საქართველოს რესპუბლიკაში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის განვითარების ხელშეწყობისა და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №353
სარეგისტრაციო კოდი 300390000.08(0).020.000072 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 9, 29/09/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკაში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის განვითარების ხელშეწყობისა და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა №353
1995 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკაში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის განვითარების ხელშეწყობისა და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის თანამედროვე სისტემების დანერგვა რესპუბლიკაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შემადგენელი ნაწილია და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქეს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის.
უკანასკნელ წლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სისტემების ნორმატიული და ორგანიზაციული საფუძვლები თავისუფალი ეკონომიკისა და საერთაშორისო პრაქტიკის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
აღნიშნული სისტემების დანერგვა, მუშაობა და სრულყოფა შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას საჭიროებს, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთან (მათ შორის სავალუტო) არის დაკავშირებული და ამჟამად არსებული დაფინანსების წესითა და მოქმედი საკანონმდებლო აქტებით სათანადოდ ვერ ხორციელდება.
საქართველოს რესპუბლიკაში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის თანამედროვე სისტემების დანერგვის, ფუნქციონირებისა და შემდგომი სრულყოფის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობისა და ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით:
1. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს:
თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის ღონისძიებების დასახვისა და განხორციელებისას სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დარგების მნიშვნელობისა და მათი სახელმწიფო დაფინანსებით უზრუნველყოფაში ჯერ კიდევ არსებული სიძნელეებიდან გამომდინარე გაითვალისწინონ საქართველოს რესპუბლიკის სტანდარტიზაციის,
მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტის (საქსტანდარტი) შესაბამისი მხარდაჭერის მიზანშეწონილობა. ამასთან, აღმოუჩინონ საქსტანდარტს მეთოდიკური დახმარება აღნიშნული დარგების საკუთარი შემოსავლების გამოყენებით დაფინანსების მეთოდზე გადასვლის საქმეში;
სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სამუშაოების იმ სახეობათა ასიგნება, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო დაფინანსებას, განახორციელონ საქსტანდარტის მეშვეობით;
საქართველოს რესპუბლიკის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტს დაქვემდებარებული ცენტრებისა და ტერიტორიული ორგანოების დაფინანსება განახორციელოს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებისათვის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ნაცვლად მეცნიერების ხაზით გათვალისწინებული ხარჯებისა.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტს:
სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ამ საჭიროებისათვის საფინანსო სახსრების მოზიდვის, საბიუჯეტო ასიგნებათა დაზოგვისა და ხვედრითი წილის თანდათანობითი შემცირების მიზნით შეასრულოს მის კომპეტენციაში შემავალი, აგრეთვე დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების ფარგლებში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სამუშაოები სახელშეკრულებო ფასებით და საქსტანდარტის მიერ დაწესებული, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული ტარიფების საფუძველზე;
1995-1996 წლებში შეიმუშაოს და განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქსტანდარტს დაქვემდებარებული ცენტრების, ტერიტორიული ორგანოებისა და ორგანიზაციების შესანახი ხარჯების (გარდა სახელმწიფო ინსპექტორების ხელფასისა) დაფარვას შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული თანხებით.
3. დადგინდეს, რომ საქსტანდარტის, მისდამი დაქვემდებარებული ცენტრების, ტერიტორიული ორგანოებისა და ორგანიზაციების მიერ შესრულებული სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სამუშაოებიდან მიღებული მთელი თანხა 1998 წლის 1 იანვრამდე ირიცხება საქსტანდარტის ანგარიშსწორების ანგარიშზე და მთლიანად რჩება საქსტანდარტის განკარგულებაში. საქსტანდარტი მას წარმართავს მხოლოდ და მხოლოდ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სისტემების დანერგვის, ფუნქციონირების და შემდგომი განვითარების უზრუნველყოფისათვის, მათ შორის საეტალონო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და განახლებისათვის ნორმატიული დოკუმენტების ფონდის ჩამოყალიბების, გაფართოებისა და წარმოებისათვის, საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის საერთაშორისო (რეგიონალურ) და სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის, აგრეთვე კადრების ხელახალი მომზადების, მათი შრომითი დასაქმების, ანაზღაურების დონის ამაღლებისა და სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის, სოცდაზღვევის ანარიცხები (ხელფასის ანარიცხები) განისაზღვრება იგივე წესით, რაც გათვალისწინებულია ხელფასის ფონდის საბიუჯეტო ასიგნებისას.
4. დადგინდეს, რომ საქსტანდარტის მიერ გამოვლენილი სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევებისათვის იურიდიული პირებისათვის გადახდევინებული ჯარიმების 80 პროცენტი ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში ორგანიზაციის (საწარმოს) დაქვემდებარების მიხედვით, ხოლო 20 პროცენტი - საქსტანდარტის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
ფიზიკური პირებისათვის გადახდევინებული ჯარიმების 80 პროცენტი ირიცხება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში, ხოლო 20 პროცენტი - საქსტანდარტის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 17 იანვრის №7 და № 10 ბრძანებულებებში.
5. დაწესდეს, რომ გაზომვათა საშუალებების დამოწმების სამუშაოები საქსტანდარტს უნაზღაურდება საქსტანდარტთან დამოწმების გრაფიკების შეთანხმების შემდეგ არა უგვიანეს ერთი თვისა. საბოლოო ანგარიშსწორება ხორციელდება დამოწმების სამუშაოთა დამთავრების დროისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსა და
მოქმედი ფულის კურსის გათვალისწინებით.
გაზომვათა საშუალებების დამოწმების ღირებულების გადახდის ვადის გადადების შემთხვევაში დავალიანება ამოიღება უდავო წესით.
6. აიკრძალოს საქსტანდარტის დასკვნის გარეშე მეწარმე სუბიექტებისათვის ნებართვის მიცემა ისეთი პროდუქციის წარმოებისათვის, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო სტანდარტებს.
საქსტანდარტის მიერ ამ მიზნით გაწეული დანახარჯების ანაზღაურდეს დადგენილი წესით.
7. დადგინდეს, რომ დამოწმებას დაქვემდებარებული გაზომვათა საშუალებების დამზადება, შეკეთება, გაყიდვა, გაქირავება ხორციელდება მხოლოდ საქსტანდარტის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე და ამასთან დაკავშირებული სამუშაოები ანაზღაურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასებში.
8. საქსტანდარტის მიერ შესრულებული, სერტიფიკაციის ორგანოებისა და საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები ანაზღაურდება სათანადო სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე.
9. უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანისას პროდუქციის ხარისხის კონტროლისათვის იმპორტიორი საქსტანდარტს უხდის შესრულებული სამუშაოს ღირებულებას რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული ნიხრის მიხედვით.
საიმპორტო გაზომვათა საშუალებების სახელმწიფო მისაღები გამოცდების სამუშაოები ანაზღაურდება იმპორტიორის მიერ საქსტანდარტთან ხელშეკრულების საფუძველზე.
10. ამოქმედდეს 1995 წლის 10 თებერვალს ალმა-ათაში ხელმოწერილი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება „დამოწმებისა და მეტროლოგიური ატესტაციის მიზნით ნორმატიული დოკუმენტების, ეტალონების, გაზომვათა საშუალებების, სტანდარტული ნიმუშების საზღვარზე გატანისა და შემოტანის დროს საბაჟო გადასახადის, გადასახადებისა და სპეციალური ნებართვის გაცემისაგან გათავისუფლების შესახებ“.
11. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დახმარება გაუწიოს საქსტანდარტს კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებების დანერგვაში.
12. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთის ქვეყნებთან, საერთაშორისო (რეგიონალურ) ორგანიზაციებთან შეთანხმებების, ხელშეკრულებების დადებისას, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ დოკუმენტების მომზადებისას, როგორც წესი, გაითვალისწინოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის განხრით კავშირის დამყარებისა და თანამშრომლობის განვითარების საკითხები.
13. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულებმა მხარეებში, ქალაქების მერიებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებმა:
დახმარება გაუწიონ მათ ტერიტორიაზე მოქმედ საქსტანდარტის ორგანიზაციებს პროდუქციის ხარისხსა და გაზომვათა საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უთუო განხორციელებაში;
არ დაუშვან საქსტანდარტის ორგანიზაციების სამუშაო ფართობის სხვა მიზნებისათვის გამოყენება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმების გარეშე და დაუყოვნებლივ შეასრულონ ამ საკითხთან დაკავშირებით ადრე მიღებული გადაწყვეტილებები.
14. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა:
განიხილოს საქსტანდარტის ორგანიზაციული სტრუქტურის შემდგომი სრულყოფის საკითხი რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, ახალი სახეობების სამუშაოთა შესრულების აუცილებლობის, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ისრის“, აგრეთვე სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის საქსტანდარტის დაქვემდებარებაში გადაცემის გათვალისწინებით;
განიხილოს დიღმის მასივში მშენებარე საქსტანდარტის ლაბორატორიული კომპლექსის მშენებლობის განახლების საკითხი, მათ შორის საერთაშორისო პროგრამების (პროექტების) მეშვეობით;
განიხილოს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების, სავალდებულო სერტიფიკაციის ორგანოების და იმ საწარმოებისა და ორგანიზაციების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხი, რომელთა საქმიანობა მიმართულია გაზომვათა საშუალებებით რესპუბლიკის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად;
საჭიროების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურსა და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინადადებები საკანონმდებლო აქტებში სათანადო ცვლილებების შესატანად.
15. ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე