1. მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ჰქონდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
ბ) ჰქონდეს 1 წლის განმავლობაში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე სულ მცირე 20 ბავშვისათვის მომსახურება მიწოდებული უწყვეტად, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, კერძოდ, ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: ABLLS,VB-MAPP, ყოველთვიურად წარმოებული შესაბამისი ჩანაწერებით, გრაფიკებითა და მიზნებით);
გ) აწარმოოს ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის – ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი ანალიტიკოსი, მეტყველების თერაპევტი, შემთხვევის მენეჯერი, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი და სხვა ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;
ე) ჰყავდეს სულ მცირე ერთი ქცევის ანალიტიკოსი, რომელსაც აქვს მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექიმი) და/ან არის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი და მიღებული აქვს ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ აკრედიტებული BCBA/IBA/QBA საერთაშორისო სერტიფიკატი და/ან გავლილი აქვს საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული ადგილობრივი კურსები ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ დადგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისი თემების ჩამონათვალის მიმდინარე გამოცემის მიხედვით (სულ მცირე 270 საკონტაქტო საათი), რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით, ასევე, აქვს 2000 საათიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება სუპერვიზიის ქვეშ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;
ვ) ჰყავდეს 5 ქცევის ტექნიკოსზე არანაკლებ 1 ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სფეროში (სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექიმი), და/ან მიღებული აქვს ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ აკრედიტირებული BCaBA/QASP-S საერთაშორისო სერტიფიკატი (აღნიშნული მოეთხოვება მხოლოდ 2023-2024 წლებში ჩართულ მიმწოდებლებს) და ასრულებს სუპერვაიზერისათვის განკუთვნილ მრავალფეროვან სამუშაოს, რომელიც დელეგირებული და გაკონტროლებულია ქცევის ანალიტიკოსის (BCBA/IBA/QBA საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე) მიერ. აქვს ქცევითი თერაპიის დამოუკიდებლად, ანაზღაურებით ჩატარების სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ამასთან, თუ ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს, ის ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში ზედამხედველობას უნდა უწევდეს 5 ქცევის ტექნიკოსს და, შესაბამისად, არაუმეტეს 50 ბენეფიციარს (რომლებსაც ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით ესაჭიროება გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია) უნდა მართავდეს;
ზ) ჰყავდეს 10 მოსარგებლეზე 1 ქცევის ტექნიკოსი, რომელიც არის მინიმუმ ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროს (სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექიმი) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და/ან ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ტექნიკოსი; გავლილი აქვს 40-საათიანი ტრენინგი ქცევის გამოყენებით ანალიზში და მუშაობს ქცევის ანალიტიკოსის ან ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის სუპერვიზიის ქვეშ;
თ) ჰყავდეს შემთხვევის მენეჯერი, რომელიც კოორდინირებას უწევს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიისაგან განსხვავებულ სერვისებსა და მხარდაჭერას, რაც გაწერილია ინდივიდუალურ გეგმაში;
ი) ჰყავდეს დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტი ან სპეციალისტი მომიჯნავე სფეროში (ფიზიოთერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი), რომელსაც გავლილი აქვს საერთაშორისო ან/და საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციის მიერ შემუშავებული ტრენინგ კურსი ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და აქვს ოკუპაციური/სენსორული თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარების სულ მცირე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
კ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად, მათ შორის, ოკუპაციური/სენსორული თერაპიის განსახორციელებლად);
ლ) ჯგუფური სეანსის შემთხვევაში ჯგუფში მოსარგებლეების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 2 და მაქსიმალური 4, ხოლო ყოველი 2 მოსარგებლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული 1 შესაბამისი სპეციალისტი.
2. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და დაუშვებელია დოკუმენტალურად წარმოდგენილი სპეციალისტებისაგან გასხვავებული სპეციალისტების ჩართვა მომსახურების გაწევისას.
3. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს აცნობოს მულტიდისციპლინური გუნდიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემადგენლობის ცვლილების თაობაზე.
4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის მოსარგებლეებისთვის ქცევითი ანალიტიკოსის ცვლილების შემთხვევაში მოახდინოს ინდივიდუალური გეგმის შესაბამისი ყველა ინფორმაციის (მათ შორის ჩანაწერების) გადაბარების უზრუნველყოფა.
5. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობა განახორციელოს არამატერიალიზებული ვაუჩერის დაფინანსების ფარგლებში, ქვეპროგრამის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
6. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დაწესებულებებისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს გამოუქვითოს პირობების დარღვევის გამოვლენის თვის შესრულებული სამუშაოს 5%.
7. ქვეპროგრამაში ახალი დაწესებულების ჩართვისას (რეგისტრაციისას), ბენეფიციართა ჩართვის კუთხით, უპირატესობა მიენიჭება იმ ბენეფიციარს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა განცხადებით უკვე არსებულ მიმწოდებელ დაწესებულებას და არ მიუღია მომსახურება.
8. ქვეპროგრამაში ახალი დაწესებულების ჩართვისას (რეგისტრაციისას), ქვეპროგრამით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, ბენეფიციართა ჩართვის კუთხით, უპირატესობა მიენიჭება ქვეპროგრამის მიმწოდებელ იმ დაწესებულებებს, რომლებმაც უკვე მიმართეს პროგრამის განმახორციელებელს განცხადებით ბენეფიციარების დამატების შესახებ.
9. 2025 წლიდან, მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირისათვის სავალდებულოა, რომ ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქცევის ანალიტიკოსი არ წარმოადგენდეს სხვა მიმწოდებელთან დასაქმებულს.
10. ქვეპროგრამაში ახალი დაწესებულების/სპეციალისტ(ებ)ის ჩართვისას (რეგისტრაციისას) ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაცია, დაწესებულების /სპეციალისტ(ებ)ის მიერ, ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირები