1. ტესტირებაში მონაწილეობის მიზნით, ცენტრში პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

2. ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი განცხადებას ავსებს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ონლაინფორმატში.

3. პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირებაში მონაწილეობის საფასური.

4. პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას, თუ შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს რეგისტრაცია. ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით ცენტრის მიერ დადგენილი პირობები არ შეიძლება ავალდებულებდეს პირს, გასცეს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

5. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს:

ა) პერსონალურ მონაცემებს (სახელი, გვარი და პირადი ნომერი);

ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

გ) ელექტრონული ფოსტის მისამართს;

დ) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას (რომელიც არ შეიცავს გამოსაცდელის პერსონალურ მონაცემებს).

6. გამოსაცდელს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.

7. გამოსაცდელები, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ვალდებული არიან, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში წარადგინონ ფორმა № IV – 100/ა რაიმე ტიპის ფუნქციური დარღვევის თაობაზე.

8. რეგისტრაციასთან/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებული საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს სპეციალური პროგრამიდან შენახული ან ამობეჭდილი აქვს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ცენტრი უფლებამოსილია, გამოსაცდელისათვის გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გამოიყენოს გამოსაცდელის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ტელეფონის ნომერ