1. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს“ და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
3. საკანი უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას.
4. საკნის პირობები არ უნდა ხელყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
5. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ისეთ საკანში განთავსება, რომელშიც არის სხვა საკანზე შედარებით ნაკლები ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაცია, ან ნაკლებად არის უზრუნველყოფილი სხვა საცხოვრებელი პირობებით ისე, რომ მსგავსი განთავსება ობიექტური პირის მიერ აღიქმება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯად.
6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძალადობისგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს საკნის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით − ღამის საათებში.
7. დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს გონივრულ ფარგლებში უქმნის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, რომლებიც უნდა მიესადაგებოდეს დაწესებულების ინფრასტრუქტურას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული, ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის ჩამონათვალი განისაზღვრება ამ დებულების №2 და №3 დანართებით.
8. საკანში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია.
9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით.
10. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არის ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან ხანდაზმული (65 წლიდან) უნდა ჰქონდეს მისი სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები.
11. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს, შესაბამისი განცხადების საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ნებართვით, შეიძლება მიეცეს მაცივრით სარგებლობის უფლება. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფმა მაცივარი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. მაცივრის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100სმX60სმX60სმ.
12. მაცივრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაწესებულების დირექტორი აფასებს, არის თუ არა შესაბამის სპეციალურ საკანში პენიტენციური კოდექსით განსაზღვრული მინიმალური საცხოვრებელი ფართობი, აგრეთვე ითვალისწინებს მასში არსებულ ინფრასტრუქტურას (მათ შორის, ელექტროსადენების მდგომარეობას და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთების განლაგებას), ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) პიროვნულ თვისებებს (მათ შორის, თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილებას, სუიციდის მცდელობის შემთხვევებს და სხვ.) და სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
13. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და იგი გადაეცეს მის ახლო ნათესავს ან შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში, თუ:
ა) გამოვლინდა მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი;
ბ) მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობისას ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ან/და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მხრიდან საფრთხე ექმნება მის, სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
14. მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება ვერ ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი.
15. თუ მაცივარი/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთი შეძენილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ერთობლივად ჩადენის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და იგი შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში. თუ მაცივარი/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთი შეძენილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ და შესაძლებელია იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, რომლის მიერაც ჩადენილია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დამრღვევს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და ამ მიზნით მოხდეს მისი სხვა სპეციალურ საკანში გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი