ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2024
ძალაში შესვლა 01.12.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46-87
სარეგისტრაციო კოდი 330120000.35.101.017266 12
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/11/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (26)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.12.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46-87
2024 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20, 25-ე მუხლებისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი დეკემბრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი
ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესი
რეგულირების სფერო
1. ეს წესი ვრცელდება ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის, საწარმოს, ორგანიზაციის, ამხანაგობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში ან/და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების წარმოების პირობების და შეზღუდვების, მათი ან/და საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის დარღვევისას პასუხისმგებლობის, ავარიის/გადაუდებელი აუცილებლობის დროს სამუშაოთა წარმოების პირობების განსაზღვრისა და მათი დარღვევისას პასუხისმგებლობის, ხაზობრივი ნაგებობების შემდგომი გამოყენებისა და მათი სისტემატიზაციის მიზნით რეგისტრაციის წესს.
2. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და სხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები, მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბოძის განთავსება/მონტაჟი – სამშენებლო მოედანზე ბოძის აწყობა, განთავსება;
ბ) გაზსადენი – საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა გაზის ტრანსპორტირება;
გ) განმცხადებელი – უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საწარმო, ორგანიზაცია, ამხანაგობა, ადმინისტრაციული ორგანო;
დ) გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები, მოიცავს ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლს, ველობილიკს;
ე) გრუნტი –ნიადაგის და ყველა სახის ქანის განზოგადებული დასახელება, რომელსაც შეიცავს მიწის ნაკვეთი;
ვ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საწარმო, ორგანიზაცია, ამხანაგობა, ადმინისტრაციული ორგანო, რომელთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;
ზ) დამკვეთი – უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს სამუშაოების წარმოების ინტერესი და რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება სამუშაოები;
თ) დროებითი ღობე – ხაზობრივი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევადობას;
ი) ელექტროგადამცემი ხაზი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისათვის/გადატანისათვის განკუთვნილი იზოლირებული სადენ(ებ)ი. ელექტროგადამცემი ხაზი შესაძლოა განთავსებული იყოს ღია ცის ქვეშ ან მიწისქვეშ;
კ) ელექტრონული განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ ონლაინგანცხადებების პორტალზე – Ms.gov.ge განთავსებული ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი ფორმით შექმნილი წერილობითი მოთხოვნა;
ლ) თხრილი – მიწის ამოღებით მიღებული გარკვეული სიღრმის, სიგრძისა და სიგანის ღრმული;
მ) ინფრასტრუქტურა − საინჟინრო-ტექნიკური, სატრანსპორტო და საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ასევე საკომუნიკაციო ობიექტი, ნაგებობა, ქსელი ან/და მათი ერთობლიობა;
ნ) კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) – ხაზობრივი ნაგებობა ან ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კავშირს;
ო) მუშა პროექტი – მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად დადგენილი მოცულობით დამუშავებული საპროექტო დოკუმენტები;
პ) პირადი გვერდი – განმცხადებლის ინდივიდუალური გვერდი ონლაინგანცხადებების პორტალზე – Ms.gov.ge, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა;
ჟ) საავტომობილო გზა – საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტებით;
რ) საგზაო მონიშვნა − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენენ მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;
ს) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა – საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი ან საბოლოო (მუდმივი) სქემა;
ტ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემა - უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით შეთანხმებული სქემა, რომლის მიხედვით შესაძლებელია სამუშაოს შესრულება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე დროებით ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს და აფერხებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას;
უ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების საბოლოო (მუდმივი) სქემა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით შეთანხმებული სქემა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ნაკადების მართვას მათი უსაფრთხო გადაადგილებისათვის;
ფ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებები – საგზაო ნიშანი, საგზაო მონიშვნა და შუქნიშანი;
ქ) საგზაო ნიშანი − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის შესახებ;
ღ) სავალი ნაწილი – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა);
ყ) საზოგადოებრივი სივრცე − მიწის ნაკვეთის მომიჯნავე დარეგისტრირებული ან დაურეგისტრირებელი სივრცე, რომელიც საზოგადოებრივი დანიშნულებით გამოიყენება, კერძოდ, ქუჩა, გზა, მაგისტრალი, ჩიხი, ტროტუარი, გაზონი, ბაღი, სკვერი, წყლის სარკე, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, საზოგადოებრივი გზა, სერვიტუტი და სხვა მსგავსი სივრცე;
შ) ტრანშეა – გრძივად გაჭრილი თხრილი;
ჩ) ჩიხი – გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი;
ც) წყალარინების მილი – ხაზობრივი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების მიღებას, გატარებასა და გამწმენდი ნაგებობისთვის მიწოდებას;
ძ) წყალსადენი – საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა წყლის მიწოდება;
წ) ხაზობრივი ნაგებობა – ღობე, ქუჩა, საავტომობილო გზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი);
ჭ) ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების აღრიცხვა მათი სისტემატიზაციის მიზნით;
ხ) ხარაჩო – ხის ან ანაკრები ლითონის დროებითი კონსტრუქცია, რომელიც შედგება ვერტიკალური დგარებისა და ფიცარფენილისაგან და რომელიც დიდ სიმაღლეზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალებას იძლევა.
მუხლი 3🔗. თანხმობის გაცემას დაქვემდებარებული ხაზობრივი ნაგებობები/სამუშაოები
1. მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე და ამ წესის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემას ექვემდებარება:
ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს, სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ბ) დაბალი წნევის გაზსადენის, ასევე ისეთი საშუალო წნევის გაზსადენის, რომლის შიდა დიამეტრი არ აღემატება 100 მმ-ს, 10 ატმოსფერომდე 500 მმ-მდე დიამეტრის წყალსადენის, 600 მმ-მდე დიამეტრის წყალარინების მილის, ელექტროგადამცემი ხაზის 1 კ. ვოლტიდან 20 კ. ვოლტამდე გაყვანა/მონტაჟი, ქუჩის ნაწილის მოწყობა, რომელიც წარმოადგენს ჩიხს/გასასვლელს;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში ან/და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოწყობა, მასზე სამუშაოების წარმოება ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ან/და ტერიტორიის სხვა კეთილმოწყობა).
2. ამ წესით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა წარმოებაც განპირობებულია ავარიით ან/და გადაუდებელი აუცილებლობით და თუ სამუშაოსათვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი არ სცილდება 10 გრძივ ან 10 კვადრატულ მეტრს, შესაძლებელია განხორციელდეს საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში ან/და ტერიტორიაზე განთავსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემასა და ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაციაზე მათი შემდგომი სისტემატიზაციის მიზნით უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სააგენტო.
4. დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობისთვის სააგენტოს მიერ განესაზღვრება ვადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში დაინტერესებული მხარე არ გაეცნობა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი ჩაითვლება ძალადაკარგულად და თანხმობის მისაღებად დაინტერესებულმა მხარემ სააგენტოს უნდა მიმართოს ახალი ელექტრონული განცხადებით.
მუხლი 4🔗. ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში ან/და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა
1. ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში ან/და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მისაღებად დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს ელექტრონული განცხადებით, რომელსაც უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის მისაღებად:
ა.ა) მუშა პროექტი, შეთანხმებული საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ საინჟინრო კომუნიკაციების ნაგებობის მესაკუთრეებთან/მფლობელებთან;
ა.ბ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია (shapefile);
ა.გ) განცხადების წარდგენის დროისთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი დათარიღებული ფოტომასალა;
ა.დ) საჭიროების შემთხვევაში, ყველა იმ მესაკუთრის თანხმობა, ვის წითელ ხაზებშიც უნდა გატარდეს ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ა.ე) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის დამზადება.
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ სივრცეში ან/და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მისაღებად:
ბ.ა) საპროექტო ნაგებობის ესკიზური ნახაზი/ფოტომონტაჟი/პროექტი;
ბ.ბ) განცხადების წარდგენის დროისთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი დათარიღებული ფოტომასალა;
ბ.გ) გამოსაყენებელი ტერიტორიის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი ელექტრონული ფორმით (shapefile);
ბ.დ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის დამზადება.
2. სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტების წარდგენა, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტებისა.
3. ხაზობრივი ნაგებობის განთავსებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს შეხედულებისამებრ მასთან ერთად მონაწილეობენ სხვა ადმინისტრაციული ორგანოები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების წერილობითი პოზიციების გათვალისწინებით სააგენტოს უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
5. მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის ან/და შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მონტაჟის სამუშაოების წარმოებაზე განმცხადებელმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს უნდა წარუდგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ან შუალედური გადაწყვეტილება, რომლითაც გათვალისწინებულია შესაბამისი მშენებლობის განხორციელებისთვის დროებითი ღობე ან/და ხარაჩო.
6. სააგენტო, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შეთანხმებისას ან/და სამუშოების წარმოებაზე თანხმობის გაცემისას, შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, ამზადებს საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებით სქემას. საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემა ძალაშია დაინტერესებული პირის მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან/ორგანოებთან შეთანხმების შემდგომ. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოსთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის პირობ(ებ)ი შეიცვლება სხვა ადმინისტრაციული ორგანო(ებ)ის მიერ, დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს მიმართოს შეცვლილი პირობ(ებ)ით საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის შეთანხმების მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემა შეთანხმებულად არ ჩაითვლება.
7. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლა საჭიროებს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ვადაზე მეტ დროს, სააგენტოს უფროსი ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ამ წესისა და მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ვადის გაგრძელების შესახებ.
8. სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლამდე დაინტერესებული მხარის მოთხოვნისა და მის მიერ შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სამუშაოთა წარმოების ვადა გააგრძელოს დამატებითი ვადით.
9. სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლის შემდეგ დაინტერესებული მხარის მოთხოვნის, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის, მათ შორის მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
10. თუ სააგენტო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დაადგენს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულია ან არ შეესაბამება მოთხოვნილ სამუშაოთა მოცულობას, განმცხადებელს აცნობებს ხარვეზის დადგენის თაობაზე და ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს ვადას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები
1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს შემდეგი შეზღუდვ(ებ)ით ან/და პირობ(ებ)ით:
ა) ასფალტის საფარი უნდა გაიჭრას ფრეზის ან ხერხის გამოყენებით;
ბ) სავალ ნაწილზე ქსელის ჩადება მოხდეს ტექნიკური ნორმებით დასაშვებ სიღრმეზე. ფაქტობრივი მდგომარეობის/სიტუაციის გათვალისწინებით და საჭიროებიდან გამომდინარე – გატარდეს გარცმის მილში;
გ) სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი აღდგეს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;
დ) თხრილის დამუშავებისას გრუნტი გატანილ იქნეს ამოღებისთანავე. ზემოაღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში განმცხადებელს დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად;
ე) 60 სმ-ის სიღრმის ქვემოთ თხრილი შეივსოს ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით (მაქსიმალური ზომა 120 მმ. ფრაქციით), ხოლო 60 სმ-ის ზემოთ შეივსოს ფრაქციული ღორღით (0 მმ-40 მმ ფრაქციით), მოყვანილ იქნეს ოპტიმალურ ტენიანობამდე და დაიტკეპნოს 20 სმ-იან ფენებად ვიბრომტკეპნის საშუალებით, რომლის შემდეგ ზედაპირი დამუშავდეს 300-450 გრ/მ2 ოდენობის ბიტუმის ემულსიით;
ვ) ჩაჭრილ სწორკუთხოვან ნაწიბურებზე მათი გასუფთავების შემდეგ მოეწყოს თვითწებვადი ბიტუმის ლენტი ან დამუშავდეს თხევადი მოდიფიცირებული ბიტუმით. ამის შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა მოეწყოს ასფალტის საფარი არსებული კონსტრუქციის შესაბამისად, ფენებს შორის 250-350 გრ/მ2 ბიტუმის ემულსიის მოსხმით;
ზ) პროექტით ან/და საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემით განსაზღვრულ მონაკვეთში საპროექტო ქსელის მონტაჟი განხორციელდეს გვირაბული მეთოდის გამოყენებით;
