1. ბრალდებულის დაწესებულებაში მიღება ხდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მხოლოდ დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად. ბრალდებულის მიღებას ერთობლივად ახორციელებენ ოპერატიული მორიგე და დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეები.
2. ბრალდებულის დაწესებულებაში მოთავსებისთვის აუცილებელია:
ა) პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება;
ბ) ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;
გ) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
3. ბრალდებულის დაწესებულებაში მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. დაწესებულებაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულის დაქტილოსკოპირება განხორციელდეს ელექტრონული მოწყობილობით და სათანადო მონაცემები აისახოს ელექტრონულ არქივში. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და ბრალდებულის სიტყვიერი პორტრეტი ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
4. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათსა და ფოტოსურათის ელექტრონულ ვერსიას პატიმრობის დაწესებულება დაქტილოსკოპირებიდან და ფოტოგრაფირებიდან 7 დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
5. ბრალდებულის დაწესებულებაში მიღებისას დაწესებულება უზრუნველყოფს მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. ბრალდებულის ბიოლოგიური ნიმუში მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, აღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ ბრალდებულზე, რომლის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში.
8. ბრალდებულის დაწესებულებაში განთავსებას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორი.
9. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირები ცალ-ცალკე თავსდებიან. დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად.
10. ბრალდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს (მისი არყოფნის შემთხვევაში − დაწესებულების დირექტორის მოადგილეს), დაწესებულების მთავარ ექიმს, (მისი არყოფნის შემთხვევაში − მორიგე ექიმს), დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში − ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს), დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში − ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს) და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში − მორიგე მოსამსახურეს).
11. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ერთად, ახდენს ბრალდებულის იდენტიფიცირებას.
12. დაწესებულებაში მოთავსებული ყველა ბრალდებულის სახელი და გვარი ოპერატიულ მორიგეს შეაქვს სადღეღამისო უწყისში, რომელიც ბარდება დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას.
13. იდენტიფიცირების განხორციელების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულები განთავსდებიან მოსაცდელ საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მათი სათითაოდ გამოყვანა შიდა კლასიფიკაციის საკანში პირადი სრული შემოწმებისა და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით. ოპერატიული მორიგე ბრალდებულის შიდა კლასიფიკაციის საკანში შეყვანამდე, აგრეთვე გამოყვანის შემდეგ უზრუნველყოფს შიდა კლასიფიკაციის საკნის შემოწმებას/დათვალიერებას.
14. ბრალდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო შემოწმებას ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.
15. ბრალდებულისა და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
16. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე ბრალდებულს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე გააცნობს პატიმრობის მოხდის პირობებს, სპეციალურ საკანში განაწილების წესებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს, მის მიმართ დაწესებულების მოსამსახურეთა მოპყრობის წესებს, მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოების წესებს, აგრეთვე მის მიმართ წაყენებულ სხვა სახის მოთხოვნებს. ჯრომელთა გაცნობასაც ბრალდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, დაწესებულების სხვა უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციას.
17. წერა-კითხვის არმცოდნე ბრალდებულს ამ მუხლის მე-16 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს – საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ბრალდებული. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
18. არასრულწლოვან ბრალდებულს ინფორმაცია მისთვის გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს.
19. აკრძალული ნივთი, რომლის შენახვა და გამოყენება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ბრალდებულს დადგენილი წესით ჩამოერთმევა და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან ბრალდებულის ნებართვით, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა ბრალდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით, ხოლო იმ ნივთის, ნაკეთობის, ნივთიერების და დოკუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალება ბრალდებულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (დანართი №1) დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
20. ბრალდებულისა და მისი ნივთების შემოწმების შემდგომ, ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების ექიმი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა, რომელიც ბრალდებულის სამედიცინო ბარათში ინახება. ბრალდებულის სხეულზე დეფორმაციის, ნაწიბურის და ნანემსარის, აგრეთვე ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მათი სრულყოფილი აღწერა, რისთვისაც პასუხისმგებელია დაწესებულების შესაბამისი ექიმი. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. შეტყობინება ხორციელდება ტელეფონით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, რის თაობაზეც, აგრეთვე ეცნობება ბრალდებულს.
21. თუ ამ მუხლის მე-20 პუნქტით დადგენილი წესით ბრალდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების ეჭვს აღუძრავდა, ბრალდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის დაზიანების აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით „პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“.
22. თუ დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით თავსდებიან არამართვადი ინფექციური დაავადების მქონე პირები. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული ბრალდებული დაწესებულებიდან გადაყვანამდე თავსდება განცალკევებით, რის თაობაზეც სამედიცინო პერსონალის მიმართვის საფუძველზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.
23. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
24. ბრალდებულს დაწესებულებაში მიღებისას, სამედიცინო პერსონალის მიერ უტარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგი, რომლის შედეგად გამოკვეთილი საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ბრალდებული წერილობითი შეტყობინებით გადაამისამართოს ფსიქოლოგთან სუიციდის რისკის შეფასების მიზნით.
25. ამ მუხლის 24-ე პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ფსიქოლოგი ვალდებულია შეხვდეს ბრალდებულს სუიციდის რისკის შეფასების მიზნით.
26. შემოწმებისა/დათვალიერებისა და სამედიცინო შემოწმების შედეგად თუ სახეზე არ არის ამ მუხლის 22-ე და 23-ე პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდებული, მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით გონივრული ვადით განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც ხდება მასზე დაკვირვება შესაბამის სპეციალურ საკანში განაწილების მიზნით.
27. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებამდე ხდება ბრალდებულის დაბანა/გასუფთავება. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას ბრალდებულის განთავსებამდე.
28. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოსა და ბრალდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და ბრალდებულის ადვოკატს. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს შეუძლიათ ამანათით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრის წესის თაობაზე.
29. უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში. თუ ბრალდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება არ აქვს, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში, რომელსაც მინდობილი აქვს ბრალდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფუნქცია.
30. დაწესებულებაში მიღებული ბრალდებული დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მიერ აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში.
31. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ გადაწყვეტილებას ბრალდებულის სპეციალურ საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ბრალდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
32. არასრულწლოვანები თავსდებიან სხვა ბრალდებულებისგან განცალკევებით.
33. არასრულწლოვანი ბრალდებულის დროებით გადაყვანა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დასაშვებია სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მისი ან სხვა არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისთვის.
34. ქალი ბრალდებულები განთავსდებიან განცალკევებით სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სართულზე განლაგებულ საკნებშ