1. ტესტირებაში მონაწილეობის მიზნით ცენტრში პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.
2. ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით პირის მიერ განცხადება ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა – www.naec.ge და რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
3. პირს, გარდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლისა, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირებაში მონაწილეობის საფასური.
4. პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას, თუ შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს რეგისტრაცია. ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით ცენტრის მიერ დადგენილი პირობები არ შეიძლება ავალდებულებდეს გამოსაცდელს, გასცეს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
5. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს:
ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ბ) იმ ტესტს, რომლის ჩაბარებაც სურს. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი-ერთი გამოცდა;
გ) სასურველ საგამოცდო ქალაქს;
დ) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას (რომელიც არ შეიცავს გამოსაცდელის პერსონალურ მონაცემებს).
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას გამოსაცდელი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.
7. გამოსაცდელს რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.
8. რეგისტრაციასთან/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებული საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს სპეციალური პროგრამიდან შენახული ან ამობეჭდილი აქვს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. გამოსაცდელები, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ვალდებულნი არიან ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
10. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, გამოსაცდელმა, რომელსაც სურს სპეციალური საგამოცდო პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინოს ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
11. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვის მიზნით, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრირებული პირების შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და სტატუსი) აცნობოს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
12. ცენტრი უფლებამოსილია გამოსაცდელისათვის გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით გამოიყენოს გამოსაცდელის მიერ რეგისტრაციისას მითითებული პერსონალური მონაცემები (მათ შორის, ტელეფონის ნომერი