1. განმცხადებელმა და უცხოური პრინციპალის აგენტმა, კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, უნდა შეინახოს შემდეგი დოკუმენტები და ჩანაწერები:

ა) ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებით გაგზავნილი და მიღებული კორესპონდენცია, აგრეთვე, ყველა სახის შეტყობინება და წერილობითი კომუნიკაცია, ნებისმიერ უცხოურ პრინციპალთან და სხვა პირთან, რომელიც დაკავშირებულია უცხოური პრინციპალის სახელით ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე მის საქმიანობასთან;

ბ) ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებით გაგზავნილი და მიღებული კორესპონდენცია, აგრეთვე, ყველა სახის შეტყობინება და წერილობითი კომუნიკაცია, ყველა პირთან, რომელიც უკავშირდება საკუთარი ან მისი ნებისმიერი უცხოური პრინციპალის პოლიტიკურ საქმიანობას;

გ) მას და მის ნებისმიერ უცხოურ პრინციპალს შორის არსებული ყველა წერილობითი ხელშეკრულების დამოწმებული ასლი;

დ) ჩანაწერები, რომლებიც შეიცავს ყველა იმ პირის ვინაობას და მისამართს, ან იმ სამიზნე ჯგუფის აღწერას, რომელსაც გადაეცა საინფორმაციო მასალა;

ე) ყველა ბუღალტრული და სხვა ფინანსური ჩანაწერი, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ მისი ნებისმიერი უცხოური პრინციპალის სახელით განხორციელებულ საქმიანობასთან, მათ შორის, საბანკო ამონაწერები და შემოსავლის და ხარჯების შესახებ ჩანაწერები, სადაც ნაჩვენებია ყველა იმ პირის ვინაობა და მისამართი, რომელმაც გადაუხადა ან მისგან მიიღო ფულადი სახსრები, აგრეთვე, თითოეული გადახდილი ან მიღებული თანხის ოდენობა და თარიღი;

ვ) თუ განმცხადებელი/უცხოური პრინციპალის აგენტი არის პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა სხვა ნებისმიერი გაერთიანება, მის მართვასთან ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და სხვა ბუღალტრული და ფინანსური ჩანაწერი. დოკუმენტები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მისი ყველა დაკავშირებული პირის, მათ შორის, იმ პირთა ვინაობისა და მისამართის შესახებ, რომლებიც აღარ მოქმედებენ, როგორც დაკავშირებული პირები;

ზ) სხვა დოკუმენტები და ჩანაწერები, რომლებიც აუცილებელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის სრულფასოვანი აღქმისთვის.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები და ჩანაწერები ინახება იმგვარად, რომ ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს შემოწმებისთვის, კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.

3. პირმა უნდა შეინახოს აგენტობის პერიოდში წარმოებული ამ მუხლის პირველი პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტები და ჩანაწერები მისი რეგისტრაციის შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში.

4. ბიუროს უფროსმა, დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა განმცხადებელს დართოს ნება გაანადგუროს დოკუმენტები და ჩანაწერები, რომლებიც წარდგენილი იყო განადგურების მოთხოვნამდე 5 წლით ან 5 წელზე მეტი ვადით ადრე, პირველადი ან დამატებითი განცხადების რეგისტრაციის ფარგლებში.

თავი V

კონსულტაცია და საკონსულტაციო დასკვნის გაცე