2003−2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ

მიღების თარიღი 03.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №958-IVმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი 010190060.09.001.016824 20
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/09/2025
4,278 სიტყვა · ~21 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 83% 26.07.2021 ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 29.12.2025 საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 82% 16.10.2023 საქართველოს მთავრობასა და იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენული სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 81% საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 05.11.2024

დოკუმენტის ტექსტი

2003−2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2003−2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №240-IIმს-XIმპ დადგენილების საფუძველზე შეიქმნა 2003−2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია (შემდგომ – საგამოძიებო კომისია). დადგენილებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძვლად განისაზღვრა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლი და 62-ე მუხლის პირველი პუნქტი. 2025 წლის 1 აპრილს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით (№07-3/47, 26.03.2025) პარლამენტმა მიიღო №413-IIმს-XIმპ დადგენილება, რომლის საფუძველზეც გაფართოვდა საგამოძიებო კომისიის მანდატი და მისი სახელწოდება ახლებურად ჩამოყალიბდა − „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“. საგამოძიებო კომისიის მიერ მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განხილული და „2003−2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში“ (შემდგომ – დასკვნა) მოყვანილი ფაქტების გაანალიზების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 69-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ განხორციელებული წამება და არაადამიანური მოპყრობა 2004−2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად: - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური; - დაკავებულ პირთა და პატიმართა წამებას და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა საყოველთაო ხასიათი და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში კი − მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება; ზემოთ აღწერილი დანაშაულები იყო არა ცალკეულ პირთა გადაცდომა, არამედ კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ძალადობრივ რეჟიმად აქცევდა; - სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პატიმრობის პირობები (საყოფაცხოვრებო პირობები, ადეკვატური კვებისა და სამედიცინო დახმარების არარსებობა, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფა, დაცვის უფლების ხელყოფა, გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვა, ძალადობის ფაქტების გახმაურების აკრძალვა და მრავალი სხვა), ცალკე აღებული, უტოლდებოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას; - პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდის გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი; - დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომლებიც გამოიყენებოდა ცალკე ან საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან კომბინაციით, ისახავდა სხვადასხვა მიზანს, მათ შორის, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას, ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და სხვა; - მიმდინარეობდა ციხეში მყოფი პატიმრების შენიღბული და მიზანმიმართული განადგურება, რასაც მოწმობს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ ციხეებში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 2 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ჯანმრთელი და გადამდები დაავადების მქონე პატიმრების ერთ საკანში განთავსება დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, ზოგჯერ მიზანმიმართულადაც − ჯანმრთელი პატიმრის დათრგუნვის ან მასზე შურისძიების მიზნით, და, მეორე მხრივ, C ჰეპატიტის მკურნალობის ხელოვნურად შეფერხება, მეტიც, ამ დაავადების სკრინინგის აკრძალვა, რათა საზოგადოებისთვის დაფარული ყოფილიყო ციხეებში მისი ფართოდ გავრცელება; - პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არამცთუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პირდაპირ იყო ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში; - დაუსჯელობის სინდრომი და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა სამართალდამცავ სტრუქტურებში ძალადობის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამას მოწმობს ისიც, რომ, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რომლებიც დასკვნაშია მოყვანილი, მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომლებიც თავად სჩადიოდნენ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ან სათავეში ედგნენ ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. საგამოძიებო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა, შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით უზრუნველყოს 2004−2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი − იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულები აქვთ ჩადენილი; - სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას“ (ევროპულ კონვენციას); - ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე; - ბევრ სხვა მტკიცებულებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის 2012  წლის  19  ივნისის  საპარლამენტო  გამოსვლის  სულისკვეთება  და შინაარსი ცალსახა დასტურია იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკა 2012 წელსაც ურყევი იყო და „ნაციონალურ მოძრაობას“ მის მიერ საქართველოში დამკვიდრებული სასჯელაღსრულების არაადამიანური სისტემის შეცვლის, გამრუდებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოსწორებისა  და გაჰუმანურების ნება და სურვილი არც მომავალში ჰქონია. ნიშანდობლივია,  რომ  პატიმრებს,  რომლებსაც  მოუწიათ  ფსიქოლოგიური შემოწმების გავლა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მრავალი წლის შემდეგაც პრაქტიკულად უცვლელი დარჩათ მათთვის მიყენებული მორალური ზიანისა და ტკივილის კვალი. 2004−2009 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი იყო ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც საჩივრებზე სწრაფად რეაგირებდა, ავლენდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და სისტემატურად ითხოვდა მათზე სათანადო რეაგირებას. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ნათლად დადასტურდა, რომ მსხვერპლებს სახელმწიფო სტრუქტურებიდან მხოლოდ ამ ინსტიტუტის იმედი ჰქონდათ, რაც 2010−2012 წლებში მნიშვნელოვნად შესუსტდა. რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, 2004 წლიდანვე საგრძნობლად გაიზარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვიანობა და არაერთ შემთხვევაში მძიმედ ავადმყოფი პატიმრისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სწორედ სტრასბურგის სასამართლოს ჩარევით მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ევროპულ სასამართლოს საქართველოდან გაგზავნილი, ავადმყოფი პატიმრების საჩივრების განხილვამდე არ ჰქონდა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის სამედიცინო შემთხვევებში გამოყენების სამოსამართლო პრეცედენტი. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლო იყო ერთადერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომლის წინაშეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას ცდილობდა, თუმცა ზოგჯერ ეს ფასადური იყო. ხელისუფლება ადამიანის უფლებათა საზედამხედველო სხვა საერთაშორისო ორგანოების მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდა. ასე, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოებისთვის 2004−2012 წლებში წარსადგენი 12 ანგარიშიდან წარდგენილ იქნა მხოლოდ 7. რაც შეეხება ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს, მან 2003−2012 წლებში 4 პერიოდული და ad hoc ვიზიტები განახორციელა. მიუხედავად მნიშვნელოვანი ინფორმაციების შეგროვებისა და ფასდაუდებელი მუშაობის შედეგად გაცემული რეკომენდაციებისა, კომიტეტის ვერცერთ ანგარიშში ვერ აისახა ადამიანის მიმართ ძალმომრეობის ის განუზომელი სისასტიკე და მისი მასშტაბი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში სუფევდა. კომიტეტი საქართველოს 2012 წლის 18 სექტემბერს „ციხის კადრების“ გავრცელების შემდეგ მალევე, ნოემბერში ეწვია. „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელმაც ზემოხსენებული შედეგები მოიტანა, მიზნად ისახავდა საზოგადოებაში ტერორის დამკვიდრებას, საზოგადოების არასასურველი წევრების განეიტრალებას და დაუცველობის ტოტალური განცდის პირობებში ღირსებაშელახული ადამიანების ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილებას. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები სრულად იყვნენ ინფორმირებული ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მაგრამ არ იღებდნენ არავითარ ზომას, რადგან თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების მასობრივი დარღვევა, მათი წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა მათთვის აღმოსაფხვრელი პრობლემა კი არ იყო, არამედ მართვის მეთოდი. 2. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი მკვლელობები და ძალადობა 2004−2012 წლებში სახელმწიფო ინსტიტუტების ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად, ვალდებული არიან უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების, დაცვა, თვითონვე განზრახ არღვევდნენ ამ უფლებებს, რასაც არაერთი, სრულიად უდანაშაულო პირის სიცოცხლე შეეწირა. ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები და სხვა მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ და ხოცავდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი ან ორგანიზებული მკვლელობისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები გააყალბა, საქმის შესახებ მისთვის ხელსაყრელი ვერსია გაავრცელა ან/და გამოძიების პროცესი განზრახ არასწორად წარმართა, რის გამოც ზოგიერთ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა დღემდე შეუძლებელია. რეჟიმმა ვერ მოახერხა მკვლელობის ზოგიერთ საქმეზე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მისთვის სასურველი ვერსიის საზოგადოებისთვის მიწოდება დახოცილთა მშობლების, ოჯახების წევრების, მეგობრებისა და უფლებების დამცველთა აქტიურობის შედეგად. მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები განუხრელად აფარებდნენ ხელს დამნაშავეებს, უზრუნველყოფდნენ მათ ფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით და დახოცილთა მშობლებს, მეუღლეებს, შვილებსა და ოჯახების წევრებს უფლებააყრილ მდგომარეობაში ამყოფებდნენ. ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას: საერთო ჯამში, 1999 წლიდან დღემდე ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ დარღვევა დადგენილია 284 საჩივარზე, რომელთაგან დაახლოებით 80% (227 საქმე) ეხება 2004−2012 წლებში მომხდარ ფაქტებს. აღნიშნული 227 საქმის ფარგლებში ყველაზე ხშირად დადგენილია ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევა. 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დარღვეული უფლებების გამო ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა მომჩივნების სასარგებლოდ ჯამში დაახლოებით 2 029 743 ევროს გადახდა როგორც მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციის, ისე ხარჯების ანაზღაურების მიზნით. დასკვნაში აღწერილ საზარელი წამებისა და მკვლელობის არაერთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვერპლად ქცეულ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს „ჯაშუშობას“, „რუსეთის აგენტობას“ და „სამშობლოს ღალატს“ უსაფუძვლოდ აბრალებდა, რაც დღემდე ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების უცვლელ ხელწერად რჩება. ზოგიერთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები შემთხვევითობის პრინციპით ირჩევდნენ ნებისმიერ პირს მსხვერპლად ადამიანზე ძალადობის წყურვილის მოკვლის მიზნით. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ აბსურდული ბრალდებებით დაკავებების ტალღა და სასტიკი ანგარიშსწორება მათ მიმართ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ან შეესწრო საომარ ანდა ომისშემდგომ ვითარებას და რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორე რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დააყენა. საქართველოს პარლამენტი მის ხელთ არსებული ფაქტების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის გაანალიზების შედეგად ადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საქართველოსა და უცხოეთში გავრცელებული ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის გამჭვირვალე შენობების აგებისა და სხვა ნოვატორული ნაბიჯების გადადგმის შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში შესაძლებელი გახადა პოლიციის ხელში მოხვედრილი პირის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვა, იყო მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდა და მითი. დასკვნაში აღწერილი საზარელი მკვლელობისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმე დაკავშირებულია სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და მაღალჩინოსნებთან, რომლებიც დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდნენ ცალკე ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების სისტემის ან/და პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით. 3. პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფა საქართველოს პარლამენტი შესწავლილი ფაქტებისა და ინფორმაციის საფუძველზე ადგენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სისტემატურად და მასობრივად არღვევდა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას. მის მიერ ფარულად და უკანონოდ შეგროვებული მასალები (პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო- და ფოტოკადრები, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, პატიმრებზე სექსუალური ძალადობის ფირზე აღბეჭდვა და სხვა) მოიცავდა საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, წევრებს, აქტივისტებს; განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს; საპატიმრო დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს; კულტურის სფეროს წარმომადგენლებს; სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლებს/საჯარო მოხელეებს; სხვადასხვა სახის გასართობი დაწესებულებების მომხმარებლებს; ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს და სხვა პირებს, უკანონო, ფარული თვალთვალი, მიყურადება და ჩაწერა/გადაღება კი ხორციელდებოდა ყველგან, მათ შორის, ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში. ამასთანავე, მონაცემების უკანონო მოპოვება არ ხორციელდებოდა ერთი რომელიმე მიზნისთვის. ისინი მოპოვებულ იქნა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სხვადასხვა მონაკვეთში და ზოგად მიზნად ისახავდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გეგმების, მიზნების, პოლიტიკური კავშირების იდენტიფიცირებასა და კონტროლს, აგრეთვე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა რეპუტაციის დამაზიანებელი მასალების შეგროვებას. ფარული მიყურადებისა და თვალთვალის პროცესს ჰქონდა ფართომასშტაბიანი ხასიათი და იყო კარგად ორგანიზებული, სახელმწიფო დონეზე ინსტიტუციონალიზებული დანაშაულებრივი სისტემა. არა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, არამედ, ფაქტობრივად, მთელი „სახელმწიფო მანქანა“ იყო მიმართული იმისკენ, რომ სხვადასხვა პირის (განურჩევლად სქესისა, ასაკისა, პროფესიული საქმიანობისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა) რეპუტაციის დამაზიანებელი მონაცემები ყოფილიყო შეგროვებული და შანტაჟისთვის გამოყენებული. განსაკუთრებულად კონტროლდებოდა პოლიტიკური ოპონენტებისა და მათთან დაახლოებული პირების მიმოწერები და სატელეფონო საუბრები. ეს განპირობებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით, მის ძალადობრივ რეჟიმსა და ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნის ილუზიას საფრთხე არ შექმნოდა. თუმცა, როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ხელყოფის მეთოდებს საკუთარი დანაშაულების გადასაფარავად, გამოძიებისას სასურველი ჩვენების მისაღებად ან სხვა ნებისმიერი მიზნისთვის იყენებდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოქალაქეები ერიდებოდნენ ტელეფონით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემას; უფრო მეტიც, პირისპირ შეხვედრებისას მობილურ ტელეფონებს რთავდნენ ან ინფორმაციას საერთოდ შლიდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამორთული ტელეფონის მეშვეობითაც იყო შესაძლებელი საუბრის მოსმენა. ამიტომ ისინი აპარატიდან კვების წყაროს იღებდნენ. 2012 წლის სექტემბერში პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებით მხილებულ იქნა სისტემური დანაშაული – გარდა იმისა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა პატიმრების ცემას, წამებას, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენებას, დამცირებას, მათზე სექსუალურ ძალადობას და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, მათი მორალურად ბოლომდე განადგურების მიზნით ამ პროცესის გადაღებაც მიმდინარეობდა. დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და ინფორმაციის ანალიზი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა დადგენილად მიიჩნიოს შემდეგი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში დაამკვიდრა მოქალაქეთა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების, პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო- და ვიდეოკადრების ფარულად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შექმნის, შენახვისა და სხვადასხვა უკანონო მიზნისთვის გამოყენების მავნებლური და საყოველთაო პრაქტიკა. ყოველივე ეს კი ხელს უწყობდა ადამიანებში შიშისა და დაუცველობის განცდის დამკვიდრებას, რამაც ზოგიერთი მათგანის ფსიქიკაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ამასთანავე, საზოგადოებაში დღემდე არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას უკანონოდ დამზადებული ჩანაწერების ასლებისგან შემდგარ ე. წ. შავ არქივს, რომელსაც ნებისმიერ დროს კვლავ მსხვერპლთა წინააღმდეგ ან პოლიტიკური მიზნით გამოიყენებს. 4. კორუფცია, ბიზნესის რეკეტი და საკუთრების უფლების უხეში ხელყოფის ფაქტები საქართველოს პარლამენტმა არაერთი საქმისა და ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ 2004−2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული მართვის არაჯანსაღი მოდელი კორუფციული იყო, ვინაიდან მისი მთელი მმართველობის განმავლობაში მიმდინარეობდა კანონგარეშე პროცესები, რომელთა მიზანიც იყო ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი და ტერორი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტის სხვადასხვა სქემა ჰქონდა შემუშავებული. ამ სქემებში მონაწილეობდნენ არაერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დავალებას ამ სტრუქტურების ხელმძღვანელების გვერდის ავლითაც იღებდნენ და ასრულებდნენ. სამართალდამცავი და სხვა, შესაბამისი სტრუქტურები სამართავად დანაწილებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობისა და ერთმანეთის ხელშეწყობის შედეგად, სახელმწიფო რესურსების გამოყენებითა და ძალისმიერი მეთოდებით (მათ შორის, უკანონოდ დაკავებით, სისხლის სამართლის საქმის უსაფუძვლოდ აღძვრით და სხვა) აიძულებდნენ ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვა კერძო მესაკუთრეებს, უძრავი ან მოძრავი ქონება დაეთმოთ. ამასთანავე, გადაწყვეტილებების მიღებისას და მათი აღსრულებისას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოცემული საკითხი ქმედების განმახორციელებელი პირის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა თუ არა. არსებობდა დასატერორებელ ბიზნესმენთა ე. წ. შავი სია. ბიზნესის რეკეტი პირადი ან პოლიტიკური შურისძიებისთვისაც გამოიყენებოდა. ბიზნესისა და სხვა კერძო პირებისთვის ძალისმიერი ან სხვა უკანონო მეთოდებით წართმეული ქონება ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიიქცეოდა, ან პარტიული მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ან მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების ოჯახების ან მათთან დაკავშირებული პირების კომერციულ მიზნებსა და პირად კეთილდღეობას ხმარდებოდა. მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების ოჯახების ან მათთან დაკავშირებული პირების კომერციული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, გარდა კერძო პირებისთვის წართმეული ქონების მითვისებისა, მიმართავდნენ დიდძალი სახელმწიფო ქონების განკარგვის (მათ შორის, მისი პირად საკუთრებაში გადაცემის ფორმით) მეთოდსაც. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ნათლად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეწყობილ ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ სქემაში კერძო ბანკი − „თიბისი“, მისი ხელმძღვანელები − მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ბანკის ზოგიერთი სხვა თანამშრომელი მონაწილეობდნენ. საგამოძიებო კომისიის მუშაობის განმავლობაში მას ქონებრივი უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მიმართა. ამ განცხადებათა რაოდენობა და შინაარსი კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორის მასშტაბს და იმასაც, რომ მოცემული მიმართულებით სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდში საქართველოს მთავრობის, პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების/ორგანოების მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, საკუთრების უფლების აღდგენის მიმართულებით სამუშაოები კვლავ უნდა გაგრძელდეს. 5. მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები 2004 წლამდე ქართული მედია მრავალფეროვანი იყო და საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მწვავედ რეაგირებდა, რაც მისი თავისუფლების შედარებით მაღალ ხარისხზე მიუთითებს. „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. საქართველოს პარლამენტმა არაერთი საქმის ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სხვადასხვა მეთოდით დაიწყო მედიის თავისუფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვა და მედიაკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, ეს მისწრაფება მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ თავისი პოლიტიკური კარიერის ადრეულ წლებში გამოამჟღავნა. ის პირდაპირ უკავშირდებოდა მისთვის სასურველ მედიაკომპანიას და სთავაზობდა, „მისი გამხდარიყო“, ხოლო სანაცვლოდ გრანტებსა და ხელშეწყობას ჰპირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დემოკრატიული რეფორმების გატარების დაპირებით და მედიის მნიშვნელოვანი ხელშეწყობით მოვიდა, მან და მისმა გუნდმა პრესასთან ხანმოკლე თბილი ურთიერთობის შემდეგ ნებისმიერი კრიტიკისა და განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულება გამოამჟღავნეს. შესაბამისად, კრიტიკულმა გადაცემებმა, მწვავე შეკითხვებმა და ჟურნალისტურმა გამოძიებამ 2004 წელსვე დაიწყო გაქრობა, ხოლო ზოგიერთმა ოპოზიციურმა მედიამ, მსგავსად სახელმწიფო მედიისა, − მთავრობის მხარდაჭერა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე დაიწყო ბაზარზე მოქმედი მედიასაშუალებების მიტაცება. მან პრიორიტეტული დარტყმები მიიტანა როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მასშტაბის სატელევიზიო მაუწყებლებზე. მედიასაშუალებებზე თავდასხმას ჰქონდა ტელევიზიებში სპეციალური დანიშნულების რაზმით შევარდნისა და მათი დარბევის, აგრეთვე მათ მესაკუთრეთა და ჟურნალისტთა შევიწროების, დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, დაპატიმრებისა და საკუთრების უფლების უხეში ხელყოფის ფორმა. სანამ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალი იყო და მოსახლეობის უმრავლესობისთვის ტელევიზია ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ რჩებოდა, მთავარი დარტყმა სწორედ სატელევიზიო მაუწყებლობის მესაკუთრეებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. შემდეგ, როდესაც ინტერნეტგამოცემები გააქტიურდნენ და კრიტიკული ინტერნეტტელევიზიებიც გაჩნდნენ, მათ მიმართ ცენზურის დაწესებისა და მათი ფინანსური დასუსტების ღონისძიებებმა, საბოლოოდ, ამ გამოცემების საზოგადოებრივ აზრზე გავლენის შემცირება გამოიწვია. მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქტიურად უწყობდა ხელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. საგამოძიებო კომისიის მიერ სხვადასხვა მაგალითის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში კომუნიკაციების ეროვნული კომისია პოლიტიკურად მიკერძოებული იყო, ხოლო მისი გადაწყვეტილებები − დისკრიმინაციული. კერძოდ, ერთსა და იმავე დარღვევაზე ზოგიერთი ტელეკომპანიის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდებოდა, ხოლო ხელისუფლებასთან დაახლოებული და მისი ინტერესების გამტარებელი ტელეკომპანიების დარღვევებზე რეაგირება არ ხდებოდა. საბოლოოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლებში მედიასივრცის მონოპოლისტად ჩამოყალიბდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მისი პოლიტიკური გუნდის წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების მეშვეობით სრულად აკონტროლებდა ქვეყანაში მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის როგორც ფორმას, ისე შინაარსს. რეალურად, თითქმის ყველა გავლენიანი მედიასაშუალება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ნაწილად იქცა. მედიის მარწუხებში მოქცევა საზოგადოებისთვის მოდელირებული ან ვირტუალური რეალობის მიწოდებას უზრუნველყოფდა და „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის იმიჯისა და ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება იყო. 6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები 2004 წლიდანვე მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს. მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მილიტარისტული და უპასუხისმგებლო პოლიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ. კერძოდ, 2004 წელსვე გაუქმდა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული ყველა პირის ერთსულოვანი მოსაზრებით, კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის მნიშვნელოვან სამშვიდობო ფუნქციას ასრულებდა. ამასთანავე, ცხინვალის რეგიონში არაერთი, ეუთოს ეგიდით მიმდინარე ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური, ჰუმანიტარული, კულტურული პროგრამა დაიხურა, რაც რეგიონში მცხოვრები ქართველებისა და ოსების ერთიანობისთვის დამატებითი დარტყმა აღმოჩნდა. 2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა  სიტყვებს  „შემდეგი  ცხინვალია“.  მიხეილ  სააკაშვილს  რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამაზე წუხილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისიც გამოხატავდა, რაც მან თავის მემუარებში აღწერა კიდეც. 2004 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცხინვალის რეგიონზე ძალისმიერი მეთოდით კონტროლის აღდგენა უკვე გადაწყვეტილი, უფრო მეტიც − შეთანხმებული საკითხი იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილმა მას პირდაპირ უთხრა: „ამერიკელები მიხედავენ რუსებს“. კონდოლიზა რაისის მოგონებების ფონზე იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გარე ძალების იმედი ჰქონდა, რის გამოც ქვეყანა 2004 წლიდან მიზანმიმართულად მიჰყავდა დაპირისპირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების უფრო მეტად დამძიმებისკენ. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ძალის გამოყენებაზე ჯერ კიდევ 2004 წელს სერიოზულად ფიქრობდა, ამის დასტურია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის 2004 წლის 13 სექტემბრის ინტერვიუც, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის აღდგენა „რამდენიმე თვის ამბავი“ იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2007 წლის 8 მაისს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა 1991 წელს გაუქმებული, საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტონომიური ოლქის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი იყო, რამაც სრულიად მშვიდობიანი და 1992 წლიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ახალგორის მუნიციპალიტეტი ხელოვნურად მოაქცია კონფლიქტის ზონაში, რაც, საბოლოოდ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა. როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, 2006 წელს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა რუსეთს „საჩუქრად მიართვა“ ორი მთავარი წინაპირობა, რამაც 2008 წელს კოდორის ხეობის ოკუპაცია გააადვილა: 1. ხეობის დამცველი, ბრძოლისუნარიანი ადგილობრივი მოსახლეობის განიარაღება, რომელთა წინააღმდეგობამ და მედეგობამ ბევრ აგრესიას გაუძლო. 2. ხეობაში მძიმედ შეიარაღებული დანაყოფების შეყვანა, რითაც სახელმწიფომ დაარღვია 1994 წლის 14 მაისის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ამას კრძალავდა. რუსეთმა მოცემული ფაქტი დაუყოვნებლივ გამოიყენა − გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენა ქართული მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის საკითხი და შესაბამისი რეზოლუციაც „მოიპოვა“. ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს შეუქმნა ის სამართლებრივი საბაბიც, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა. საგამოძიებო კომისიის წინაშე მოწვეულმა სიმონ გასვიანმა, რომელიც კოდორის ხეობის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, და კოდორის ხეობის მკვიდრებმა განაცხადეს, რომ ხეობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაგეგმილი ღონისძიებები იყო სახელმწიფოს განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა ხეობის მოსახლეობისგან დაცლას და მტრისთვის გადაბარებას. საკუთრივ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებთან დაკავშირებით გამოკითხულ პირთა მიერ საგამოძიებო კომისიისთვის მიწოდებული ფაქტები და ინფორმაცია ცხადყოფს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა − საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელთაც არავითარი სამხედრო განათლება და გამოცდილება არ ჰქონდათ, 2008 წლის 6 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით უარყვეს პროფესიონალი სამხედროების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამხედრო, ოპერატიულ, დაზვერვით და სხვა სახის მოსამზადებელ სამუშაოებს ეფუძნებოდა. სამხედრო პირთა მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ სამოქმედო გეგმაში პოლიტიკოსების მიერ შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობა და ამ ცვლილებების შესაბამისად განხორციელებული ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საჭიროებს თავდაცვის სისტემის წარმომადგენელთა მიერ დამატებით ანალიზს, რაც, როგორც გენერალ მამია ბალახაძის ახსნა-განმარტებიდან გამოირკვა, დღემდე არ განხორციელებულა. საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მიწოდებული ცნობებიდან (იხ. გენერალ ზაზა გოგავას, გენერალ მამუკა ყურაშვილის, გენერალ მამია ბალახაძის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის,  ვანო მერაბიშვილის მოადგილის, შალვა ჯანაშვილის, სამხედრო ექიმის, ლაშა ქოიავას ახსნა-განმარტებები) ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი აღმოჩნდა სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით განახორციელეს ქალაქ ცხინვალზე შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს. ამასთანავე, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე სამხედრო ამოცანის შესრულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში − გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია. გენერალ მამია ბალახაძის თქმით, ვინაიდან ძირითად მიმართულებაზე ამოცანის შესასრულებლად ორი სხვადასხვა სისტემის დანაყოფები დაიძრნენ, გაურკვეველი დარჩა, ვინ იძლეოდა ბრძანებებს − შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ თავდაცვის სამინისტრო. გეგმის განხორციელებაში ერთმანეთის გვერდით ჩართული აღმოჩნდნენ ისეთი შენაერთები და პირები, რომლებსაც ცოდნა და მომზადება სრულიად განსხვავებული ფუნქციების შესასრულებლად ჰქონდათ მიღებული და თავსებადობის არავითარი ტესტი არ ჰქონდათ წინასწარ გავლილი, თუნდაც ერთობლივი სწავლებების გზით. ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს არ მისცა საშუალება, ემოქმედათ პროფესიონალურად, ვინაიდან ის სხვებს შორის აყოვნებდა დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების დაწყებას. „ნაციონალური მოძრაობა“ საომარ მოქმედებებს პიარკამპანიად აღიქვამდა, ქართული ჯარის მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ღია ეთერით გადასცემდა და მტერს ცეცხლის კორექტირების საშუალებას აძლევდა, რაც, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული თითოეული სამხედროს მიერ ზურგიდან ხელშეშლად და ყოვლად დაუშვებლად იქნა მიჩნეული. გარდა იმისა, რომ სატელევიზიო სივრცეში რუსეთის წინაშე ქართული სამხედრო პოზიციების „გაშიშვლებას“ პირდაპირი ეთერით სისტემატური ხასიათი ჰქონდა, მიმდინარეობდა კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მოსახლეობის დეზინფორმირება არაკომპეტენტურად მომზადებული სიუჟეტებითა და ტოტალური სიცრუის გავრცელებით იმის თაობაზე, რომ თითქოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა და საერთაშორისო მეგობრები არ დაუშვებდნენ ქვეყანაში კატასტროფას და შეაჩერებდნენ რუსეთის აგრესიას. უფრო მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებულმა მედიამ განსაკუთრებით აქტიური როლი შეასრულა კატასტროფული შედეგების მქონე, წაგებული ომის „გამარჯვებად“ გასაღებაში. ზემოთ მოყვანილმა და სხვა გარემოებებმა ერთობლიობაში განაპირობა სამდღიანი ომი, მარცხი, რუსეთის მიერ დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია, დევნილთა რიცხვის ზრდა, გაუმართლებელი მსხვერპლი როგორც შეიარაღებულ ძალებში, ისე სამოქალაქო მოსახლეობაში და მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგი. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ მანამდე ოკუპირებულ 363 დასახლებულ პუნქტს 111 ოკუპირებული დასახლებული პუნქტი შეემატა. რუსეთის მიერ ოკუპირებული აღმოჩნდა მანამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული კოდორის ხეობაც. როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე შინდისის ბრძოლის გმირის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენებაში მონაწილეობა არ მიიღო და არაერთი ცხედარი ბრძოლის ველზე რჩებოდა. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მათი გადმოსვენება მოხდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია ΙΙ-ის მიერ, მას შემდეგ, რაც ის მეუფეებსა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად ცხინვალის რეგიონში შევიდა და გარდაცვლილთა ცხედრებს უპატრონა. საგამოძიებო  კომისიის  მუშაობის  შედეგად  საბოლოოდ  დადგინდა,  რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სულ ცოტა, 2008 წლის ივლისის ბოლოდან იცოდა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო, მაგრამ არავითარი ზომა არ მიიღო იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი არეალიდან დროულად გამოეყვანა. უფრო მეტიც, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მოსახლეობის დროული ევაკუაცია რეჟიმის მიზანი არ ყოფილა. მოგვიანებით რეჟიმის წარმომადგენლებმა ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1633 რეზოლუციას, რითაც   დაადასტურეს, რომ „ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე“ 2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმის მიერ „ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით“ გადავიდა. ამით მათ საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიარეს. როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა 2019 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით. საგამოძიებო კომისიის მიერ ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის საკითხზე დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იყო კვლავ საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობა, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, და რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში თავად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც 2019 წლის ივლისამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და არაერთი წლის განმავლობაში ასრულებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე. ყურადღებას საჭიროებს აგრეთვე დავით ქაცარავას („ანტისაოკუპაციო მოძრაობა − ძალა ერთობაშია“) როლი, რომლის საქმიანობასაც მოცემულ გეოგრაფიულ არეალში არაერთი პროვოკაცია, ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირება და ინციდენტები (სოფლები: ჩორჩანა, ატოცი, აბანო) უკავშირდება. 7. მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობა 2012−2025 წლებში საგამოძიებო კომისიამ მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა და შეაფასა ყველა ძირითადი ფაქტი და ინფორმაცია, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე დესტრუქციული ოპოზიციის – მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების საქმიანობას ეხება. საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა კომპეტენტურ პირებს, რომლებსაც ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ, და შეაფასა მის ხელთ არსებული არაერთი ინფორმაცია. დასკვნაში მოყვანილი ფაქტები მხოლოდ ნაწილია იმ მოვლენებისა, რომლებიც საქართველოში 2012−2025 წლებში განვითარდა, თუმცა ისინი საკმარის საფუძველს იძლევა დასაბუთებული დასკვნისთვის, რომ 2012 წლიდან დღემდე მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული ფიზიკური  თუ  იურიდიული პირების დესტრუქციული  საქმიანობის  ფონზე საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა. 2012−2025 წლებში სახელმწიფოს მუდმივად უწევდა ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი მცდელობა, რომლის ძირითადი შემსრულებლები დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. ამის გამო 2012 წლიდან დღემდე საქართველოს არ ჰქონია არცერთი პოლიტიკურად მშვიდი წელიწადი. დესტრუქციულმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა თითქმის სრულად დაიკავა ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რამაც მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება შეაფერხა ან შეუძლებელი გახადა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2022 წლის თებერვლიდან სახელმწიფოს მოუწია ძალზე მტკივნეული პროცესების დაძლევა და საქართველოს ომში ჩათრევის განუწყვეტელი მცდელობების მოგერიება. საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხელს უშლიან დასკვნაში მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ისეთი პოლიტიკური გაერთიანება, როგორიცაა „კოალიცია ცვლილებისთვის“, და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციასა და კოალიციურ მმართველობაში მყოფი „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2012 წლიდან დღემდე გასული პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერცერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მხარი  დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ მმართველ ძალას. პირიქით, მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა არ გამხდარიყო და სხვა, ქვეყნისა და მისი მომავლისთვის სასიკეთო მიღწევები არ ჰქონოდა. უფრო მეტიც, მათ გარე ძალების ნების შესაბამისად აწარმოეს და მონაწილეობა მიიღეს ომის პროპაგანდაში, რომელიც საქართველოში 2022 წელს მძვინვარებდა და დღესაც გარკვეულწილად აქტუალურია. ამით დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისთვის გაწირეს და საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაში არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს. შემაჯამებელი შეფასების სახით უნდა აღინიშნოს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და არც შემდგომ არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა და კვლავ კეთდება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი „განვითარების ეპოქად“ შეირაცხოს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ძალადობრივი წარსულისგან განიბანოს და გარე ძალებისა და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით დაუბრკოლებლად განაგრძოს მის მიერ კონსტიტუციური წყობილების, სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ ამჟამად წარმოებული საქმიანობა. 8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი თბილისი, 3 სექტემბერი 2025 წ. N958-IVმს-XIმპ