„სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.11.2021 ბოლო ცვლილება 22.10.2025
ნომერი
№2-1528
სარეგისტრაციო კოდი
410030000.22.023.016694
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1528

2021 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ

,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 11 მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული „სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი“.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 12 ივნისის №192 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
📎 დანართები (1)
1528.docx

დანართი

სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი

მუხლი 1

1. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი განსაზღვრავს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავების პროცედურას, გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირებს, გეგმის შინაარსს, გეგმის დამტკიცების წესს და გეგმასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას (შემდგომში – გეგმა) შეიმუშავებს:

ა) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელი;

ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი;

გ) ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელი.

3. გეგმის შემუშავების მიზანია სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში (ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე) გარეულ ცხოველთა დაცვის, აღწარმოების, მდგრადი სარგებლობისა და მათი საბინადრო გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა.

4. გეგმა მუშავდება ყოველი 10 წლიანი პერიოდისათვის. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ლიცენზიის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს ახალი გეგმა ლიცენზიის დარჩენილი ვადის შესაბამისად.

5. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები. გეგმის დამტკიცებამდე აკრძალულია სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება, გარდა ტერიტორიის დაცვის ვალდებულებისა და აუცილებელი ორგანიზაციული ხასიათის ღონისძიებებისა.

6. ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე აკრძალულია გეგმით გაუთვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როგორიცაა სტიქიური უბედურება, ხანძარი ან დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რის თაობაზეც აღნიშნული გარემოებების დადგომისთანავე უნდა ეცნობოს სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამის ორგანოს.

მუხლი 2.

1. გეგმა მოიცავს შემდეგ თავებს:

ა) სამონადირეო მეურნეობის მართვის მიზნები, ამოცანები და განვითარების სტრატეგია;

ბ) ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული და ბიო- ეკოლოგიური დახასიათება, რომელშიც აისახება:

ბ.ა) სამონადირეო მეურნეობის ადგილმდებარეობა და ფართობი;

ბ.ბ) სამონადირეო მეურნეობის განთავსების მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების დასახელება, რეგიონი, სახელმწიფო ტყის კვარტლები (სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე არსებობის შემთხვევაში), დაცული ტერიტორიის დასახელება (სამონადირეო მეურნეობის დაცულ ტერიტორიაზე არსებობის შემთხვევაში), გეოგრაფიული მდებარეობა - სამონადირეო მეურნეობის საზღვრების წვეროების X და Y კოორდინატები, აღებული UTM კოორდინატთა სისტემაში; მყარი გეოგრაფიული ნიშნულები, რომელთა სიახლოვესაც მდებარეობს სამონადირეო მეურნეობა;

ბ.გ) ტერიტორიის მოკლე ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება: რელიეფი, სიმაღლე ზღვის დონიდან (ლიცენზიით განსაზღვრულ მთელ ტერიტორიაზე მინიმალური და მაქსიმალური სიმაღლის მითითებით);

ბ.დ) მცენარეული საფარი: ფლორისტული შემადგენლობა, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მითითებით, მათი კომპაქტური გავრცელების ადგილები; არსებული, ჰაბიტატების ტიპები, მათი ფართობების განსაზღვრა, აღწერა და დახასიათება;

ბ.ე) ტერიტორიაზე არსებული (მობინადრე) გარეულ ცხოველთა (ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები) ნუსხა (ქართული და ლათინური დასახელებებით); ტერიტორიაზე არსებული (მობინადრე) ფაუნის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების ნუსხა (ქართული და ლათინური დასახელებებით) და მათი არსებული მდგომარეობის შეფასება, რიცხოვნობა;

გ) სანადირო ცხოველების საბინადრო პირობების შეფასება, რომელშიც აისახება:

გ.ა) სავარგულების ფართობების იდენტიფიკაცია სანადირო ცხოველების თითოეული სახეობისათვის შესაფერის და არაშესაფერის საბინადრო ტერიტორიებად;

გ.ბ) სავარგულების იდენტიფიკაცია ჰაბიტატების მიხედვით, სავარგულების ეკოლოგიური და ბიოლოგიურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება;

დ) სანადირო ცხოველების რესურსის შეფასება, რომელშიც აისახება: დ.ა) სანადირო ცხოველების სახეობრივი სიმდიდრე;

დ.ბ) სანადირო ცხოველების გავრცელება, განსახლება და განთავსება საბინადროდ შესაფერის სავარგულებში;

დ.გ) სანადირო ცხოველების დასახლების სიმჭიდროვე შესაფერის საბინადრო სავარგულების ტერიტორიაზე და ტიპოლოგიურ ერთეულებში;

დ.დ) სანადირო ცხოველების დაცვა, აღწარმოება და სამეურნეო გამოყენება;

დ.ე) შესაფერის საბინადრო სავარგულებში მობინადრე ცხოველების პოტენციური ოპტიმალური რიცხოვნობა და დასახლების სიმჭიდროვე;

დ.ვ) ბიოტექნიკური ღონისძიებები - სანადირო ცხოველების დაცვის შენარჩუნების, გამრავლების და განსახლების ხელის შემწყობი ღონისძიებები, სანადირო ცხოველების საბინადრო პირობების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებები;

დ.ზ) სანადირო სამეურნეო გამოყენება, ცხოველთა სახეობების შესაძლებელი მოპოვების კვოტები; სამონადირეო მეურნეობის ეკონომიკური პოტენციალი;

ე) სამონადირეო მეურნეობის ზონირება: სამონადირეო მეურნეობის დაყოფა შიდასამეურნეო დანიშნულების მიხედვით: სანადირო უბანი, აღკვეთილი, აღწარმოების უბანი, ნადირ-ფრინველის საშენი. დეტალური რუკა, რომლის მახასიათებლები განსაზღვრულია ამ წესის მე-3 მუხლით;

ვ) ცხოველთა აღრიცხვა და მონიტორინგი, რომელშიც აისახება:

ვ.ა) მონიტორინგის პროგრამა (მონიტორინგის საქმიანობათა გეგმა); მონიტორინგის მიზანი, ობიექტები, მეთოდები, მონიტორინგის გეგმა წლების მიხედვით; მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს სანადირო და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ცხოველთა სახეობებზე, შესაბამისი მონიტორინგის შიდა დოკუმენტაციის წარმოებით (ეგერის დღიური, მონიტორინგის ჟურნალი და სხვ.), რომელსაც, აგრეთვე უნდა დაერთოს ფოტომასალა ან/და ვიდეომასალა GPS კოორდინატების აღნიშვნით (დროისა და თარიღის მითითებით), ასევე კვლევის განმახორციელებელი სპეციალისტის/სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია.

ვ.ბ) ცხოველთა აღრიცხვის მეთოდები;

ზ) ცხოველთა დაცვისა და აღწარმოების ღონისძიებები, რომელშიც აისახება:

ზ.ა) ცხოველთა რეინტროდუქციის ან/და რესტოკინგის ღონისძიებები (საჭიროების მიხედვით);

ზ.ბ) ბიოტექნიკური ღონისძიებები (სანადირო სახეობების სანაშენეები, დამხმარე თავშესაფრები (ტიპი, მდებარეობა) დაავადებების პროფილაქტიკა, საკვებურების მოწყობა, ცხოველთა საკვებ მცენარეთა გაშენება და სხვ.);

ზ.გ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების დაცვის, შენარჩუნებისა და აღწარმოების ღონისძიებები;

ზ.დ) ინვაზიური სახეობების ელიმინაციის ღონისძიებები (საჭიროების შემთხვევაში);

ზ.ე) მოქმედი ბუნებრივი და ანთროპოგენური ნეგატიური ფაქტორების და პოტენციური საფრთხეების იდენტიფიკაცია და მათი აღმოფხვრის/შერბილების ღონისძიებები;

თ) ბიომრავალფეროვნების, მათ შორის, ენდემური და რელიქტური სახეობების, მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვისა და მდგრადი მართვის ღონისძიებები;

ი) ტერიტორიის განაწილება ხანძრის საშიშროების კლასების მიხედვით, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ნუსხა;

კ) ინფორმაცია ტყეების სანიტარიული მდგომარეობის შესახებ და გაუმჯობესების ღონისძიებები, ტყის ენტომომავნებლებით და ფიტო დავადებებით ტყეების დაავადების პროფილაქტიკისა და სალიკვიდაციოდ რეკომენდებული ღონისძიებების ნუსხა ცალკეული ტერიტორიების მიხედვით;

ლ) ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვის მექანიზმები (მცველთა რაოდენობა, ტრენინგი, შესაბამისი ნაგებობები და სხვ.);

მ) სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაგეგმილი ღონისძიებები;

ნ) ინფრასტრუქტურა: შესასვლელები, ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორთა მომსახურების ინფრასტრუქტურა (სასტუმრო, ბილიკები, საინფორმაციო ცენტრი და სხვ.), ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო ელ.მომარაგების, წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული შიდა ინფრასტრუქტურა (გზები, ნაგებობები);

ო) სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის საკითხები;

პ) სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული ჰიდროლოგიური ქსელის დახასიათება.

2. ლიცენზიის მფლობელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს გეგმის მიხედვით განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების გეგმა-გრაფიკი, წლების მიხედვით.

მუხლი 3

1. გეგმას თან უნდა ერთვოდეს:

ა) სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკები (ფერადი ანაბეჭდები);

ბ) ელექტრონული ვერსია – გეომონაცემთა ბაზა (*.mdb ფორმატი) და პროექტის ფაილი (*.mxd ფორმატი), რომელიც შექმნილია GIS (გეოინფორმაციული სისტემა) ტექნოლოგიების გამოყენებით, აგრეთვე, Microsoft Word ფაილი გეგმის სრული ტექსტით (Sylfaen ფონტი);

გ) ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ორთოფოტოგეგმა – ელექტრონული ვერსია, რომელიც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნულ სამუშაოთა განსახორციელებლად, ხოლო აერო ან სატელიტური გადაღება (ორთოფოტოგეგმის საფუძველი) განხორციელებული არა უგვიანეს ბოლო 5 წლისა.

2. რუკის გამოსახულების ჩარჩოში გამოსახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) კოორდინატთა სისტემა (კილომეტრული ბადე, ბრტყელი მართკუთხა კოორდინატების მნიშვნელობები);

ბ) პოლიგონური, ხაზობრივი და წერტილოვანი ელემენტები (ფენები) – სხვადასხვა ობიექტების, მეურნეობის ზონირების საზღვრები, საინჟინრო ნაგებობები, გზების ქსელი, ჰიდროგრაფია, რელიეფი და მისი ნიშნები და სხვა ტექნოლოგიური ხაზები;

გ) წარწერები (მომიჯნავე მიწათმოსარგებლეების, კვარტალის ნომრების, სატაქსაციო უბნის ნომრები, მდინარეთა და არხების სახელების და დინების მიმართულების, ურბანული ტერიტორიების და სხვა დასახელებები);

დ) პოლიგონების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ველობების, საძოვრების, სათიბების, ნაკაფების, ტყის კორომების, კლდეების, ქვანაყრების, მყინვარების და სხვა;

ე) წერტილოვანი ობიექტები (სანიმუშო ფართობების ადგილები, ანგარანები, ბუნებისა და კულტურის ძეგლები და სხვა);

ვ) მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეებისა და სხვათა მაიდენტიფიცირებული პოლიგონები.

3. კორომთა გეგმებისთვის მასშტაბი განისაზღვრება 1:25000 და უფრო მსხვილი მასშტაბით, ობიექტის ფართობიდან და რელიეფიდან გამომდინარე.

4. გეგმას თან უნდა ერთვოდეს თემატური რუკები სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე გაბატონებული მერქნიანი სახეობების, დაპროექტებული ღონისძიებების, ხანძარსაშიში კლასების მიხედვით. რუკაზე მოცემული უნდა იყოს პირობითი აღნიშვნების შინაარსი (ლეგენდა).

5. სავალდებულო ეგზემპლარების რაოდენობა განისაზღვრება 2 ერთეულით.

მუხლი 4

1. სამინისტრო, გეგმის დასამტკიცებლად წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს გეგმის პროექტის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვედზე განთავსებას.

2. გეგმის პროექტის ვებგვერდზე განთავსებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან სამინისტროს წარუდგინონ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სამინისტრო იხილავს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებს, რის შემდეგაც 5 კალენდარული დღის ვადაში აწყობს

განხილვას დაინტერესებული პირების და გეგმის შემმუშავებელი პირების მონაწილეობით.

4. სამინისტრო გეგმას, შენიშვნების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამტკიცებს მისი წარდგენიდან 45 კალენდარული დღის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია, შენიშვნების გაგზავნიდან (ჩაბარებიდან) სამი თვის ვადაში სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს ზემოაღნიშნული შენიშვნების სრულად გათვალისწინებით გადამუშავებული გეგმა. განხილვის პროცესში წარმოშობილი სხვა დამატებითი შენიშვნების გაუთვალისწინებლობა, რომელიც არ არის არსებითი (ამ ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად) მართვის გეგმიდან გამომდინარე, არ იწვევს გეგმის ხელახალი განხილვის საჭიროებას.

5. აუცილებლობის შემთხვევაში და სათანადო დასაბუთებით, შესაძლებელია გეგმაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. სამინისტროს მიერ გეგმის დასამტკიცებლად ადმინისტრაციული წარმოების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

მუხლი 5

მართვის გეგმაში “ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ასახვის ვალდებულება გავრცელდეს გეგმის ახალი პროექტის წარმოდგენის ნაწილში 2022 წლის 1 იანვრიდან. ამ თარიღის დადგომამდე ლიცენზიატები იმოქმედებენ მანამდე მოქმედი წესით.