თ) სავალი ნაწილის განივი კვეთისას, ასფალტის საფარი აღდგეს პროექტით განსაზღვრული კონფიგურაციით და სამუშაოების დასრულებისთანავე მოყვანილ იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში;
ი) სამუშაოს ჩატარების შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა განხორციელდეს დაზიანებული სავალი გზის აღსადგენი ასფალტობეტონის საფარის მთლიანი ზოლით ბორდიურამდე/სავალი ნაწილის კიდემდე/კედლამდე-არანაკლებ 1 (ერთი) მეტრი სიგანით, არსებული კონსტრუქციის შესაბამისად;
კ) საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის აღდგენა განხორციელდეს არსებული ფენების შესაბამისად, ორ ფენად (6 სმ+4 სმ), სრული ნორმების დაცვით, სპეციალური ტექნიკის საშუალებით;
ლ) იმის გამო, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისას ტრანშეის აღდგენის დროს, ტრანშეის მცირე სიგანის გამო გართულებულია ტექნოლოგიური პროცესების დაცვა, კერძოდ ხდება ტრანშეის დეფორმაცია/ჯდენების განვითარება, ზიანდება ტროტუარის ვიზუალური მხარე და მცირდება ასფალტის საფარის საექსპლუატაციო ვადა, ახლად მოწყობილ ან/და დაუზიანებელ ასფალტის საფარიან მონაკვეთებში, მიუხედავად ტრანშეის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით;
მ) ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით;
ნ) მოხრეშილი/გრუნტის საფარიანი ტერიტორია, ასევე გამწვანების ზოლი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოყვანილ იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში;
ო) სამუშაოების დასრულებისთანავე საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებები, არსებული მასალის გამოყენებითა და ხარისხის შეუცვლელად, მოყვანილ იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში;
პ) ახალი ჭის მონტაჟის დროს, ჭის ხუფის ზედა ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული საფარის ნიშნულზე;
ჟ) ქვაფენილით (მოკირწყვლით, ბეტონით, ფილებით) საფარის მოწყობის დროს, ტროტუარის პროფილი მოეწყოს ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს წყლის მოცილება, ასევე, ქვეითთა უსაფრთხოება;
რ) ქვაფენილით (მოკირწყვლით, ბეტონით, ფილებით) მოპირკეთებული საფარი, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოყვანილ იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში;
ს) პროექტი შეთანხმდეს ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელთან; ასევე, მიწის იმ ყველა მფლობელთან, სადაც, უნდა გაიაროს ხაზობრივმა ნაგებობამ;
ტ) სამუშაოს დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში აღდგენილი ასფალტბეტონიანი საფარის ჯდენის ან სხვა სახის ხარვეზის გამოვლენისას იგი გამოსწორებულ იქნეს განმცხადებლის ხარჯებით. სამუშაოები დაწყებულ იქნეს შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში და დასრულდეს სამუშაოების დაწყებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში;
უ) სამუშაოთა წარმოების ადგილას მოეწყოს საინფორმაციო აბრა შემსრულებელი ორგანიზაციის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით;
ფ) სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის შესაბამისად; სამუშაოების წარმოება შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის დარღვევით ან მის გარეშე, გამოიწვევს დამკვეთის, ხოლო თუ დამკვეთი არ დგინდება სამუშაოს მწარმოებლის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1341 მუხლის შესაბამისად;
ქ) სამუშაოების მწარმოებელი ან დამკვეთი ვალდებულია სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემა;
ღ) სამუშაოების დაწყებისა (დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათით ადრე) და დასრულების ვადები ეცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას (ტელეფონოგრამის სახით შემდეგ ნომერზე: 2 37 82 42. ასევე, ელექტრონულ ფოსტაზე: Emergency@tbilisi.gov.ge);
ყ) სამუშაოების წარმოების დაწყება წინასწარ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილს ტელეფონოგრამის სახით შემდეგ ნომერზე 241 85 04; 241 85 05;
შ) სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. ტექნიკური პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისროს დამრღვევს, ხოლო თუ არ დგინდება დამკვეთი-სამუშაოების მწარმოებელს.
ჩ) სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, დაინტერესებულ მხარეს შესაბამისი დასაბუთებით განუსაზღვროს სამუშაოთა წარმოების ამ წესისგან განსხვავებული შეზღუდვა ან პირობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
3. სააგენტო უფლებამოსილია ამ წესით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, დაინტერესებულ მხარეს, მოქმედი სამართლებრივი აქტების ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვ(ებ)ი ან/და სხვა პირობ(ებ)ი, კონკრეტული ვადების მითითებით.
მუხლი 6🔗. ელექტრონული საქმისწარმოების პროცედურა
1. განმცხადებელი, ამ წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ელექტრონულ განცხადებებსა და მათზე დართულ დოკუმენტებს, სააგენტოს წარუდგენს ონლაინგანცხადებების პორტალის მეშვეობით ელექტრონულ მისამართზე: ms.gov.ge ან letters.ms.gov.ge.
2. განმცხადებელი (ფიზიკური პირი ან ამხანაგობის შემთხვევაში – ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი) სისტემაში რეგისტრაციისას ელექტრონულ მისამართზე გაივლის შემდეგ პროცედურას:
ა) ეთანხმება სისტემის მიერ შეთავაზებულ წესებს და პირობებს;
ბ) იწყებს ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციას, შეჰყავს პირადი ნომერი და გვარი, რა დროსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (შემდგომში – სსგს) მოაქვს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი და დაბადების თარიღი;
გ) შესაბამის ველში შეჰყავს მობილური ტელეფონის ნომერი და ამ ნომერზე მიღებულ ვერიფიკაციის კოდს უთითებს სათანადო ველში;
დ) შესაბამის ველში შეჰყავს პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი და აღნიშნულ მისამართზე მიღებულ ვერიფიკაციის კოდს უთითებს სათანადო ველში;
ე) შესაბამის ველში შეჰყავს პაროლი, რის შემდეგ სრულდება რეგისტრაციის პროცედურა;
ვ) რეგისტრაციის შემდეგ გადის ავტორიზაციას და სისტემა უხსნის მომხმარებლის პირად სივრცეს;
ზ) სისტემაში შესვლისას აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობით/საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობით ერთჯერადად ავთენტიფიკაციის გავლა პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდით.
3. განმცხადებელი (იურიდიული პირი) ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისას გაივლის შემდეგ პროცედურას:
ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გადის რეგისტრაციას ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ბ) უთითებს საიდენტიფიკაციო ნომერს, რა დროსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოაქვს საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი.
4. რეგისტრაციის გავლის შემდეგ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი მომხმარებლის პირადი სივრცით შეძლებს მართოს მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი პირადი ან/და ორგანიზაციის განცხადებები.
5. განმცხადებლის მიერ ონლაინ განცხადებების პორტალის მეშვეობით წარმოდგენილი განცხადების თანდართული დოკუმენტების ნამდვილობაზე ან/და დედანთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
6. ონლაინგანცხადებების პორტალის მეშვეობით სააგენტოს ონლაინგანცხადებები და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი ნომენკლატურის ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს სააგენტოსათვის საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის მიწოდებას, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის ონლაინგადახდას, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ამის შემდეგ განცხადებაზე კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას.
7. ამ წესის მიზნებისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ ონლაინ განცხადებების პორტალზე მის პირად გვერდზე განთავსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირველივე ნახვა, ელექტრონული დოკუმენტის გახსნის მეშვეობით.
8. ამ წესით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, როგორც წესი, სააგენტო ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნას/გაცემას განახორციელებს ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის გადამოწმება შესაძლებელია განმცხადებლის მიერ ონლაინგანცხადებების პორტალის პირად გვერდზე, ხოლო მესამე პირების შემთხვევაში, ვებგვერდის maps.tbilisi.gov.ge მეშვეობით, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც განმცხადებელი გაეცნობა მას ონლაინგანცხადებების პორტალის პირად გვერდზე.
9. ელექტრონული მისამართის ms.gov.ge ან letters.ms.gov.ge გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).
