხორციელდება
ქულა სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების რაოდენობა, რომელთა მართვაც ხორციელდება
0 ნარჩენების მართვის კონკრეტული საქმიანობა არ ხორციელდება
1 სახიფათო ნარჩენების რაოდენობა: < 2 ტ/წელიწადში და არასახიფათო ნარჩენების რაოდენობა: < 200 ტ/წელიწადში, რომელთა მართვაც ხორციელდება
2 სახიფათო ნარჩენების რაოდენობა: 2 – 10 ტ/წელიწადში და არასახიფათო ნარჩენების რაოდენობა: < 200 ტ/წელიწადში
3 სახიფათო ნარჩენების რაოდენობა: 10 – 20 ტ/წელიწადში და არასახიფათო ნარჩენების რაოდენობა: < 1000 ტ/წელიწადში
4 სახიფათო ნარჩენების რაოდენობა: 20 – 100 ტ/წელიწადში და არასახიფათო ნარჩენების რაოდენობა: < 10000 ტ/წელიწადში
5 სახიფათო ნარჩენების რაოდენობა: > 100 ტ/წელიწადში და არასახიფათო ნარჩენების რაოდენობა: > 10000 ტ/წელიწადში

IC6. ადგილობრივი გარემოს სენსიტიურობა

ქულების მინიჭება ადგილობრივი გარემოს სენსიტიურობისათვის ემყარება ერთ კრიტერიუმს, რომელიც არის მანძილი სენსიტიურ ზონასა და ობიექტს შორის ან სენსიტიური ზონის მდებარეობა ობიექტის ემისიების ზემოქმედების სფეროში ან მის გარეთ.

სენსიტიური ზონებია:

  • საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობები, პარკები, სკვერები ან ბაღები; სასმელი წყლის სათაო ნაგებობები, დატბორვის ზონები, ბუნების კონსერვაციის ტერიტორიები* ან კონსერვაციის საგანგებო ტერიტორიები (ჰაბიტატების დაცვა) და სხვა.

  • ერთი ან მეტი ობიექტის/ტერიტორიის არსებობის შემთხვევაში, ითვლება ყველაზე მცირე მანძილი.

  • (*) შეფასდება სხვებთან შედარებით ერთი ქულით ნაკლებით

ქულა სენსიტიური ზონები
0 შემოგარენში არ არის სენსიტიური ზონები ან მანძილი შეადგენს >10 კმ
1 სენსიტიური ზონები მდებარეობს ემისიების ზემოქმედების სფეროს გარეთ ან მანძილი შეადგენს 7-10 კმ
2 სენსიტიური ზონები მდებარეობს ემისიების ზემოქმედების სფეროში ან მანძილი შეადგენს 4-7 კმ
3 სენსიტიური ზონები მდებარეობს ემისიების ზემოქმედების სფეროში ან მანძილი შეადგენს 1–3 კმ
4 სენსიტიური ზონები მდებარეობს მასშტაბური ავარიების ზემოქმედების სფეროში ან მანძილი შეადგენს <0,5 კმ
5 სენსიტიური ზონები ახლოს არის ობიექტის ტერიტორიასთან ან მანძილი შეადგენს <100 მ

IC7. ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე

ქულების მინიჭება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედებისათვის ემყარება დროის გარკვეულ პერიოდში საჩივრების, გარემოსდაცვითი ავარიების ან ინციდენტების რაოდენობას.
IC7. ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე
ქულა საჩივარი, ავარია, ინციდენტი
0 არ არის შემოსული საჩივარი, არ მომხდარა, გარემოსდაცვითი ავარია ან ინციდენტი ბოლო 3 წლის განმავლობაში
3 მინიმუმ 1 დადასტურებული საჩივარი, გარემოსდაცვითი ავარია ან ინციდენტი ბოლო 3 წლის განმავლობაში
4 მინიმუმ 2 და მეტი დადასტურებული საჩივარი, გარემოსდაცვითი ავარია ან ინციდენტი ბოლო 3 წლის განმავლობაში
5 მინიმუმ 2 და მეტი დადასტურებული საჩივარი, გარემოსდაცვითი ავარია ან ინციდენტი ბოლო 2 წლის განმავლობაში

IC8. ხმაური

ქულების მინიჭება ხმაურისათვის ემყარება ერთ კრიტერიუმს, რომელიც არის ხმაურის დონეები ზღვრულ მნიშვნელობებთან მიმართებაში.
ქულა განმარტება
0 არ არის ხმაურის ემისიები
3 ხმაურის ემისიები 1-დან 4 დბ-მდე აღემატება ზღვრულ მნიშვნელობას
4 ხმაურის ემისიები აღემატება 4-დან 11 დბ-მდე ზღვრულ მნიშვნელობას
5 ხმაურის ემისიები აღემატება ზღვრულ მნიშვნელობას 11 და მეტი დბ-ით

2. ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული კრიტერიუმები

2.1. შესაბამისობა

ქულების მინიჭება ემყარება გამოვლენილი შეუსაბამობების რაოდენობასა და სიმძიმეს
ქულა

განმარტება

-1

არ გამოვლენილა ნებართვის პირობების ან სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები ბოლო 3 წლის განმავლობაში

1

გამოვლინდა ნებართვის პირობების ან სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები ბოლო 3 წლის განმავლობაში

2.2. საქმიანობის განმახორციელებლის დამოკიდებულება

ქულების მინიჭება კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მოთხოვნების მიმართ
ქულა განმარტება

-1

საქმიანობის განმახორციელებელი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპარტამენტს და ატარებს ნებართვის პირობების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებებს

0

საქმიანობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის დარღვევებს

1

საქმიანობის განმახორციელებელი არ ასრულებს ადმინისტრაციული მიწერილობით დადგენილი ვადაში განსაზღვრულ ვალდებულებებს.

2.3. გარემოსდაცვითი მართვის სისტემა

ქულების მინიჭება გარემოსდაცვითი მართვის სისტემისათვის დაკავშირებულია იმასთან, დანერგილი აქვს თუ არა კომპანიას გარემოსდაცვითი მართვის სისტემა EMAS ან ISO-14001 სტანდარტი
ქულა განმარტება

-1

საწარმოში დანერგილია EMAS ან ISO-14001 და ფუნქციონირებს აღნიშნული სისტემის/სტანდარტის შესაბამისად

0

არ აქვს დანერგილი EMAS ან ISO-14001 თუმცა საქმიანობას ახორციელებს მათი ანალოგიით, მათ შორის შიდა კორპორაციული გარემოსდაცვითი მართვის სისტემების გამოყენებით

1

არ აქვს დანერგილი EMAS სისტემა, ან ISO-14001 სტანდარტი ასევე არ ახორციელებს საქმიანობას რაიმე ტიპის (მათ შორის შიდა კორპორაციული) გარემოსდაცვითი მართვის სისტემების გამოყენებით