1. ყველა აეროდრომი, რომელთა დამახასიათებელი ნიშნები კარგად ჩანს ჰაერიდან, აღინიშნება შესაბამისი პირობითი ნიშნით. დახურული აეროდრომების აღნიშვნას თან ახლავს წარწერა „დახურული“.
2. ადზ-ის სქემა მოიცემა (თვალსაჩინოების მიზნით, საკმაოდ მსხვილი მასშტაბით):
ა) იმ აეროდრომისთვის, სადაც მიღებულია მითითებული წესი;
ბ) იმ აეროდრომებისთვის, რომელიც გავლენას ახდენს საჰაერო მოძრაობის სქემაზე ან რომელიც განთავსებულია ისე, რომ ამინდის არახელსაყრელ პირობებში შეიძლება მიღებული იყოს დანიშნულების აეროდრომად.
3. აეროდრომის შემაღლება მიეთითება რუკის გამოსაჩენ ადგილას, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით.
4. რუკაზე მიეთითება ადზ-ის ზღურბლის შემაღლება ან, შესაბამის შემთხვევებში, მიწასთან შეხების არეს შემაღლების უდიდესი მნიშვნელობა, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით.
5. რუკის გეგმილის ხედზე მიეთითება დაბრკოლებები.
შენიშვნა: ინფორმაციას შესაბამისი დაბრკოლებების შესახებ წარადგენს სქემის შემუშავების სპეციალისტი.
6. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან რამდენიმე დაბრკოლება წარმოადგენს დაბრკოლებათა გადაფრენის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლის შერჩევის განმსაზღვრელ ფაქტორს, ეს დაბრკოლებები უნდა აღინიშნოს.
7. დაბრკოლების ზედა წერტილის შემაღლება მიეთითება უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით (დამრგვალება ხდება მეტობით).
8. დაბრკოლებების სიმაღლე უნდა აღინიშნოს ზღვის საშუალო დონისგან განსხვავებული მოცემული სიდიდით. რუკაზე დაბრკოლებების სიმაღლის აღნიშვნისას, მათი სიდიდე უნდა მიეთითოს ფრჩხილებში.
9. დაბრკოლებების სიმაღლეების აღნიშვნისას ზღვის საშუალო დონისგან განსხვავებული სხვა მოცემული სიდიდის მიმართ, მოცემული სიდიდის დონედ მიიღება აეროდრომის შემაღლება; იმ შემთხვევაში, როდესაც აღჭურვილი ადზ-ის მქონე აეროდრომებზე ზღურბლის შემაღლების სიდიდე 2 მ-ით (7 ფუტით) და მეტით ნაკლებია აეროდრომის შემაღლების სიდიდეზე, ათვლის საწყის დონედ მიიღება ადზ-ის ზღურბლის შემაღლება, რომელზეც ხორციელდება დასაფრენად სახელსაწყო შესვლა.
10. ზღვრის საშუალო დონის გარდა სხვა მოცემული სიდიდის გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნულზე რუკის გამოსაჩენ ადგილზე უნდა განთავსდეს შესაბამისი მითითება.
11. იმ შემთხვევაში, როდესაც 1-ელი კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილი ადზ-სთვის დადგენილი არ არის დაბრკოლებებისაგან თავისუფალი არე, აღნიშნულზე უნდა მიეთითოს.
12. იმ შემთხვევაში, თუ ზონალური ნაოსნობისთვის სანავიგაციო საშუალებები გამოიყენება როგორც ძირითადი წერტილი, მისი დასახელება და აღნიშვნა უნდა იყოს მითითებული მარტივი/გასაგები ენით.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა, რუკაზე ვიზუალური უბნის ზედაპირზე (VSS) შეჭრილი დაბრკოლებების დატანასთან დაკავშირებით, მოცემულია ICAO Dос 8697-ში (საავიაციო რუკების სახელმძღვანელო).
13. ფრენებისთვის აკრძალული არეები, ფრენებისთვის შეზღუდული არეები და სახიფათო არეები, რომელთაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ფრენის სქემების დაცვაზე, მიეთითება საკუთარი აღნიშვნებითა და ვერტიკალური საზღვრებით.
14. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე აღინიშნება სარადილოკაციო საშუალებები, რომელიც აუცილებელია დასაფრენად სახელსაწყო შესვლისთვის, მათი სიხშირის, აღნიშვნის და მიმართულების ხაზზე მიმართვის მახასიათებლების მითითებით, თუ ასეთი არსებობს. დასაფრენად შესვლის დასკვნითი მონაკვეთის მიმართულების ხაზზე რამდენიმე სადგურის არსებობისას, რუკაზე გარკვევით უნდა მიეთითოს მიმართულების ხაზზე მისამართად გამოსაყენებელი საშუალება. გარდა ამისა, დასაფრენად შესვლის რუკაზე შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს იმ საშუალებების დატანა, რომელიც არ გამოიყენება სქემაში.
