1. მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს“ და უნდა უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
2. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ფართობის ნორმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
3. საერთო საცხოვრებელი და საკანი უნდა უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებას.
4. საერთო საცხოვრებლის და საკნის პირობები არ უნდა ხელყოფდეს მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
5. დაუშვებელია მსჯავრდებულის ისეთ საერთო საცხოვრებელში/საკანში განთავსება, რომელშიც არის სხვა საერთო საცხოვრებელზე/საკანზე შედარებით ნაკლები ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაცია, ან ნაკლებად არის უზრუნველყოფილი სხვა საცხოვრებელი პირობებით ისე, რომ მსგავსი განთავსება ობიექტური პირის მიერ აღიქმება მსჯავრდებულის დასჯად.
6. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთა ძალადობისგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს საერთო საცხოვრებლისა და საკნის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით − ღამის საათებში.
7. დაწესებულება მსჯავრდებულს გონივრულ ფარგლებში უქმნის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, რომლებიც უნდა მიესადაგებოდეს დაწესებულების ინფრასტრუქტურას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. მსჯავრდებულის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული, ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის ჩამონათვალი განისაზღვრება ამ დებულების №2 და №3 დანართებით.
8. საერთო საცხოვრებელსა და საკანში მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია.
9. მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელსა და საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელი/საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით.
10. მსჯავრდებულს, რომელიც არის ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან ხანდაზმული (65 წლიდან) უნდა ჰქონდეს მისი სპეციფიკური საჭიროების შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები.
11. მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს, შესაბამისი განცხადების საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ნებართვით, შეიძლება მიეცეს მაცივრით სარგებლობის უფლება. მსჯავრდებულმა ან მსჯავრდებულთა ჯგუფმა მაცივარი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. მაცივრის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100სმX60სმX60სმ.
12. მაცივრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაწესებულების დირექტორი აფასებს, არის თუ არა შესაბამის საერთო საცხოვრებელსა და სპეციალურ საკანში პენიტენციური კოდექსით განსაზღვრული მინიმალური საცხოვრებელი ფართობი, აგრეთვე ითვალისწინებს მასში არსებულ ინფრასტრუქტურას (მათ შორის, ელექტროსადენების მდგომარეობას და მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთების განლაგებას), მსჯავრდებულის (მსჯავრდებულთა) პიროვნულ თვისებებს (მათ შორის, თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილებას, სუიციდის მცდელობის შემთხვევებს და სხვ.) და სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
13. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და იგი გადაეცეს მის ახლო ნათესავს ან შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში, თუ:
ა) გამოვლინდა მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი;
ბ) მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობისას მსჯავრდებული არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ან/და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს;
გ) მსჯავრდებულის მხრიდან საფრთხე ექმნება მის, სხვა მსჯავრდებულის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
14. მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება ვერ ჩამოერთმევა მსჯავრდებულს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი.
15. თუ მაცივარი/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთი შეძენილია მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ერთობლივად ჩადენის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულთა ჯგუფს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და იგი შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში. თუ მაცივარი/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთი შეძენილია მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ და შესაძლებელია იმ მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, რომლის მიერაც ჩადენილია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დამრღვევს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და ამ მიზნით მოხდეს მისი სხვა საერთო საცხოვრებელში/სპეციალურ საკანში გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი