ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამოსაცდელი – ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით ტესტირებაზე დარეგისტრირებული პირი;

ბ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;

გ) ნაშრომი – ტესტირების პრაქტიკული ან/და წერითი ნაწილის ტესტურ დავალებებზე გამოსაცდელის მიერ გაცემული პასუხები;

დ) საგამოცდო ცენტრი – ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;

ე) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც გამოსაცდელები განთავსდებიან ტესტირების მიმდინარეობისას;

ვ) საგნობრივი კომისია – ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

ზ) საპრეტენზიო კომისია – ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

თ) საცდელი ტესტირება – ტესტირება, რომელიც შესაძლებელია, ჩატარდეს ტესტური დავალებების აპრობაციის მიზნით, რათა დადგინდეს ტესტური დავალებების ფსიქომეტრული მაჩვენებლები (მაგ., სირთულე, დისკრიმინაციის ინდექსი და სხვა);

ი) ტესტი – სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ „ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის №394 დადგენილების (შემდგომში − დადგენილება) მე-4 დანართით განსაზღვრული „ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობის“ შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებების ერთობლიობა, რომელიც კონფიდენციალურია და არ ქვეყნდება;

კ) ტესტირება – სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარებისათვის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროცესი, რომელიც მოიცავს წერით ან/და პრაქტიკულ ნაწილს;

ლ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილი – პროცესი, რომლის დროსაც გამოსაცდელი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს კომპიუტერის და/ან საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

მ) ტესტირების წერითი ნაწილი – პროცესი, რომლის დროსაც გამოსაცდელი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს წერილობითი ფორმით;

ნ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – ცენტრის მიერ გამოსაცდელისა და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;

ო) შეფასების სქემა – ცენტრის მიერ დადგენილების მე-4 დანართით განსაზღვრული „ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობისა“ და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება გამოსაცდელების ნაშრომების გასწორება;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწმობა) − სახელმწიფო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც, სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით, გასცემს დეპარტამენტ