მუხლი 7🔗. სამუშაოთა წარმოება ავარიის/გადაუდებელი აუცილებლობის დროს
1. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა წარმოებაც განპირობებულია ავარიით ან/და გადაუდებელი აუცილებლობით და თუ სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი არ სცილდება 10 გრძივ ან 10 კვადრატულ მეტრს, შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს თანხმობის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისას სამუშაოების მწარმოებელი ვალდებულია:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას წერილობით შეატყობინოს სამუშაოთა დაწყებამდე;
ბ) აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებულ ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისთვის შეტყობინებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას წარუდგინოს მოტივირებული შეტყობინება (წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტით საშუალებით) სამუშაოების დამატებით, არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში განხორციელების შესახებ;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავარიის/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის აღმოფხვრიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, სამუშაოს დასრულების თაობაზე მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას;
დ) სააგენტოს დაუყოვნებლივ, მაგრამ სამუშაოების დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი საათით ადრე აცნობოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Transport.agency@tbilisi.gov.ge, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ჩაითვლება ავარიის/გადაუდებელი აუცილებლობის გამო სამუშაოების წარმოებად. ამასთან, თუ ცნობილია გზის სრულად გადაკეტვის შესახებ, მიუთითოს შეტყობინებაში, ხოლო თუ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დადგინდება გზის სრულად გადაკეტვის აუცილებლობის შესახებ, დამატებით დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ამავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
ე) სამუშაო ტერიტორია მოაწყოს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით გათვალისწინებული მაფრთხილებელი, ამკრძალავი და მიმთითებელი ნიშნებით, კერძოდ: 1.26 საგზაო სამუშაოები (საგზაო ნიშანი სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას განათავსოს სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10-15 მეტრ მანძილზე); 1.21.1, 1.21.2 ან 1.21.3 გზის შევიწროება (დასახლებულ პუნქტში – 50-100 მეტრ მანძილზე); 3.24 მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა (სარეკონსტრუქციო მონაკვეთზე დაშვებული სიჩქარის 20 კმ/სთ-ით შემცირება გზის შევიწროების ნიშანთან, 50-100 მეტრ მანძილზე); 4.2.1 დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან, 4.2.2 დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან, 4.2.3 დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან (განათავსოს უშუალოდ შევიწროვებული მონაკვეთის დასაწყისში); სამუშაო არელის დასრულების ადგილას განათავსოს 3.25 მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული (სიჩქარის შეზღუდვის შესაბამისად); დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – სასიგნალო სინათლეები. ზემოაღნიშნული ნიშნები განათავსოს კონკრეტული სამუშაოების ფაქტობრივ მდგომარეობიდან გამომდინარე მოძრაობის მიმართულების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მოძრაობის ორივე მიმართულებით, ცალმხრივმოძრაობიან გზაზე კი ნიშნები განათავსოს გზის ორივე მხარეს მოძრაობის მიმართულებით (გარდა მიმთითებელი საგზაო ნიშნისა);
ვ) იმ შემთხვევაში, თუ ავარიის/გადაუდებელი აუცილებლობისას საჭიროა გზის სრულად გადაკეტვა, სარეაბილიტაციო მონაკვეთი სრულად გადაკეტოს გზის ორივე მხრიდან დამცავი ბადით ან ჯებირით, გადაკეტილი მონაკვეთის მიმართულებით ყველა შესაძლო გზაჯვარედინზე განათავსოს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართ №1-ით გათვალისწინებული 3.1 შესვლა აკრძალულია ნიშანი და 8.1.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) (მანძილის მითითებით ნიშნის განთავსებიდან გადაკეტილ მონაკვეთამდე, მანძილი მიეთითოს 8.1.1 დაფაზე). ასევე განმეორდეს 3.1 ნიშანი გადაკეტილ მონაკვეთთან სარეაბილიტაციო მონაკვეთის შემოვლითი გზის ყველა გზაჯვარედინზე, მოძრაობის მიმართულების შესაბამისად განათავსოს საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშნები 7.18.1, 7.18.2 და 7.18.3 შემოვლის მიმართულება;
ზ) სამუშაო ტერიტორია, ასევე, სატრანსპორტო საშუალება ან/და სამშენებლო ტექნიკა, შემოსაზღვროს უსაფრთხოების ე.წ. ბადით ან/და ჯებირით, რათა სამუშაოების წარმოებისას დაცული იყოს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოება;
თ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები მიმდინარეობს ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე ან/და გზისპირზე ქვეითის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის გზის სავალ ნაწილზე მოაწყოს დერეფანი ე.წ. ბადით ან/და ჯებირით;
ი) სამუშაოს დაწყებისთანავე განათავსოს საინფორმაციო დაფა თვალსაჩინო ადგილას, სამუშაო ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანამდე, სადაც დატანილი იქნება სამუშაოების მწარმოებლისა და დამკვეთის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია;
3. სამუშაო ტერიტორიასთან დაკავშირებულ ან/და მისგან გამომდინარე ზეგავლენის არეალებზე სამუშაოების წარმოება, რომელიც ცვლის/შეიძლება შეცვალოს არსებული საგზაო მოძრაობის ორგანიზება, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილი რეჟიმი ან დააბრკოლებს/შეიძლება დააბრკოლოს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილება, ტერიტორია და მასთან დაკავშირებული ან/და მისგან გამომდინარე ზეგავლენის არეალები ასევე უნდა მოაწყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“-„ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა
1. ამ წესის შესაბამისად სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტების სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდეგ უსაფრთხო ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია დაინტერესებული მხარე.
2. ამ წესით ან/და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ან ამ წესით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანიდან 1 წლის ვადაში ტერიტორიის დაზიანება ან/და ჩავარდნა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ დარღვევად, რაც გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება ამავე კოდექსის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორია არ არის მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში ან/და არასათანადოდ არის აღდგენილი, დამრღვევს დარღვევის გამოსასწორებლად, განესაზღვრება ვადა არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული დღისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვალდებულია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყოს ამ წესით განსაზღვრული ნაგებობის განთავსებისთვის/სამუშაოების წარმოებისთვის გაცემული თანხმობის პირობების დარღვევით ან ამ სამუშაოების თვითნებურად წარმოების შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა (კერძოდ: დაზიანებული საფარის აღდგენა/პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა).
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და მათი საფასურის განმსაზღვრელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია დამრღვევს აკისრებს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
7. ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსება ან/და სამუშაოების წარმოება საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის გარეშე ან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის დარღვევით, ასევე ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დარღვევა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1341 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად და სააგენტო, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელებს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამრღვევთან სააგენტოს მიერ გაგზავნილი იქნება ინფორმაცია, სადაც მიეთითება ჩადენილი სამართალდარღვევის არსი და დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრება ვადა არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.
8. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის“ შესაბამისად, ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლის შესაბამისად შემდეგი პროცედურების დაცვით:
ა) ავარიით ან/და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სამუშაოების წარმოებისას:
ა.ა) ამოწმებს სამუშაოების წარმოების შესახებ ინფორმაცია გაგზავნილია თუ არა სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე Transport.agency@tbilisi.gov.ge (შესაბამისი დროის დაცვით);
ა.ბ) ამოწმებს დაცულია თუ არა ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ა.გ) აფიქსირებს სამართალდარღვევის ფაქტს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე;
ბ) გეგმური სამუშაოების წარმოებისას:
ბ.ა) მოიძიებს შეთანხმებულ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას ინტერაქტიული რუკის maps.tbilisi.gov.ge და ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით;
ბ.ბ) ამოწმებს დაცულია თუ არა შეთანხმებული სქემის მოთხოვნები/პირობები;
ბ.გ) ამოწმებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემებს;
ბ.დ) აფიქსირებს სამართალდარღვევის ფაქტს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე.
9. სამუშაოთა წარმოება ავარიის/გადაუდებელი აუცილებლობის დროს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნ(ებ)ის დარღვევით, გამოიწვევს დამკვეთის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება დამკვეთი, სამუშაოების მწარმოებლის პასუხისმგებლობას.
10. ავარიის ან/და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებთან დაკავშირებით სააგენტო შესაბამის პირ(ებ)ს უგზავნის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1341 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წერილობით მითითებას, რომლითაც განუმარტავს ხსენებული სამუშაოების წარმოების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესისა და პირობების დარღვევით სამუშაოების წარმოება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1341 მუხლის შესაბამისად.
11. თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკურ საშუალებებს, სააგენტოს მიერ წერილობითი მითითებით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განესაზღვრება ვადა მის აღსადგენად. თუ დადგენილ ვადაში არ იქნა აღდგენილი დაზიანება, სააგენტო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, განახორციელებს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. ამასთან, სააგენტო თვითონ აღმოფხვრის მიყენებულ ზიანს და ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. ზიანის ანაზღაურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ სამართალდამრღვევმა განსაზღვრულ ვადაში არ აანაზღაურა მიყენებული ზიანი, მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე, აგრეთვე იმ ბოძებზე, რომელთა განთავსებაც აუცილებელია ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟისთვის, საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ხოლო ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია ნაგებობა, რჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად დაინტერესებული პირი ელექტრონული განცხადებით მიმართავს სააგენტოს, რომელსაც უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი ელექტრონული ფორმით;
ბ) ორთოფოტო ხაზობრივი ნაგებობის ტრაექტორიის ზუსტი მონიშვნით ელექტრონული ფორმით;
გ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა;
დ) ხაზობრივ ნაგებობასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტები;
ე) უფლებამოსილი ორგანოების/დაწესებულებების მიერ ხაზობრივ ნაგებობასთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში;
ვ) დაინტერესებული პირის მიერ ხაზობრივი ნაგებობით სარგებლობის ან/და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) სააგენტოს მოთხოვნით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაცია;
თ) მარეგისტირებელი ორგანოს შუალედური გადაწყვეტილება ხაზობრივი ნაგებობის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
მუხლი 10🔗. ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის შეზღუდვები და პირობები
1. საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობა არ გაიცემა:
ა) თუ ხაზობრივი ნაგებობის სიგრძე არ აღემატება 200 გრძივ მეტრს;
ბ) თუ არ არის დასრულებული ან არასათანადოდ არის დასრულებული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების სამუშაოები.
2. სააგენტოს მიერ სამუშაოების წარმოებაზე/ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემისას შეთანხმებული პროექტის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. ამასთან, ხაზობრივი ნაგებობის შეთანხმებული პროექტის დარღვევით განთავსების დადგენის შემთხვევაში დამკვეთს, ხოლო თუ არ დგინდება, დამკვეთი სამუშაოების მწარმოებელს ევალება შეთანხმებული პროექტის შესაბამისად ხაზობრივი ნაგებობის განთავსება. ამასთან, პროექტის დარღვევით განთავსებული ხაზობრივი ნაგებობისათვის ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელია ხაზობრივი ნაგებობის მფლობელი/მესაკუთრე.
3. ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემა არ ათავისუფლებს განმცხადებელს ხაზობრივი ნაგებობისთვის გამოყენებული საზოგადოებრივი სივრცის ან/და ტერიტორიის შემდგომი მოვლა-აღდგენის ვალდებულებისაგან, თუ მოვლა/აღდგენითი სამუშაოების წარმოების აუცილებლობა განპირობებულია განმცხადებლის მიერ წარმოებული სამუშაოებით.
4. საზოგადოებრივ სივრცეში ან/და ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ადგილას ინფრასტრუქტურის მოწყობის ან სხვა სამუშაოების წარმოების აუცილებლობისას, მთავრობა ან სააგენტო უფლებამოსილია ნაგებობის მესაკუთრეს/მფლობელს მოსთხოვოს ნაგებობის კონფიგურაციის ცვლილება, გადატანა ან დემონტაჟი მესაკუთრის/მფლობელის ხარჯებით. ხაზობრივი ნაგებობის კონფიგურაციის ცვლილება, გადატანა ან დემონტაჟი უნდა აისახოს სააგენტოს მიერ გაცემულ თანხმობასა და საჯარო რეესტრის მონაცემებში.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისა და პირობების დარღვევა წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
მუხლი 11🔗. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხაზობრივი ნაგებობების სისტემატიზაცია
1. ხაზობრივი ნაგებობების მფლობელი/მოსარგებლე ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მის სარგებლობაში/მფლობელობაში არსებული ხაზობრივი ნაგებობების მოთხოვნილი ფორმით აზომვა-აღრიცხვა და მონაცემების წარდგენა სააგენტოში მისი შემდგომი რეგისტრაციის/სისტემატიზაციის მიზნით.
2. ხაზობრივი ნაგებობების ტექნიკურ უსაფრთხოებასა და მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი პირობების დაცვაზე პასუხისმგებელია ხაზობრივი ნაგებობების მფლობელი/მოსარგებლე.
3. ხაზობრივი ნაგებობების მფლობელი/მოსარგებლე ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა განახორციელოს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 12🔗. მომსახურების საფასურები
ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების საფასური დადგენილია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებით.
მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებები
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.