15. როდესაც რადიოსანაოსნო საშუალება გამოიყენება როგორც ზონალური ნაოსნობის ძირითადი წერტილი, მიეთითება მხოლოდ მისი დასახელება ღია ტექსტით და ინდექსი.
16. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე დაიტანება და მიეთითება დასაფრენად შესვლის საწყისი ეტაპის საკონტროლო წერტილი (IAF), დასაფრენად შესვლის შუალედური ეტაპის საკონტროლო წერტილი (IF), დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილი (FAF) (ან დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის წერტილი (FAP) ILS-ის მიხედვით დასაფრენად შესვლის სქემისთვის), მეორე წრეზე წასვლის წერტილი (MAPt), თუ დადგენილია, და სხვა აუცილებელი საკონტროლო წერტილები ან სქემის წერტილები.
17. დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილი დასაფრენად შესვლის სქემისთვის (ან დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის წერტილი დასაფრენად შესვლის სქემისთვის ILS-ის მიხედვით) უნდა მიეთითოს მისი გეოგრაფიული კოორდინატებით გრადუსებში, წუთებსა და წამებში.
18. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე დაიტანება ან მიეთითება სანავიგაციო საშუალებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სათადარიგო აეროდრომზე წასვლისას, მიმართულების ხაზზე მიმართვის მახასიათებლების მითითებით, თუ არსებობს.
19. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე მიეთითება რადიოკავშირის სიხშირე და მოსახმობი, რაც აუცილებელია დასაფრენად სახელსაწყო შესვლის განსახორციელებლად.
20. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე უახლოს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით მიეთითება მანძილი ყოველი სანავიგაციო საშუალებიდან აეროდრომამდე, რომელიც გამოიყენება დასაფრენად შესვლის დასკვნით მონაკვეთზე, თუ ეს მონაცემები აუცილებელია დასაფრენად სახელსაწყო შესვლის განსახორციელებლად. თუ მიმართულების ხაზზე მიმართვის არც ერთი საშუალება არ მიუთითებს პელენგს აეროდრომზე, იგი ასევე უნდა მიეთითოს რუკაზე, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით.
21. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკაზე მიეთითება სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე ან აეროდრომის დაცვის არეში მოფრენის აბსოლუტური სიმაღლე, რომელსაც განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანო, იმ სექტორის გარკვევით მითითებით, რომელსაც იგი ეკუთვნის.
22. გეგმილში ხედი შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს, გამოსახულს შემდეგნაირად:
ა) მიმართულების ხაზი დასაფრენად შესვლისას – უწყვეტი ხაზი ისრებით, რომელიც მიუთითებს ფრენის მიმართულებას;
ბ) მიმართულების ხაზი მეორე წრეზე წასვლისას – წყვეტილი ხაზი ისრებით;
გ) სქემის ნებისმიერი დამატებითი მიმართულების ხაზი, რომელიც მითითებული არ არის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში – წერტილ ხაზით და ისრით;
დ) პელენგი, მიმართულების ხაზი, რადიალი უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და მანძილი უახლოესი 0.2 კმ-მდე ან 0.1 საზ. მილის სიზუსტით ან დრო, რომელიც საჭიროა აღნიშნული სქემისთვის;
ე) მიმართულების ხაზზე მისამართი სანავიგაციო საშუალებების არარსებობისას, მიეთითება მაგნიტური პელენგი აეროდრომზე უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით, სანავიგაციო საშუალებებიდან, რომელიც გამოიყენება დასაფრენად შესვლის ეტაპის საფეხურზე;
ვ) ნებისმიერი სექტორის საზღვრები, სადაც აკრძალულია ვიზუალური მანევრი (წრეზე ფრენა);
ზ) გარკვეულ შემთხვევებში, მოცდის არეში ფრენის სქემა და მოცდის არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე, რომელიც უკავშირდება დასაფრენად შესვლას და მეორე წრეზე წასვლას;
თ) სათანადო გაფრთხილება, აუცილებლობისას, რომელიც მიეთითება რუკის წინა მხარეს, გამოსაჩენ ადგილზე;
ი) გადაფრენის ძირითადი წერტილები.
23. გეგმილის ხედზე უნდა მიეთითოს მანძილი ყოველი სანავიგაციო საშუალებიდან აეროდრომამდე, რომელიც გამოიყენება დასაფრენად შესვლის დასკვნით მონაკვეთზე.
24. პროფილი, როგორც წესი, გამოისახება გეგმილის ხედის ქვემოთ და თან ახლავს შემდეგი მონაცემები:
ა) აეროდრომი – მთლიანი სწორკუთხედის სახით აეროდრომის შემაღლების დონეზე;
ბ) დასაფრენად შესვლის სქემის პროფილი – უწყვეტი ხაზი ისრებით, რომელიც მიუთითებს ფრენის მიმართულებას;
გ) მეორე წრეზე წასვლის სქემის პროფილი – ტეხილი წირი ისრებით და სქემის აღწერით;
დ) სქემის ნებისმიერი დამატებითი მონაკვეთის პროფილი, რომელიც მითითებული არ არის ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში – წერტილ ხაზი ისრებით;
ე) პელენგი, მიმართულების ხაზი, რადიალი უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და მანძილი 0.2 კმ-მდე ან 0.1 საზ. მილამდე სიზუსტით ან დრო, რომელიც აუცილებელია აღნიშნული სქემისთვის;
ვ) აღნიშნული სქემებისთვის საჭირო აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეები, მათ შორის – გადასვლის აბსოლუტური სიმაღლე, პროცედურის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე და ვერტოდრომის გადაკვეთის ფარდობითი სიმაღლე (HCH), სადაც ეს დადგენილია;
ზ) შეთანხმების შემთხვევაში, ზღვრული მანძილი სტანდარტული ბრუნის შესრულებისას, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით;
თ) სქემისთვის, სადაც დაუშვებელია 1800-იანი ბრუნის შესრულება, დასაფრენად შესვლის შუალედური ეტაპის წერტილის ან საკონტროლო წერტილის მონაცემები;
ი) ხაზი, რომელიც შესაბამის შემთხვევაში აღნიშნავს აეროდრომის შემაღლებას ან ადზ-ის ზღურბლის შემაღლებას, რომელიც გადის რუკის მთელ სიგანეზე, მათ შორის სიგრძის მასშტაბი, რომელიც იწყება ადზ-ის ზღურბლზე განთავსების წერილიდან.
25. ფარდობითი სიმაღლეები, რომელთა აღნიშვნა აუცილებელია ფრენის სქემებისთვის, უნდა მიეთითოს ფრჩხილებში. ამასთან, ამ სიმაღლეების ათვლის მოცემული სიდიდე წესდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.
26. პროფილის ხედზე დაიტანება რელიეფის ზედაპირის პროფილი ან მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე, შემდეგნაირად:
ა) რელიეფის ზედაპირის პროფილი აღინიშნება უწყვეტი ხაზით, მისი უდიდესი შემაღლების მითითებით, რომელიც მდებარეობს დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის ძირითად არეში. პროფილის უდიდესი შემაღლება დასაფრენად შესვლის საბოლოო სეგმენტის მეორეხარისხოვან არეებში გამოისახება წერტილ ხაზით; ან
ბ) მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე დასაფრენად შესვლის შუალედურ ან დასკვნით საფეხურებზე მიეთითება კანტმოვლებულ დაჩრდილულ ჩანართზე.
შენიშვნა 1: რელიეფის პროფილის გამოსახვისთვის, დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის ძირითადი და მეორეხარისხოვანი არეების ფაქტობრივ შაბლონებს კარტოგრაფს წარუდგენენ რუკის შემუშავების სპეციალისტი.
შენიშვნა 2: მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეების გამოსახვა განკუთვნილია დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის საკონტროლო წერტილიდან არაზუსტი შესვლის რუკებზე გამოსაყენებლად.
27. რუკაზე მიეთითება აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმები.
28. დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეები მიეთითება საჰაერო ხომალდების იმ კატეგორიებისთვის, რომელთათვისაც განკუთვნილია სქემა; დასაფრენად ზუსტი შესვლის სქემების შემთხვევაში, აუცილებლობისას, DL კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის (ფრთათშორისი განი 65 მ-დან 80 მ-მდე და/ან ვერტიკალური მანძილი ბორბლის ტრაექტორიასა და საგლისადე ანტენას შორის 7 მ-დან 8 მ-მდე) ქვეყნდება დაბრკოლებების გადაფრენის დამატებითი აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე (OCA/H).
29. იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე წრეზე წასვლის სქემის დასაწყისი განისაზღვრება:
ა) დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის საკონტროლო წერტილამდე მანძილით, ან
ბ) საშუალებით ან საკონტროლო წერტილით და შესაბამისი მანძილით, დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილამდე, მიეთითება მანძილი უახლოეს 0.2 კმ-მდე სიზუსტით ან 0.1 საზ. მილამდე სიზუსტით და გეოგრაფიული სიჩქარეების ცხრილი და ფრენის დრო, დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილიდან მეორე წრეზე წასვლის წერტილამდე.
30. იმ შემთხვევაში, როდესაც დასაფრენად შესვლის საბოლოო სეგმენტზე მოთხოვნილია DME-ს გამოყენება, შესაბამისად მოცემული უნდა იყოს აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეების ცხრილი, ყოველი 2 კმ ან 1 საზ. მილისთვის. ცხრილში არ მოიცემა მანძილები აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლეზე ქვემოთ.
31. თუ სქემით მოთხოვნილი არ არის DME-ს გამოყენება დასაფრენად შესვლის საბოლოო სეგმენტზე, მაგრამ მოხერხებულადაა განლაგებული DME-ს საშუალებები, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულტაციო მონაცემებს დაფრენის პროფილის შესახებ, მაშინ რუკაზე უნდა მიეთითოს აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლეების მონაცემების ცხრილი. რუკაზე უნდა მიეთითოს დაშვების სიჩქარის ცხრილი.
32. ნაჩვენები უნდა იყოს დაშვების სიჩქარეების ცხრილი.
33. დასაფრენად არაზუსტი შესვლის სქემებზე, დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილით, მიეთითება დაშვების გრადიენტი, უახლოეს 0.1%-მდე სიზუსტით და ფრჩხილებში – დაშვების კუთხე უახლოს 0.10-მდე სიზუსტით, რომელიც გამოიყენება დასაფრენად შესვლის დასკვნით მონაკვეთზე.
34. დასაფრენად ზუსტი შესვლის სქემებზე და ვერტიკალური დამიზნებით დასაფრენად შესვლის სქემებზე მიეთითება საყრდენი წერტილის სიმაღლე, უახლოეს ნახევარ მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით და გლისადის დახრის კუთხე/ადგილის კუთხე/ ტრაექტორიის კუთხე ვერტიკალურ სიბრტყეში, უახლოეს 0.10-მდე სიზუსტით.
35. თუ დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილი განისაზღვრება ILS-თვის დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის წერტილით, მაშინ გარკვევით უნდა მიეთითოს, მიეკუთვნება თუ არა იგი ILS-ს, მხოლოდ ILS-ის საკურსო რადიოშუქურის შესაბამის სქემას ან ორივეს. MLS-თან მიმართებით ზუსტად მიეთითება, თუ FAF მითითებულია დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის წერტილში.
36. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებისმიერი სახის სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის პროცედურის დასკვნით მონაკვეთზე დაშვების გრადიენტი/კუთხე აღემატება სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ (PANS-OPS, ICAO Doc 8168) მე-2 ტომით მითითებულ მაქსიმალურ მნიშვნელობას, უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი შენიშვნა.
37. რუკაზე უნდა იყოს შენიშვნა, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ რომელი დასაფრენად შესვლის სქემაა ნებადართული: ერთდროული დამოუკიდებელი თუ დამოკიდებული. შენიშვნაში მითითებული უნდა იყოს მონაწილე ადზ-ები და მათ შორის დაშორების მანძილი.
38. შესაბამისი მონაცემები, რომელიც უზრუნველყოფს სააერნაოსნო მონაცემების ბაზის კოდირებას, ქვეყნდება RNAV-ით ფრენის სქემებისთვის, სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ (PANS-OPS, ICAO Doc 8168) მე-2 ტომის მე-3 ნაწილის მე-5 კარის მე-2 თავის 2.3 პუნქტის შესაბამისად და RNAV-ის გარეშე ფრენის სქემისთვის – მე-2 ტომის, 1-ლი ნაწილის, მე-4 კარის მე-9 თავის 9.4.1.3 პუნქტის შესაბამისად.
შენიშვნა: შესაბამის მონაცემებს წარადგენენ სქემების შემუშავების სპეციალისტები.
39. PBN სეგმენტის მქონე დასაფრენად შესვლის პროცედურის რუკა უნდა შეიცავდეს PBN მოთხოვნების გრაფას.
შენიშვნა: PBN მოთხოვნების გრაფის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ICAO Doc 8168-ის (საჰაერო ხომალდების ოპერირება) მე-2 ტომის მე-3 ნაწილის მე-5 სექციაში.
თავი XIII
დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუ