1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ბ) მინისტრი − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
გ) დეპარტამენტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი;
დ) მთავარი სამმართველო – დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო;
ე) სამმართველო − დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ საქართველოს სამმართველო;
ვ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო – დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მათ შორის, უცხოელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და ანალიზს, ასევე ამ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას;
ზ) სტატუსის დადგენის სამმართველო − დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მათ შორის, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაციას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის საკითხის განხილვას, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემასა და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს;
თ) ცენტრი − დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს დროებითი განთავსების ცენტრი (განყოფილება);
ი) იზოლატორი – სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორი;
კ) პენიტენციური დაწესებულება − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები;
ლ) სააგენტო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
მ) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – მთავარი სამმართველოს მოსამსახურე, რომელიც კანონისა და ამ წესის შესაბამისად, შეისწავლის უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და ამ მიზნით უცხოელის დაკავებისა და მოთავსების საკითხს;
ნ) დაკავებაზე უფლებამოსილი პირი − დეპარტამენტის ან/და სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან/და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, გააჩნია საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და იზოლატორში ან/და ცენტრში მოთავსების მიზნით გადაყვანის/ესკორტირების უფლებამოსილება;
ო) გაძევების პროცედურა − უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენის შემთხვევაში, უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლისა და კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოცემის ან შესაბამისი შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, დეპარტამენტის მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის განხილვა, ასევე მიღებული გადაწყვეტილების/ბრძანების აღსრულების მიზნით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
პ) პირადი საქმე – უცხოელთან ან უცხოელის მიმართ საქართველოდან გაძევების პროცედურასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ელექტრონული მასალების ერთობლიობა, აგრეთვე დეპარტამენტის მიერ სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობასთან ან დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების მასალები;
ჟ) მონაცემთა ბაზა − სამინისტროში შექმნილი მონაცემთა ბაზა იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ ან/და რომელთა მიმართ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიმდინარეობს გაძევების პროცედურა ან/და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვეს საქართველო.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ტერმინებისგან განსხვავებით, ამ ბრძანებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.