ტვირთის
გადაზიდვა

1. სახიფათო ტვირთის ნაყარი ტვირთის სახით გადაზიდვა ნაყარი ტვირთის გადამზიდავ კონტეინერში, კონტეინერში ან ვაგონში დასაშვებია, თუ:

ა) დაცულია RID-ის 7.3.2 პუნქტის შესაბამისი პირობები და არსებობს სპეციალური დებულება, რომელიც RID-ის 3.2 თავის A ცხრილის მე-10 სვეტში აღნიშნულია კოდით „BK“ ან კონკრეტულ პუნქტზე მითითებით და რომელიც ერთმნიშვნელოვნად რთავს ნებას გადაზიდვის ამ რეჟიმს;

ბ) დაცულია RID-ის 7.3.3 პუნქტში მითითებული შესაბამისი პირობები „AP“ კოდისთვის და არსებობს სპეციალური დებულება, რომელიც RID-ის 3.2 თავის A ცხრილის მე-17 სვეტში აღნიშნულია კოდით „VC“ ან კონკრეტულ პუნქტზე მითითებით და რომელიც ერთმნიშვნელოვნად რთავს ნებას გადაზიდვის ამ რეჟიმს.

2. ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება გადავიდნენ თხევად მდგომარეობაში, ისეთი ტემპერატურების არსებობისას, როგორიც შეიძლება წარმოიშვას გადაზიდვის დროს, არ დაიშვება ნაყარი ტვირთის სახით გადასაზიდად.

3. ნაყარი ტვირთის კონტეინერები, კონტეინერები ან ვაგონები უნდა იყოს ფხვიერი ნივთიერებებისთვის გაუმტარი და იხურებოდეს იმგვარად, რომ გადაზიდვის ნორმალურ პირობებში არ დაიკარგოს ტვირთის შიგთავსი, მათ შორის ვიბრაციის ან ტემპერატურის, ტენიანობის ან წნევის ცვალებადობის პირობებში.

4. ნაყარი ტვირთის გადაზიდვისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) ნივთიერებები უნდა ჩაიტვირთოს და გადანაწილდეს თანაბრად, იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გადაადგილება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ნაყარი ტვირთის კონტეინერის, კონტეინერის ან ვაგონის დაზიანება ან სახიფათო ტვირთის გაჟონვა/დაფანტვა;

ბ) სავენტილაციო მოწყობილობების დამონტაჟების შემთხვევაში ისინი უნდა იყოს შენარჩუნებული სუფთა და მუშა მდგომარეობაში;

გ) ნივთიერებები არ უნდა ურთიერთქმედებდნენ მასალებთან, რომლისგანაც დამზადებულია ნაყარი ტვირთის კონტეინერი, კონტეინერი, ვაგონი ან მათი აღჭურვილობა, მათ შორის სახურავი და ბრეზენტი და, ასევე, დამცავ საფართან, რომელიც უშუალოდ ეხება ტვირთს და მნიშვნელოვნად ამცირებს მის სიმყარეს. ნაყარი ტვირთის კონტეინერები, კონტეინერები ან ვაგონები უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ ნივთიერებები არ აღწევდნენ ხის საფარის ელემენტების ღიობებში ან ეხებოდნენ კონტეინერის ან ვაგონის ნაწილებს, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს გადასაზიდი ნივთიერებების ან მათი ნარჩენების ურთიერთქმედების შედეგად;

დ) დატვირთვამდე/შევსებამდე და გადასაზიდად წარდგენამდე, ყოველი ნაყარი ტვირთის კონტეინერი, კონტეინერი ან ვაგონი უნდა შემოწმდეს და გაიწმინდოს, რათა მის შიდა და გარე ზედაპირზე არ დარჩეს სახიფათო ტვირთის რაიმე ნარჩენი, რომელსაც შეუძლია:

დ.ა) გამოიწვიოს საშიში რეაქცია გადაზიდვისთვის განკუთვნილ ნივთიერებასთან;

დ.ბ) დააზიანოს ნაყარი ტვირთის კონტეინერის, კონტეინერის ან ვაგონის კონსტრუქციული მთლიანობა;

დ.გ) შეამციროს ნაყარი ტვირთის კონტეინერის, კონტეინერის ან ვაგონის გაუმტარობა.

ე) ნაყარი ტვირთის კონტეინერის, კონტეინერის ან ვაგონის ძარის გარე ზედაპირებზე არ უნდა იყოს სახიფათო ტვირთების ნარჩენები;

ვ) თუ ერთმანეთის მიმდევრობით დამონტაჟებულია რამდენიმე ჩამკეტი მოწყობილობა ჩატვირთვამდე, პირველ რიგში, უნდა დაიხუროს ის მოწყობილობა, რომელიც ყველაზე ახლოს არის განთავსებული ტვირთთან;

ზ) ცარიელი ნაყარი ტვირთის კონტეინერები, კონტეინერები ან ვაგონები, რომლებშიც გადაიზიდებოდა სახიფათო მყარი ნივთიერება ნაყარი ტვირთის სახით, უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესისა და RID-ის იმავე მოთხოვნებს, რასაც სავსე ნაყარი ტვირთის კონტეინერები, კონტეინერები ან ვაგონები, თუ არ არის განხორციელებული ყველა შესაბამისი ღონისძიება ნებისმიერი შესაძლო საფრთხის შესამცირებლად;

თ) თუ ნაყარი ტვირთის კონტეინერი, კონტეინერი ან ვაგონი გამოიყენება ისეთი ნაყარი ტვირთის გადასაზიდად, რომელიც ხასიათდება აფეთქებით ან აალებადი აირების გამოყოფით, მაშინ მიღებული უნდა იყოს ზომები აალების წყაროს განეიტრალების მიმართ და საფრთხის შემცველი ელექტრო-სტატიკური განმუხტვის თავიდან აცილების მიზნით, გადაზიდვის, დატვირთვის/შევსების ან გადმოტვირთვის დროს;

ი) ნივთიერებები, მაგალითად ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთთან სახიფათო ურთიერთქმედება, ასევე ნივთიერებები, რომლებიც განეკუთვნებიან სხვადასხვა კლასს და ტვირთები, რომლებიც არ ექცევა RID-ის მოქმედების სფეროში, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთთან სახიფათო ურთიერთქმედება (რეაქციაში შესვლა), არ უნდა დაიტვირთოს ერთსა და იმავე ნაყარი ტვირთის კონტეინერში, კონტეინერში ან ვაგონში;

კ) დატვირთვამდე ნაყარი ტვირთის კონტეინერი, კონტეინერი ან ვაგონი უნდა შემოწმდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი კონსტრუქციული ვარგისიანობა, კერძოდ, შიდა კედლებზე, ჭერზე და იატაკზე არ უნდა შეინიშნებოდეს გამოშვერილი ან დაზიანებული ადგილები. აგრეთვე, შიდა შუასადებზე ან აღჭურვილობაზე, რომელიც განკუთვნილია ნივთიერებების შესაკავებლად, არ უნდა იყოს ნახეთქები ან სხვა ნებისმიერი დაზიანებები, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნას ტვირთის შეკავების შესაძლებლობას.

5. ნაყარი სახითაო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული სპეციალური პირობები, მათ შორის სახიფათო ტვირთის კლასების მიხედვით, განისაზღვრება RID-ის 7.3.2 და 7.3.3 პუნქტები