1. დაწესებულება არის პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნია, არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. დაწესებულება მისთვის პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.
2. დაწესებულებაში განთავსებული არიან ბრალდებულები, მათ შორის, ქალი და არასრულწლოვანი ბრალდებულები, რომელთაც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა ან/და პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილი არიან პენიტენციური კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად.
3. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული თავსდება დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში.
4. დაწესებულებაში სასჯელს იხდიან, როგორც წესი: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და რომელსაც სასამართლომ დაუნიშნა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისთვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ დანიშნული; მსჯავრდებული, რომელიც პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.
5. დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს აგრეთვე სხვა მსჯავრდებული რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.
6. დაწესებულებაში აგრეთვე თავსდებიან არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, რომლებიც გადაყვანილნი არიან არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან პენიტენციური კოდექსის 62-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან დისციპლინური სახდელის სახის − საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანის აღსრულების მიზნით. აღნიშნულ არასრულწლოვანებზე ვრცელდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის დადგენილი ნორმები, რომელთა განხორციელება შესაძლებელია დაწესებულებაში.
7. დაწესებულების ტერიტორია იყოფა პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებად. დაწესებულებაში შესაბამისი ნაწილების კონკრეტულ ტერიტორიებად დაყოფას დაწესებულების დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.
8. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
9. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, პენიტენციური კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
10. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
11. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
12. დაწესებულების მისამართია: ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. №2