1. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის 23-ე მუხლით დადგენილი წესით გადადგეს თანამდებობიდან.
2. ამ რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს და პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს. ამ ფაქტის ცნობად მიღებისთანავე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეუწყდება უფლებამოსილება, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
3. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი, როგორც წესი, არაუგვიანეს 15 დღისა ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს.