საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 23.10.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №575
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000101 41
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
1,892 სიტყვა · ~9 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის შექმნის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №575 1990 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის შექმნის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. შინაგან საქმეთა ორგანოების ეროვნული კადრების სწავლების, აღზრდისა და მათი პროფესიული ოსტატობის ამაღლების მიზნით სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლა. 2. დამტკიცდეს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის დებულება. 3. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის უფროსი ინიშნება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინსიტროს წარდგინებით. 4. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის ადმინისტრაციული ცენტრის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. 5. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დამნაშავეობასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შეიქმნას ქ. თბილისში სპეციალური დანიშნულების შეიარაღებული ასეული უმაღლესი სკოლის მსმენელთა რიცხვიდან, რომელთაც აქვთ შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის გამოცდილება. ახლად შექმნილ ასეულში გაერთიანებულ თითოეულ მსმენელს დამატებით მიეცეს ხელფასი თვეში 190-200 მანეთი, ხოლო ოფიცრებს - 300 მანეთი. 6. საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის შესანახი თანხების გამოყოფა 1991 წლიდან, ხოლო სპეციალური დანიშნულების ასეულისათვის 1990 წლის 1 ნოემბრიდან. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე                                                                    ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი                                                          ზ. მახარაძე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის დებულება 1. ზოგადი დებულება 1.1. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლა (შემდგომში - „სკოლა“) არის საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებული უმაღლესი სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია ამ დებულებით დადგენილი ავტონომია და იურიდიული პირის უფლებები. თავის საქმიანობაში სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანონმდებლობით და ამ დებულებით. 1.2. სკოლის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა: 1.2.1 კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა ორგანოებისათვის. საქართველოს სსრ მთავრობასთან შეთანხმებით აკადემიას შეუძლია მოამზადოს სპეციალისტები სხვა რესპუბლიკებისათვის. 1.2.2. შინაგან საქმეთა ორგანოებს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება. 1.2.3. ფუნდამენტური და გამოყენებითი იურისპრუდენციის გაფართოება. 1.2.4.მეცნიერული ნაშრომების, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოებისა და სხვათა მომზადება და გამოცემა. 1.2.5. საზოგადოებაში და შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკთა შორის ჰუმანისტური იდეების, სამართლებრივი და სხვაგვარი მეცნიერული ცოდნის გავრცელება. 1.3. მოსამზადებელი  მუშაკების სპეციალიზაციას განსაზღვრავს სკოლის საბჭო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სხვა სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნილებათა, აგრეთვე მის წინაშე მდგომი ამოცანების გათვალისწინებით. 1.4. სკოლაში სწავლება იწარმოებს ქართულ და რუსულ ენებზე. 1.5. სკოლა დამოუკიდებლად აწესებს თავის ორგანიზაციულ-მმართველობით სტრუქტურას, განაგებს სასწავლო, სამეცნიერო, საგამომცემლო და სამეურნეო-საფინანსო საქმეებს. სკოლის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე მის სამეცნიერო-აღმზრდელობით დაწესებულებათა საქმიანობას განსაზღვრავს სკოლის რეგლამენტი. 1.6. სკოლას შეუძლია დადგენილი წესით სხვა ორგანიზაციებთან კოოპერირება, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა ასოციაციებში შესვლა. შეუძლია იქონიოს კავშირი სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, რესპუბლიკისა და უცხო ქვეყნის სამეცნიერო და სხვა დაწესებულებებთან. 1.7. სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალის, მოსამსახურეთა და მსმენელთა რიცხვიდან სკოლაში შეუძლია სხვადასხვაგვარი პროფესიული, კულტურული, სპორტული და სხვა ორგანიზაციების შექმნა, გარდა პოლიტიკური ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი მოძრაობებისა. 2. სკოლის სტრუქტურა და მართვა 2.1. სკოლის მმართველობის ორგანოებია სკოლის უფროსი, სკოლის საბჭო, კათედრებისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები. კათედრებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებს განსაზღვრავს სკოლის რეგლამენტი. სკოლის პირადი შემადგენლობა განისაზღვრება 500 მსმენელით, 160 ოფიცრით და 70 ნებით დაქირავებული მოქალაქით. 2.2. სკოლის უფროსი: 2.2.1. ხელმძღვანელობს სკოლის საქმიანობას, მოქმედებს მისი სახელით. 2.2.2. გამოსცემს სკოლის ყველა მუშაკისა და მსმენელისათვის აუცილებლად შესასრულებელ ბრძანებებს. 2.2.3. იწვევს სკოლის საბჭოს სხდომებს და თავმჯდომარეობს ამ სხდომაზე. 2.2.4. ჩარიცხავს და გარიცხავს სკოლის მსმენელებს. 2.2.5. მიმართავს წახალისების ზომებს და აწესებს დისციპლინურ სასჯელებს. 2.2.6. ამტკიცებს სკოლის საბჭოს მიერ არჩეულ ფაკულტეტებისა და კათედრების უფროსებს და აგრეთვე ნიშნავს სკოლის სხვა დამოუკიდებელი ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს. კანონით დადგენილი წესით მიიღებს და დაითხოვს სკოლის მუშაკებს. 2.2.7. ანიჭებს სპეციალურ წოდებებს (მილიციის მაიორის ჩათვლით). 2.2.8. საწესდებო ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სკოლის შემოსავლისა და გასავლის ხარჯთაღრიცხვას, აკონტროლებს მის შესრულებას. 2.2.9. ამყარებს კავშირს საქართველოსა და სხვა რესპუბლიკების, ასევე უცხო ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან, სამეცნიერო და სხვა დაწესებულებებთან, ახორციელებს სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებისა და მსმენელების გაცვლას. 2.2.10. სკოლის მუშაკთა საერთო კრებაზე ყოველწლიურ ანგარიშს აკეთებს სკოლის საქმიანობის შესახებ. 2.3. სკოლის საბჭო: 2.3.1. ორგანიზაციას უწევს სკოლის მთელ საქმიანობას ამ დებულებისა და მიღებული რეგლამენტის შესაბამისად. საბჭოს დადგენილებები სავალდებულოა შესასრულებლად სკოლის ყველა მუშაკისა და მსმენელისათვის. სკოლის საბჭოში თანამდებობით შედიან სკოლის უფროსი, მისი მოადგილეები, ფაკულტეტებისა და კათედრების უფროსები. საბჭოს დანარჩენ წევრებს ირჩევენ სამეცნიერო - პედაგოგიური, დამხმარე პერსონალის, აგრეთვე მსმენელთა რიცხვიდან. მათი რიცხვი და არჩევის წესი განისაზღვრება სკოლის რეგლამენტით. სკოლის საბჭოს 5 წლის ვადით ირჩევენ. სკოლის უფროსი არის საბჭოს თავმჯდომარე. თავის წევრთა რიცხვიდან ფარული კენჭისყრით საბჭო ირჩევს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და საბჭოს მდივანს. 2.3.2. სკოლის პროფესორებისა და დოცენტების რიცხვიდან ფარული კენჭისყრით ირჩევს სკოლის უფროსს 5 წლის ვადით. საბჭოს მიერ არჩეულ სკოლის უფროსს ნიშნავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგენით. 2.3.3. ამტკიცებს უფროსის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მის მოადგილეებად დასანიშნად. 2.3.4. კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით ირჩევს ფაკულტეტებისა და კათედრების უფროსებს, აგრეთვე სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალის ყველა სხვა წევრს და წარუდგენს მათ აკადემიის უფროსს დასამტკიცებლად. 2.3.5. წარმოადგენს დასკვნებს სკოლის შემოსავლისა და გასავლის ხარჯთაღრივხვის შესახებ. 2.3.6. წყვეტს საკითხებს ფაკულტეტების, კათედრების, განყოფილებების, ლაბორატორიებისა და სხვა ქვედანაყოფების დამტკიცების და გაუქმების შესახებ. 2.3.7. აწესებს და ამტკიცებს ხელფასს და სამუშაოთა ნორმატივებს. 