1. უცხოური პრინციპალის ნებისმიერი ამჟამინდელი აგენტი ან სავარაუდო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირი, ან მათი წარმომადგენელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს ბიუროს და მოითხოვოს საკონსულტაციო დასკვნის გაცემა, მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან, გაწეულ ხარჯებთან, ფულადი სახსრების ან მატერიალური ფასეულობის მიღებასთან, ან ტრანზაქციასთან დაკავშირებით, აგრეთვე იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა კანონის შესაბამისად რეგისტრაციას.

2. კონსულტაციის დასკვნის გაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადების შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე საქმიანობაზე, ხარჯზე, ფულადი სახსრების ან მატერიალური ფასეულობის მიღებასა და შესაბამის ტრანზაქციებზე, მათ შორის:

ა) აგენტ(ებ)ის და უცხოური პრინციპალ(ებ)ის ვინაობ(ებ)ს;

ბ) აგენტის საქმიანობის ბუნებას უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებისთვის;

გ) უცხოურ პრინციპალთან უკვე არსებული ან შემოთავაზებული წერილობითი ხელშეკრულების ასლს ან თითოეული არსებული/შემოთავაზებული ზეპირი შეთანხმების ვადებისა და პირობების სრულ აღწერას;

დ) რეგისტრაციისგან გათავისუფლების მოთხოვნის შემთხვევაში, კანონის კონკრეტული მუხლის მითითებას.

3. ფიზიკური პირის მიერ ბიუროსთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, განცხადებას ხელს აწერს სავარაუდო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირი ან უცხოური პრინციპალის აგენტი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი არ არის ფიზიკური პირი, განცხადებას ხელს აწერს შესაბამისი უფლებამოსილი პირი (მმართველი, დირექტორი, წარმომადგენელი და სხვ.). განცხადებაზე ყველა ხელმომწერმა პირმა უნდა დაადასტუროს, რომ განცხადება შეიცავს ნამდვილ, სწორ და სრულ ინფორმაციას.

4. ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში, თითოეულმა მხარემ უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი. დამატებითი ინფორმაცია ზეპირსიტყვიერად მიწოდების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით, იგივე პირის ხელმოწერით, რომელმაც წარადგინა კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება და უნდა შეიცავდეს მითითებას, იმის თაობაზე, რომ მიწოდებული დამატებითი ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრული.

5. საკონსულტაციო დასკვნის გაცემის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს ბიურო, არსებული გარემოებების გათვალისწინებით. საკონსულტაციო დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ განცხადებაში მითითებული საკითხები მოიცავს ისეთ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს კანონის განმარტებას, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით. კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების წარმდგენ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს უარი თქვას კონსულტაციის გაცემის მოთხოვნაზე, თუმცა აღნიშნული არ აფერხებს ბიუროს მოთხოვნის ავტორს მიმართოს იმგვარი შენიშვნით ან მითითებით, რომელსაც იგი საჭიროდ ჩათვლის. კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების, დოკუმენტის ან ინფორმაციის მიღების შემდეგ ბიუროს უმოქმედობა არ ზღუდავს ბიუროს შემდგომში განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. ბიურო იტოვებს უფლებას, შეინახოს მისთვის წარდგენილი კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება, დოკუმენტი ან ინფორმაცია ამ პროცედურის ფარგლებში ან გამოიყენოს ნებისმიერი ასეთი განცხადება, დოკუმენტი ან ინფორმაცია სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.

6. ბიურო საკონსულტაციო დასკვნას გასცემს კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებისა და ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღებიდან 30 დღის ვადაში.

7. კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების წარმდგენი პირი, საკონსულტაციო დასკვნას უნდა დაეყრდნოს, მხოლოდ მისი მხრიდან განცხადებაში ასახული ინფორმაციის სისრულისა და სისწორის ფარგლებში.

8. კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენა ან საკონსულტაციო დასკვნის მომზადების მიზნით წარმოების მიმდინარეობა არ ათავისუფლებს პირს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან.

9. საკონსულტაციო დასკვნის მომზადების პროცედურის ფარგლებში წარდგენილი კონფიდენციალური მასალის გამჟღავნება დაუშვებელია სათანადო წესით რედაქტირების გარეშ