საპენსიო აქტივების გადატანის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 23.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016087 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საპენსიო კომპანიების შერწყმის წესის დადგენის თაობაზე კერძო პენსიის ხელშეკრულების დამატებითი პირობებისა და მოთხოვნების დადგენის შესახებ პენსიის პროგრამული გატანის წესის დადგენის შესახებ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ „საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საპენსიო აქტივების გადატანის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება
№80
2024 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საპენსიო აქტივების გადატანის წესის დადგენის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დადგინდეს „საპენსიო აქტივების გადატანის წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი
საპენსიო აქტივების გადატანის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „საპენსიო აქტივების გადატანის წესი“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპენსიო სქემიდან მონაწილის მიერ საპენსიო აქტივების სხვა საპენსიო სქემაში (მათ შორის, იმავე დამფუძნებლის სხვა საპენსიო სქემაში) გადატანასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და პროცედურას.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ბენეფიციარის/მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების გადატანის შემთხვევებზე.
3. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია უზრუნველყოს მონაწილეების არჩევანი საპენსიო აქტივების სხვა საპენსიო სქემაში გადატანასთან დაკავშირებით.
4. საპენსიო აქტივების გადატანისას წყდება მონაწილის წევრობა იმ საპენსიო სქემაში, რომელსაც იგი ტოვებს (შემდგომ – გადამცემი საპენსიო სქემა) და ხდება მისი გაწევრება იმ საპენსიო სქემაში, რომელსაც იგი უერთდება (შემდგომ – მიმღები საპენსიო სქემა).
5. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ საპენსიო სქემებზე.
6. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2🔗. საპენსიო აქტივების გადატანის ძირითადი მოთხოვნები
1. საპენსიო აქტივების გადატანისთვის „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, საპენსიო აქტივების გადატანა უნდა განხორციელდეს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) რეგისტრირებული საპენსიო სქემის წესები უნდა ითვალისწინებდეს მონაწილის უფლებას გადაიტანოს საკუთარი საპენსიო აქტივები ერთი საპენსიო სქემიდან მეორე საპენსიო სქემაში, გადატანის დეტალური პირობების და პროცედურის აღწერით.
3. მონაწილეს უფლება აქვს, განკარგოს საპენსიო აქტივები, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საპენსიო სქემიდან საპენსიო აქტივების გადატანის შემთხვევაში.
4. საპენსიო აქტივების გადატანა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ საპენსიო სქემაში.
5. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრულ ბენეფიციარს (ასეთის არსებობის შემთხვევაში)/მის მემკვიდრეს უფლება აქვს მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივი (საპენსიო დანაგროვი) გადაიტანოს საკუთარ პირად საპენსიო ანგარიშზე.
6. გადატანას ექვემდებარება მიმდინარე საპენსიო სქემის ფარგლებში, მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე ბოლო შეფასების თარიღისთვის დაფიქსირებული საპენსიო აქტივების ოდენობა სრულად, წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის შესაბამისად, შესაბამისი გადასახდელი ხარჯების გათვალისწინებით.
7. მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლისას და საპენსიო აქტივების გადატანისას დაცული უნდა იყოს მონაწილის საუკეთესო ინტერესები კერძო პენსიით შეუფერხებელი უზრუნველყოფისა და საპენსიო აქტივებზე მისი უფლების (მათ შორის, უპირობო უფლების) სრულად შენარჩუნებისათვის.
მუხლი 3🔗. გადამცემი საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებები
1. თუ მონაწილეს სურს იმ საპენსიო აქტივების სხვა საპენსიო სქემაში გადატანა, რომლებზეც მას აქვს უფლებები, იგი ვალდებულია წერილობითი განცხადებით მიმართოს საკუთარი საპენსიო სქემის დამფუძნებელს ალტერნატიულ საპენსიო სქემაში გადასვლის სურვილისა და საპენსიო აქტივების გადატანის შესახებ.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი უფლებამოსილია შეიმუშაოს საპენსიო აქტივების გადატანის შესახებ განცხადების ფორმა და უზრუნველყოს მისი ყველა მონაწილისათვის ხელმისაწვდომობა.
3. საპენსიო აქტივების გადატანის შესახებ მონაწილის წერილობით განცხადებას თან უნდა ერთოდეს საპენსიო აქტივების მიმღები საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიმღები საპენსიო სქემის დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) მიმღები საპენსიო სქემის სარეგისტრაციო მონაცემები;
გ) მონაწილის პირადი საპენსიო ანგარიშის გახსნისა და მიღებული საპენსიო აქტივის ამ ანგარიშზე სრულად განთავსების ვალდებულების დადასტურება;
დ) მონაწილის პირადი საპენსიო ანგარიშის რეკვიზიტები და ვალუტა;
ე) მონაწილის მიერ მიმღები საპენსიო სქემის წესების გაცნობის დასტური.
4. გადამცემი საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საპენსიო აქტივების გადატანის თაობაზე მონაწილის განცხადების მიღებისას ვალდებულია, მონაწილეს წერილობით აცნობოს ინფორმაცია:
ა) საპენსიო აქტივების გადატანის თაობაზე მონაწილის განცხადების მიღების შესახებ;
ბ) მონაწილის უფლების შესახებ უარი თქვას საპენსიო აქტივების სხვა საპენსიო სქემაში გადატანაზე, გადამცემი საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამისი თანხის გადარიცხვისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე;
გ) საპენსიო აქტივების გადატანისათვის წარდგენილ დოკუმენტებში/ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენისა და აღნიშნულის გამოსასწორებლად საჭირო დოკუმენტის/ინფორმაციის თაობაზე. დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაცია გაცემული უნდა იყოს მონაწილისათვის გასაგები ფორმით;
დ) იმის თაობაზე, რომ აქტივების გადატანის შესახებ განცხადების მიღების შემდეგ მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებული შენატანი ამ საპენსიო სქემის ფარგლებში აღარ აისახება მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე საპენსიო სქემის წესების შესაბამისად და იგი დაუბრუნდება შენატანის განმახორციელებელ პირს/პირებს;
ე) აქტივების გადატანასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახდელი ხარჯის თაობაზე დეტალურად, რაც დაკავებული იქნება საპენსიო სქემის წესების შესაბამისად;
5. გადამცემი საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია შეაფასოს მონაწილის საპენსიო აქტივები და მონაწილეს წერილობით მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მიმდინარე შეფასების თარიღისთვის მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულება და განთავსების ვალუტა, შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით:
ა.ა) მონაწილის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების ოდენობა;
ა.ბ) მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანების ოდენობა;
ა.გ) დარიცხული საინვესტიციო მოგების ოდენობა;
ა.დ) საინვესტიციო ზარალის ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ე) საპენსიო აქტივების გადატანასთან/გადარიცხვასთან დაკავშირებული გადასახდელი ხარჯების შესახებ ინფორმაცია, როგორც დეტალური გაანგარიშების ფორმით, ისე ჯამურად;
ბ) გადასარიცხი თანხის ჯამური მოცულობა;
გ) საპენსიო აქტივების გადარიცხვის თარიღი.
6. გადამცემი საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მიმღები საპენსიო სქემის დამფუძნებელს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მონაწილის შესახებ მონაცემები;
ბ) საპენსიო აქტივების გადარიცხვის თარიღი;
გ) გადასარიცხი თანხის მოცულობა და ვალუტა, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის ჩათლით.
7. გადამცემი საპენსიო სქემიდან საპენსიო აქტივების გადარიცხვა მიმღებ საპენსიო სქემაში, მონაწილის საპენსიო სქემაში მონაწილეობის შეწყვეტა და მისი პირადი საპენსიო ანგარიშის დახურვა უნდა განხორციელდეს მონაწილის მიერ აქტივების გადატანის თაობაზე შეტყობინებისა და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის სრულად წარდგენის უზრუნველყოფიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა.
8. გადასარიცხი თანხის მოცულობა მოიცავს პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივების ღირებულებას (საპენსიო სქემის წესებით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახდელი ხარჯების გამოკლებით), რომელიც დაფიქსირდა მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე საპენსიო აქტივების გადარიცხვამდე, ერთი სამუშაო დღით ადრე.
მუხლი 4🔗. მიმღები საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებები
1. მიმღები საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია საპენსიო აქტივების მიღებისთანავე წერილობით აცნობოს/დაუდასტუროს მონაწილეს:
ა) ინფორმაცია საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე;
ბ) საპენსიო აქტივების მიღების თარიღი და მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე თანხის ასახვის შესახებ ინფორმაცია;
გ) მიღებული საპენსიო აქტივების ჯამური ოდენობა და ვალუტა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიმღები საპენსიო სქემის და გადამცემი საპენსიო სქემის ვალუტები ერთმანეთისგან განსხვავებულია, საპენსიო აქტივების ღირებულება შესაბამის ვალუტაში კონვერტაციის გათვალისწინებით;
დ) ინფორმაცია ნებისმიერი არჩევანთან დაკავშირებული უფლებების შესახებ, რომელიც წარმოეშობა მას ახალი საპენსიო სქემის ფარგლებში.
2. მიმღები საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მიღებული საპენსიო აქტივები სრულად ასახოს მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე, რაიმე სახის გადასახდელის (საკომისიოს) გამოქვითვის გარეშე, ხოლო საინვესტიციო მოგება/(ზარალი) ასახოს საპენსიო აქტივის მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე ასახვის დღიდან.
მუხლი 5🔗. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგები
საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სანქციები.