2.3.8. ამტკიცებს სკოლის უფროსის მიერ წარმოდგენილ წლიურ ანგარიშს აკადემიის საქმიანობის შესახებ. 2.3.9. ირჩევს სარევიზიო კომისიას და ისმენს მის ანგარიშს. 2.3.10. ირჩევს საკონკურსო კომისიას და სხვა კომისიებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის. 2.3.11. კანონით დადგენილი წესით აყენებს საკითხს მეცნიერებათა დოქტორისა და კანდიდატის წოდებების მინიჭების შესახებ. 2.3.12. ამტკიცებს სკოლის რეგლამენტს. 2.3.13. ამტკიცებს და აუქმებს სპეციალიზაციებს. 2.3.14. განიხილავს და ამტკიცებს სასწავლო გეგმებს და კათედრების მიერ შედგენილ სასწავლო პროგრამებს. 2.3.15. წყვეტს სკოლისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს. 2.3.16. უფლებამოსილია ინიციატივით გამოვიდეს სკოლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. 2.4. საბჭოს დადგენილებები უფლებამოსილად ითვლება, თუ სხდომაში მონაწილეობს საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა. საბჭოს დადგენილებები მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით ხმების უბრალო უმრავლესობით. საბჭოს დადგენილებები ძალაში შედის სკოლის უფროსის შესაბამისი ბრძანების გაცემის მომენტიდან. საბჭოს დადგენილებასთან აკადემიის უფროსის უთანხმოების, ანდა ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი ბრძანების გამოუცემლობის შემთხვევაში საკითხი ხელმოსაწერად უნდა იქნეს განხილული საბჭოს მიერ. დადგენილება შედის ძალაში თუ იგი ხელმეორედ მოიწონა საბჭოს წევრთა ორმა მესამედმა. მიღებულ დადგენილებას ყველას გააცნობენ. 2.5. სკოლის საბჭოს სხდომებს იწვევენ სემესტრში სულ ცოტა ორჯერ. საბჭოს წევრთა ერთი მესამედის წინადადებით შეიძლება საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა, არა უგვიანეს 10 დღისა სკოლის უფროსთან შეტანილი წინადადების შეტანის შემდეგ. 2.6. სკოლის საქმიანობის ცალკეულ დარგებს ხელმძღვანელობენ: 2.6.1. სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს - სკოლის უფროსის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში. 2.6.2. მეცნიერებას - სკოლის უფროსის მოადგილე მეცნიერების დარგში. 2.6.3. სამეურნეო განყოფილებას და მის ქვედანაყოფებს - უფროსის მოადგილე სამეურნეო საქმეთა დარგში. 2.6.4. სამსახურის ქვედანაყოფს და სამორიგეო ნაწილს - უფროსის თანაშემწე სამსახურის საქმეთა დარგში. 2.6.5. კადრებთან მუშაობას - უფროსის თანაშემწე კადრების დარგში. სკოლის უფროსის მოადგილეთა და თანაშემწეთა თანამდებობრივ ფუნქციებს განსაზღვრავს სკოლის მუშაობის რეგლამენტი. 2.7. კათედრა - ეს არის პროფესურა, დოცენტები, უფროსი მასწავლებლები, მასწავლებლები, ინსტრუქტორ-მასწავლებლები, რომლებიც ერთს ან რამდენიმე ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეცნიერო დისციპლინას ასწავლიან. 2.8. კათედრა: 2.8.1. ორგანიზაციას უწევს და ახორციელებს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს, ასრულებს მეთოდურ, სამეცნიერო-კვლევით და სამეცნიერო-პოპულარულ მუშაობას. 2.8.2. ამზადებს სასწავლო პროგრამებს სპეციალობებისა და სპეციალიზაციების მიხედვით, სახელმძღვანელოებს, მეთოდურ მასალებს, წარმოადგენს წინადადებებს სასწავლო გეგმის თაობაზე. 2.8.3. წინადადებები შეაქვს სკოლის საბჭოში სამეცნიერო-პედაგოგიურ სამუშაოზე კონკურსის საფუძველზე პირთა არჩევის თაობაზე. 2.8.4. წინადადებები შეაქვს სკოლის საბჭოში დოცენტის ან პროფესორის წოდების მინიჭების, აგრეთვე კათედრების უფროსების თანამდებობაზე კანდიდატურის შესახებ. 2.9. კათედრის საქმიანობას ხელმძღვანელობს კათედრის უფროსი. იგი იწვევს კათედრის სხდომებს - კათედრის უმაღლეს ორგანოს და თავმჯდომარეობს ამ სხდომებზე. 3. სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალი და სხვა მუშაკები. 3.1. სკოლის პედაგოგიური პერსონალია: 3.1.1. კათედრის უფროსი 3.1.2. პროფესორი 3.1.3. დოცენტი 3.1.4. უფროსი მასწავლებელი 3.1.5. მასწავლებელი 3.1.6. ინსტრუქტორ-მასწავლებელი 3.1.7. სკოლის სამეცნიერო პერსონალში შედიან: - ლაბორატორიის (სექტორის გამგე); - მთავარი მეცნიერ-მუშაკი; - უფროსი მეცნიერ-მუშაკი; -მეცნიერ-მუშაკი; - უმცროსი მეცნიერ-მუშაკი. სკოლის შემადგენლობაში შედის აგრეთვე საინჟინრო-ტექნიკური, სასწავლო-აღმზრდელობითი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო, სამედიცინო და სხვა პერსონალი 3.2. სკოლის პროფესორი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის სულ ცოტა 5 წლის სტაჟი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - პირი, რომელსაც არა აქვს დოქტორის ხარისხი, მაგრამ გააჩნია არა ნაკლებ 20 წლის პედაგოგიური სტაჟი და გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი ნაშრომები სპეციალობის მიხედვით. 3.3. სკოლის დოცენტი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის სულ ცოტა 3 წლის სტაჟი და აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ნიჭი. 3.4. სკოლის უფროსი მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დიპლომი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დამთავრების შესახებ, უმაღლეს სკოლაში პედაგოგიური მუშაობის სულ ცოტა 5 წლის სტაჟი და პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ნიჭი. 3.5. სკოლის მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დიპლომი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დამთავრების შესახებ და პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ნიჭი. 3.6. ინსტრუქტორ-მასწავლებელს უნდა ჰქონდეს დიპლომი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დამთავრების შესახებ. 3.7. საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მეცნიერ-თანამშრომლისადმი განსაზღვრავს სკოლის რეგლამენტი. 3.8. სკოლის მუშაკები შეიძლება იყვნენ მხოლოდ საქართველოს სსრ მოქალაქეები, დროებით სამუშაოზე შეიძლება იმ პირთა მიღებაც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, შრომის ხელშეკრულებას მათთან დებს სკოლის უფროსი კათედრის ან სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა წარდგინებით. 3.9. მეცნიერ-პედაგოგიურ მუშაკთა თანამდებობის დაკავება ხდება კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით. კონკურსის საფუძველზე არჩეულ სამეცნიერო-პედაგოგიურ პერსონალს ამტკიცებს სკოლის უფროსი. 3.10. კათედრის უფროსის თანამდებობაზე კანდიდატებს წარმოადგენს კათედრის მეცნიერ-პედაგოგიური პერსონალი. 3.11. პედაგოგიურ დატვირთვას მეცნიერ-პედაგოგიური პერსონალისათვის განსაზღვრავს სკოლის საბჭო. მისი მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 800-1000-მდე საათს წელიწადში. პედაგოგიური დატვირთვის ნორმები განისაზღვრება რეგლამენტით. სკოლის უფროსს, მის მოადგილეებს და სხვა მუშაკებს აქვთ სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის უფლება ცალკე ანაზღაურებით, იმ წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სსრ კანონმდებლობით და სკოლის საბჭოს მიერ. 3.12. სკოლის მუშაკს, რომელიც წარმატებით ართმევს თავს სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას, 5 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიეცეს შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 6 თვის ვადით კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მეცნიერული მუშაობისათვის ან სახელმძღვანელოების მოსამზადებლად დადგენილი წესით ხელფასის გაცემით. 3.13. იმ პირებს, რომლებიც სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწევიან, შეუძლიათ შეასრულონ ოფიცრის მოვალეობები არსებული წესდებით განსაზღვრულ ასაკამდე, ხოლო ასაკს გადაცილებულებს - სკოლის საბჭოს ცალკე დადგენილების შესაბამისად. სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალის პენსიაზე გასულ წევრებს შეექმნება სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის პირობები სკოლის ბაზის გამოყენებით. 3.14. სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალის თითოეული წევრი მოვალეა ეწეოდეს კათედრის გეგმებით გათვალისწინებულ კვლევით მუშაობას, აიმაღლოს თავისი კვალიფიკაცია და პროფესიული დონე. 3.15. სკოლა უფლებამოსილია მიავლინოს პერსპექტიული სპეციალისტები სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი სასწავლებლების ადიუნქტურასა და დოქტორანტურაში. 4. სწავლება 4.1. სწავლების ორგანიზაცია ხორციელდება სკოლის საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმებისა და სწავლების პროგრამების შესაბამისად. გარდა აუცილებელი დისციპლინებისა სწავლების გეგმებში შეიძლება ისეთი საგნების გათვალისწინებით, რომლებსაც ფაკულტატური წესით შეისწავლიან. სკოლაში არის დღის სტაციონარი და დაუსწრებელი განყოფილება, მოქმედებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსი. სკოლაში სასწავლებლად მიიღებიან საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსებზე მეცადინეობენ სპეციალური საშუალო ან უმაღლესი განთლების მქონე პირები. სასწავლო წელი სკოლაში ორ სემესტრად იყოფა და 11 თვეს გრძელდება. თითოეულ სემესტრში ხდება ჩათვლებისა და გამოცდების ჩაბარება (საკურსო და სასემესტრო). 4.2. სკოლის დღის განყოფილებაზე სწავლის ხანგრძლივობა 5 წელს შეადგენს. იმ მსმენელებს, რომლებმაც მოისმინეს სწავლების სრული პროგრამა, ჩააბარეს სახელმწიფო გამოცდები და დაიცვეს სადიპლომო ნაშრომი, მიეცემათ უმაღლესი განათლების დიპლომი, მიენიჭებათ იურისტის კვალიფიკაცია და მილიციის ლეიტენანტის სპეციალური წოდება. იმ პირებს, რომლებიც წარჩინებით დაამთავრებენ სკოლას, მიენიჭებათ უფროსი ლეიტენანტის წოდება. 4.3. დაუსწრებელ განყოფილებაზე სწავლის ხანგრძლივობა 5 წელია. პირველ კურსზე კონკურსის საფუძველზე მიიღებიან საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე პირები, რომლებსაც შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის სტაჟი აქვთ. ის პირები, რომლებსაც შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემის სპეციალური საშუალო სასწავლო დაწესებულებები ან სხვა იურიდიული სასწავლო დაწესებულებები დაამთავრეს, მიიღებიან III კურსზე. 4.4. დღისა და დაუსწრებელ განყოფილებებზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსზე მიღების, აგრეთვე სწავლების წესს განსაზღვრავს სკოლის რეგლამენტი. 5. მსმენელები 5.1. სკოლის მსმენელები არიან დღის, დაუსწრებელი განყოფილების და კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსების მსმენელები. 5.2. დღის განყოფილების მსმენელების შენახვა სახელმწიფოს სახსრების ხარჯზე ხდება - ისინი უზრუნველყოფილი არიან უფასო კვებით (მიეცემათ კომპენსაცია), ფორმის ტანსაცმლით, მიეცემათ სტიპენდია (ხელფასი), შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი იქმნებიან საერთო საცხოვრებლით. 5.3. მსმენელთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს სკოლის რეგლამენტი. 5.4. მსმენელთა ინტერესების წარმოდგენის მიზნით ყველა კურსის მსმენელთა რიცხვიდან შეიქმნება მსმენელთა საბჭო. იგი წყვეტს საყოფაცხოვრებო პირობებთან, სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს და მსმენელთა სხვა პრობლემებს, აგრეთვე ამასთან დაკავშირებით წარუდგენს სკოლის ხელმძღვანელობას შესაბამის წინადადებას. 5.5. სკოლის მსმენელები რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება გამოყენებულ იქნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად. 6. სკოლის ქონება და სახსრები 6.1. როგორც იურიდიული პირი, სკოლა დამოუკიდებლად განაგებს თავის ქონებას და სახსრებს. 6.2. სკოლის შესანახი სახსრები საქართველოს სსრ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ეს სახსრები ჩაირთვება საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვაში. მიღებული სახსრების გამოყენების შესახებ სკოლა ანგარიშს აბარებს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს. 6.3. სკოლის ოფიცრებისა და მსმენელთათვის ტანსაცმელს, აგრეთვე იარაღს, სპეციალურ ტექნიკას, კავშირგაბმულობის საშუალებებს და სწავლების პროცესისათვის საჭირო სხვა აღჭურვილობას გამოყოფს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო. 6.4. სკოლას შეიძლება გააჩნდეს დამატებითი სახსრები, რასაც სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციებიდან მათთვის გაწეული მომსახურებისათვის მიიღებს. ხელშეკრულების თანახმად დამატებითი სახსრები გამოიყენება სკოლის საბჭოს მიერ დამტკიცებული შემოსავლის და გასავლის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.