1. ბრალდებულის შრომითი საქმიანობა ხორციელდება პენიტენციური კოდექსით, ამ დებულებითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულის იძულება, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.

2. ბრალდებული შეიძლება დასაქმდეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულს არ აქვს, ან როდესაც ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულის მოკლე დროში მომზადება შეუძლებელია, ან როდესაც სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ იქნეს პირი, რომელიც არ არის ბრალდებული.

4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო იღებს ვალდებულებას, რომ ის საქმიანობას განახორციელებს ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს. ეს ვალდებულება უნდა აისახოს მის მიერ საწარმოსთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში.

5. ბრალდებულს უფლება აქვს, დაწესებულების მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოარჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო.

6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებულები არიან ბრალდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შრომის პირობები. ბრალდებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ბრალდებული შესრულებული სამუშაოსთვის იღებს ხელფასს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. ბრალდებულისთვის შრომის ანაზღაურების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

8. ბრალდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. მას ხელფასის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. ბრალდებულს უფლება აქვს, ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა და სხვა პირებს.

9. შრომის პირობების გათვალისწინებით ბრალდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე განსაზღვრავს მინისტრი. ეს წესები არეგულირებს ბრალდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა საკითხებს.

10. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის დასაქმება აკრძალულია განისაზღვრება ამ დებულების №5 დანართის შესაბამისად.

11. ეს მუხლი ვრცელდება აგრეთვე იმ მსჯავრდებულზე, რომელიც პენიტენციური კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად დატოვებულ იქნა დაწესებულების პატიმრობის ნაწილში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლა