ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-353
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016905 106
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ფრინველის გრიპის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ ცხვრისა და თხის ყვავილის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა ბლუთანგის აღმოფხვრასა და კონტროლთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-353
2025 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის (დანართი №8)“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“ (შემდგომ – გეგმა) მიზნად ისახავს ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადების (შემდგომ – ნიუკასლის დაავადება) წინააღმდეგ ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფას საქართველოში.
2. წარმოდგენილი გეგმა ფოკუსირებულია რისკების იდენტიფიცირებაზე და შემდეგ აღმოფხვრაზე. გეგმაში ასახული ღონისძიებები მიზნად ისახავს ნიუკასლის დაავადების აფეთქებისას გასატარებელ კონტროლის ზომებს და სხვა დამატებით ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნიუკასლის გამომწვევი ვირუსის გავრცელება ფრინველებში.
3. ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება ოპტიმიზებულია დაინფიცირებულ ტერიტორიაზე ნიუკასლის დაავადების აღმოფხვრისათვის საჭირო და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებში გამოსაყენებელი დაცვის ზომებზე, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით.
4. გეგმის წარმატებული განხორციელება მოითხოვს თანამშრომლობას სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს შორის. ეს გეგმა განსაზღვრავს ყველა მხარის როლს დაავადების გავრცელების პრევენციასა და მისი კონტროლის პროცესებში.
5. გეგმის განახლება უნდა მოხდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.
6. ნიუკასლის დაავადების მკურნალობა შემუშავებული არ არის.
7. ნიუკასლის დაავადების პრევენციისათვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ფრინველის პროფილაქტიკური ვაქცინაცია.
მუხლი 2🔗. ჩართული მხარეები ნიუკასლის დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში
1. ნიუკასლის დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში, ჩართული მხარეები არიან:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო);
ბ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო);
გ) სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომში – სახელმწიფო ლაბორატორია);
დ) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ვ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ტერიტორიულ ერთეულში;
ზ) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია;
თ) ექსპერტთა ჯგუფი (მათ შორის, დარგობრივი მიმართულების).
2. ჩართულმა მხარეებმა, კომპეტენციის ფარგლებში, საკარანტინო ღონისძიებების გასატარებლად დახმარება გაუწიოს სააგენტოს.
3. ეპიზოოტიური მდგომარეობის გართულებიდან გამომდინარე, როდესაც დაავადება იღებს გავრცელების ფართო მაშტაბებს და არის საფრთხე, რომ დაავადებამ მოიცვას მთლიანი ქვეყანა ან ქვეყნის დიდი ნაწილი, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე იქმნება დაავადებასთან ბრძოლის ცენტრალური და რეგიონული ოპერატიული ჯგუფები.
4. ნიუკასლის დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში, რეგიონულ სამმართველოში შექმნილ ოპერატიულ ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ რეგიონული სამმართველოების ვეტერინარი ინსპექტორები და, საჭიროების შემთხვევაში, საველე სამუშაოებში ჩართულნი იქნებიან ხელშეკრულებით დაქირავებული სპეციალისტები.
5. სახელმწიფო ლაბორატორია ახორციელებს დაავადებების დიაგნოსტიკას და სააგენტოს დროულად აწვდის ლაბორატორიული გამოკვლევების შესახებ გამოცდის ოქმს, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს პოსტვაქცინალურ კვლევებს.
6. სახელმწიფო ლაბორატორიაში ნიუკასლზე გამოსაკვლევად ნიმუშები აღებული და წარდგენილი უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით და ნიმუშების აღების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗. ნიუკასლის დაავადების შესახებ შეტყობინების ვალდებულება
1. ნიუკასლის დაავადების საეჭვო ან დადასტურებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ მფლობელი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს.
2. ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH).
3. ნიუკასლის დაავადების დადასტურების შესახებ ინფორმაცია, სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი ინსპექტორის მიერ შეტანილი უნდა იქნეს დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონულ ინტეგრირებულ სისტემაში.
4. ნიუკასლის დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში, სააგენტომ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს ან/და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს.
მუხლი 4🔗. მფლობელის ვალდებულებები
ყველა პირი, რომელიც დაკავებულია ფრინველის, კვერცხის, გალიაში მყოფი ფრინველისა და სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედის ტრანსპორტირებითა ან/და ყიდვა – გაყიდვით, ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს მისი მითითებები.
მუხლი 5🔗. ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში
1. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი ინსპექტორი ინფორმაციას აგროვებს და დაუყონებლივ აწვდის ანგარიშს სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტს შემდგომი კოორდიინირებული მოქმედებისათვის. შესაძლო ავადმყოფი ფრინველის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი ინსპექტორი უზრუნველყოფს:
ა) ფერმის ოფიციალურ ზედამხედველობას, იღებს ზომებს დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და ახორციელებს ეპიდემიოლოგიურ კვლევას:
ბ) ფერმაში არსებული სულადობების აღწერას სახეობების და კატეგორიების მიხედვით, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს თითეული სახეობისათვის და კატეგორიისათვის: ცოცხალი/მკვდარი ფრინველის რაოდენობა, კლინიკური ნიშნების მქონე და კლინიკური ნიშნების გარეშე არსებული ფრინველების რადენობა;
გ) საეჭვო ფრინველის განთავსებას იზოლირებულად, რათა კონტაქტში არ იყვნენ სხვა ფრინველებთან;
დ) სახელმწიფო ლაბორატორიასთან წინასწარ შეთანხმებას საჭირო ნიმუშების აღებასთან და გადაგზავნასთან დაკავშირებით;
ე) დროებით შეზღუდვებს ფრინველის გადაადგილებასა და რეალიზაციაზე, ნიუკასლის დაავადების გამორიცხვამდე, კერძოდ:
ე.ა) იკრძალება ფერმიდან ყველა ფრინველის გაყვანა და ასევე ახალი ფრინველის შემოყვანა;
ე.ბ) იკრძალება ფერმიდან კვერცხის, ფრინველის ხორცის, ფრინველის პროდუქტების და სუბპროდუქტების გატანა;
ე.გ) სააგენტოს ავტორიზაციის საფუძველზე, კვერცხი პირდაპირ იგზავნება კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ ან/და გადამამუშავებელ საწარმოში;
ვ) შესაძლო დაავადებული პუნქტის დემარკაციას, ირგვლივ გაფრთხილებების განთავსებას და ცხოველის მფლობელის მიმართ ადგენს შემდეგ ვალდებულებებს:
ვ.ა) ფერმაში იკრძალება უცხო პირთა შესვლა, სხვა სახეობის ცხოველის შეყვანა, სატრანსპორტო საშუალებების შესვლა;
ვ.ბ) ფერმიდან იკრძალება ფრინველის ხორცის, ლეშის, ფრინველის საკვების ხელსაწყოების, ნარჩენების, ნაკელის და გამოყენებული ნივთების გადაადგილება აუცილებელი სადეზინფექციო დამუშავების და ვეტერინარი ინსპექტორის ნებართვის გარეშე;
ვ.გ) სადეზინფექციო ხალიჩები მოთავსებული უნდა იყოს თითოეული ფერმის შესასვლელთან და გასასვლელთან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ზომები უნდა გაგრძელდეს ნიუკასლის დაავადების ოფიციალურად გამორიცხვამდე.
მუხლი 6🔗. ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემთხვევაში გასატარებელი ზომები
1. სახელმწიფო ლაბორატორიიდან მიღებული დადებითი ლაბორატორიული შედეგის გათვალისწინებით, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარების მიზნით.
2. ნიუკასლის დაავადებაზე კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;
ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
3. ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემდეგ სააგენტოს უფროსი ოპერატიულ ჯგუფთან თანამშრომლობით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) დაავადებულ საფრინველეში არსებული ყველა ფრინველის დაუყოვნებლივი მოკვლის შესახებ;
ბ) კვერცხის, მკვდარი და მოკლული სულადობის განადგურების შესახებ;
გ) ფრინველის კარკასების, ასევე დაბინძურებული აღჭურვილობის განადგურების შესახებ.
4. სააგენტოს რეგიონული სამმართველო წერილობით მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს−გუბერნატორს კარანტინის გამოხცადებასთან დაკავშირებით და განსაზღვრავს საკარანტინო საზღვრებს 3 კმ. და 10 კმ. რადიუსში.
5. საკარანტინო სალიკვიდაციო ღონისძიების კოორდინაციას ახორციელებს სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი.
6. საჭიროებიდან გამომდინარე, დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
7. თუ დაავადება გამოვლინდა საკონტროლო ზონასთან ახლოს, რომელიც ესაზღვრება ან გადაკვეთს ქვეყნის გარე საზღვარს, მაშინ სააგენტო უზრუნველყოფს მეზობელი ქვეყნის კომპეტენტური სამსახურის ინფორმირებას.
8. სააგენტო საჭიროებიდან გამომდინარე მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების გაწევის თხოვნით.
9. საკარანტინო ღონისძიებების შესრულებზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო, კერძოდ:
ა) ფერმაში ფრინველის მოკვლა უნდა განხორციელდეს ვეტერინარი ინსპექტორის ზედამხედველობის ქვეშ ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს;
ბ) მკვდარი, მოკლული ფრინველი და კვერცხი ნადგურდება ვეტერინარი ინსპექტორის ზედამხედველობის ქვეშ, ისეთი მეთოდებით, რომლებიც მაქსიმალურად ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს;
გ) ყველა ნივთი, რომელიც შესაძლოა დაბინძურებული იყოს დაავადების გამომწვევი ვირუსით, ნადგურდება ან მუშავდება ვეტერინარი ინსპექტორის ზედამხედველობის ქვეშ;
დ) ფერმის, მისი შემოგარენის, სატრანსპორტო საშუალებების და მათი აღჭურვილობის გაწმენდა, რეცხვა და დეზინფექცია, რომელიც შესაძლოა დაბინძურებული იყოს დაავადების გამომწვევი აგენტით, უნდა განხორციელდეს ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
10. თუ სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი ინსპექტორი ადასტურებს, რომ ორი და მეტი ერთეულისაგან შემდგარ საფრინველეში ფრინველებს ინახავენ და კვებავენ ისე, რომ მათ შეხება არა აქვთ იმ ერთეულთან, სადაც დაფიქსირდა დაავადება, ასეთ შემთხვევაში:
ა) ნიუკასლის დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების არარსებობის და ლაბორატორიული ტესტების უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, ფრინველის ასეთ ჯგუფში არ ხდება ფრინველის მოკვლა და წარმოების განადგურება. ასეთი შემთხვევისთვის, სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერანი ინსპექტორი ადგენს დეტალურ ანგარიშს და უგზავნის მას სააგენტოს;
ბ) თუ არ არსებობს ნიუკასლის დაავადების დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები და კვლევის შედეგი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ნიუკასლის დაავადების ვირუსის ინტრაცერებრალური პათოგენურობის ინდექსი არის 0,7-ზე მეტი და 1,2-ზე ნაკლები და დასტურდება, რომ იზოლირებული ვირუსი არის ნიუკასლის დაავადების ატენუირებული ცოცხალი ვაქცინიდან, მაშინ სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი ინსპექტორი მოქმედებს სააგენტოს უფროსის ბრძანების შესაბამისად: ახორციელებს აღნიშნული ფრინველის ჯგუფის ფრინველების მონიტორინგს და კონტროლს არანაკლებ 30 დღის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ბ.ა) დაინფიცირებული ფერმების რეესტრის განახლება;
ბ.ბ) ფერმაში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაცვა;
გ) სასაკლაოში ფრინველის პირდაპირი ტრანსპორტირების ნებართვა გაიცემა, თუ:
გ.ა) ფრინველების გაგზავნა სასაკლაოში კოორდინირებულია სასაკლაოს ვეტერინართან ერთად;
გ.ბ) სასაკლაოს ვეტერინარისაგან მიღებულია დასტური, რომ ფრინველების დაკვლა განხორციელდა განსაზღვრულ დროს;
გ.გ) დაზარალებული ფერმის ფრინველისგან მიღებულ ახალ ხორცზე დაიტანება ჯანმრთელობის ნიშანდება სპეციალური შტამპით.
11. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი ინსპექტორი ახორციელებს:
ა) დაავადების ინკუბაციურ პერიოდში (21 დღე) დაკლული ფრინველის ხორცის მიკვლევადობას, ამოღებას და განადგურებას;
ბ) დაავადების ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში (21 დღე) დადებული საინკუბაციო კვერცხის მიკვლევადობას, ამოღებას, განადგურებას და ასევე:
ბ.ა) საინკუბაციო კვერცხიდან გამოჩეკილ ფრინველზე იმ ზომების გავრცელებას, როგორც ნიუკასლის დაავადების საეჭვო შემთხვევაში;
ბ.ბ) დაავადების ინკუბაციურ პერიოდში დადებული სასუსართო კვერცხის მიკვლევადობას, ამოღებას და განადგურებას.
12. თუ სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარულ ინსპექტორს აქვს ეჭვი, რომ ფერმაში ვირუსი შემოტანილია სხვა ფერმიდან ან დაავადებული ფერმიდან შესაძლებელია ვირუსი გავრცელებულიყო სხვა ფერმაში (ვირუსი შესაძლებელია გავრცელდეს ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებების, ცხოველების გზით), მაშინ ფერმებში უნდა გატარდეს ღონისძიებები, რომლებიც ტარდება ნიუკასლის დაავადების საეჭვო შემთხვევის დროს.
13. შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს 21 დღის განმავლობაში, შესაძლო ინფექციის თარიღის გათვალისწინებით.
14. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარ ინსპექტორს შეუძლია შეზღუდვების გამოყენება ფერმის მხოლოდ იმ ნაწილზე და იქ განთავსებულ ფრინველებზე, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ერთი და იგივე ფერმის ორი სხვადასხვა განყოფილება თავისი საქმიანობით (კვება, მოვლა, შენახვა) სრულიად არ არის დაკავშირებული ფრინველის იმ ჯგუფთან, რომელშიც გამოვლინდა ნიუკასლის დაავადება.
მუხლი 7🔗. ეპიდემიოლოგიური მოკვლევა
1. დაავადების დადასტურების შემდეგ, სააგენტო ატარებს შემთხვევის ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევას. ეპიდემიოლოგური მოკვლევა უნდა განხორციელდეს დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონულ ინტეგრირებულ სისტემაში არსებული ფრინველის დაავადების ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ფორმით.
2. ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ხორციელდება რათა დადგინდეს:
ა) დროის პერიოდი, რომელშიც A/PMV1 მოხვდა ფერმაში;
ბ) ფერმაში დაავადების ხანგრძლივობის პერიოდი;
გ) ნიუკასლის დაავადების შესაძლო წყაროები, აგრეთვე ვირუსის ფერმაში შესვლის შესაძლო გზები;
დ) სხვა ფერმები, რომლებიც შესაძლოა ასევე დაინფიცირდნენ დაავადების ამ წყაროთი;
ე) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ფრინველის, ცხოველების სხვა სახეობების, ფრინველების გვამების, ხორცის, კვერცხების ან სხვა მასალების იდენტიფიკაცია, რომლითაც შესაძლებელი იყო ფერმაში A/PMV1 ვირუსის შეტანა ან გატანა ფერმიდან.
3. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების შედეგად დადგინდება, რომ დაავადების გამომწვევი, დაავადებულ ფერმაში შევიდა სხვა ფერმიდან, ასევე მისი გავრცელება მოხდა პოტენციურად დაავადებული ფერმიდან, სააგენტოს ვეტერინარმა ინსპექტორმა, რომელიც აფასებს რისკს, უნდა განსაზღვროს ამ ფერმებისათვის ამ გეგმით გათვალისწინებული დროებითი შეზღუდვები და უზრუნველყოს ამ ზომების შენარჩუნება მანამ, სანამ ლაბორატორიული ტესტების შედეგები არ გვექნება, რომ ფრინველი არ არის დაავადებული ნიუკასლით.
4. თუ ფრინველი გადაადგილდება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მაშინ აუცილებელია ეცნობოს მეზობელი ქვეყნის ვეტერინარულ სამსახურებს.
მუხლი 8🔗. დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნა
1. ნიუკასლის დაავადების ლაბორატორიულად დადასტურების შემდეგ საკარანტინო ზონაში დგინდება დამცავი და საკონტროლო ზონები:
ა) დამცავი ზონა არის ტერიტორიის ის ნაწილი, რომლის მინიმალური რადიუსი სულ მცირე 3 კილომეტრია, დაავადების დაფიქსირების ადგილიდან;
ბ) საკონტროლო ზონა არის ტერიტორიის ის ნაწილი, რომლის მინიმალური რადიუსი არის სულ მცირე 10 კილომეტრი, დაავადების დაფიქსირების ადგილიდან.
2. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ფრინველის მფლობელებს გადასცემს საინფორმაციო ბუკლეტებს.
3. საჭიროებიდან გამომდინარე, საკარანტინო ზონაში გასატარებელი ღონისძიებების განხორციელებაში, დახმარების გაწევის მიზნით, სააგენტო თხოვნით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 9🔗. ზომები დამცავ ზონაში
1. დამცავ ზონაში:
ა) ყველა ფრინველი უნდა მოთავსდეს იზოლირებულად;
ბ) ფერმებში უნდა გაძლიერდეს ბიოუსაფრთხოების ღონისძიებები. კერძოდ, სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილი ხალიჩები უნდა განთავსდეს ფერმის შესასვლელ- გასასვლელებში;
გ) არსებული ფერმიდან აკრძალულია ფრინველის და საინკუბაციო კვერცხების გატანა;
დ) აკრძალულია ფრინველის გადაადგილება დამცავი ზონის საზღვრებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტრანსპორტირება ხდება ტრანზიტულად მაგისტრალებსა და რკინიგზაზე;
ე) აკრძალულია გამოყენებული ნაგვის ან ფრინველის ნარჩენების ტრანსპორტირება;
ვ) აკრძალულია მეფრინველეობის და გარეული ფრინველების გამოფენების, ბაზრობების ან სხვა ღონისძიებების გამართვა.
2. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი ინსპექტორი უზრუნველყოფს:
ა) დამცავი ზონის ფერმების შემოწმებას და ფერმებში ფრინველის კლინიკურ გამოკვლევას. იმ შემთხვევებში, როცა ფრინველების კლინიკური გამოკვლევის შედეგები მიუთითებს ნიუკასლის დაავადების შესაძლო შემთხვევაზე, ამ დროს ხდება ნიმუშების აღება და ლაბორატორიაში გადაგზავნა კვლევისათვის;
ბ) იმ პირთა გადაადგილების კონტროლს, რომლებიც უვლიან ფრინველებს, ამუშავებენ ფრინველის სუბპროდუქტებს, კვერცხებს, ფრინველის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებს;
გ) ნებართვის გაცემას ფერმიდან ფრინველის და საინკუბაციო კვერცხების გატანაზე;
დ) ნებართვის გაცემას ერთდღიანი წიწილების ან მოზარდი ფრინველების გადაყვანაზე;
ე) ნებართვის გაცემას ფრინველის სასაკლაოში დაუყოვნებლივ დასაკლავად გაგზავნის შესახებ. ხორცის ეტიკეტირება ხდება შესაბამისი ნორმატიული აქტის გათვალისწინებით;
ვ) ყველა სატრანსპორტო საშუალების, რომელიც გამოიყენებოდა ფრინველის ტრანსპორტირებისთვის და ასევე ყველა მასალის, რომელიც სავარაუდოდ შესაძლებელია ყოფილიყო დაინფიცირებული, გაწმენდასა და დეზინფექციას.
3. დამცავ ზონაში შეზღუდვები გრძელდება არანაკლებ 21 დღის განმავლობაში, დაინფიცირებულ პუნქტში პირველადი რეცხვისა და სადეზინფექციო ღონისძიებების გატარებიდან.
4. დამცავ ზონაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ამ ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს საკონტროლო ზონაში დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 10🔗. აქტივობები საკონტროლო ზონაში
1. საკონტროლო ზონაში:
ა) კარანტინის დაწესებიდან პირველი 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში აკრძალულია ფრინველის გადაადგიელება;
ბ) აკრძალულია ფრინველის გადაადგილება საკონტროლო ზონის საზღვრებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტრანსპორტირება ხდება ტრანზიტულად მაგისტრალებსა და რკინიგზაზე;
გ) აკრძალულია საინკუბაციო კვერცხების გატანა საკონტროლო ზონიდან;
დ) აკრძალულია გამოყენებული ნივთების ან ფრინველის ნარჩენების გატანა საკონტროლო ზონიდან;
ე) აკრძალულია ფრინველების გამოფენების, ბაზრობების ან სხვა ღონისძიებების გამართვა.
2. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი ინსპექტორი ზედამხედველობას უწევს საკარანტინო ღონისძიებების შესრულებას და უზრუნველყოფს:
ა) ნებართვის გაცემას საკონტროლო ზონაში ფრინველის და საინკუბაციო კვერცხის გადაადგილებასთან დაკავშრებით;
ბ) ნებართვის გაცემას საკონტროლო ზონიდან საინკუბაციო კვერცხის გადაადგილებასთან დაკავშრებით;
გ) ნებართვის გაცემას ფრინველის დაუყოვნებლივ დასაკლავად სასაკლაოში.
3. შეზღუდვები საკონტროლო ზონაში მოქმედებს დაინფიცირებულ პუნქტში საბოლოო რეცხვისა და სადეზინფექციო ღონისძიებების დასრულებიდან არანაკლებ 30 დღის განმავლობაში.
4. საკონტროლო ზონიდან გამოსული ფრინველის ხორცის ეტიკეტირება ხდება ეტიკეტირების წესების შესაბამისად.
მუხლი 11🔗. დასუფთავება და დეზინფექცია
1. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი ინსპექტორი უზრუნველყოფს, რომ:
ა) ნიუკასლის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებულ იქნეს სადეზინფექციო საშუალებები, რომლებიც ეფექტურია დაავადების გამომწვევი აგენტის წინააღმდეგ;
ბ) შერჩეული სადეზინფექციო საშუალების გამოყენება კოორდინირებული იყოს სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტთან, სადეზინფექციო საშუალების კონცენტრაციის დაცვის მიზნით.
2. გაწმენდისა და დეზინფექციის პროცედურები (თუ საჭიროა ინსექტიციდების გამოყენებაც) უნდა განხორციელდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ.
3. საფრინველეები, მანქანები, რომლებიც გამოიყენება ფრინველის, ნარჩენების და პროდუქტების გადასატანად, ასევე აღჭურვილობა, უნდა გაირეცხოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია, ხოლო ქვეშსაფენს და ნაკელს უკეთდება დეზინფექცია.
4. დეზინფექციის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს დეზინფექტანტის გამოყენების ინსტრუქცია.
5. ნიუკასლის დაავადებით ინფიცირებულ ფერმაში:
ა) პირველი დეზინფექცია ეფექტური სადეზინფექციო საშუალებით სასურველია განხორციელდეს რაც შეიძლება მალე ფრინველის მოკვლის შემდეგ;
ბ) ყველა ნაწილი, სადაც ინახებოდა ფრინველები, (მათ შორის, ფრინველის მოკვლის ადგილი) უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
გ) ფრინველის სხეულის ნებისმიერი ქსოვილი (კვერხის ჩათვლით), რომელმაც შეიძლება დააბინძუროს შენობები, ეზოები, ხელსაწყოები და ა.შ. უნდა შეგროვდეს და განადგურდეს.
6. დაცული უნდა იყოს სადეზინფექციო საშუალების ექსპოზიციის დრო. სადეზინფექციო საშუალება უნდა მუშაობდეს არანაკლებ 24 საათის განმავლობაში.
7. საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) ზედაპირების გაწმენდას ჭუჭყისაგან და ცხიმის გამწმენდი საშუალებით დამუშავებას;
ბ) ზედაპირების წყლით გარეცხვას;
გ) სადეზინფექციო საშუალებით (შესხურებით) დამუშავებას;
დ) 7 დღის შემდეგ – შენობა:
დ.ა) უნდა დამუშავდეს ცხიმის გამხსნელი სადეზინფექციო საშუალებით;
დ.ბ) გაირეცხოს ცივი წყლით;
დ.გ) უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით (შესხურებით);
დ.დ) ისევ გაირეცხოს ცივი წყლით;
ე) გამოყენებული (პოტენციურად ინფიცირებული) ქვეშსაფენი და ფრინველის ნარჩენები უნდა გადამუშავდეს;
ვ) დაავადების გამომწვევი უნდა განადგურდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთერთი გზით:
ვ.ა) დაწვით;
ვ.ბ) ორთქლით დამუშავებით (+70 0C);
ვ.გ) დამარხვით – საკმარისად ღრმად ისე, რომ გარეულ ფრინველებს და ცხოველებს არ შეუძლოთ მათზე წვდომა;
ვ.დ) ბიოთერმული დამუშავებით. ბიოთერმული დამუშავება გრძლედება 42 დღე. დასამუშვებელი გროვა უნდა იყოს დაფარული (ტემპერატურა +200C) და მიუწვდომელი გარეული ცხოველებისაგან და ფრინველებისაგან.
8. ფერმის დასუფთავება და დეზინფექცია (მათ შორის, ავტოტრანსპორტის) უნდა იყოს დოკუმენტირებული.
მუხლი 12🔗. კარანტინის მოხსნა
1. კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, ბოლო შემთხვევიდან 21 დღის გასვლის შემდეგ ან/და ვაქცინაციიდან 21 დღის შემდეგ, თუ აღნიშნულ პერიოდში ადგილი არ ჰქონია დაავადების დადასტურებულ გამოვლინების შემთხვევებს, ასევე გატარებულია დასუფთავების და დეზინფექციის პროცედურები.
2. კარანტინი იხსნება:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;
ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
მუხლი 13🔗. ინფორმაცია ვაქცინების შესახებ
1. დაავადებაზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გამოიყენება დაბალი ვირულენტობის (ლენტოგენური) ან ზომიერი ვირულენტობის (მეზოგენური) ცოცხალი ვაქცინები. ასევე გამოიყენება ინაქტივირებული ვაქცინებიც.
2. ცოცხალი ვაქცინები ფრინველის ორგანიზმში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვადასხვა გზით, ხოლო ინაქტივირებული ვაქცინები ძირითადად კეთდება ინტრამუსკულურად ან კანქვეშ.
3. თუ ვაქცინაცია შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო, ფერმაში უნდა იყოს გათვალისწინებული მკაცრი ბიოუსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ ფრინველის კონტაქტი გარეულ ფრინველებთან, რომლებიც წარმოადგენენ ნიუკასლის დაავადების ვირუსის ბუნებრივ რეზერვუარს.
მუხლი 14🔗. ვაქცინაცია
1. საქართველოში ნებადართულია იმ ვაქცინების გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვაქცინა გამოყენებული უნდა იქნეს ვაქცინის ინსტრუქციის სრული დაცვით.
2. დაავადების საწინააღმდეგო ზომებთან ერთად, ტარდება პროფილაქტიკური ან იძულებითი ვაქცინაცია, რომელიც ტარდება ფრინველის მფლობელის მიერ.
3. შეჯიბრში, შოუში ან სხვა ღონისძიებაში ნებადართულია მხოლოდ ნიუკასლის დაავადების წინააღმდეგ ვაქცინირებული მტრედების მონაწილეობა.
4. ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემთხვევაში ამ წესით დადგენილ ზომებთან ერთად, სააგენტო აკონკრეტებს ტერიტორიულ არეალსა და იმ პერიოდს, რომელშიც შერჩეული სახეობებისათვის სწრაფი და სისტემური ვაქცინაცია (გადაუდებელი ვაქცინაცია) გატარდება სააგენტოს კონტროლის ქვეშ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სიტუაციაში, ფრინველის ვაქცინაციის ან რევაქცინაციისას აკრძალულია ზომები, რომლებიც გამოიყენება ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში:
ა) ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი უნდა იყოს ვაქცინირებული დაუყოვნებლივ;
ბ) ვაქცინაციის არეალში მოქცეულ საფრინველეში ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი, გამოჩეკილი ან გადმოყვანილი სხვა მეურნეობიდან, უნდა იყოს ვაქცინირებული გადმოყვანამდე ან გადმოყვანის შემდეგ;
გ) ვაქცინაციისას ვაქცინაციის არეალში მოქცეულ საფრინველეში, რჩება ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი, გარდა:
გ.ა) ერთი დღის წიწილებისა, რომლებიც შეიყვანეს ვაქცინაციის არეალში მდებარე მეურნეობაში, სადაც უნდა აიცრან;
გ.ბ) პირდაპირ სასაკლაოზე გადაადგილებული ფრინველებისა, გადაუდებელი (დაუყოვნებელი) დაკვლისათვის. თუ სასაკლაო მდებარეობს ვაქცინაციის არეალის გარეთ, შინაური ფრინველის გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ ვეტერინარი ინსპექტორის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის შემოწმების შემდეგ;
დ) ვაქცინაციის არეალის გარეთ გადაადგილება დასაშვებია, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაქცინაცია დასრულებულია:
დ.ა) სახორცე დანიშნულების ერთი დღის წიწილებისთვის, რომლებიც შეიძლება გადაადგილდეს საფრინველეში, სადაც ისინი აიცრებიან; აღნიშნული საფრინველე უნდა იყოს ზედამხედველობის ქვეშ, ვიდრე ფრინველი, რომელიც გადაადგილდა, დაიკვლება;
დ.ბ) 21 დღის წინ აცრილი ფრინველისათვის, რომელიც განკუთვნილია დაუყოვნებლივ დაკვლისათვის;
ე) საინკუბაციო კვერცხი, რომელიც დადებულია 21 დღის წინ ვაქცინირებული მოსაშენებელი ფრინველისგან, ასევე მისი შესაფუთი მასალა ექვემდებარება დეზინფექციას, გადაადგილებამდე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები უნდა გამოიყენებოდეს სამი თვის ვადით ამ მუხლში მითითებული ვაქცინაციის დასრულებიდან. დასაშვებია ვაქცინაციის ერთი ან მეტი სამთვიანი პერიოდით გახანგრძლივება.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, სააგენტოს მიერ დასაშვებია განსაკუთრებული სამეცნიერო დანიშნულების გუნდის განთავისუფლება სისტემატური ვაქცინაციისაგან იმის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იქნება მათი ჯანმრთელობა და პერიოდულად დაექვემდებარებიან სეროლოგიურ შემოწმებას.
მუხლი 15🔗. ტრენინგები და ინფორმირებულობა
1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნიუკასლის დაავადების აღმოფხვრაში ჩართული პერსონალის სწავლება ბიოუსაფრთხოების საკითხებზე, დაავადების არსზე და სხვა ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
2. სააგენტომ მოსახლეობას და დაინტერესებულ მხარეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ნიუკასლის დაავადების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების შესახებ და მათი ჩართულობის აუცილებლობაზე.
მუხლი 16🔗. ფინანსური და მატერიალური რესურსები
1. ნიუკასლის დაავადებაზე პასიური ზედამხედველობის დროს აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ფინანსდება ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი წლის პროგრამის ფარგლებში.
2. სადეზინფექციო საშუალებები და ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო მატერიალური აღჭურვილობა დასაწყობებულია სააგენტოს ცენტრალურ ოფისში და ხელმისაწვდომია სააგენტოს რეგიონული სამმართველოებისათვის.